იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, სანქციები უნდა გამოვიყენოთ — გიორგი კვირიკაშვილი

შევეცადოთ, კარგი კომპანიები წავახალისოთ, ხოლო იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებებს, სანქციები გამოვიყენოთ, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას.

პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან ელექტროენერგიის მიწოდებისა და გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„სამწუხაროდ, ყველა კონტრაქტორმა ვერ გაითავისა ის ვალდებულებები, რომლებიც მათ აქვთ, ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობას მივაწოდოთ რეგულარული ინფორმაცია ბრიფინგის სახით გზების დეპარტამენტის ან შესაბამისი უწყების მხრიდან. მეორე, ასეთი პრობლემების გამო ვერ ხდება ძირითადი სერვისების მიწოდება, მოქალაქეების გადაადგილებაში შეფერხებებს თავი რომ დავანებოთ, შეიძლება ავადმყოფთან სასწრაფო ვერ მივიდეს და რაიმე უბედურება მოხდეს. თუ კონტრაქტორი კარგად ასრულებს ვალდებულებებს, უნდა წავახალისოთ და მადლობაც ვუთხრათ, ასევე მომავალი თანმშრომლობისას გავითვალისწინოთ. თუ ვერ ასრულებს, პირიქით, ის სანქციები გამოვიყენოთ, რაც საჭიროა. ალბათ, ჩვენს თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ, რა სტრუქტურით ვქირაობთ ამა თუ იმ კომპანიას და არც ის, რომ რომელიმე ჩვენი კონტრაქტორი ვერ ასრულებს ამა თუ იმ მოვალეობას“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა პასუხისმგებელია, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, კარგი კომპანიები წაახალისოს, ხოლო იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, სანქციები იყოს გამოყენებული და ეს ყველაფერი მომავალ ურთიერთობებში გაითვალისწინონ.

„ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი კონტრაქტორი კომპანიების გასაგონადაც ვამბობ“, — დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial