გიორგი ქობულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს ფრანსუა პეშოს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ფრანსუა პეშოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამა საქართველოში, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები და მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები. აღინიშნა, რომ პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს ეფუძნება და მხარს უჭერს ქვეყანას დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს პარლამენტის მიერ ისეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება, როგორიცაა კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ. აღინიშნა, რომ მიღებული კანონი არსებული სოციალური სისტემის სრულყოფისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო სხვა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა წარმოადგენს. შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული ყველა ვალდებულებისა და რაოდენობრივი და სტრუქტურული კრიტერიუმის წარმატებით შესრულებაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარტნიორული ურთიერთობა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის გაგრძელდება.

შეხვედრას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial