“დღეს საქართველოში იმდენი გაზია, რამდენსაც მოითხოვენ…”

ოთარ ქირია

მარტში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდა, რომ გაზის მილსადენს ამ ქვეყნებში საქართველოს გავლით გაიყვანენ. საქართველოს გაზის სახელმწიფო კომპანიამ ხელი მოაწერა პროექტს, გაზსადენის მშენებლობის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის და პრეზიდენტის მრჩეველი კასპიის ენერგორესურსების საკითხებში, ქ-ნი ელიზაბეტ ჯონსი ყაზახეთიდან საქართველოში ჩამოვიდა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ადმინისტრაციის მხარდაჭერა და დაინტერესება ტრანსკავკასიის ნავთობისა და გაზსადენით. არ გამართლდა სკეპტიკოსების აზრი, რომ ბუშის ადმინისტრაცია ამ მაგისტრალს მხარს არ დაუჭერდა. საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია დიდი რეალური საქმეების მკეთებელი ხდება და რუსეთის ინტერესები ითრგუნება.

პრივატიზაცია ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა, განსაკუთრებით, გარდამავალი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებისთვის. აქ მნიშვნელოვანია, თუ როგორ განხორციელდება იგი. მსოფლიო პრაქტიკამ პრივატიზაციის აუცილებლობა არაერთხელ დაადასტურა. განვითარებადმა ქვეყნებმა უკვე გამოცდილი და აპრობირებული მეთოდებით ხელმძღვანელობა არჩიეს, ვიდრე ახალი სტრატეგიის შემუშავება. ვინც პროცესი მართებულად წარმართა, საბოლოოდ, დადებითი რეზულტატი მიიღო.

სამწუხაროდ, ჩვენ შემთხვევაში ეს პროცესი, ისევე, როგორც თითქმის ყველა, რადიკალურად განსხვავებული გზით წარიმართა. შედეგმაც არ დააყოვნა. კრიზისმა საქართველოს ყველა სფერო მოიცვა. გამონაკლისს არც ენერგეტიკა წარმოადგენს.

რაში მდგომარეობს პრობლემის არსი?
პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ან არ გვინდა ან, უბრალოდ, არ შეგვიძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, საპრივატიზაციო ობიექტები, განსაკუთრებით, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე, ქვეყნისთვის არარენტაბელური მიმართულებით იქნა გასხვისებული. დღეს ბევრი უცხოელი ინვესტორი ქართველ ხალხს იმაში ადანაშაულებს, რომ თითქოს ჩვენ უცხოეთის პრინციპულობას ვერ ვეგუებით და ამდენად, მათი კომპანიის საქართველოში მღვაწეობა ხელს არ გვაძლევს. ეს მცდარი აზრია. ხალხს შედეგი უფრო აინტერესებს.

პრივატიზაციის პროცესის წარმართვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ენერგეტიკას, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული სექტორია, როგორც საზოგადოებრივი, ისე ეკონომიკური მნიშვნელობით. აქ საგულისხმოა ორი ძირითადი საკითხი: ქვეყნის ენერგეტიკული და თავად ენერგეტიკის უსაფრთხოება, რომელიც, როგორც წესი, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს.

ვფიქრობთ, ორივე ასპექტში მოვიკოჭლებთ, ვინაიდან არასწორი საპრივატიზაციო პოლიტიკისა და მენეჯმენტის წყალობით, საფრთხის წინაშე ვაყენებთ, როგორც ქვეყანას, ისე ენერგეტიკულ სექტორს. ქვეყანას იმიტომ, რომ მიუხედავად “ურიცხვი ძალისხმევისა და დასავლეთის მიერ დირექტირებული პოლიტიკისა”, ქვეყანაში არც ელექტროენერგეტიკაა მწყობრში და არც გაზიფიკაცია, ისევე, როგორც მათი დისპეტჩერიზაცია. ეს ზიანს აყენებს საზოგადოებას და ბიუჯეტს – აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს. რაც შეეხება თავად ენერგეტიკას, არასწორი პოლიტიკის შედეგად ზიანდება სექტორის როგორც ტექნიკური მხარე, ისე მატერიალური ნაწილიც.

ორივე ასპექტი ავსებს ერთ მთლიანს და წარმოადგენს აუცილებელ და საკმარის პირობებს. შეცდომა ელექტროენერგეტიკის შემთხვევაში, დღესავით ნათელია. რჩება ნავთობი და გაზი. რაც შეეხება ნავთობს, აქ მხოლოდ დროა საჭირო, რათა დავრწმუნდეთ მართლა გადაგვარჩენს თუ არა ე.წ. “აბრეშუმის გზა”. გაზის შემთხვევაში კი სიტუაცია ჯერაც გაურკვეველია, ვინაიდან უცნობია მავანთა ვინაობა და სატარიფო პოლიტიკის მართებულობა, დაუდგენელია საქართველოს სტრატეგია სატრანზიტო პოლიტიკის საკითხში. დაუდასტურებელია, იქნება თუ არა საქართველო გაზის გამტარი ქვეყანა და, საერთოდ, გვექნება თუ არა გაზი.

2000 წლის 9 ივნისიდან მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების (საერთო სიგრძე 2000კმ) ოპერირებას, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია შეუდგა. მანამდე კი აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებდა “საქტრანსგაზმრეწვი”.

ს.ს. “საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ” (სგსკ), რომლის საქმიანობა, პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ – ტრანსნაციონალური გაზსადენების პროექტების რეალიზაცია და არსებული ადგილობრივი მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების ოპერირება – განვლილი ექვსი თვის განმავლობაში, დარგში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა.

სგსკ-მ ფუნდამენტალური რეორგანიზაცია მოახდინა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების სფეროსა და მაგისტრალური გაზსადენების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით. მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირების, საერთაშორისო ტექნიკურ-ეკოლოგიური სტანდარტების დანერგვისა და გაზის არსებული დანაკარგების მაქსიმალურად შემცირების მიზნით, კომპანიამ განვლილ პერიოდში შემდეგი სამუშაოები განახორციელა:

– საქართველო-სომხეთის საზღვარზე, წითელ ხიდთან, საქართველოს, რუსეთის (გაზპრომი) და სომხეთის სპეციალისტების ერთობლივი ღონისძიებით დასრულდა გაზის გამზომი კვანძის, თანამედროვე ტიპის ხელსაწყო “სუპერფლოუს” აღდგენითი სამუშაოები.
– აღდგენილ იქნა ქვეყნის შიგნით არსებული გაზის აღრიცხვის ხელსაწყოები. რეაბილიტირებულ იქნა მთლიანი სისტემა. აშენდა 11 კმ. სიგრძის მაგისტრალური გაზსადენი და ა.შ.

ერთწლიანი მუშაობის პერიოდში, კომპანიის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 6.500.000 ლარი შეადგინა, საიდანაც: 5.500.000 – ცენტრალურ ბიუჯეტში, 300.000 – ადგილობრივ ბიუჯეტში, 500.000 – საბაჟო გადასახადი, 200.000 – საგზაო ფონდში. კომპანიაში და მის ფილიალებში გაცემულმა ხელფასებმა და სამეურნეო ხარჯებმა 1 მილიონი ლარი შეადგინა. სამწუხაროდ, რიგი ორგანიზაციების კომპანიის წინაშე დებიტორული დავალიანება 5.500.000 ლარს უდრის. აქედან, სახელმწიფო ორგანიზაციების წილად 4.400.000 ლარი მოდის.

ცნობისათვის
ღონისძიებათა შედეგად, მკვეთრად იკლო გაზის დანაკარგებმა: თუ 2000 წლის 1 ნახევარში (იმ პერიოდში გაზსადენებს ემსახურებოდა “საქტრანსგაზმრეწვი”) გაზის დანაკარგმა 98,5 მილიონი კუბ.მ. შეადგინა, მომდევნო თვეებში, ანუ კომპანიის მიერ გაზსადენების მომსახურების პერიოდში – 85,3 მილიონი კუბ.მ. საშუალო თვიური დანაკარგი შემცირდა 4,2 მილიონი კუბ.მ-ით.

საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სგსკ ამჟამად, სამ ძირითად პროექტზე მუშაობს: აზერბაიჯანის “შაჰ დენიზის” საბადოებიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით, თურქეთში გაზის მიწოდების; თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი ე.წ. ტრანსკასპიური გაზსადენისა და რუსეთიდან საქართველოს გავლით, მესამე ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირების პროექტებზე. რამდენად რეალურია ისინი და რა შემოსავალი შეიძლება ამან მოუტანოს საქართველოს, რა თქმა უნდა, დღეისათვის, ბევრად საინტერესოა, ვიდრე ის, თუ რა სამუშაოებია განხორციელებული საქართველოს გაზის სექტორში, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ არსებულ მწვავე ენერგოკრიზისს ქვეყანაში.

ალექსანდრე გოცირიძე, საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი: “ენერგოკრიზისის შესახებ, პასუხი მხოლოდ გაზის საკითხთან დაკავშირებით შემიძლია გაგცეთ. დღეს საქართველოში იმდენი გაზია, რამდენსაც მოითხოვენ, ე.ი. ის რაოდენობა, რაც საჭიროა მეცხრე და მეათე ბლოკებისთვის, გარდაბნის გრესში. ასევე დამატებითი მეოთხე ბლოკისთვის. ამასთანავე – თბილისისთვის და მთელი რიგი სხვა მომხმარებლებისათვის. გაზი დღეს მიდის იქ, სადაც ფულს იხდიან”.

ყველა ის პროექტები, რომლებზეც აქამდე ვსაუბრობდით, დღეს უკვე რეალობაა, ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს გაზის საერთაშორისო კორპორაცია და სათბობ ენერგეტიკის სამინისტრო. მათ შორის, უმთავრესია “შაჰ დენიზის” პროექტი, რომელიც მუშავდება BP AMOCO და “შაჰ დენიზის” ჯგუფთან ერთად. ჩვენი ინფორმაციის თანახმად, BP AMOCO ტექნიკური ჯგუფი უკვე ატარებს წინანსწარ საპროექტო სამუშაოებს საქართველოში, რასაც შეთანხმების შესახებ ძირითადი მოლაპარაკებები მოჰყვება – ხელშეკრულებები სამთავრობოთაშორისო დონეზე, პარტნიორ ქვეყნებს შორის და სხვა.

ცნობისათვის
ოთხი თვის წინ გამოვიდა პრეზიდენტის დეკრეტი იმის შესახებ, რომ “ბიპი ამოკოს” უფლება მიეცეს წინასწარი სამუშაოების (ეკოლოგიური, სოციალური, სამარშრუტო და სხვა საკითხები) განხორციელებისათვის.

უნდობლობის მომენტი დღეს უცხო არავისთვისაა. იბადება შეკითხვა: რა სარგებლობა მოაქვს ამ პროექტს თურქეთისათვის?
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ თურქეთს ქვეყანაში ელექტროენერგეტიკის განვითარება აქვს მიზნად დასახული (სამხრეთ ნაწილში მას გაზის სერიოზული დეფიციტი აქვს), ამისთვის კი გაზი ესაჭიროება. ჩვენი აზრით, ეს პროექტი თურქეთისთვის ჰაერივით საჭიროა. ხომ შეიძლება რეალურად, რადიკალურად განსხვავებული სურათი იხატებოდეს. ეჭვს კიდევ უფრო აღრმავებს ქობულეთი-ხოფის პროექტის სტაგნაცია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს უკანასკნელი გაცილებით მცირემასშტაბიანია და მხოლოდ ლოკალურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, ვიდრე ე.წ. “შაჰ დენიზის” პროექტი.

იმ შემთხვევაში, თუ ხოფის თბოელექტროსადგურის გაფართოება გადაწყდება, (ეს თურქეთის ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია), თურქეთს ამისათვის გაზის მიწოდება დასჭირდება. უახლოესი გაზსადენი კი ხოფასთან აჭარაში იმყოფება – ქობულეთში. ამიტომაც შემუშავდა პროექტი – ქობულეთი-ხოფა, რომელიც ქობულეთის მილსადენის გაგრძელებას და აჭარის გავლით ხოფაში გაზის მიწოდებას ნიშნავს.

მაშ, რას ელოდება თურქეთი?
დავით მირცხულავა, საქართველოს სათბობენერგეტიკის მინისტრი: “თუ რამე გართულება მოჰყვება ქობულეთი-ხოფის პროექტს, ის აუცილებლად დაკავშირებული იქნება თურქეთის ენერგეტიკის განვითარებასთან. საქმე იმაშია, რომ 2 წლის წინ, ხოფის თბოსადგურის რეაბილიტაცია და განვითარება თურქეთის ხელისუფლებას უფრო პერსპექტიულად მიაჩნდა, ვიდრე დღეს და სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ მათ უპირატესობა რომელიმე უფრო მსხვილმასშტაბიან პროექტს მიანიჭონ”.

თურქეთის მხარეს საბოლოო ოფიციალური გადაწყვეტილება ხოფაში თბოელექტროსადგურის გაფართოებაზე, ჯერ არა აქვს მიღებული.

ცნობისათვის
თურქეთში ენერგობაზარზე მთლიანად მონოპოლისტი კომპანია “ტეაში” დომინირებს. უკვე მომზადებულია კანონპროექტი დემონოპოლიზებაზე, რომელიც თურქეთის პარლამენტში უახლოეს მომავალში შევა რატიფიცირებისთვის.

ა. გოცირიძე: “ინფორმაცია დემონოპოლიზაციისა და ხოფის თბოელექტროსადგურის გაფართოების აუცილებლობის შესახებ, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმაც დაადასტურა პრეზიდენტ შევარდნაძის უკანასკნელი ვიზიტის დროს ანკარაში. როგორც კი კანონსა და გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამ პროექტს ყველა მხარე ეყოლება: გამყიდველი, გამტარებლი და მყიდველი, რაც კონკრეტული სამუშაოების დაწყებას განაპირობებს”.

დღეისათვის, საქართველოს მხარეს პროექტის ყველა პირობა უზრუნველყოფილი აქვს. წინასწარი მონაცემებით, პროექტის განხორციელება მარტში დაიწყო და 2003-2004-ში დასრულდება. პროექტი დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი დაჯდება. რაც შეეხება საბიუჯეტო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებს, ამაზე ბ-ნი ა. გოცირიძე ჯერ ვერაფერს ამბობს, რადგან დადგენილი არაა სახელშეკრულებო ტარიფები, ვადები, გრაფიკები და ა.შ.

რაც შეეხება ტრანსკასპიურ პროექტს, გაზის კორპორაციის ინფორმაციით, მოლაპარაკებები თურქმენეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ამ პროექტის რეანიმაციის შესახებ, უკვე დაიწყო. პროექტის დაგვიანება კი გოცირიძის აზრით, გამოიწვია პოლიტიკურმა პრობლემებმა საქართველოს გარშემო და თავად პარტნიორ ქვეყნებში.