დიმიტრი ქუმსიშვილი: „2013 წლიდან მოყოლებული 11 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადავეცით და დავუკანონეთ საცხოვრებელი სახლი“

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩა N7-ში დევნილ ოჯახებს შეხვდნენ, რომლებსაც აღნიშნულ მისამართზე არსებული 132 ბინა სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცათ.

საცხოვრებელი ფართები დევნილმა ოჯახებმა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღეს. 132 საცხოვრებელი ბინა სახელმწიფომ მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის პროექტის ფარგლებში, შპს „ლიტ ჯეო ინვესტისგან“ კონკურსის საფუძველზე შეიძინა.

„132 ოჯახი შესახლდა ახლად აშენებულ, ახლად გარემონტებულ ბინებში. ეს არის ძალიან დიდი სიხარული ამ ხალხისთვის და ჩვენთვის. მთლიანად 2013 წლიდან მოყოლებული ჩვენ 11 ათას ოჯახზე მეტს გადავეცით და დავუკანონეთ საცხოვრებელი სახლი. ამ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ და შევეცდებით, რომ უახლოეს მომავალში დავასრულოთ სრულიად ეს მიმართულება და დავაკმაყოფილოთ ჩვენი დევნილი მოსახლეობა“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
gg
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მენაშენეების პროექტის ფარგლებში, 2016 წელს დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართი კიდევ 200 დევნილ ოჯახს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ თბილისში, მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსებში ბინით 231 დევნილი ოჯახი 2015 წელსაც დაკმაყოფილდა, რაც 22 წლიანი დევნილობის შემდეგ პირველად განხორციელდა.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial