მეწარმეობის განვითარების სააგენტო EFQM-ის წევრი გახდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო EFQM-ის (ევროპის ორგანიზაცია ხარისხიანი მენეჯმენტისთვის) წევრი გახდა. სააგენტოს ხელმძღვანელობას შესაბამისი სერტიფიკატი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამის საქართველოს კომპონენტის ხელმძღვანელმა იოხემ თაისმა გადასცეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მეწარმეობის განვითარების სააგენტო შეუერთდა იმ საერთაშორისო კომპანიებს, როგორიცაა „ბოში“, „მერსედესი“, „ქსეროქსი“ და სხვა, ვისაც გააჩნია ევროპული ხარისხის მართვის სერტიფიკატი. მისი თქმით, სააგენტოს ევროპული მართვის სტანდარტების დანერგვა დაეხმარება მაქსიმალურად ეფექტურად და ოპტიმალურად იმუშაოს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ისე დონორ ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან.

EFQM-ის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობის განვითარების სააგენტოში წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა. აღნიშნული პროექტი GIZ-ის დაფინანსებითა და მხარდაჭერით განხორციელდა.