რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე გაიზარდა

16 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი უკვე 8 პროცენტს შეადგენს.

ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დადებითად უნდა აისახოს ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე:

“თუ სხვა დამატებითი შოკები არ გამოიკვეთა, პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება მომდევნო პერიოდში მოსალოდნელი არ არის. მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2016 წლის პირველ კვარტალში ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. მომდევნო პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და 5-პროცენტიან მიზნობრივ ნიშნულამდე წლის მეორე ნახევარში შემცირდება”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ეროვნული ბანკის ცნობით, ნოემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 6.3% შეადგინა და ინფლაციის ზრდის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია: “კერძოდ, წარმოების შუალედური ხარჯების გაძვირება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა. ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ასევე ელექტროენერგიის გადასახადის ერთჯერად მატებას. ინფლაციის ზრდას ზღუდავს სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი”.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა პროგნოზირებულთან შესაბამისია:

“წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ 10 თვეში ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2.8% შეადგინა. საგარეო სექტორი კვლავ რჩება ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორად. რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე. განვლილი პერიოდის მანძილზე ეკონომიკური ზრდა ძირითადად შიდა მოთხოვნით იყო განპირობებული, თუმცა ფულადი გზავნილების შემცირება და უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო მომსახურების ტვირთის ზრდა მოთხოვნის შესუსტებაზე მოქმედებს”.

ეროვნული ბანკის ცნობით, პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ:

“შემცირებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, გაცვლითი კურსის ცვლილებამ დააჩქარა იმპორტის კორექტირების პროცესი. ბოლო სამ თვეში იმპორტის წლიურმა კლებამ 18 პროცენტი შეადგინა (ერთჯერადი იმპორტის გათვალისწინების გარეშე). შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებული საგარეო შოკის ეფექტი კურსზე ამოწურულია. სხვა თანაბარ პირობებში არსებული საგარეო შოკიდან კურსზე დამატებითი ზეწოლა მოსალოდნელი არ არის”, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 3 თებერვალს გაიმართება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial