უკეთესი კორპორაციული მართვის სისტემა ღია სააქციო საზოგადოებებისათვის (მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა სამართლებრივი ანალიზი)

ლევან კოკაია
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიწვეული ლექტორი

  • შესავალი
    2016 წლის 19 თებერვალს „მეწარმეთა შესახებ“ და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონებში საკანონმდებლო ცვლილებები/დამატებები განხორციელდა, რომლებიც ანგარიშვალდებულ საწარმოთა უკეთესი კორპორაციული მართვის სისტემის ჩამოყალიბებას ისახავენ მიზნად. განხორციელებული ცვლილებებიდან/დამატებებიდან რამდენიმე მათგანი 2016 წლის 15 მაისიდან შედის ძალაში. ღია სააქციო საზოგადოებათა ინსტიტუციური გაძლიერებისათვის წარმოდგენილ საკანონმდებლო სიახლეებთან ერთად განსახილველი ცვლილებები გარკვეულწილად ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებათა საკანონმდებლო მოწესრიგების საკითხებსაც შეეხო, თუმცა ცვლილებათა/დამატებათა ძირითადი ნაწილი საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარების უზრუნველსაყოფად განხორციელდა.

    1. აქციონერთა ინტერესების დაცვის ახალი საკანონმდებლო გარანტიები

    საკანონმდებლო ცვლილებები შინაარსობრივად მოიცავს აქციონერთა ინტერესების დაცვის რამდენიმე დამატებით გარანტიას. კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში დივიდენდი უნდა გაიცეს წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოგების განაწილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 9 თვისა.” აღნიშნული ცვლილება კომპანიის მენეჯმენტა მიერ უსამართლო და არაპროპორციულ მიდგომათა თავიდან აცილების მიზნით მეწილეებს/აქციონერებს დამატებითი დაცვის საშუალებით უზრუნველყოფს. განსაკუთრებით მსგავსი საკანონმდებლო რეგულირება ეფექტური იქნება ისეთი სააქციო საზოგადოებების შემთხვევაში, სადაც წვრილ აქციონერთა რიცხვი დიდია.
    აღსანიშნავია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 11 ნაწილი, რომლის მიხედვით: „ახალი აქციების გამოშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აქციონერს საკუთარი წილის პროპორციულად აქვს მათი უპირატესი შესყიდვის უფლება. ეს უფლება შეიძლება გააუქმოს მხოლოდ აქციონერთა საერთო კრებამ ამ კანონის 54-ე მუხლის თანახმად.” საგულისხმოა, რომ განსახილველი მუხლის შემთხვევაში, აქციონერთა საერთო კრების აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ წვრილ აქციონერთა ინტერესთა დაცვას შესაძლოა არც ისახავდეს მიზნად. ასეთი გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა მრავალი მიზეზით იყოს განპირობებული. (მაგ.: აქციონერთა სიმრავლის უზრუნველყოფა, პარტნიორული ნდობის დაბალი ხარისხის არსებობა, კომპანიის განვითარების თავისებური ხედვა და სხვა). იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი აქციონერი აქციათა რაოდენობის მიხედვით დომინირებს და მას ექნებოდა შესაძლებლობა, რომ საკუთარი მაღალი პროპორციულობით ახლად გამოშვებული აქციების უპირატესი შესყიდვის უფლება ქონოდა, პარტნიორული ნდობის მაღალი ხარისხის მიუხედავად, მსგავსი ტიპის უპირობო უფლება მნიშვნელოვნად შეაფერხებდა მრავალი აქციონერისგან წარმოდგენილ კომპანიას, რაც თავის მხრივ ანგარიშვალდებული საწარმოს, როგორც ინსტიტუტის მნიშვნელობას დიდწილად შეაფერხებდა. არსებული საკანონმდებლო ცვლილება აქციონერთა საერთო კრებას აძლევს უფრო მეტ საკანონმდებლო გარანტიას და შესაძლებლობას, რომ აქციონ სააქციო საზოგადოება ღია საზოგადოებად.
