რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

ყოველი ხელისუფლება ცდილობს მისთვის ხელსაყრელი კანონები ჰქონდეს: დემოკრატია დემოკრატიულ კანონებს აქვეყნებს, ტირანია – ტირანიულს და ა.შ. კანონების გამოქვეყნების შემდეგ კი, აცხადებენ, რომ ქვეშევრდომთათვის სამართლიანია ის, რაც ხელსაყრელია ხელისუფალთათვის, და … ყველა სახელმწიფოში სამართლიანობად ერთი და იგივე რამაა მიჩნეული, სახელდობრ ის, რაც არსებული ხელისუფლებისათვის ხელსაყრელია.

პლატონი. სახელმწიფო.
დღედაღამ ახალი ფრაზა – ერთი ტელეარხიდან გვესმის განგაში – ევროპა შეშფოთებულია. მიყვარს ევროპა, მშვენიერი სამყაროა, მდიდარი სახლები, უდიდესი ტრადიციები, უსაზღვრო ქონება და ფეშენებელური სასახლეები. ამდენად, დავინტერესდი, რამ შეაშფოთა ეს საყვარელი და სასურველი ბებერი, რა ნახა ისეთი, რაც აქამდე არ უნახავს მის მრავალნანახ თვალს და სხეულს, გულს და ჯიბეს? ვაი, საოცრებავ?, საქართველოს საარჩევნო კანონის გამოა შეშფოთებული და ვაი, თუ ამ კანონით მოხდა არჩევნები. დავიღუპებითო, ხო-ხო, რა მოხდებაო… რა თქმა უნდა, ევროპის ამ ფორიაქს ადგილობრივი პოლიტიკოს ვარსკვლავ-ბიჭუნები ახმოვანებენ. აბა, ჩვენ რა ვიცით მათი ენა, გიჟის ენა ვინ იცის და დედამო.

კი მაგრამ, ბოლო რვა წელი ამ კანონით არ ხდებოდა ამ ვარსკვლავ-ბიჭუნების არჩევა პარლამენტში ასე არ გამოიზარდნენ ეს ნაცარქექიები? სად იყო მაშინ ბებერი ევროპა? აქამდე თუ არ მომხდარა რაიმე ცუდი საქართველოში, ახლა რატომ უნდა მოხდეს ვითომ?

სამართლიან არჩევნებზე იბრძვით, სამართლიან კოდექსზე და სამართლიან კომისიაზე. აქამდე უსამართლოები იყავით? ამას უმალავდით ევროპას? მოგვბეზრდა საქმე. გვინდა სამუშაო ბიზნესგარემო, კომპეტენტური მთავრობა და არადემაგოგი, პოპულისტი პარლამენტი, გაჯანსაღების გზაზე დამდგარი ეკონომიკა და ქვეყანა ერთიანობისკენ. გინდა კარგი? – ნეტუ.

ისე, ევროპას თავი დაანებეთ. არაეთიკურია, ასეთმა ახალგაზრდებმა ბებერი შეაშფოთოთ.

ამას წინათ დასავლეთში ვიყავი და უცებ შუკაში მიმავალ ტრიფულიატს იქით მომესმა: – “ეჰ, ვუმზერ საქართველოს და (გული ცრემლით მევსება), უწინ დედამიწის სამოთხე რომ იყო, იგი კვნესის ქაოსად გადაქცეულა.

იმ ადამიანებზე ვტირი, რომლებიც ჩემი ქრისტეს დროშასავით შეუპოვარნი და ძალიან მამაცი მებრძოლნი (წინამძღოლნი) იყვნენ და ახლა ეშმას მონებენ. საქართველოს იმ მიწას ვტირი, რომელიც მისი ბატკნების მკვებავი, აღთქმული წმინდა ქვეყანა და ქრისტეს მიმბაძველი იყო; ახლა კი, ტაძრის საძოვარზე ნარ-ეკალი გაზრდილა. იმ ქვეყანას ვტირი, რომლის მცხოვრებლებმა ქვეყნიერება განანათლეს, ახლა კი, სიბეცისა და ბნელეთის დასაბამი გამხდარა.

იმ ქვეყანას ვტირი, რომელმაც ანტიკური ბერძნული სიბრძნე წარმოშვა, ახლა კი, უვიცობის წყარო გამხდარა, სადაც თავიანთი შემეცნების სიბრმავის გამო, ბევრი სიღატაკეში ჩავარდნილა და სადაც ყველა ღმერთი მიტოვებულია”.

ვერ მივხდი, მოსთქვამდა ვინმე, თუ კლანჭებიანი, ჩაფუნთუშებული ნაპატივები და გასვეტებული და მაინც “შეურიგებელი ოპოზიციის” საარჩევნო მიტინგი იყო და ცნობისმოყვარე თვალები ეზოსკენ გავაპარე. არც ერთი და არც მეორე. ეზოში პატარა ყმაწვილი იჯდა და ხმამაღლა, დონ კრისტოფორო დე კასტელის “ცნობები და ალბომები საქართვველოს შესახებს” კითხულობდა უშფოთველად და საერთოდ არ იცოდა, რატომ შეშფოთდა ევროპა, ან რატომ არის სამართლიანი ის, რაც ხელისუფლების შექმნილია და რვა წლის შემდგომ ეს სამართლიანი რატომ ხდება უსამართლო.

ეს მხოლოდ პლატონმა იცოდა და პარლამენტმა, მომიტევეთ ყოფილმა პარლამენტმა.

და მაინც რამდენნაირია სამართლიანობა? ხალხისათვის ერთი – კეთილდღეობა, პარლამენტარებისათვის – გააჩნია რა შემთხვევაში!