მინიმუმ ხელფასზე მაქსიმუმ ჭეშმარიტება

შოთა მაქაცარია

ეხლა, როდესაც ნიშნულზე 115 ორივე მხარის თავი გაგრილდა, მინდოდა გამეზიარებინა ის, რის შესახებაც ან ყველამ დაივიწყა, ან თქმას მოერიდნენ.
ჭეშმარიტების პირველი მომენტი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა წამოაყენეს კონტრარგუმენტი: 115-ლარიანი მინიმალური ხელფასის შემოღება დაანგრევს მცირე და საშუალო ბიზნესს. აქ, ალბათ, იგულისხმება ის, რომ დამსაქმებლები და ინდმეწარმეები იძულებულნი იქნებიან მეტი გადაიხადონ ბიუჯეტში. ეს კი, მათ შესაძლებლობებს აღემატება, შეიძლება წელში გაწყდნენ.

პრინციპში, ძალიან კარგია, რომ, ისინი, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში წელში წყვეტდნენ მცირე და საშუალო ბიზნესს, მისი დანგრევის პერსპექტივით შეწუხდნენ. ეს მდგომარეობა უკუსიზუსტით ნიანგს გვაგონებს, რომელიც, როგორც ცნობილია, ჯერ ტირის, შემდეგ კი, მხსვერპლს ჩახეთქავს. ჩვენი კეთილმოსურნეები ძვლების ლოკვის ფაზაში აკვნესდნენ.

გულწრფელად გვჯერა, რომ კერძო წარმოების სასიკვდილო დასასრული ბიუროკრატიას არ აწყობს, რამეთუ ინგრევა ფათურის სინქრონულობა – ერთი ხელით ბიუჯეტიდან, მეორეთი ბიზნესიდან.

სხვათა შორის, ცრემლიც და მისამძიმრებაც არაფერ შუაშია. კერძო სექტორში 115-ლარიანი დონე დიდი ხანია მიღწეულია. დღეს ამ შემოსავლების ზღვარზე იღწვის მხოლოდ ვიწრო ფენა. არაოფიციალური მონაცემებით, კერძო სექტორში დასაქმებულთა საშუალო არასაშტატო ხელფასი შეადგენს დაახლოებით 200 ლარს. არც ეს არის ბევრი, მაგრამ მეტი, ვიდრე . . .

კერძო ბიზნესის გერგილიანობა ვარაუდობს იმასაც, რომ, თუ დღეს ფირმაში 60-ლარიანი ხელფასით გაფორმებულია 10 თანამშრომელი, ხვალ იქნება 5 115-ლარიანი. ასე რომ, მეწარმე ბიუჯეტში მეტს არ გადაიხდის. მას, რამდენსაც დააჭერ, ზუსტად იმდენად გაიღუნება. გამოყოფს კი, სულ სხვა თავს – ოფიციალურად დაუსაქმებელთა რიცხვის ზრდის, სინამდვილეში დასაქმებულების.

დღეს, თუ რომელიმე გულუბრყვილო ბიზნესმენი ისვრის მოწოდებას – ვიხდი 115 ლარს თვეში, მას ყელზე არავინ ჩამოეკიდება. შეიძლება ცნობისმოყვარეობისათვის ჰკითხონ, რამდენი დღე (საათი) უნდა მოვიდე და რა გავაკეთო? ვიმუშაო ასეთ ხელფასზე?!

ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ უფრო მეტად გულუბრყვილო ბიზნესმენი, რომელიც საერთოდ არ არის ამ ქვეყნად, ისვრის მოწოდებას – ვიხდი ოფიციალურ მინიმუმზე ორჯერ-სამჯერ მეტს, ანუ 40-60 ლარს . . .
გინდა იყეფე, თუნდაც უდაბნოში!
და იქვე იკვეთება
ჭეშმარიტების მეორე მომენტი
რატომაა, რომ წინადადება კერძო სექტორში ვერ პოულობს მხარდაჭერას, სახელმწიფო სექტორში ჭყლეტაა?

სამარშრუტო ტაქსის 22 სამუშაო დღე = 18 ლარს; სამხარი მაწვნით და ფუნთუშით = 15 ლარს; შარვლის, პიჯაკის და ფეხსაცმლის ამორტიზაცია საორიენტაციოდ = 15 ლარს; ენერგეტიკული და ღმერთო დამიფარე, ინტელექტუალური დანახარჯები, შეფასების გარეშე.

თუ გამოვაკლებთ გადასახადებს და მოსაკრებლებს, 60-ლარიანი ხელფასის პირობებში, მშრომელი სახლში მიიტანს 4 ლარს. ამით მან უნდა იარსებოს მთელ თავისუფალ დროს, შაბათ-კვირისა და დღესასწაულების ჩათვლით.
განსაკუთრებით სასიხარულო იქნება დღესასწაულები.
საბედნიეროდ, სახელმწიფო სექტორი არაერთსახოვანია. მასში არიან მინისტრები, მმართველები, რომლებიც ოფიციალურად 60 ლარზე მეტს იღებენ.

სახელმწიფო სექტორი არაორდინალურია იმ გაგებით, რომ მასში ოფიციალურად ჩადებულია არა ერთი, არამედ შემოსავლის მიღების ორი-სამი წყარო (პრემიები, სპეცსახსრები, საზღვარგარეთ მივლინებები და სხვა).

დაბოლოს, სახელმწიფო სექტორი არაერთფეროვანია. იმ გაგებით, რომ შემოსავლები იქ არის ნათელი, რუხი და შავი. ეს უკვე, რასაკვირველია, ნახევრად და სავსებით არაოფიციალურად.

ისე, რამდენი მუშაობს 60 ლარად, რომ არაფერი ვთქვათ 20-ლარიან გიჟურ მინიმუმზე? იმდენი, რამდენიც დონ კიხოტია დედამიწაზე. თუ სერიოზულად ვწყვეტთ ამ მაკროეკონომიკურ რებუსს, მაშინ უნდა საჯაროდ ვაღიაროთ.

ჭეშმარიტების მესამე მომენტი
და ეს იქნება უკიდურესად არაპოპულარული, უფრო სწორად არაპოპულისტური, რომელიც გამოიწვევს მთელი რიგი სოციალური ჯგუფებისა და მოსახლეობის გარკვეული ფენის აღშფოთების ქარიშხალს. ვაი, რომ ყველა დანარჩენი, მექრთამეების და დონ კიხოტების გარდა, უსაქმურია. ისინი მიხეილ ჟვანეცკის საბჭოური სცენარით არსებობენ: თქვენ მიიღეთ სახე, რომ გვიხდით, ჩვენ მივიღებთ სახეს, რომ ვმუშაობთ.

აქ არ ვიკვლევთ ამ საბჭოურ რუდიმენტს. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაში მწარმოებლური ძალების და საწარმოო დამოკიდებულების დაგეგმვა და რეგულირება ხორციელდება გაცილებით ეფექტურად და ზუსტად, ვიდრე სოციალისტურში, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა არა თუ არათანამედროვეა, არამედ სრულად არასაბაზროა, ამიტომ საბჭოური წარსულის კადრები სახელმწიფო კმაყოფიდან კი არ გარდაიქმნებიან თვითძიებაზე და თვითდამკვიდრებაზე, არამედ, რაც ყველაზე საშინელია, მრავლდებიან.

და ეს იმდენად მათი ბრალი არაა, რამდენადაც უბედურება. საერთო უბედურება. სად წავიყვანოთ საბჭოთა მუშაკების ის უზარმაზარი არმია, რომელთა წარმოება, დაწესებულება, ორგანიზაცია ორიენტირებული იყო საერთო საკავშირო ტოტალიტარულ გეგმიურ-ხარჯვით ეკონომიკაზე. პრივატიზებამ, დასაქმების თვალსაზრისით, მხოლოდ დაამძიმა მდგომარეობა. აი, სახელმწიფომ კი, მიიღო სახე, რომ ხალხს შეუნარჩუნა სამუშაო და თითქოს უხდის მათ ხელფასს. სინამდვილეში ეს შემწეობაა უმუშევრობისათვის.
აი, მის აწევაზე მოგვიწოდეს.
რისთვის? ეშმაკმა იცის…

როდესაც კითხულობ ბიუჯეტის სტრიქონებს (ციფრების გარეშე), გრჩება შთაბეჭდილება, რომ მდიდარი, აყვავებული ქვეყნის ბიუჯეტია. რამდენი რამ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან! მაგალითად, ერთ-ერთი მწერლის მუზეუმი – 78 კაცი. მწერლისადმი პრეტენზია არა გვაქვს. არც რუსთაველი იყო, არც შექსპირი, არც დანტე, მაგრამ თავის საქმეს კარგად აკეთებდა. რას აკეთებს ის 78?

შეხედავ ციფრებს და რწმუნდები: ასეთი ფულით არც არაფერი უნდა აკეთო.

პერსპექტივა უფრო მჭმუნვარეა. ქვეყანაში, სადაც ძნელია მონახო პროფესიონალი ტაქსისტი, მიმტანი ან ავტომექანიკოსი, რა უნდა უყო “ჭპყ” უმაღლესი სასწავლებლის ათეულ ათასობით კურსდამთავრებულს, რომლებიც იშტამპებიან არც თუ ისე მცირე თანხით, თანაც ჩინებულზე გადაკრული სიტყვით.