    აქციონერთა ინტერესების დაცვის და აგრეთვე ანგარიშვალდებული საწარმოს მეტი გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთ ღირებულ საკანონმდებლო სიახლეს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონს დამატებული 111 მუხლი, წარმოადგენს, რომლის მიხედვით: „ანგარიშვალდებული საწარმოს აქციების 5%-ის ან 5%-ზე მეტის მფლობელ აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების ან დირექტორთა საბჭოს წევრების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საწარმოდან მიღებული ხელფასის და სხვა სახის შემოსავლების შესახებ.“
    ციტირებულ საკანონმდებლო დამატებას სამი მიზანი აქვს:
    1. ანგარიშვალდებული საწარმოს ინსტიტუციური გაძლიერება;
    2. წვრილ აქციონერთა ინტერესების დაცვა;
    3. უფრო გამჭვირვალე და ხარისხიანი კორპორაციული მართვის სისტემის ჩამოყალიბება სააქციო საზოგადოებაში.

    განსახილველი მუხლის განმარტებისათვის მნიშვნელოვანია „ანგარიშვალდებული“ საწარმოს „არაანგარიშვალდებული“ საწარმოსგან არსებულ განსხვავებათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტის გაშუქება. კერძოდ, თუ დახურული ტიპის სააქციო საზოგადოების მართვა შეიძლება აქციონერებისათვის უფრო მეტი „თავისუფლების“ მინიჭებით განხორციელდეს, რაც კანონმდებლობაში იმპერატიული ნორმების სიმწირითა და საკითხთა საწარმოს წესდების დებულებებით გადაწყვეტის საშუალებას იძლევა, ღია სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, მსგავსი „თავისუფლების“ მასშტაბი გონივრულად უნდა შეიზღუდოს, რაც ანგარიშვალდებული საწარმოს მართვის და კონტროლის მეტი გამჭვირვალეობის ხარისხს უზრუნველყოფს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ანგარიშვალდებული საწარმოს სპეციფიკა სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად საწარმოს აქციონერთა სიმრავლეში გამოისახება. მსგავს შემთხვევაში დღის წსერიგში დგება საკითხი იმის შესახებ, თუ რა ფორმებით შეეძლებათ წვრილ აქციონერებს საწარმოს კორპორაციული მართვის ქვედა რგულების – სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის საქმიანობის გაკონტროლება. შესაძლოა, რომ კომპანიის წესდებამ ეფექტურად ვერ დაარეგულიროს კორპორაციული მართვის ესა-თუ ის ეპიზოდი, რაც ზიანს მიაყენებს წვრილ აქციონერთა ინტერესებს. ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში კანონმდებლობის მეტი იმპერატიული ხასიათი მაქსიმალურად ამცირებს იმის ალბათობას, რომ დაზიანდეს საწარმოს წვრილი აქციონერის ინტერესები. მითუფრო საყურადღებოა, რომ ზოგადად კორპორაციული მართვის ერთ-ერთი პრობლემა წვრილ აქციონერთა ინტერესების ეფექტური დაცვაა. აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება ანგარიშვალდებული საწარმოს მართვის შემთხვევაში.
    როგორც ჩანს, განსახილველი ნორმით გათვალისწინებული პირობა საწარმოს „ნაკლებად რაციონალური“ წესდების შინაარსისგან მაქსიმალური ხარისხით დააზღვევს წვრილ აქციონერთა ინტერესებს ღია სააქციო საზოგადოებაში, რაც მხოლოდ საშუალო ან/და მსხვილ აქციონერთა მიერ კომპანიის სტრატეგიული მართვის შესაძლებლობებს გამორიცხავს.
