დიმიტრი ქუმსიშვილმა და მიხაილ რუსიმ ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხები განიხილეს

ბელორუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელორუს კოლეგას, ქვეყნის ვიცე-პრემიერ მიხაილ რუსის შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხები განიხილეს და ისაუბრეს იმ პოტენციალზე, რაც საქართველოსა და ბელორუსს შორის ტურიზმის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროში არსებობს. შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელიაც ესწრებოდა.

1

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელორუს კოლეგას საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო და კერძო სექტორის ხელშეწყობის მიმართულებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად რეგიონში არსებული არასახარბიელო მდგომარეობისა, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, რასაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელება და მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური ხელშეწყობა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ახალი აბრეშუმის გზის მნიშვნელობას საქართველოსა და პროექტში მონაწილე ქვეყნებისთვის და ისაუბრა იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც საქართველო შეასრულებს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ უმოკლეს სატრანსპორტო დერეფანში. „ამ მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ბელორუსს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ბელორუსი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ტურიზმის სფეროში. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ 2015 წელს 51 პროცენტით არის გაზრდილი ბელორუსიდან საქართველოში შემომსვლელი ვიზიტორთა რიცხვი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ციფრები მუდმივად გაიზრდება. ჩვენი ქვეყნების მრავალწლიანი მეგობრობა, ურთიერთთანამშრომლობა და თანადგომა ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს იმის მაგალითად, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიხაილ რუსისთან შეხვედრაზე.
დიმიტრი ქუმსიშვილი ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე დაათვალიერეს ტექნოპარკი, რამდენიმე საწარმო და მონაწილეობა მიიღეს საქართველო-ბელორუსის ბიზნეს-ფორუმში, რომელსაც 50-მდე ქართული და ბელორუსული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial