დიმიტრი ქუმსიშვილმა და იან მლადეკმა საქართველო-ჩეხეთის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა გახსნეს

9 თებერვალს საქართველო-ჩეხეთის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მე-2 სხდომა გაიმართა, რომელიც გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა იან მლადეკმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შეთანხმებებზე, რომლებსაც ხელი მოეწერა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, მათ შორის, შეთანხმებაზე სტანდარტებისა და მეტროლოგიის სფეროში თანამშრომლობაზე და ასევე ისაუბრა ჩეხურ ინვესტიციებზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში. „მნიშვნელოვანია ვაღიაროთ ერთმანეთის სტანდარტები. შესაბამისად, ჩეხეთში აღიარებული სტანდარტებით საქართველოში წარმოებულ პროდუქციას გაუადვილდება ჩეხეთის ბაზარზე დამკვიდრება,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკურ კომისიას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ ბარტლი.

სხდომაზე კომისიის თანათავმჯდომარეებმა კომისიას მიაწოდეს ინფორმაცია ორი ქვეყნის ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვ.

ჩეხეთის მხარემ აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული რეფორმების მიმართულებით. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის IV ბლოკით გათვალისწინებული რეკომენდაციების წარმატებით შესრულებას.

სხდომაზე საუბარი წარიმართა ტურიზმის სექტორში გამოცდილების გაზიარების კუთხით და ხაზგასმით აღინიშნა ჩეხეთისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციების ფარგლებში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადის ზრდას.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ჩეხური მხარე შეისწავლის საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებულ პროექტებს და განიხილავს ინვესტირების შესაძლებლობას. ამასთან, ჩეხურმა მხარემ განსაკუთრებული ინტერესი გამოთქვა ჰიდროპროექტების მიმართ.

ჩეხეთი საქართველოსთან ასევე ითანამშრომლებს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის – სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ENTSO-E-ში (გადამცემის სისტემების ოპერატორების ევროპული კავშირი-ელექტროენერგია) დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების საკითხში. მხარეები გაცვლიან ინფორმაციას ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის ევროპული კანონმდებლობასა და სტანდარტებთან დაახლოების კუთხით.

გარდა ამისა, მხარეები მხარს უჭერენ „სამხრეთ გაზის დერეფნის“ განვითარებას, რომელიც მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოს, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, კერძოდ მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეღვინეობის, მცენარეთა დაცვის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტო სანიტარიის კუთხით.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, ხელი მოეწერა საქართველო-ჩეხეთის ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის მე-2 სხდომის ოქმს.

კომისიის სხდომის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოსა (GeoSTM) და ჩეხეთის სტანდარტების, მეტროლოგიისა და ტესტირების სამსახურს (ÚNMZ) შორის.

ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ იან მლადეკის ვიზიტი საქართველოში 2 დღეს გასტანს.

10 თებერვალს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, იან მლადეკთან ერთად, საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმის გახსნის.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩეხეთის სავაჭრო პალატას შორის, ასევე დაგემილია ქართულ კომპანია „საქაერონავიგაცია“-სა და ჩეხურ კომპანია „ICZ“-ს შორის შეთანხმების ხელმოწერა საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი სარეზერვო სისტემის შეძენა-მონტაჟის თაობაზე.

ჩეხური წარმოების სარეზერვო სისტემა დაყენებული იქნება თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის რაიონული ცენტრში და ჩაანაცვლებს ამჟამად არსებულ ამერიკული წარმოების სარეზერვო სისტემას, რომლის ექსპლუატაციის ვადა 2016 იწურება. პროექტის ღირებულება 1.5 მილიონი ლარია, სამონტაჟო სამუშაოებს, ხელშეკრულების თანახმად, ჩეხური კომპანია ICZ თავად ჩაატარებს.

საქართველოს ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი იან მლადეკი ასევე შეხვდება საქართველოს სხვა ოფიციალურ პირებს და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს.