მეწარმეობის განვითარებისა და მახასიათებლების შესახებ აგრარულ სექტორში

ბესარიონ ნაყოფია

საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე, საზოგადოებრივ-ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაციის პროცესი რთულად და საკმაოდ შეფერხებულად განვითარდა. ასეთი ვითარება, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეკონომიკური კავშირების რღვევამ და საბაზრო სივრცის მკვეთრმა შეკვეცამ, რასაც თან დაერთო სტრატეგიული შეცდომები და ტაქტიკური ხარვეზები ხელისუფლების მხრიდან. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა აგრარული სფერო – აგროსამრეწველო და სასურსათო კომპლექსი.

არსებულმა ვითარებამ დღის წესრიგში დააყენა ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაში არსებული ჩავარდნების მიზეზების ახსნის, ახალი ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავებისა და შესაბამისი ტაქტიკური სვლების განხორციელების მეცნიერული დასაბუთების ამოცანა.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, გარკვეულწილად, ჭეშმარიტებისაგან დაშორებული მეთოდოლოგიურად მცდარი მიდგომების შედეგია. ასეთი ვითარება, ერთი მხრივ, გამოწვეულია საერთოდ ადამიანის შემეცნებითი შესაძლებლობების ერთგვარი შრზღუდვით, ხოლო მეორე მხრივ, განპირობებულია ადამიანთა გარკვეული ნაწილის ჭეშმარიტებასთან შეუთავსებელი ბოროტი ბუნებით. სამწუხაროდ, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ყოველმხრივ ცდილობენ რეალობის გაყალბებას, თავიანთი ზრახვებისათვის დაქვემდებარებას და ამ გზით ამართლებენ მატერიალური დოვლათის განაწილებაში არსებულ ხარვეზებს.

ზოგადად მეცნიერებამ და კერძოდ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებამ, საჭიროა შეიმუშავოს დროის შესაბამისი მეთოდოლოგიური მიდგომები და განსაზღვროს მისი განვითარების სტრატეგია.

პოსტსაბჭოური სისტემის სხვა დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნების მსგავსად, ამჟამად საქართველოც გადის გარდამავალ პერიოდს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ერთდროულად საკუთრების სხვადასხვა ფორმების არსებობა, შესაბამისი საწარმოთა ტიპების, მწარმოებლური ძალებისა და წარმოებითი ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესი. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ზუსტად არ არის განსაზღვრული შესაბამისი იდეოლოგია და თეორიული პოსტულატები.

მთავარი ამ შემთხვევაში ის არის, რომ გარდამავალი პერიოდი რაც შეიძლება მოკლე დროში იყოს განვლილი, ხოლო ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ნეგატიუროი მოვლენებით – დაძლეული.

ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის ეკონომიკა, როგორც მეცნიერება, მოწოდებულია გამოიკვლიოს სოფლის მეურნეობის საწარმოთა ფუნქციონირების ორგანიზაციულ-ეკონომიური საფუძვლები და შეიმუშავოს საბაზრო ეკონომიკის პირობები, კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული აგრარული სფეროს საწარმოების ფორმირებისა და განვითარების ოპტიმალური ვარიანტები, შეისწავლოს ის ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მოთხოვნა-მიწოდების ოპტიმალური თანაფარდობის უზრუნველყოფას.

ამ საკითხს უფრო პრაგმატულად თუ მივუდგებით, ვიტყვით, რომ ეკონომიკურმა მეცნიერებამ, დასავლური ეკონომიკური კონცეფციის შესაბამისად, პასუხი უნდა გასცეს კითხვებს: რა? როგორ? და ვისთვის? ანუ, ზუსტად უნდა განისაზღვროს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა განლაგების არეალი, წარმოების შესაბამისი ტექნოლოგია და რაც მთავარია, უნდა შემუშავდეს წარმოებული მატერიალური დოვლათის სამართლიანად განაწილების სისტემა. ყოველივე აღნიშნული მოიცავს ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის, საგადასახადო სისტემის, ფულად-საკრედიტო ურთიერთობების, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდოლოგიის შემუშავებას.

უნდა გაირკვეს ჭეშმარიტება, თუ რა არის მიზეზი, როცა ადამიანის მოთხოვნილება უსაზღვროა მაშინ, როცა რესურსები შეზღუდული და ამოწურულია; რატომ ხდება, რომ ადამიანთა მცირე ნაწილი მდიდარია, ხოლო გაცილებით დიდი ნაწილი – ღარიბი; რატომ ხდება უსამართლობა მატერიალური დოვლათის განაწილებაში და ა.შ.

საჭიროა მეცნიერულად, მეთოდოლოგიურად დასაბუთება იმისა, თუ რა ზომით უნდა ჩაერიოს სახელმწიფო, ხელისუფლება აღნიშნული საკითხების დარეგულირებაში.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში სოფლის მეურნეობის ეკონომიკის მეცნიერების ამოცანაა პროდუქტების მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობა, პროდუქციის ფასწარმოქმნის, მარკეტინგის და მენეჯმენტის შესწავლა აგრარულ სფეროში, აღნიშნული პროცესების შედეგებზე მოკლე და ხანგრძლივი დროის გავლენის და შესაბამისი ქმედების განსაზღვრა.

დასახული მიზნის მიღწევისა და შესაბამისი კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტისთვის საჭიროა ოპერატიულ-ტაქტიკური საკითხების ჩამოყალიბება, ანუ მეცნიერული კვლევის მეთოდიკის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს ჭეშმარიტების დადგენას. ასეთი მეთოდიკა პრაქტიკულად აპრობირებული და აღიარებულია დიალექტიკური მეთოდოლოგიის სახელით.

დიალექტიკური მიდგომა არ ეწინააღმდეგება არც საგეგმო და არც საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, ვინაიდან იგი მოვლენებს განიხილავს დინამიკაში, მუდმივ ცვალებადობასა და განვითარებაში, ხოლო წარმოების პროცესში ადამიანთა ურთიერთობას – მრავალმხრივი წინააღმდეგობისა და განვითარების თვალსაზრისით.

ეკონომიკა, როგორც მეცნიერება, ბიოლოგიური ორგანიზმის მსგავსად, განვითარებადია და თავის თავში, არც თუ ისე იშვიათად, ერთი შეხედვით შეუთავსებელსაც კი ითავსებს. ხშირად გაკვირვებას იწვევს ისეთი ფაქტები, როცა თანამედროვე უზუსტესი მათემატიკურ-კიბერნეტიკული გათვლები და პროგნოზები შეთავსებადია საბაზრო მოთხოვნების სტიქიურ ხასიათთან, მაშინ, როცა ეს უკანასკნელი მკვეთრ წინაარმდეგობაში მოდის წლების განმავლობაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან და ამსხვრევს მათ.

ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანები ნაკლებად ექვემდებარებიან დაწერილ კანონებს. ამ დროს ისინი სკრუპულოზურად ასრულებენ დამკვიდრებულ ე.წ. დაუწერელ კანონებს. საინტერესოა, რით აიხსნება ის ფაქტი, როცა თანაბარ პირობებში, ზოგიერთი ადამიანი ყიდულობს არა იაფ საქონელს, არამედ უფრო ეტანება პრესტიჟულ მაღაზიებში საკმაოდ ძვირად ღირებულს. რა აიძულებს გლეხს ხნას მიწა და თესოს, ზარდოს და ამრავლოს პირუტყვი მაშინაც კი, როდესაც წინასწარ იცის, რომ ამისათვის არახელსაყრელი პირობები აქვს. იბადება ასეთი კითხვა – შეიძლება თუ არა გემოვნებისა და ტრადიციების ადამიანთა, ანდა ადამიათა ერთობლიობის თანაცხოვრების პირობებში დამკვიდრებული ჩვევებისა და მოთხოვნათა ზუსტი გათვალისწინების დაგეგმვა და პროგნიზირება?

თუ ყველაფერი ეს შესაძლებელია, მაშინ წამოიჭრება სრულიად ლოგიკური კითხვა – რატომ ხდება, რომ თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის პირობებში საკმაოდ ზუსტად გათვლილი შესაძლებლობებიც, რიგ შემთხვევაში გაუთვალისწინებელ შედეგებს იძლევა?

პრაქტიკა ადასტურებს, რომ ეკონომიკა, როგორც მეცნიერება, მნიშვნელოვნად სცილდება საწარმოს სფეროს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა წარმოება, განაწილება, გაცვლა, მოხმარება, გადანაწილება და ა.შ. იგი მოიცავს ადამიანთა ყოფიერების სიღრმისეულ პროცესებსაც.

ყოველგვარი ეკონომიკური ცვლილებები, მათ შორის აგრარული ეკონომიკის ეფექტიანობა, განხილული უნდა იყოს, როგორც წარმოების, ასევე სოციალური და ეკოლოგიური თვალსაზრისით. უდავოა, საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა ვერ მოხერხდება, თუ ეკოლოგიური გადაწყვეტილების დასაბუთების დროს გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ობიექტური ეკონომიკური კანონები და უგულვებელყოფილი იქნება სოციალური და ეკოლოგიური მოთხოვნები.

სამეურნეო გადაწყვეტილებათა შერჩეული ვარიანტი არ იქნება ეკონომიკურად ეფექტური, თუ იგი არ ითვალისწინებს სხვა სფეროში მოქმედ კანონებს, ვინაიდან წარმოება თავად მოიცავს ცხოვრების მთელ გამას.

ამდენად, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია უნდა განისაზღვროს ეკონომიკური კვლევის სრულყოფილი მეთოდოლოგიის საფუძველზე. ასეთი მიდგომა შესაძლებელს გახდის საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი დინამიური განვითარების პროცესში მიზეზ-შედეგობრივი კავშირ-ურთიერთობების საფუძველზე სტიქიური მოვლენების კანონზომიერებათა დადგენას. ცხადია, ქაოსი, ისევე როგორც კანონზომიერება, თავისთავად დაკავშირებულია რისკის ფაქტორებთან. ამდენად, საბაზრო ეკონომიკაში რისკის თეორიას სერიოზული ყურადღება ეთმობა.

სოფლის მეურნეობის წარმოების თავისებურებიდან გამომდინარე, რისკ-ფაქტორის გათვალისწინება კიდევ უფრო ნიშანდობლივია აგრარული სფეროსათვის.

სოფლის მეურნეობა ქვეყნის ერთიანი სახალხო სამეურნეო კომპლექსის, სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ორგანული შემადგენელი ნაწილია, რომლის ფუნქციონირებაზე გავლენას ახდენს როგორც შიდა (მიკრო), ასევე გარე (მაკრო) გარემო. ამდენად, მნიშვნელოვანია თუ რაოდენ დახვეწილია სისტემის თვითრეგულირებისა და მართვის მექანიზმი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მითუმეტეს გარდამავალ პერიოდში, სისტემაზე უფრო მაღალია შიდა გარემოს გავლენა, თუმცა გარე მოვლენები არა ნაკლებ მნიშვნელოვანია.

საქმე იმაშია, რომ შიდა ვითარება ქვეყანაში უფრო გაურკვეველ ხასიათს იძენს და იგი განსაკუთრებით მსოფლიო მასშტაბით სამეურნეო კავშირების გაფართოება-გაღრმავების კვალობაზე აისახება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად მაღალია რისკის ფაქტორი, რომელიც აღნიშნულ კავშირ-ურთიერთობათა გაფართოების შესაბამისად მომავალში კვლავაც გაიზრდება.

აგრარული სექტორი, კერძოდ, სოფლის მეურნეობა, ყველა ქვეყნის, მათ შორის ინდუსტრიულად მაღალგანვითარებული ქვეყნის ეკონომიკისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი მეტად სპეციფიკური დარგია. აქ იწარმოება ადამიანისათვის სასიცოცხლო-საარსებო მნიშვნელობის პროდუქცია, რომელიც ერთი მხრივ, აუცილებელია ადამიანის ცხოველმყოფელობისათვის, ხოლო მეორე მხრივ – სამუშაო ძალის კვლავწარმოებისათვის. სოფლის მეურნეობა აგრეთვე აწარმოებს, ნედლეულს მრავალი დარგისათვის, კერძოდ გადამამუშავებელი მრეწველობისათვის. ამდენად, მისი განვითარება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქვეყნის საერთო ეკონომიკურ უსაფრთხოებას. როდესაც, საუბარია აგრარულ ეკონომიკაზე, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, უშუალოდ სოფლის მეურნეობასთან, ხოლო მეორე მხრივ კი, განიხილება აგროსამრეწველო კომპლექსი (ასკ), რომელიც წარმოადგენს სახალხო მეურნეობის დარგების ერთობლიობას, რომლებიც დაკავებულნი არიან სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით, შენახვით, გადამუშავებითა და მომხმარებლამდე მიტანით. ფართო გაგებით, ეს სფერო მოიცავს მთლიანად აგრარულ ეკონომიკას.

საქართველო ტრადიციული აგრარული ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. აქ იწარმოება ქვეყნის ეროვნული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი.

სოფლის მეურნეობა, როგორც ეკონომიკის დარგი, ვითარდება ეკონომიკური კანონების შესაბამისად, რომლებიც ეკონომიკური კანონები, სხვა მეცნიერული კანონების მსგავსად, ობიექტური ხასიათისაა, თუმცა რეალიზდება რა სოციალურ გარემოში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ეს კანონები არ ემორჩილება ადამიანთა ნება-სურვილს. სინამდვილეში კი ეკონომიკური კანონები განაზღვრავენ, როგორც მსხვილი კოლექტივებისა და მათი ცალკეული წევრების, ასევე ღრმა ინდივიდუალისტების ქმედებებსაც კი. მაგალითისათვის გამოდგება ისეთი ინდივიდუალური ქცევები, როდესაც ინფლაცია აიძულებს გამყიდველებს გაადიდონ თავიანთი საქონლის ფასი, თუმცა ამის სურვილი მათ სულაც არა აქვთ; ან დროის დაზოგვის სურვილი “აჩვევს” ადამიანებს სალაროსთან რიგში დგომას, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული ზეგავლენით ამის მიღწევა არც თუ ისე იოლია; ფულის დევალვაცია “კარნახობს” ადამიანებს მოიშორონ ფული და ა.შ.

ისტორიას ახსოვს ბევრი მაგალითი, როცა ეკონომიკური კანონების უგულვებელყოფამ სახალხო მეურნეობის მკაცრი მმართველობის პირობებშიც კი გამოიწვია ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი დაცემა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკური კანონების გათვალისწინება ინფლაციისა და მწარმოებელთა ფართომასშტაბიანი მონოპოლიზმის პირობებში.

სოფლის მეურნეობა, როგორც სახალხო მეურნობის დარგი, ხასიათდება რიგი თავისებურებებით, სადაც მოქმედებს ამ დარგისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური კანონზომიერებანი. ეს უკანასკნელი განპირობებულია წარმოების თავისებური ტექნოლოგიით, შრომითი რესურსების, მიწისა და სხვა წარმოებრივი საშუალების დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით, მათი ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და განლაგების სპეციფიკურობით.

სოფლის მეურნეობის სპეციფიკური ხასიათი ობიექტური ბუნებრივი კანონზომიერებათა გავლენის შედეგია, იგი არ ექვემდებარება ადამიანთა ნება-სურვილებს და ამდენად, გამოვლენას ნებისმიერ პირობებში პოულობს. თუმცა, ამ თავისებურებათა შედეგები განსაკუთრებით თვალსაჩინოა საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაგრამ, როგორც აღინიშნა, მისი სიმწვავე მკვეთრად წარმოჩინდება გარდამავალ პერიოდში. აღნიშნულ მახასიათებელთა ჩამონათვალი საკმაოდ მრავალრიცხოვანია. აქ მხოლოდ ძირითად მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას. კერძოდ, ეს თავისებურებებია:

1. სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ისეთ ბუნებრივ ფაქტორებზე, როგორიცაა ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა, წლის განმავლობაში მზიან დღეთა რიცხვი, წლიური, საშუალო, თვიური, დღე-ღამური ტემპერატურული ცვლილებები და ა.შ. ამ და სხვა ბუნებრივი მახასიათებლების გავლენა სამრეწველო დარგებზე თითქმის ნულის ტოლია მაშინ, როცა ისინი შესაძლოა სოფლის მეურნეობისთვის უაღრესად ხელსაყრელი, ან ფინანსური გაკოტრების მიზეზი გახდეს.

2. სოფლის მეურნეობის წარმოება-გაფართოება სხვა დარგებისაგან განსხვავებით, ძალზე პრობლემატურია, მიწის ფართობების, კერძოდ, სასოფლო სამეურნეო სავარგულთა სივრცობრივი შეზღუდვის გამო.

3. წარმოების პროცესის ხანგრძლივობა სოფლის მეურნეობაში განპირობებულია მცენარეთა ვეგეტაციისა და ცხოველთა გამოკვების პერიოდის ხანგრძლივობით და ამდენად, მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობაში დასაქმებულ გლეხობას, ფაქტობრივად, არ შეუძლია ამ პროცესის დროის ფარგლების განსაზღვრა; მრეწველობის დარგების მსგავსად, საწარმოო პროცესის შემჭიდროება ამ დარგში პრაქტიკულად შეუძლებელია.

4. აგრარულ სფეროში წარმოებული პროდუქცია კონკურენტ გამყიდველთა ბაზარზე ვერ ახერხებს მონოპოლისტურ მდგომარეობაში ყოფნას, ვინაიდან გლეხობას არ შეუძლია სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მოცულობისა და მისი ფასების გაკონტროლება მცირე რეგიონის მასშტაბითაც კი, რომ არაფერი ვთქვათ მთლიანად ქვეყნისა და საერთაშორისო ბაზრის მასშტაბებზე. თავად სოფლელები კი, საქონელს ყიდულობენ შედარებით რეგულირებად ბაზარზე.

მშენებლობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ა.შ. არასასოფლო-სამეურნეო დარგების მონოპოლიზაციის დონის ზრდის კვალობაზე იზრდება დისპარიტეტი აგრარიკოსთა შესასყიდ და გაყინულ ფასებს შორის, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება სოფლის მეურნეობის საწარმოთა ფინანსურ შედეგებზე.

5. სოფლის მეურნეობა არა მხოლოდ წარმოებაა, იგი იმავდროულად სოციალური სფეროა და ამდენად, საწარმოო სტრუქტურის რაიმე დონით შეცვლა გავლენას ახდენს სოფლის ყოფა-ცხოვრებაზე. ავიღოთ თუნდაც ასეთი ელემენტარული შემთხვევა: ფინანსური გაკოტრების შედეგად სამრეწველო საწარმოს მუშაკებს შეუძლიათ სხვა საწარმოში გადაინაცვლონ და შესაბამისად, კვალიფიკაცია შეცვალონ, მაშინ როცა სოფლის მეურნეობის საწარმოს დაშლა-დახურვას გლეხობისათვის, ფაქტიურად, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

6. სოფლის მეურნეობის წარმოების ნომინალური პირობების შესაქმნელად მნიშვნელოვანია იმ ხარჯების ხვედრითი წილი, რომელიც საჭიროა საწარმოო საშუალებათა – ტექნიკის, პირუტყვის გამოზრდა-შეძენისა და საწარმოო შენობა-ნაგებობათა მშენებლობისათვის, რომელთა გამოყენების ეფექტიანობა არახელსაყრელი გარემო პირობების შემთხვევაში, უმნიშვნელო შეიძლება აღმოჩნდეს, და ამდენად, ჩამოთვლილი საშუალებები შეიძლება ე.წ. მუდმივიდანახარჯების გადიდების ფაქტორი გახდეს, რაც, საბოლოო ჯამში, ფინანსური შედეგების გაუარესების მიზეზად იქცევა.

7. სოფლის მეურნეობის წარმოების მკვეთრად გამოხატული სეზონური ხასიათი და დროში გაწელილი საწარმოო ციკლი გავლენას ახდენს გლეხურ მეურნეობათა დაკრედიტების პროცესზე.

8. როგორც წესი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლები აწარმოებენ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულს, ხოლო ამ ნედლეულისაგან წარმოებული ძირითადი სამომხმარებლო პროდუქცია, როგორიცაა: პური და პურპროდუქტები, რძის ნაწარმი და ა.შ. გადამამუშავებელი საწარმოების მეშვეობით და შემდგომ კომერციული სტრუქტურების გავლით სამომხმარებლო ბაზარზე გადის. ამდენად, არ შეიძლება უგულვებელყოფილი იყოს ისეთი მოვლენებიც, როცა სასურსათო პროდუქტების მოთხოვნათა დაბალი ელასტიურობის გამო მათი ფასი მოსახლეობის გადახდიუნარიანობის ცვლილებების მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის ფასების არაადექვატურია და ამდენად, მოგების გარკვეული ნაწილი არაპირდაპირი გზით სოფლის მეურნეობის ნედლეულის მწარმოებლიდან გადამამუშავებელი წარმოებაში თუ სხვა სფეროებში გადადის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მახასიათებლების ფართოდ განხილვის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ სოფლის მეურნეობის გარდამავალი პერიოდის მოვლენებისადმი ადაპტაცია ამ თავისებურებათა ობიექტურობის თვალსაზრისით განხორციელდეს, რაც თვიდან აგვაცილებს, ან, უკიდურეს შემთხვევაში, შეარბილებს ამ თავისებურებით გამოწვეულ ნეგატიური მოვლენების გავლენას სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა შედეგებზე.

კერძოდ, სოფლის მეურნეობის დარგებში უნდა განხორციელდეს ღონისძიებები:

1. არსებული საწარმოო ინფრასტრუქტურის გამოყენების მაქსიმალური შესაძლებლობის დადგენისათვის. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ სოფლის მეურნეობაში არსებული ინფრასტრუქტურის სრულიად შეცვლა დაკავშირებულია ხანგრძლივ პერიოდთან და დიდ კაპიტალურ დანახარჯებთან, რომლის უკუგება ყოველთვის არ ხერხდება. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანთა გამოცდილება და სხვა სფეროში გადანაცვლების ნაკლები სურვილი.

2. უნდა განისაზღვროს სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის აუცილებელი მინიმუმი, რომლის შენარჩუნების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს შეუქცევადი პროცესი. ამ მინუმიმის შესანარჩუნებლად მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული არსებული წარმოების ყველა საშუალებები და შემდგომ ეტაპზე განხორციელდეს მაქსიმალური შედეგების მიღწევა.

3. მიწისა და სხვა საშუალებების პრივატიზირების პროცესი, რომელიც დაკავშირებულია კერძო მესაკუთრეობის დამკვიდრებასთან, როგორც წესი, გარდაუვალს ხდის მიწის მასივების დაქუცმაცებას, რომლის შესაბამისად მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს მიწათმოქმედების სიტემაში. ასეთ ვითარებაში შეუძლებელი ხდება წარმოების ადრე არსებული მასშტაბების შენარჩუნება. ამდენად, საჭიროა ახალი ვითარების შესაბამისი საწარმოთა მასშტაბების ოპტიმალური ვარიანტის დადგენა, მისი მეცნიერულად დასაბუთება.

4. ახალ ვითარებაში დღის წესრიგში დგება სოფლის მეურნეობის საწარმოების მიერ ღრმა ტექნიკური გადამუშავების პროდუქტების წარმოების აუცილებლობა. პრაქტიკა ადასტურებს, რომ გაცილებით მომგებიანია პურ-პროდუქტების, ღვინის ნაწარმის, ყველის, ძეხვეულისა და ა.შ. პროდუქტებით ვაჭრობა, ვიდრე მათი ნედლეულის სახით გაყიდვა.

5. ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად უნდა განხორციელდეს არარენტაბელური დარგების შეცვლა და ახალი დარგების განვითარება. მემცენარეობის ან მეცხოველეობის დარგების პარამეტრების განსაზღვრის დროს, სხვა თანაბარ პირობებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაჩვენებლად უნდა გახდეს წარმოებისთვის საჭირო ხვედრითი დანახარჯები. ასეთი მიდგომა თავიდან აგვაცილებს საწარმოთა ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას და უზრუნველყოფს ფინანსურ მდგრადობას ბაზრის არახელსაყრელი კონიუნქტურის პირობებშიც კი.

6. ფინანსური საშუალებები რაციონალურად უნდა იყოს გამოყენებული ისეთ სფეროებში, სადაც შესაძლებელია ფულის ბრუნვის დაჩქარება და წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად მოგების მიღება. ფული მხოლოდ ბრუნვაშია მომგებიანი და მისი უქმად დება დაუშვებელია, რადგანაც მოსალოდნელია იგი ინფლაციამ “შეჭამოს”.

7. წარმოების რაციონალური სტრუქტურის განსაზღვრის დროს ეკონომიკურ გაანგარიშებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ეკოლოგიური და სოციალური მოვლენების შესაძლო განვითარების შედეგები.

და ბოლოს, სოფლის მეურნეობის წარმოების ადაპტაციის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს ქვეყნის ბუნებრივ-ეკონომიკური თავისებურებანი, ისტორიულად დამკვიდრებული ეროვნული ტრადიციები და ადათ-ჩვევები თუმცა, ყოველივე ეს დოგმა კი არ უნდა გახდეს, არამედ შემოქმედებითად, დროის რეალიების გათვალისწინებით უნდა იყოს გამოყენებული.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial