სამი ქვეყნის მინისტრებმა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მიმდინარეობის თაობაზე ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს მე-7-ე სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
„ჩვენ გავეცანით მასალებს, რომლის მიხედვითაც ნათლად ჩანს, რომ ამ წლის ბოლოს სამშენებლო სამუშაოები დასრულდება თურქეთის მხარეს და, შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ ოპერირების დაწყებას 2017 წელს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ზია მამედოვს, რომლის მხარდაჭერაც ჩვენ აღნიშნულ პროექტში ყოველთვის გვქონდა და ასევე გვექნება დარჩენილი ერთი წლის მანძილზეც. მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს მხარეს სამუშაოები, პრაქტიკულად, დასრულებულია, თუმცა, არის სამუშაოების გარკვეული ნაწილი, რომლებიც 2016 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს და ჩვენ უნდა მივიღოთ, როგორც უკვე ავღნიშნე, სრულად ოპერირებადი რკინიგზა“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის, ზია მამედოვის განცხადებით, პროექტი სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი და უდიდესი სარგებლის მომტანია რეგიონის ქვეყნებისთვის. მისი შეფასებით, პროექტი არის ახალი აბრეშუმის გზის გაგრძელება და ქმნის ახალ სავაჭრო ხიდს აზიასა და ევროპას შორის, რაც ასევე დიდ როლს ითამაშებს რეგიონის ქვეყნებს შორის კულტურათა დიალოგის მიმართულებით. „პროექტი ხორციელდება საკმაოდ რთულ გეოგრაფიულ პირობებში, რამაც მისი განხორციელების ვადებზე გავლენა მოახდინა. მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის განხორციელების დროს ადგილი ჰქონდა ადამიანური გმირობის მაგალითებს. მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს საკმაოდ რთულ პირობებში უწევდათ მუშაობა. ასევე მინდა ვთქვა, რომ დიდი იყო სამივე ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ. ჩვენ საქართველოს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან ერთად არაერთხელ გაგვივლია მშენებლობის ადგილზე და ძალიან საამაყოა, რომ უშუალოდ ვართ ჩართულები ამ პროექტის განხორციელების პროცესში. ყველა რთული სამუშაო ჩვენ უკან მოვიტოვეთ და პროექტი განხორციელების უკვე დასკვნით ეტაპზეა. ევროპასა და აზიას შორის ახალი ფანჯარა იღება და ადამიანები, რომლებიც ამ ფანჯრიდან ორივე მიმართულებით გაიხედავენ, იხილავენ ცივილიზაციათა შერწყმის პროცესს“ – განაცხადა აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა.
ზია მამედოვის თქმით, პირველი ტრანშის დროს აზერბაიჯანის სახელმწიფომ საქართველოს 200 მილიონი დოლარი გამოუყო, ხოლო მეორე ტრანშის დროს ეს პროექტი 575 მილიონი დოლარით გაიზარდა. „მთლიანად პროექტის ღირებულება გახლავთ 775 მილიონი დოლარი. დღეს ჩვენ გამოვყალიბდით ამ წლის ბიუჯეტზე, რომელიც იქნება 150-170 მილიონი დოლარის ფარგლებში. ექსპერტებისა და სპეციალისტების შეფასების საფუძველზე პროექტის ბიუჯეტმა შეიძლება მოიმატოს და ეს დაკავშირებული იქნება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან“ – აღნიშნა აზერბაიჯანის ტრასპორტის მინისტრმა.
თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2017 წელს თურქეთის მხარეს არსებული მონაკვეთი მზად იქნება ოპერირებისთვის. „შევეცდებით, სამშენებლო სამუშაოები წელს დასრულდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე მომავალ წელს მონაკვეთი მზად იქნება ოპერირებისთვის. რაც შეეხება უსაფრთხოებას, რეგიონში ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს. თუ იგულისხმება ტერორისტული საფრთხეები, ეს თემა თანაბრად აქტუალურია ყველა ქვეყანაში. გვახსოვს ტერაქტები პარიზსა და ანკარაში. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდეს. წლებია აზერბაიჯანიდან და საქართველოდან თურქეთში და პირიქით ათიათასობით სატვირთო მანქანა მოძრაობს და ეს პროცესი არის სრულიად უსაფრთხო. საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობს უსაფრთხოების პრობლემა“ – განაცხადა პრესკონფერენციაზე ბინალი ილდირიმმა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial