უალკოჰოლო სასმელებით ვაჭრობის აქტუალური საკითხები

ციური ხმიადაშვილი

ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რადიკალური ეკონომიკური რეფორმის განხორციელების გზაზე მრავალი თეორიული წარმოდგენის, კატეგორიისა და კონცეფციის ხელახალი გააზრება ხდება. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ყალიბდება ბაზრის, საბაზრო ეკონომიკის იდეა. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის ისეთი სახით ჩამოყალიბებისათვის, როგორიც იგი დასავლეთის ქვეყნებშია, აუცილებელია ცივილიზებულ სასაქონლო-ფულად ურთიერთობებზე დამყარებული ახალი სამეურნეო მექანიზმის დაფუძნება.

დასავლეთის ქვეყნებმა დააგროვეს მდიდარი გამოცდილება ისეთ საკითხებში, როგორიცაა წარმოების შესაძლებლობებისა და მომხმარებელთა მოთხოვნილებების შეთანაწყობა, სასაქონლო სტრატეგიის შემუშავება, პროდუქციის ხარისხის მართვა, ბაზრის კვლევა, პროდუქციის რეალიზაციის ყველაზე მიმზიდველი არხების შერჩევა, საბითუმო და საცალო ვაჭრობის ფუნქციობა, საგარეო-ეკონომიკური კავშირების განვითარება და სხვა.

თანამედროვე მარკეტინგის ძირითად პრობლემას წარმოადგენს კონკურენტუნარიანი ახალი საქონლის შექმნა, მისი ათვისება წარმოებაში და დროული გატანა ბაზარზე. სწორედ ბაზარზე ახალი საქონლის წარმატებაზეა დამოკიდებული ფირმის მომავალი. მარკეტინგის ფუნქციები საქართველოში შეუძლებელია, სრულად იქნეს რეალიზებული იმ გარემოთა პრინციპული განსხვავების გამო, რომელშიც მოქმედებენ ჩვენი და განვითარებული ქვეყნების ფირმები. კერძოდ:
– არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია მწარმოებლებს შორის;
– ცივილიზებული საბითუმო ვაჭრობის მაგივრად ჯერ კიდევ ხორციელდება რესურსების “განაწილების” სისტემა;
– არ არსებობს საწარმოთა სამეურნეო საქმიანობის შედეგების პირდაპირი დამოკიდებულება რეალიზებული პროდუქციის რაოდენობასა და ხარისხზე;
– საკმაოდ მოუქნელია ფასწარმოქმნის არსებული პრინციპები და მისი კავშირები პროდუქციის ხარისხთან;
– დაბალია გამოშვებული პროდუქციის ხარისხის დონე და მისი შესაბამისობა მსოფლიო სტანდარტულ მონაცემებთან და მომხმარებლის მოთხოვნილებებთან;
– არადამაკმაყოფილებელია ბაზრისა და მისი ელემენტების, მომხმარებელთა მოთხოვნილებისა და მოთხოვნის შესწავლისა და პროგნოზირების სამუშაოთა დონე;
– დაბალია სავაჭრო პროცესების ორგანიზაციის, მექანიზაციისა და ავტომატიზაციის დონე;
– არასაკმარისია კადრების კვალიფიკაციისა და გამოთვლითი ტექნიკის გამოყენების დონე.

ფაქტობრივად, არ არსებობს საქონელმოძრაობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, გადაცემისა და ანალიზის სისტემები.1 საბაზრო სისტემის კლასიკურ ქვეყნებში მარკეტინგული გამოკვლევები უზრუნველყოფს კომერციული წარმატების 80%-ს, მაგრამ იმ პირობით, რომ საწარმოთა სამეურნეო საქმიანობა წარიმართება ამ გამოკვლევების რეკომენდაციებით. მარკეტინგი საწარმოს ეხმარება რესურსებისა და მიზნების ეფექტიან შეხამებაში, რითაც მიზნები შესაბამისობაში მოდის მომხმარებელთა მოთხოვნებთან. მარკეტინგის საშუალებით ფირმა თავიდან იცილებს სტიქიურობას, მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს და გარანტირებული აქვს წარმატება. საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმა ითვალისწინებს სამეურნეო საქმიანობის ახალ პირობებს, რაც მოითხოვს როგორც ცალკეული საწარმოს, ისე სხვადასხვა დარგისა და მთლიანად ეროვნული ეკონომიკის დონეზე მართვის სფეროში შესაბამისი სპეციფიკური მიდგომების მოძებნას, რაშიც გვეხმარება ახალი ეკონომიკური მიდგომა – მარკეტინგი, დაფუძნებული ურთიერთობის საყოველთაოდ აღიარებულ თეორიასა და პრაქტიკაზე.

თანამედროვე მარკეტინგის არსი იმაშია, რომ იგი წარმოადგენს არა მარტო წარმოების მართვის სრულყოფის, საქონლის გასაღების, პროდუქციის ხარისხისა და მომსახურების ამაღლების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებას, არამედ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პროცესს, რომლის მთავარი მიზანია მყიდველთა მოთხოვნებისა და მოთხოვნილებების გამოვლენა, პროგნოზირება, მათი მაქსიმალური გათვალისწინება საქონლის წარმოების პროცესში და ამის საფუძველზე საწარმოს კომერციული მიზნების უზრუნველყოფა. საწარმო და ბაზარი უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ორი ელემენტისაგან შედგენილი სისტემა, რომელიც მოიცავს სუბიექტს (ფირმა) და მისი არსებობის გარემოს (ბაზარს). საწარმოს ბაზარზე გამოაქვს პროდუქცია განსაზღვრულ ფასში, იგი თავისებურ რეაგირებას ახდენს პროდუქციაზე. ბაზარი მიიღებს ან არ მიიღებს საქონელს, მოახდენს ფასის კორექტირებას და განსაზღვრავს გაყიდვის მოცულობას. საბაზრო გარემო იძლევა ინფორმაციას, თუ რომელი საქონელი და რა რაოდენობით, ვისთვის და როგორი კომერციული გადაწყვეტით ვაწარმოოთ.

პროდუქციაზე ორიენტირებული მარკეტინგი გამოიყენება მაშინ, როდესაც საწარმოს საქმიანობა მიმართულია ახალი საქონლის შექმნაზე ან არსებულის გაუმჯობესებაზე. ძირითადი ამოცანაა, დავაინტერესოთ მომხმარებელი, შეიძინოს ახალი ან გაუმჯობესებული საქონელი. მომხმარებელზე ორიენტირებული მარკეტინგი გამოიყენება მაშინ, როდესაც საწარმოს საქმიანობა მიმართულია ბაზრის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისაკენ. ამ შემთხვევაში მარკეტინგის ძირითადი ამოცანაა პოტენციური მოთხოვნილებების შესწავლა და საბაზრო სეგმენტის მოძებნა.

საქართველოში, ისევე, როგორც პოსტკომუნისტური სივრცის სხვა ქვეყნებში, მკაცრ და რთულ პირობებში მიმდინარეობს საბაზრო ეკონომიკის ფორმირება, რასაც უამრავ სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზებთან ერთად ხელს უშლის მარკეტოლოგთა და ბიზნესმენთა არასათანადო მომზადება, დაბალი პროფესიონალიზმი. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ საწარმოების (ფირმების) წინაშე დააყენა უამრავი პრობლემა. თავი იჩინა ახალმა, საწარმოებისათვის მანამდე უცნობმა მოვლენებმა: გამოშვებული პროდუქცია მოთხოვნით არ სარგებლობს და უცნობია სპეციალისტებისათვის, რა გზით და რა საშუალებებით დანერგონ იგი საგარეო ბაზარზე, როგორ მოხდეს მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება. თავისუფალი მეწარმეობა და კონკურენცია საწარმოსაგან მოითხოვს ბიზნესის წარმართვას ბაზარზე მაქსიმალური ორიენტაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ექნება სასურველი კომერციული შედეგები და გაკოტრება ელის.

საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმა ითვალისწინებს სამეურნეო საქმიანობის ახალ პირობებს, რაც მოითხოვს ცალკეული საწარმოს, მთლიანად ეროვნული ეკონომიკის დონეზე შესაბამისი სპეციფიკური მიდგომების მოძებნას მართვის სფეროში.

ქართულ წარმოებასა და ეკონომიკაში ჩამოყალიბდა საკმაოდ რთული სიტუაცია, რაც მდგომარეობს სამომხმარებლო ბაზრის დაუბალანსებლობაში, ინფლაციაში, სამამულო სასურსათო და სამრეწველო საქონლის დეფიციტში.

ჩვენი რესპუბლიკის ეკონომიკისათვის დამახასითებელია მუდმივად მზარდი წინააღმდეგობა და დისპროპორციები მოთხოვნა-მიწოდებაში, პროდუქციის ასორტიმენტსა და ხარისხში. ამის აღმოსაფხვრელად საჭიროა სამამულო ფირმების საქმიანობის კრიტიკული ანალიზი და მათი მუშაობის საბაზრო ურთიერთობაზე ორიენტაციის აუცილებლობა.

ეკონომიკური მოვლენების მიმართ არასწორმა მიდგომამ მოშალა მთელი სამეურნეო ცხოვრება, მათ შორის, კვების მრეწველობის, კერძოდ, უალკოჰოლო სასმელების საწარმოთა ფუნქციობაც. ეკონომიკურ პრობლემებს შორის, რომლებიც ამ პერიოდმა წამოაყენა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უალკოჰოლო სასმელების საბაზრო მექანიზმის ჩამოყალიბება და მისი ოპტიმალური კავშირის უზრუნველყოფა ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურულ რგოლებთან. ისინი რთული და მრავალმხრივი კატეგორიებია და ხშირად საპირისპირო მიმართულებით მოქმედებენ, ამიტომ ბაზრის გამოკვლევის პროცესში საჭიროა, განისაზღვროს თითოეული მათგანის ადგილი ბაზარზე შექმნილი სიტუაციების ფორმირებაში, დადგინდეს მათი ურთიერთქმედების ხარისხი და შეფასდეს საბაზრო სიტუაციები.

უალკოჰოლო სასმელების მოთხოვნა ბაზარზე ხასიათდება არასტაბილურობით და მასზე უშუალოდ ახდენს გავლენას მოსახლეობის ფულადი შემოსავლების ცვლილება. დღეისათვის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ნაკლებ მსყიდველუნარიანია მათი დაბალი შემოსავლების გამო.

უკანასკნელი წლების მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა უალკოჰოლო სასმელების წარმოება და ასორტიმენტი. ამას ემატება მრავალი ფირმა-იმპორტიორის მიერ შემოტანილი უალკოჰოლო სასმელების საკვები დანამატები, რისი მოხმარებაც დაუშვებელია სამამულო წარმოების მიერ და არ არის მითითებული რეცეპტურაში. აქედან გამომდინარე, დღევანდელ პირობებში მკაცრად დგას ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოსატანი უალკოჰოლო სასმელების მრავალმხრივი ექსპერტიზის ჩატარების საკითხი. გაიზარდა მომხმარებლის მოთხოვნა ხარისხისადმი, ძირითადად უსაფრთხოების, სასარგებლო ნაერთების შემცველობის, გაფორმების, შენახვისუნარიანობის და სხვა თვისებების მიმართ. მომხმარებლის გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლია მხოლოდ კონკურენტუნარიან სასმელს.

უალკოჰოლო სასმელების კონკურენტუნარიანობა უჩვენებს მის შესაბამისობას ბაზრის მოთხოვნებთან ხარისხობრივი, ტექნიკური, ეკონომიკური და სხვა მაჩვენებლების მიხედვით. კონკურენტუნარიანობაში იგულისხმება უალკოჰოლო სასმელების იმ ნიშან-თვისებათა კომპლექსი, რომელიც განსაზღვრავს ბაზარზე მის წარმატებას და უპირატესობას კონკურენტ ანალოგიურ საქონელთან შედარებით.

კონკურენტულ გარემოში საწარმოები (ფირმები) ცდილობენ, დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნები. ბევრ მათგანს არჩეული აქვს პატიოსანი გზა კონკურენტუნარიანი, მაღალი ხარისხის უალკოჰოლო სასმელების წარმოებისა. მაგრამ, სავალალოდ, თავისუფალ ბაზარზე ყოველთვის არიან არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები, რომლებიც ცდილობენ, მათ მიერ წარმოებული დაბალხარისხიანი და ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციის გზით მიიღონ მომხმარებლისაგან მოგება.

უალკოჰოლო სასმელების ფალსიფიკაციის გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ისინი იწარმოება ძირითადად არა ნატურალურ ნედლეულზე, არამედ მხოლოდ ქიმიურ საღებავებზე, არომატიზატორებზე, დამატკბობელებზე და გაჯერებულია ნახშირმჟავა გაზით.3

უალკოჰოლო სასმელების ნამდვილი სახის დადგენისათვის მიმართავენ ორი სახის გამოკვლევას:
1) უალკოჰოლო სასმელების იდენტიფიკაცია;
2) ფალსიფიკაციის ხერხები და მათი აღმოჩენის მეთოდები.

ფალსიფიკაციას განსაზღვრავენ როგორც პროდუქტის გაყალბებას, დამზადების პროცესში განსაზღვრული ხარისხის პროდუქტის შეცვლას მეორე, ნაკლებფასიანი პროდუქტით, რომელიც არ პასუხობს, არ შეესაბამება თავის სახელწოდებას და მისი რეალიზაცია ხდება მოგების მიღების მიზნით.

ფალსიფიკაციის მეთოდების მიხედვით განასხვავებენ ასორტიმენტულ, ხარისხობრივ, რაოდენობრივ, ღირებულებით და ინფორმაციულ ფალსიფიკაციას. უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე ყველაზე მეტად გავრცელებულია ასორტიმენტული, ხარისხობრივი და ინფორმაციული ფალსიფიკაცია.

ასორტიმენტული ფალსიფიკაციისას ხდება ერთი პროდუქტის შეცვლა მეორე, უფრო დაბალხარისხიანი პროდუქტით. ამ დროს შენარჩუნებულია ყალბი და ნამდვილი პროდუქტის გარკვეული გარეგნული მსგავსება. შემცვლელი მნიშვნელოვნად იაფია ნატურალურ პროდუქტთან შედარებით და ხასიათდება დაბალი სამომხმარებლო თვისებებით. ზოგჯერ ამ ცვლილებების აღმოჩენა და განსაზღვრა რთულ პრობლემას წარმოადგენს. ამის მაგალითია უალკოჰოლო გაზირებული სასმელების დამზადების დროს შაქრის ნაცვლად მისი შემცვლელების გამოყენება, რომელთაგანაც ყველაზე ხშირად ვხვდებით სახარინს, ასპარტამს. ცნობილია, რომ სახარინი შაქართან შედარებით 500-ჯერ ტკბილია და მწარმოებელს იაფი უჯდება, მაგრამ მას თითქმის არ ითვისებს ადამიანის ორგანიზმი და მასზე დამზადებული სასმელების კვებითი ღირებულება ძალიან დაბალია (სახარინის დღეღამური მოთხოვნის ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 2,5 მგ/კგ-ს ადამიანის სხეულის წონაზე გადაანგარიშებით. ასევე ასპარტამის დღეღამური მოთხოვნის ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ/კგ-ს). ზოგიერთ საწარმოში კი სათანადო დონეზე არ ხდება ამ ნივთიერებების ზუსტი დოზირება.

ნედლეულის სახეებისა და ინგრედიენტების არასწორად გამოყენების დროს მიღებული სასმელები შეიძლება, პირიქით, მავნე აღმოჩნდეს გარკვეული ჯგუფის მომხმარებლისათვის.

ხარისხობრივი ფალსიფიკაციის დროს უალკოჰოლო სასმელების წარმოებისას ხშირად იყენებენ სხვადასხვა მღებავ და არომატულ ნაერთს, რომლებიც რეცეპტურით არ არის გათვალისწინებული. ისინი აუმჯობესებენ პროდუქტის ორგანოლეპტიკურ თვისებებს, მაგრამ აშკარად კი ამცირებენ მათ ხარისხობრივ მაჩვენებლებს.

ძალზე გავრცელებულია ინფორმაციული ფალსიფიკაცია, რაც გულისხმობს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას და არასწორი აზრის ჩამოყალიბებას პროდუქტის შესახებ. ამ მიზნით იყენებენ რადიოს, ტელევიზიას, პრესას სინამდვილესთან შეუსაბამო რეკლამების საშუალებით. ნატურალურ პროდუქტთან კონკურენციის მიზნით ხშირად ეტიკეტზე აღნიშნულია ნატურალური კომპონენტების შემცველობა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მომხმარებლისათვის პროდუქტის შესახებ მცდარი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება კი იკრძალება კანონით – “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.”

ამრიგად, ფალსიფიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა რესპუბლიკაში, რაც განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე. უალკოჰოლო სასმელების ფალსიფიკაციის გამოვლენას და მასთან ბრძოლას ძირითადი ადგილი უნდა დაეთმოს, რამეთუ ამ ტიპის სასმელების მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვები და ხანდაზმული ადამიანებია.

აუცილებელია მაკონტროლებელმა ორგანოებმა მაღალი პასუხისმგებლობით დაიცვან კვების პროდუქტების და, მათ რიცხვში, უალკოჰოლო სასმელების ხარისხი და მათი უვნებლობის საკითხი.