თანამედროვე საბანკო საქმე : თეორია და პრაქტიკა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 ივლისს პროფესორების ირაკლი კოვზანაძისა და გოგი კონტრიძის წიგნის “თანამედროვე საბანკო საქმე : თეორია და პრაქტიკა” პრეზენტაცია გაიმართა.
548-გვერდიანი წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების საბანკო საქმის სპეციალობის ბაკალავრებისთვის, ეკონომიკური პროფილის სხვა მიმართულებების მაგისტრებისათვის, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. სახელმძღვანელო ასევე დაეხმარება მეცნიერ-მკვლევარებს, ეკონომისტებსა და პრაქტიკოს ბანკირებს გაიღრმავონ ცოდნა საბანკო საქმეში.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, წიგნის დაწერის აუცილებლობა მას და მის კოლეგას მრავალწლიანმა საბანკო პრაქტიკამ და პედაგოგიურმა გამოცდილებამ უკარნახა.

“ნაშრომი ეფუძნება საბანკო საქმიანობის საერთაშორისო და სამამულო გამოცდილებას. მასში საბანკო კანონმდებლობის ნორმატიულ დოკუმენტებსა და სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით განხილულია საბანკო საქმის კონკრეტული მაგალითები როგორც საქართველოს შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საბანკო პრაქტიკიდან, – განაცხადა კოვზანაძემ.

წიგნის ავტორებს სახელმძღვანელოს გამოცემა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც მიულოცა.

“წიგნში მოცემულია საბანკო სისტემის ღრმა ანალიზი და გაჯერებულია პრაქტიკული მაგალითებით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს წიგნის მნიშვნელობას. მოგეხსენებათ, რომ აქამდე არ არსებობდა ქართულენოვანი სახელმძღვანელო ამ სფეროში, რაც პედაგოგებს სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვაში პრობლემებს უქმნიდა. აღნიშნული გამოცემა კი ამ ხარვეზს სრულად აღმოფხვრის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის პროფესორმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა ემზარ ჯგერენაიამ ხაზი გაუსვა წიგნის მნიშვნელობას სტუდენტებისთვის. „ეს წიგნი 20 წლის განმავლობაში იქმნებოდა, მასში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, ასახულია ახალი მიდგომები. ამავე დროს ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს, ეს წიგნი არის მხოლოდ პირველი ეტაპი, წიგნი განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, რომლებიც საბანკო მენეჯმენტის ანის და ბანის სწავლას იწყებენ, მე იმედი მაქვს წიგნის გაგრძელებას მალე ვიხილავთ, სადაც უკვე ღრმად იქნება განხილული შემდგომი ქეისები, პორტფელური ოპერაციები, დერივატივები და ა.შ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ავტორებს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს“ – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

ავტორთა განცხადებით, დროთა განმავლობაში სახელმძღვანელოში ინფორმაცია განახლდება და იგი ხელახლა გამოიცემა. იმისთვის, რომ ყველა სტუდენტს და დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდეს იხელმძღვანელოს გამოცემით, ავტორები წიგნის ელექტრონულ ვერსიას ვებ-გვერდზე განათავსებენ და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ინტერნეტში გაეცნონ და ჩამოტვირთონ.