დიმიტრი ქუმსიშვილმა კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ფორუმი გახსნა

60-ზე მეტმა ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს ინიციატივით გამართულ საინვესტიციო ფორუმში, რომელიც მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე მოეწყო. საინვესტიციო ფორუმი აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმის მონაწილეებს კურორტის საინვესტიციო შესაძლებლობები ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პირადად გააცნო. მისი განცხადებით, უკვე მომზადდა “გოდერძის” განაშენიანების გენერალური გეგმა, რაც აღნიშნული კურორტის სწორად განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომელიც სივრცითი დაგეგმარების მიმართულებით კურორტ “გოდერძიმდე” მისასვლელი გზის აღდგენას ითვალისწინებს, რაც სამთო კურორტზე მისვლას პოტენციურ დამსვენებლებს მნიშვნელოვნად გაუიოლებს.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, განაშენიანების გენერალური გეგმის თანახმად, კურორტ გოდერძიზე საწოლი ადგილების რაოდენობა 3,500-მდე უნდა გაიზარდოს, რაც შექმნის მეტ სამუშო ადგილს და მნიშვნელოვან შემოსავალს მოიტანს.
“კურორტი ოფიციალურად 2015 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა, დღეს კი 2 აპრილია და ჯერ ისევ მწყობრშია სასრიალო ტრასები და სრიალის მოყვარულებს შეუძლიათ სრულფასოვნად დაისვენონ”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად არის ჩართული სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაში.
საბოლოო გეგმის მიხედვით, გოდერძის კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს. “ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ინვესტორებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან იმისათვის, რომ ამ სეზონზე მოხდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა, რათა დაიწყოს სასტუმროების მშენებლობა,” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დღეს გუდერძიზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა.