ენერგოეფექტურობა ანუ სარგებელი, რომელიც რეალურია

ენერგიის სწორად და ეფექტურად გამოყენება მარტივი საქმე სულაც არაა და მისი განხორციელებაც იმდენადაა შესაძლებელი, რამდენადაც ამას მოინდომებენ.
მარტივად გასაგები რომ იყოს, ენერგოეფექტურობა, ეს არის მაქსიმალურად მცირე ენერგიის გამოყენებით იგივე ან უკეთესი პირობის შექმნა. ეს თემა დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება და ეს ენერგორესურსების მარაგის შემცირებით და ენერგიაზე მოთხოვნილების ზრდით აიხსნება.
უკვე ნაცადი პრაქტიკისა და არსებული რეალობის გათვალისწინებით ჩვენი ქვეყანაც ენერგიის ეფექტურად გამოყენების გზას დაადგა და სწორედ ამ მიმართულებით, მთავრობამ ვალდებულებაც კი აიღო, რომ შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს. ევროკავშირის 2010/31/EU რეგულაციის მოთხოვნების შესაბამისად, უნდა შეიმუშავოს ენერგოეფექტურობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა.

კანონპროექტში, რომელის განხილვაც რამდენიმე დღის წინ განახლდა, 104-ე მუხლის თანახმად (შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობა), შენობა-ნაგებობების შემომზღუდავი კონსტრუქციები და მისი ორიენტაცია, ასევე, მასში განთავსებული აღჭურვილობა – დანადგარები, რომელიც განკუთვნილია გათბობის, კონდიცირების, განათების, ვენტილაციის და თბოიზოლაციისთვის, უნდა ხასიათდებოდეს ისეთი თავისებურებით, რომ ერთობლიობაში მოხმარებული ენერგია, მაქსიმალურად ნაკლებ დანახარჯს იწვევდეს.
შენობა – ნაგებობებზე გაიცემა ენერგოეფექტურობის დამადასტურებელი პასპორტიც, თუ, რა თქმა უნდა იგი მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს დაექვემდებარება.
რა პოტენციალი აქვს ამ კუთხით საქართველოს და რა ღონისძიებები ტარდება, ამაზე ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორმა, გიორგი აბულაშვილმა აღნიშნა:
„მოძრაობები ბოლო პერიოდში დაიწყო, თუმცა მანამდეც შეიძლებოდა ნაბიჯების გადადგმა. ენერგოეფექტურობის პოტენციალი საკმაოდ მაღალია.
შენობების აბსოლუტური უმრავლესობა იმ წარსულიდანაა, როცა ენერგიაზე დაბალი ფასების გამო, შენობებში ენერგომოხმარების სტანდარტი საკმაოდ დაბალი იყო, ამიტომ მათი შემომზღუდავი კედლები, სახურავები და ა.შ არ არის მორგებული იმ მოთხოვნებს, რაც თანამედროვე შენობებს აქვს, საერთაშორისო დონეზე. სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობს ნორმები რომელიც შენობაში ენერგომოხმარებას არეგულირებს. დღეისათვის არსებული ახალაშენებული კორპუსების უმრავლესობის ენერგომახასიათებლები უარესია, ვიდრე ადრე იყო, რადგან საბჭოთა პერიოდში რეგულირდებოდა და დღეს, სამწუხაროდ, ეს ასე აღარ არის.
8
მეორე მნიშვნელოვანი მომხმარებელია ავტოტრანსპორტი. ჩვენს ქუჩებში მოძრავი ავტომობილების ასაკიც 8-10 წელს აღემატება, რაც მათ მაღალ ენერგომოხმარებას განაპირობებს.
ენერგიის მოხმარება ამ ორ მნიშვნელოვან სექტორში ძალიან მაღალია და პოტენციალიც, შესაბამისად. ორივე მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება და ეს პირველ რიგში გამოწვეულია ჩვენი სვლით ევროკავშირისკენ, ასოცირების ხელშეკრულებით, რაც გარკვეულ ვალდებულებას აკისრებს ქვეყანას და ამ ვალდებულებების შესრულება დროშია გაწერილი.“
როგორც აბულაშვილმა თქვა, პოტენციალზე საუბრისას, რთულია კონკრეტული ციფრების მოყვანა, რადგან ეროვნულ დონეზე კვლევა არ ჩატარებულა. არსებობს სექტორული კვლევები, მაგრამ არა ერთიანი ეროვნული, თუმცა მათ შესასრულებლად ქვეყანა გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. ენერგოეფექტურობის ცენტრი უცხოელ პარტნიორებთან ერთად ამზადებს ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელიც იქნება პირველი სრულფასოვანი ეროვნული დონის დოკუმენტი.
ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება, ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო და ევროკომისიის კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერა „მერების შეთანხმებას“, რომელსაც საქართველოს 13 ქალაქი შეუერთდა და მათ ნებაყოფლობით აიღეს ვალდებულება, რომ მუნიციპალიტეტებში ენერგოეფექტურ ღონისძიებებს განახორციელებენ.
საქართველოში არსებული ენერგოეფექტურობის ცენტრი „მერების შეთანხმების“ ერთერთი მხარდამჭერია და იგი აქტიურადაა ჩართული, როგორც მუნიციპალურ, მათ შორის დედაქალაქის და ზოგადად ქვეყნის მასშტაბით ამ კუთხით მიმდინარე ღონისძიებებში.
9
„დინამიური პროცესები მიდის მუნიციპალურ დონეზე და საქართველოს 13 ქალაქი უკვე ჩართულია „მერების შეთანხმების“ პროექტში, მათ ენერგოეფექტურობის საშუალებით თავიანთ ტერიტორიაზე ნახშირორჟანგის ემისიები უნდა შეამცირონ და 8 ქალაში, ქალაქის დონეზე მომზადებულია გეგმა (დანარჩენებში მომზადების პროცესია), სადაც აღწერილი აქვთ იქ მიმდინარე პროცესები ენერგოეფექტურობის კუთხით, განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები და მოსალოდნელი შედეგებიც. ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლებაც ჩაერთო და მის აქტუალობას ის ფაქტორები ამწვავებს, რაც გლობალური კლიმატის ცვლილებასთანაა დაკავშირებული.“- ამბობს ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი.
ზოგადად ენერგიის უდიდესი წილი სწორედ საცხოვრებელ სახლებს ხმარდება, ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე სამშენებლო კომანიაა, რომელიც ენერგოეფექტურ, ე.წ „მწვანე სახლებს“ აშენებს. გარკვეული სახის თანამშრომლობა ამ სამშენებლო კომანიებსა და ენერგოეფექტურობის ცენტრს შორის არის, მაგრამ ეს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.
ჩვენთან არ არის მარეგულირებელი ბაზა, რომელიც მშენებლს ავალდებლებს, რომ შენობა გარკვეულ სტანდარტთან შესაბამისად ააშენოს. ანუ, არ გვაქვს სტანდარტი და ნებისმიერი ის კომპანია, რომლიც თავისი პროდუქციის რეკლამირებისას ამბობს, რომ ის არის ენერგოეფექტური, ის ამბობს სიმართლეს, თუმცა მისი შეფასება ძალიან რთულია რადგან ენერგოეფექტურობა ძალიან ფარდობითი ცნებაა. აბულაშვილის თქმით, „არსებულ პრაქტიკასთან შედარებით ის შენობები, რომლებსაც ენერგოეფექტურს უწოდებენ , ცალსახად უკეთესია, მაგრამ, რამდენად საკმარისია დღევანდელ საერთაშორისო მოთხოვნებთან შედარებით, ამის განსჯა მხოლოდ თითოეული შენობის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე შეიძლება.“
ენერგოეფექტური სახლის გასაყიდ ფასზე იგი აღნიშნავს, რომ თუ პროექტის შედგენისას, არქიტექტორის მიერ გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობა, კვ.მ-ის ფასი გაძვირდება მაქსიმუმ 3-5 %-ით, რაც რაიმე განმსაზღვრელ ცლილებას არ იწვევს. თუმცა უკვე აშენებულის გადაკეთება, გაცილებით ძვირია. ამ შემთხვევაში ფასი დაახლოებით 30 %-ით, ან მეტიტაც შეიძლება გაძვირდეს, გააჩნია კონკრეტულ შენობას.
„შედარებიით მარტივია იმ სახლის ენერგოეფექტურად ქცევა, რომელსაც ერთი მფლობელი ჰყავს, მაგრამ თუ საუბარია მრავალსართულიან სახლზე, სადაც ყველა მაცხოვრებელი თანამფლობელია, იქ რთულია მოქმედება, რადგან, კედლების გარედან დათბუნება, ინვესტირება, შეთანხმება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. პრინციპში, დღეისთვის შეუძლებელიც კია, თუ გავითვალისწინებთ მოთხოვნებს მაღალ საინვესტიციო და სამუშოების საინჟნრო თვალსაზრისით. რაც მთავარია, ერთობლივი ქონების დაფინანსების საშუალება არ არსებობს. ანუ, ჩვენთან არც ერთი კომერციული ინსტიტუცია არ გასცემს „კოლექტიურ კრედიტს.“
როგორც „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ლია წულაია Commersant-თან საუბარში აღნიშნავს, ამგვარ, ენერგოდამზოგავ სახლებზე დიდი მოთხოვნა არ არის, თუმცა თანდათან ამ კომპონენტს ყურადღებას აქცევენ, კრიტერიუმებიც იცვლება.
მოხმარებული ენერგიის დაზოგვა სხვადასხვა საშუალებით მიიღწევა. გარკვეული მარკეტინგული გათვლების შემდეგ, „არქი ჯგუფმა” მშენებარე სახლებში Ytong-ის ბლოკის გამოყენება დაიწყო. ჩვეულებრივი ბეტონის სამშენებლო ბლოკთან შედარებით Ytong-ის ბლოკს 7-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს. მისი გამოყენებით, მშენებლობაც ბევრად იაფი ჯდება, აქედან გამომდინარე, წულაიას თქმით, ფართის გასაყიდი ფასიც არ ძვირდება.

აუცილებელია საუბარი სარგებელზე, რომელიც ენეროეფექტურ სახლებს შეუძლია მოუტანოს როგორც კონკრეტულ ქალაქს,ასევე ქვეყანას.
ასოციაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელი ანზორ საკანელიძის BPN-თან ინტერვიუში ნათქვამია, რომ მათმა ასოციაციის წევრმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქორმა, გიორგი სადაღაშვილმა ეს საკითხი დეტალურად შეისწავლა და გამოთვალა, თბილისში რომ ენერგოეფექტური სახლები იდგეს, იმდენ ენერგიას დავზოგავთ, რამდენსაც ორი ხუდონჰესი გამოიმუშავებს. გამოდის, ასეთი სახლების აშენებით ელექტროენერგიის საჭიროებაზეც დიდ გავლენას მოვახდენთ. ენერგოეფექტური სახლის შეძენა ფულისა და ენერგიის დანახარჯის მინიმუმამდე დაყვანას ნიშნავს. ამ სფეროს წარმომადგენლებმა იციან, რაც უფრო კარგია შენობის კედლების თბოიზოლაცია, მით დიდხანს ინარჩუნებს სითბოს.
ჩვენთან გამოყენებული მასალები კი თბოიზოლაციის თვალსაზრისით სრულიად უსარგებლოა. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება თანამედროვე, შენების პროცესში მყოფ საცხოვრებლებს, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
და მაინც, სარგებელზე უფრო დეტალურად რომ გავამახვილოთ ყურადღება, თავად ცენტრის დირექტორი ხსნის, რომ არის 2 დონის სარგებელლი : პირველ რიგში, ენერგოეფექტურობა თითოეულ ჩვენგანს, საკუთარი ჯიბიდან ენერგოგადასახადების დაზოგვის საშუალებას აძლევს. უფრო მნიშვნელოვანი კი ქვეყნისთვის მაკროეკონომიკური სარგებელია – საქართველო ენერგოდამოკიდებული ქვეყანაა, ჩვენში მოხმარებული ავტომობილების თხევადი საწვავის აბსოლუტური უმრავლესობა იმპორტირებულია. შენობებში სივრცის ენერგიის უდიდესი წილი, დაახლოებით 60 % გათბობა – გაგრილებისთვის გამოიყენება, 25 % სხვადასხვა მოწყობილობებს და განათება 15 % წყლის გაცხელებას ეთმობა, ანუ, სივრცის გათბობა არის ენერგიის უდიდესი ნაწილის გამომყენებელი, ეს კი იმპორტირებული ბუნებრივი აირით ხდება.
ბუნებრივია, განვითარებასთან ერთად, კომფორტზე მოთხოვნილებაც იზრდება, ჩვენს მიერ კომფორტზე მოთხვონილების დაკმაყოფილება იმპორტირებული ნედლეულით ხდება. ეს ისედაც უარყოფითი სავაჭრო სალდოს გაუარესებაა.
რაც უფრო მეტ ბუნებრივ აირს იყიდი, მეტი ვალუტა უნდა გავიდეს ქვეყნიდან, ამას ემატება ვალუტის გადაცვლის კურსიც, ანუ მოთხოვნილება უფრო და უფრო იზრდება ვალუტაზე, რომლეიც თავისთავად უნდა გავიდეს ქვეყნის გარეთ.
ჩვენ ენერგიის დიდ ნაწილს ადგილზვე ვაგენერირებთ, აქ მაკროეკონომიკური ეფექტი შეიძლება ერთი შეხედვით არ ჩანდეს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ზამთრის პერიოდში ელ.ენერგის იმპორტირებას( იმიტომ, რომ ჩვენი ჰიდროელექტროსადგურები ვერ გამოიმუშავებენ საკმარის ელ.ენერგიას), მაკროეკონომიკური მაჩვენებლის დაზოგვის უგულებელყოფა ცალსახად შეცდომა იქნება.
ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურებიდან მიღებული ენერგია საკმარისი რომც იყოს, არ შეიძლება უგულებელვყოთ ენერგოეფექტურობის, გარემოზე ზემოქმედების შერბილების პოტენციალი. რაც უფრო მეტ ენერგიას დავზოგავთ ელ.ენერგიის გენერირებისთვის, მით უკეთსეად მოვებყრობით გარემოს- ეს არის მაკრო მაჩვენებელი.
ენერგოეფექტურობის საშუალებით შესაძლებელია ტყეებზე დაწოლაც შევამციროთ. მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, ექსპორტ-იმპორტის სალდო და ვალუტის დევალვაციის რისკების შერბილებაც სახეზე გვექნება.
გამოსავალი და შედეგები, რომელიც შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს, დაახლოებით 3-5 წელიწადში მიიღწევა: „ ბევრი საქმეა გასაკეთებელი, იმიტომ რომ ეს საკითხი არ იყო ყურადღების ცენტრში. პირველ რიგში უნდა მოგვარდეს შენობების საკითხები, სადაც საკმაოდ დიდი საინვესტიციო საჭიროება არსებობს. არის შედარებით მარტივი თემები, რომ კანონმდებლობა დარეგულირდეს და ყოველი ახალი შენობა, რომელიც აიგება, ენეროეფექტური იყოს, მაგრამ, საქართველოში მოსახლობის 95% უკვე ძველ, 70 -იან ან უფრო ადრე აშნებულ შენობებში ცხოვრობს და აი ამ შენობების მწესრიგება საკმაოდ დიდ თანხებს და ძალისხმევას მოითხოვს. ეროვნული პროგრამებია შესაქმენელი, მათი შექმნა ერთია და შემდეგ თანხებია მოსაძიებელი. ჩვენი ბიუჯეტი არ არის პროფიციტული, ანუ ამ თანხების მოძიება და გამოყოფა ძალიან ძნელი იქნება, თუმცა არსებობს საერთაშორისო საფინანსო წყაროები, რომლებიც მსგავსი ტიპის საქმიანობისთვის ქვეყანას ძალიან დაბალი პროცენტით აძლევან თანხებს. მეორე საკითხი : არსებული ტრანსპორტის შემოწმება-აქ დათვალიერებაა საჭირო და ასევე საკანონმდებლო რეგულაციები, რომ ახალი, იმპორტირებული ავტომობილები რაიმე სტანდარტში მოექცეს.
საყოფაცხოვრებო ენერგიის მომხმარებლების მარკირება დიდი ხანია დაიწყეს, თითოეულ მოწყობილობას ( წყლის გამაცხელებელი, ტელევიზორი, ჩაიდანი და ა.შ. ) აწერია რამდენად ენერგომომხმარებელია, რომ მყიდველმა გადაწყვიტოს, ურჩევნია შეძენისას გადაიხადოს 50 ლარით მეტი და წლის მანძილზე 100 ლარი დაზოგოს, თუ პირიქით. ეს არის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ჩვენში იმპორტირებული მასალების მარკირების კანონმდებლობით რეგულირება უნდა მოხდეს, ამ ღონისძიების შემოღება 2 წლიან პერსპექტივაში უნდა მოხდეს და მთავარია, რომ ჩვენ დავისახოთ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი რეალისტური პერსპექტივის ამოცანები და მათ განხორციელებას შევუდგეთ. ვფიქრობ, თუ აქტიური ნაბიჯები იქნა გადადგმული, 3-5 წელიწადში საშუალო და დაბალი მოთხოვნილებების განხორციელება მარტივად შეიძლება. არსებული შენობების გადაკეთების საკითხი კი ძალიან რთული თემაა.
ცნობიერების ამაღლება უმთავრესია და ამის ფრაგმენტალური მუშაობა ხდება ძირითადად არასამთავრებო და დონორი ორგანიზაციების საშუალებით, თუმცა იმ სამოქმედო გეგმაში, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებითვის ვამუშავებთ, ერთ ერთი მთავარი ის იქნება, რომ გრძელვადიან პერიოდში და უწყვეტად ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებმა და მედიასაშუალებებმა ამ ტიპის საქმიანობის რეკლამირება და ადვოკატირება აწარმოონ.“- აღნიშნავს ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი.

სამომავლო პერსპექტივა იმედის მომცემია 3-5 წელიწადში, ამითვის კი თითოეულმა თავად უნდა გაიაზროს, ურჩევნია თუ არა ენერგოდამზოგავ სახლებში ცხოვრება და ისეთი ტრანსპორტით გადაადგილება, რომელიც კომფორთან ერთად ხარისხს, თავისთავად, მოიაზრებს. აქტიური ღონისძიებების გატარებას მოსახლეობის ნება რომ არ შეეწინააღმდეგოს, სწორი ინფორმაციის გავრცელების აუცილებლობლობის წინაშე ვდგავართ. ერთი კი ცხადია, დაზოგილი ენერგიით და ეფექტური მუშაობით სარგებლის მიღება ცალსახად შესაძლებელია. მაშ, მივიღოთ.

 

ავტორი: ნინო ტაბაღუა

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial