დიმიტრი ქუმსიშვილმა იან მლადეკთან საქართველო-ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველო-ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა იან მლადეკმა.
შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვაჭრობის სფეროში არსებულ პრესპექტივებზე. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის დიდია ინტერესი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით. ასევე საუბარი წარიმართა ჩეხური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში.
ჩეხეთის მხარემ აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის თაობაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული რეფორმების მიმართულებით. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის IV ბლოკით გათვალისწინებული რეკომენდაციების წარმატებით შესრულებას.
ასევე საუბარი წარიმართა თანამშრომლობის გაღრმავებაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში, რაც ითვალისწინებს თბილისსა და პრაღას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თებერვალში იგეგმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრულია საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმის ჩატარება. ითქვა, რომ მსგავსი ფორუმები ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს-სუბიქტების ინტერესების დაახლოებას და მათ შორის წარმატებული ურთიერთობის განვითარებას.
შეხვედაზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს, იან მლადეკს 2015 წელს თბილისის აბრეშუმის გზის ფორმუში მონაწილეობისთვის და მიიწვია 2016 წლის ნოემბერში თბილისის აბრეშუმის გზის მეორე ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.