ყველა ეს მაგალითი და განსჯა იმისთვისაა, რომ საბოლოოდ შევაჯამოთ და გამოვანათოთ მთავარი

ჭეშმარიტების მეოთხე მომენტი
რაც მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირების ე.წ. შემგროვებლურ-მხარჯველობითი მეთოდი უიმედოდ მოძველდა. მის საფუძვლებში მხოლოდ ეკონომიკური მიზანშეწონილობის და ეკონომიური აუცილებლობის პრინციპები უნდა იდოს.

თუ ამ პოზიციით მივუდგებით 115-იან თასმას, მასში რეალური არაფერი არის. სახელმწიფო ხარჯების, მათ შორის სახელმწიფო აპარატის 10 პროცენტამდე შემცირება უზრუნველყოფს ხელფასის მომატებას საარსებო მინიმუმამდე. ამასთან ერთად, რასაკვირველია, უნდა მოიხსნას ყველა შეღავათები დაბეგვრაზე (ამოღებული იყოს მთელი სისრულით) და გადაიხედოს რანჟირების ნორმები. მაშინ ყოველი 115 ლარიდან ბიუჯეტში ბრუნდება 61 ლარი. ასე რომ, იზრდება არა მარტო გასავალი, არამედ შემოსავალიც და ის ხუთჯერ გაზრდა, რომლითაც გვაშინებენ ოპონენტები, სინამდვილეში 2,5-ჯეროვანია.

ბიუროკრატიის, მისი ბიუჯეტის და ჩვენი ეკონომიკის უბედურება არ იმალება 100 ათასზე მეტი კაცისათვის სახელფასო მინიმუმის გაზრდაში. დამანგრეველი საშიშროება ჩასაფრებულია იქ, სადაც არაკი სალაყბოდ იქცა.

ჭეშმარიტების მეხუთე მომენტი
პენსიები. თუ დადგენილ იქნა მინიმუმად 115 ლარი, მაშინ პენსიები 80 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ამას კარნახობს კანონი, ლოგიკა და სინდისი. ქვეყანა, სადაც 800 ათასზე მეტი პენსიონერია და 200 ათასი ლტოლვილია (გაზრდა კი, მათაც უნდა შეეხოს) . . . მაშინ ბიუჯეტიდან საჭირო იქნება, დასახელება უხერხულია . . . 1 მილიარდი. თუ კიდევ გავიხსენებთ სახელმწიფოს ვალს მოსახლეობისადმი (300 მილიონი), გავითვალისწინებთ, რომ ახლანდელ ბიუჯეტში პენსიებზე გამოყოფილია 200 მილიონი და როდესაც შევადარებთ და შევაჯამებთ, მივიღებთ . . . კოლაპსს.

აი, მიზეზი იმისა, თუ რატომაა პარლამენტის გადაწყვეტილება ამგვარი – და ეს არის
ჭეშმარიტების მეექვსე მომენტი
– სანეტარო წამოწყება, არც მეტი, არც ნაკლები. სასურველის მიღება სინამდვილედ. პოლიტიკურ ენაზე – ვოლუნტარიზმი.
ძნელია, პასუხი გასცე კითხვას, თუ რაში დასჭირდა ასეთ მრავალფეროვან, სერიოზულ და შორს მხედველ ძალებს პარლამენტიდან მისცეს უსაფუძვლო დავალება მთავრობას, რომელსაც საფუძვლიანი შესრულების ძალაც კი არ შესწევს . . .
ეს ვითარება იმას ჰგავს, რომ ვიღაცამ ქულები ჩაიწერა მოუგებელ მატჩზე, მაგრამ, ეს საინტერესოც არ არის.
უფრო არასაინტერესოდ გამოიყურება მთავრობის ალტერნატიული ეტაპობრივი პროგრამა.
რეფორმატორული შემადგენელის არარსებობა კრიზის ჭაობში ჩასაფლობად წირავს ეკონომიკას და მასთან ერთად ჩვენც.
საზოგადოება მიეჩვია იმას, რომ სერიოზული მკურნალობის მაგივრად, მას დრო და დრო უწერენ მასაჟს და მაკიაჟს.
მთავარია, მიაჩვიო.
ხომ მივეჩვიეთ იმას, რომ არცერთმა ანალიტიკოსმა, მომხრემ თუ ოპონენტმა, არ გამოანათა სიმართლის ის ნაწილი, რომელიც ჩხვლეტს თვალებს, ჭრის სმენას და საერთოდ, აკომპოსტირებს ტვინს.
სიმართლე, ჭეშმარიტება, გულახდილობა . . . მათ გარეშე უკეთესია, და ეს ჭეშმარიტების მეშვიდე მომენტია რომელიც ფარავს ყველა წინას.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial