დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი გამართა

11 თებერვალს ბრიუსელში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტ ანდრუს ანსიპსა და ევროკომისარ გიუნტერ ოტინგერს შეხვდა.
ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან შეხვედრების მთავარ მიზანს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროგრესი წარმოადგენდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობას საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ასევე ერთიან ციფრული ბაზრის ფორმირებას ელექტრონული კომერციის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით. ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოს ინტეგრაციაზე ევროპის ციფრულ საზოგადოებაში. ევროკავშირის მაღალჩინოსნების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს აღნიშნულ პროცესში.
შეხვედრებზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში შექმნილი ინოვაციური პროდუქტების გამარტივებულ შეღწევაზე.