    იმის გათვალისწინებით, რომ ღია სააქციო საზოგადოებას დახურული ტიპის საზოგადოებისგან განსხვავებული დატვირთვა გააჩნია, რომელიც მისი დაფუძნების, მართვის და აღნიშნული სტატუსით მისი შენარჩუნების მიზნებისათვის მოითხოვს საკმაოდ მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებას, აქტუალურია, რომ მსგავსი ტიპის საზოგადოებებს გარკვეული საკანონმდებლო ვალდებულებებით ან/და შეზღუდვებით გარანტირებული ქონდეთ კორპორაციული მართვის დახვეწილი სისტემის შემუშავების შესაძლებლობა. ანგარიშვალდებული საწარმოს გამჭვირვალეობის მაღალი სტანდარტის შემუშავება მხოლოდ კომპანიის წესდებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. საკანონმდებლო მხარდაჭერა, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა მოიცავდეს რაიმე სახის აკრძალვას, ან/და ვალდებულებათა შესრულებას არ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ბიზნეს საქმიანობაში ჩარევას. კანონმდებლობის შედარებით იმპერატიული ხასიათის მოთხოვნები ერთდროულად მიზნად ისახავენ როგორც ღია სააქციო საზოგადოების ინსტიტუციური თვითმყოფადობის შენარჩუნებას, აგრეთვე ინვესტორთა ფართო სპექტრის ინტერესთა დაცვას. აღნიშნული კომპლექსური მიზნების მიღწევისათვის განსახილველ ცვლილებათა შორის აღსანიშნავია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს დამატებული შემდეგი შინაარსის მქონე 535 მუხლის პირველი ნაწილი: „თუ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე, ფლობს სხვა საწარმოს აქციების 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ასეთ შვილობილ საწარმოს არ აქვს აღნიშნული ანგარიშვალდებული საწარმოს აქციების შესყიდვის უფლება”. ციტირებული საკანონმდებლო აკრძალვა ანგარიშვალდებული საწარმოს სტაბილური არსებობის მეტ გარანტიას იძლევა, რადგანაც მისი შინაარსით გარანტირებულია ღია სააქციო საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის თვითმყოფადობა და უსაფრთხოება, აგრეთვე დაცულია დამფუძნებელი კომპანიის ინვესტორთა ინტერესები და გათვალისწინებულია ჰოლდინგურ კომპანიათა მართვის შედარებით უფრო მეტად დახვეწილი სტანდარტი, რაც მშობელ-შვილობილ კომპანიებს შორის სამომავლოდ მრავალი გაუგებრობის წარმოქმნის პრევენციას მოახდენს.

ანგარიშვალდებული საწარმოს ინსტიტუციონალური გაძლიერების დამატებითი მექანიზმები
განსახილველ საკანონმდებლო ცვლილებათა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა სამეთვალყურეო საბჭოს, როგორც ღია სააქციო საზოგადოების მართვის სავალდებულო რგოლის ეფექტიანობის ხარისხის გაზრდა. ძალაუფლების რაციონალური გადანაწილება აქციონერთა საერთო კრებას, სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს შორის კორპორაციული მართვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. იმ საკანონმდებლო მოთხოვნის მიზანი, რომლის მიხედვითაც ანგარიშვალდებული საწარმოს მართვის ფარგლებში სავალდებუო წესით სამეთვალყურეო საბჭო უნდა იყოს წარმოდგენილი, მდგომარეობს აქციონერთა უფლებების დაცვისა და საკუთრივ, მართვის უკეთესი მეთოდების დანერგვაში. აქციონერთა საერთო კრებასა და დირექტორატს შორის სამეთვალყურეო საბჭო წარმოადგენს შუამავალ რგოლს, რომელიც უმთავრესად დირექტორთა საქმიანობის კონტროლით უნდა შემოიფარგლოს და ანგარიშვალდებულებას აქციონერთა საერთო კრების წინაშე იხსნიდეს. იმისათვის, რომ სამეთვალყურეო საბჭომ აღნიშნული მისია მაღალი ხარისხით შეასრულოს, მნიშვნელოვანია იგი დაკომპლექტდეს იმ წევრებით, რომელთაც შეეძლებათ მხოლოდ საკუთარი ფუნქციების შესრულება და არა ამავდროულად დირექტორთა საბჭოს წევრობაც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კორპორაციული მართვის განსახილველი რგოლი ნდობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდეს აქციონერთა კრების წინაშე, რაც თავის მხრივ მოითხოვს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ისეთი წევრის ან/და წევრების შერჩევას, რომელთაც კომპანიასთან საბჭოს წევრობის გარდა სხვა არანაირი შემხებლობა არ გააჩნიათ. კერძოდ, ძველი საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში შესაძლებელი იყო, რომ ღია სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტებულიყო ნებისმიერი – „დამოუკიდებელი“ ან „დამოკიდებული“ წევრით. სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის ინსტიტუტი წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას საბჭოს მუშაობის გამჭირვალეობისა და საკუთარი ფუნქციების მაღალი ხარისხით შესრულების უზრუნველსაყოფად. მხოლოდ საწარმოს წესდებისათვის განსახილველი საკითხის მინდობა უშვებდა იმის ალბათობას, რომ საბჭო სრულად დაკომპლექტებულიყო კომპანიისგან არადამოუკიდებელი წევრებით. ამავდროულად, ძველი საკანონმდებლო რეგულირება არ მოიცავდა რაიმე სახის აკრძალვას იმის შესახებ, რომ საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად კომპანიის დირექტორი არ უნდა ყოფილიყო.
განსახილველი საკანონმდებლო ცვლილებების გზით გაიზარდა ანგარიშვალდებულ საწარმოთა ვალდებულების ხარისხი სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების თვალსაზღისით. კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მქონე 21 და 22 პუნქტები:
„21. თუ სააქციო საზოგადოება არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე, ამ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ერთი წევრი მაინც უნდა იყოს პირი, რომელიც არ არის აღნიშნული საზოგადოების თანამშრომელი ან ამ საზოგადოებასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირი და არ არის ჩართული მის ყოველდღიურ საქმიანობაში, ამასთანავე, დამოუკიდებელია.
22. ამ მუხლის 21 პუნქტის მიზნებისათვის, დამოუკიდებელია პირი, რომელიც სამართლებრივად ან/და ეკონომიკურად არ არის დაკავშირებული სააქციო საზოგადოებასთან, მათ შორის, არ ფლობს ამ საზოგადოების აქციებს და არ იღებს აღნიშნული საზოგადოებიდან ანაზღაურებას ან სხვა ეკონომიკურ სარგებელს, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისათვის დადგენილი ანაზღაურებისა”.
ცხადია, თუ სააქციო საზოგადოება მოცულობითია, შესაძლოა მის სამეთვალყურეო საბჭოში სავალდებულო წესით წარმოდგენილი ერთი დამოუკიდებელი წევრი არ იყოს საკმარისი საზოგადოების მართვის საუკეთესო მიზნებისათვის. კანონმდებელი ვეღარ მოახდენს იმის დეტალიზაციას, რომ „დიდი“ ან „მცირე“ კომპანიისთვის სავალდებულო იყოს კონკრეტული რაოდენობით სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის ან/და წევრების დანიშვნა. ეს ყოველივე აქციონერთა საერთო კრების გადასაწყვეტია. საგულიხმოა, რომ განსახილველი საკანონმდებლო ცვლილება მხოლოდ ანგარიშვალდებულ საწარმოთა შემთხვევაშია სავალდებულო, რაც კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს კანონმდებლის მისწრაფებას, რომ ინსტიტუციონალურად განავითაროს ანგარიშვალდებული საწარმოს სამართლებრივი სტატუსი.
ასევე გასათვალისწინებელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის განსახილველი მუხლის დამატებული 31 პუნქტი, რომლის მიხედვით: „სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს ამ საზოგადოების დირექტორი“.
ციტირებული საკანონმდებლო აკრძალვა კორპორაციული მართვის ფარგლებში მართვის შესაბამის რგოლთა შორის ძალთა და კომპეტენციათა აშკარა გადანაწილებას უზრუნველყოფს. ძალაუფლების გადანაწილების მსგავს პირობებში კომპანიის დირექტორატის კონტროლისა და აქციონერთა საერთო კრების წინაშე ანგარიშვალდებულების ხარისხი ავტომატურად გაიზრდება. ამ ცვლილებით გამოირიცხება ე.წ. „საკუთარი თავის კონტროლის“ წამგებიანი პრაქტიკა. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ საკანონმდებლო ცვლილებებამდე არცერთი საკანონმდებლო დანაწესი არ შეიცავდა მსგავსი სახის აკრძალვას, მრავალი კომპანიის შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს ფორმალური დატვირთვა ენიჭებოდა, რაც თავის მხრივ, ანგარიშვალდებული საწარმოს მნიშვნელობასაც აზრს უკარგავდა. ეს ყოველივე კომპანიის სტრატეგიული მართვის დონეზე მრავალ პრობლემას ქმნიდა. განსახილველი საკანონმდებლო დამატება კორპორაციული მართვის ე.წ. სამდონიანი სისტემის (აქციონერთა საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორატი) შექმნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონს დამატებული 91 მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს წინამდებარე პუბლიკაციის ფარგლებში გაშუქებულ ბოლო საკანონმდებლო სიახლეს, რომელიც შინაარსობრივად განიხილება, როგორც ანგარიშვალდებული საწარმოს სამართლებრივი სტატუსისა და ამ საწარმოს ფარგლებში მოქმედი სამეთვალყურეო საბჭოს ეფექტურობის გაძლიერების დამატებითი მექანიზმი. ამ ნორმის მიხედვით: „ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ემიტენტის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობა, უზრუნველყოს შიდა კონტროლის სისტემის ეფექტიანობა და შიდა აუდიტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოუკიდებლობა, ასევე წარმართოს გარე აუდიტორთან ურთიერთობა. აუდიტის კომიტეტის წევრი შეიძლება იყოს როგორც ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ისე სხვა პირი (მათ შორის, საწარმოს თანამშრომელი); ამასთანავე, აუდიტის კომიტეტის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული დამოუკიდებელი პირი”.
საზოგადოდ, აუდიტის კომიტეტი ორიენტირებულია მოახდინოს ფინანსური ანგარიშგებების მონიტორინგი, უზრუნველყოს კომპანიის წინაშე მდგარი სხვადასხვა ფინანსური რისკის მართვა და კოორდინაცია გაუწიოს კომპანიის გარე აუდიტის მუშაობას, ასევე იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის შიგნით არსებობს შიდა აუდიტის რაიმე სახის სტრუქტურული რგოლი, ასევე კოორდინაცია და კონტროლი გაუწიოს მის მუშაობას. აუდიტის კომიტეტი ღირებული ინსტიტუტია, ვინაიდან ის კოორდინირებს როგორც სამეთვალყურეო საბჭოს დარჩენილ წევრებთან, აგრეთვე ის მოწოდებულია, რომ ნეიტრალურად შეაფასოს კომპანიის გარე აუდიტორთა კომპეტენცია.
ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში აუდიტის კომიტეტის დაფუძნების საკანონმდებლო მოთხოვნა და მით უფრო, მის შემადგენლობაში სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის სავალდებულო წესით გათვალისწინება ქმნის იმ დამატებითი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიებს, რომელიც მნიშვნელოვანია რომ გაითვალისწინოს თითოეულმა ანგარიშვალდებულმა საწარმომ საქართველოში. ცხადია სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც სავალდებულო წესით უნდა ყავდეს აუდიტის კომიტეტი, საიდანაც სულ მცირე ერთი წევრი საბჭოს დამოუკიდებელი წევრია, ბუნებრივად ზრდის როგორც სამეთვალყურეო საბჭოს და შესაბამისად, მთლიანი საწარმოს ეფექტურობის ხარისხს, იმდენად, რამდენადაც დირექტორთა ფინანსური საქმიანობის კონტროლი აგრეთვე კომპანიის ფინანსური ანგარიშგების და გარე აუდიტორებთან კომუნიკაცია გაცილებით უფრო მაღალი ხარისხით განხორციელდება.

დასკვნის მაგიერ შეიძლება ითქვას, რომ წინამდებარე პუბლიკაციის ფარგლებში განხილული თითოეული საკანონმდებლო სიახლის მიზანია:
უფრო მეტად დაიცვას აქციონერთა (განსაკუთრებით წვრილ აქციონერთა) ინტერესები;
ანგარიშვალდებულ საწარმოში შეიმუშაოს კორპორაციული მართვის უფრო დახვეწილი სტანდარტები;
გაზარდოს კომპანიის დირექტორატის საქმიანობის მონიტორინგისა და აქციონერთა საერთო კრების წინაშე სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშვალდებულების ხარისხი.
განხილული სიახლეებით დაფუძნებული კორპორაციული მართვის ახალი საკანონმდებლო ელემენტები ანგარიშვალდებული საწარმოს ინსტიტუციურ გაძლიერებას უზრუნველყოფს, რაც საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

გამოყენებული ლიტერატურა:
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. https://matsne.gov.ge/ka/document/view/28408 (2016 წლის 11 აპრილის მდგომარეობით);
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. https://matsne.gov.ge/ka/document/view/18196 (2016 წლის 11 აპრილის მდგომარეობით);
Christine A. Mallin; Corporate governance. (Second edition). Oxford University Press, 2007.