სახელმწიფო საწარმოებში მართვის საბაზრო პრინციპების დამკვიდრების დროა!

ოთარ სირძე

სახელმწიფო წილობრივი მონაწილებით მოქმედი საწარმოების მართვის რეფორმირების ვარიანტები საკმაოდ მრავლადაა: დაწყებული რადიკალური პრივატიზებიდან, დამთავრებული უფრო ფრთხილი მცდელობებით, შეიცვალოს მენეჯერთა და სხვა დასაქმებულთა სტიმულები, ხელი შეეწყოს კონკრეტული გარემოს ფორმირებას და გაუმჯობესდეს საწარმოთა მონიტორინგი.

მსოფლიო პრაქტიკაში გამოიყენებოდა ამ საწარმოთა რეფორმირების მრავალფეროვანი მეთოდები: მოქმედ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, საწარმოთა კორპორაცია, ან მათ სამართავად გადაცემა, კერძო სტრუქტურებისათვის სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიების შექმნა და მათთვის სახელმწიფო კუთვნილ აქციათა პაკეტებისა და წილების გადაცემა და ა.შ.

მრავალ ქვეყანაში მართვის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გააძლიერა რადიკალური პრივატიზების მომხრეთა პოზიციები და ამჟამად სწორედ ეს მიმართულება ითვლება საწარმოთა არაეფექტიანი ფუნქციონირების დაძლევის ყველაზე უფრო საუკეთესო ვარიანტად, მაგრამ აუცილებელია გაეწიოს ანგარიში იმასაც, რომ პრივატიზება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ხოლო რიგ შემთხვევაში მიზანშეწონილადაც კი არ არის მიჩნეული.

როგორც ცნობილია, ამჟამად საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია რიგი ობიექტების პრივატიზება, ხოლო რიგი ობიექტებისა ექვემდებარება მხოლოდ სახელმწიფოს გამგებლობას, გარდა ამისა, ყოველთვის პრობლემატურია გადაწყვეტილების მიღება მონოპოლიების (განსაკუთრებით, ბუნებრივი მონოპოლიების) პრივატიზებასთან დაკავშირებით, არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ საწარმოთა დიდი რიცხვის პრივატიზების მცდელობები ხშირად წარუმატებელია, რადგან, ფაქტიურად, მათზე მოთხოვნა არ არსებობს.

ასე რომ, რიგი საწარმოებისა მუდმივად იქნება სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო ზოგიერთი საწარმოს დატოვება სახელმწიფოს მმართველობაში განპიროვნებულია ობიექტური აუცილებლობით და ეკონომიკური მიზანშეწონილობით. ამდენად, მათი მართვის მექანიზმის სრულყოფა ფრიად აქტუალურია.

როგორც საქართველოს, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლამ გვიჩვენა, რომ სახელმწიფო, სააქციო და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პასიური აქციონერი და მეწილეა. ასეთი ფორმით დაფუძნებულ საწარმოებში მენეჯერები სრული თავისუფლებით სარგებლობენ, ხოლო სახელმწიფო, როგორც მესაკუთრე, ვერ ახერხებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებების გამოყენებას, რის შემდეგაც:
ა) ხშირად საწარმოთა ფინანსური სახსრები გადაიქაჩება ამისათვის სპეციალურ შექმნილ კომპანიებში და მოგება, რომელიც შეიძლება მიეღო საწარმოს მათში ილექება;
ბ) იდება ისეთი გარიგებები, რომლებშიც ხელოვნურად არის გაზრდილი პროდუქციისა თუ გაწეული მომსახურეობის თვითღირებულება, ხოლო რიგ შემთხვევაში ხდება სახელმწიფო ქონების დატაცებაც;
გ) სახელმწიფო ორგანოები არ ფლობენ ინფორმაციას საწარმოთა რეალური მდგომარეობის შესახებ;
დ) საწარმოთა ხელმძღვანელების არაკვალიფიციური და ხშირ შემთხვევაში არაკანონიერი ქმედებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების აღკვეთის შესაძლებლობა მიზერულია;
ე) იზრდება ნაკლებად ლიკვიდური, გადახდის უუნარო საწარმოთა რაოდენობა, ხოლო ბიუჯეტს შესაბამისი შემოსავლები აკლდება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოთა მართვის ისეთი მექანიზმის ჩამოყალიბება, რომლის ამოქმედებითაც აღიკვეთება სახელმწიფო ქონების დატაცება და არამიზნობრივად გამოყენება, რაციონალური გახდება საწარმოთა ხარჯვითი პოლიტიკა, ამაღლდება მათი ლიკვიდურობა და მათგან სახელმწიფოს შემოსავლები გაიზრდება.

სახელმწიფო ჰოლდინგების მეშვეობით სახელმწიფო ქონების მართვის სფეროში არსებული გამოცდილების მიმოხილვა გვიჩვენებს, რომ სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიები თავისი შინაარსით არ წარმოადგენენ რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისინი ფართოდ იყვნენ გავრცელებულნი (იტალია, ავსტრია, შვეცია, დიდი ბრიტანეთი და ა. შ.).

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ჰოლდინგები საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ განვითარებად ქვეყნებში (ეგვიპტე, ალჟირი, პაკისტანი და ა.შ.). მათმა დაფუძნებამ გასული საუკუნის 70-იანი წლების დასასრულსა და 80-იანი წლების დასაწყისში პიკს მიაღწია. 80-იანი წლების მე-2 ნახევრიდან სახელმწიფო ჰოლდინგების როლი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკაში თანდათან მცირდება, უმთავრესად სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების გამო.

რიგ შემთხვევებში სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიების შექმნას მიზნად ჰქონდა საწარმოთა რესტრუქტურიზაცია და ფინანსური გაჯანსაღება (მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ იტალიის სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია “IRI”), ზოგჯერ კი, სახელმწიფო ჰოლდინგების ძირითადი მიზანი საწარმოთა მართვა იყო (მაგალითად, ავსტრიული ჰოლდინგი “OIAG”). ასეთი ჰოლდინგები, როგორც წესი, იქმნებოდა კერძო კომპანიების მასშტაბური ნაციონალიზაციის შემდეგ.

საზღვარგარეთის გამოცდილების შესწავლა გვარწმუნებს, რომ სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიები განსაკუთრებით ეფექტიანი მაშინ არიან, როცა მათ წინაშე დასმულია ამოცანების ვიწრო წრე, ისინი დროში მკაფიოდ განსაზღვრულნი და შემოსაზღვრულნი არიან.

რუსეთში სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიების შექმნა დაიწყო ჯერ კიდევ 1992 წელს. ძირითადად, ისინი იქმნებოდა იმ მიზნით, რომ შემცირებულიყო მართვის პოტენციური ობიექტების რაოდენობა და განხორციელებულიყო სახელმწიფო საწარმოებზე უფრო კვალიფიცირებული კონტროლი.

მსხვილი ჰოლდინგები იქმნებოდა სპეციალურად ეკონომიკის ზოგიერთი დარგის სამართავად, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფო საკუთრების მართვის უფლებამოსილების დელეგირება კორპორატიულ სექტორში, რომლის დროსაც ფედერალურ დონეზე დეტალურად განისაზღვრება სახელმწიფოს წარმომადგენლობა ამ სტრუქტურების ხელმძღვანელ ორგანოებში.

საწარმოო საქმიანობის ანალიზმა რუსეთის იმ კომპანიებში, რომლებშიც გამოიყენებოდა მართვაში სახელმწიფოს მონაწილეობის სხვადასხვა ფორმები, აჩვენა, რომ კომპანიები, რომელთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების პაკეტები ჰოლდინგს გადაეცა, თავიანთი მუშაობის შედეგობრივი მაჩვენებლებით უფრო მაღლა დგანან, ვიდრე ის კომპანიები, სადაც გამოიყენება მართვაში სახელმწიფო მონაწილეობის სხვა ფორმები.

სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიების ფუნქციონირების გარკვეული გამოცდილება საქართველოშიც არსებობს.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1999 წლის 20 აგვისტოს #634-ე დადგენილებით დამტკიცდა დებულება ჰოლდინგური კომპანიების (ჰოლდინგების) შექმნისა და საქმიანობის საფუძვლების შესახებ, რამოდენიმე სახელმწიფო ჰოლდინგი დარგობრივი პრინციპით დაფუძნდა კიდეც (“საქსამთომეტალურგია”, “სამთო ქიმია” და ა.შ.), მაგრამ მათი ფუნქციონირება წარუმატებელი აღმოჩნდა. მათ ვერ შეძლეს იმ ამოცანების გადაწყვეტა, რისთვისაც შეიქმნენ, ამის ძირითადი მიზეზები კი, დაფინანსების რეალური წყაროების უქონლობაში, მენეჯმენტის დაბალ კვალიფიკაციაში, საბაზრო ეკონომიკისათვის აუცილებელი განვითარების დაბალ დონეში, ქვეყნებში იმჟამად არსებულ არასტაბილურ პოლიტიკურ, ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობაში უნდა ვეძიოთ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გაკეთება.
იმისათვის, რომ სახელმწიფო ჰოლდინგმა (ან ჰოლდინგებმა) წარმატებით იფუნქციონიროს, აუცილებელია:
1. მკაფიოდ ჩამოყალიბდეს მათი დაფუძნების მიზნები, რაც შემდეგში მდგომარეობს:
ა) სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიის, როგორც კერძო სამართლის იურიდილი პირის (სააქციო საზოგადოება) შექმნის უმთავრესი მიზანია უშუალოდ ჰოლდინგისა და მასში გაერთიანებული საწარმოების მოგების მაქსიმიზაცია; ჰოლდინგები არ ფუძნდება არავითარი სოციალური და მით უმეტეს, პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად;
ბ) ჰოლდინგის შექმნის მიზანი, რომლებშიც გაერთიანდებიან საწარმოები, რომელთა პრივატიზება აკრძალულია, ან განეკუთვნება სახელმწიფოს განსაკუთრებულ გამგებლობას, ამ საწარმოთა მართვის სრულყოფაა, რის საფუძველზეც უნდა გაუმჯობესდეს მათი ფინანსური მდგომარეობა;
გ) თუ ჰოლდინგური კომპანია იქმნება იმ საწარმოთა ბაზაზე, რომელთა პრივატიზებაც მოქმედი კანონმდებლობით არ არის აკრძალული, მისი შექმნის ერთ-ერთი მიზანი ამ საწარმოთა რესტრუქტურიზაცია, მათი ლიკვიდურობის დონის ამაღლება და პრივატიზების დაჩქარებაა;
2. ზუსტად განისაზღვროს მათი ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი, ურთიერთობები დამფუძნებელთან და საწარმოებთან, დაფინანსების წყაროები, ანგარიშვალდებულებანი, კადრებით დაკომპლექტების პრინციპები;
3. ჰოლდინგი (ჰოლდინგები) უნდა ჩამოყალიბდეს ისე, რომ ის იყოს მობილური და მართვადი;
4. თავისი ოპერატიული საქმიანობა ჰოლდინგმა უნდა წარმართოს სააქციო საზოგადოებისათვის მოქმედი კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ კუთხით იგი არ უნდა იყოს რაიმეთი შეზღუდული;
5. ჰოლდინგური კომპანიის დაფუძნებამ არ უნდა შეაფერხოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი, პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს მის დაჩქარებას. გახადოს ეს პროცესი უფრო მიზანმიმართული და შედეგიანი;
6. ჰოლდინგმა უნდა შეასრულოს ერთგვარი ბუფერის როლი, ერთი მხრივ ცალკეულ სამთავრობო სტრუქტურებსა და მეორე მხრივ, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებს შორის;

არ არის მიზანშეწონილი ჰოლდინგური კომპანიის დაფუძნება წმინდა დარგობრივი პრინციპით, რადგან ეს ვერ მოიტანს სასურველ შედეგს. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მართვა დარგობრივი სამინისტროების მიერ რიგი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა, რომელთა შორის უმთავრესი ის იყო, რომ მიღებულ გადაწყვეტილებათა უმრავლესობა არ ეფუძნებოდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ძირითადად, ამა თუ იმ საწარმოს არსებობის გახანგრძლივებისაკენ იყო მიმართული.

საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ჰოლდინგი უნდა დაფუძნდეს, როგორც სააქციო საზოგადოება “მეწარმეთა შესახებ”. მათი საწესდებო კაპიტალი განისაზღვრება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში სახელმწიფოს კუთვნილი იმ აქციებისა და წილების ნომინალური ღირებულებით, რაც განხორციელდება მისი დამფუძნებელი პარტნიორის მიერ, ან გარკვეულ შემთხვევებში, ჰოლდინგის მიერაც, თუკი მოხდება პარტნიორის უფლების დელეგირება. კომპანიების მართვა განხორციელდება იმ მოთხოვნების სრულად გათვალისწინებით, რომელთაც აყენებს კანონი “მეწარმეთა შესახებ” სააქციო საზოგადოებისათვის.

სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების საინფორმაციო ბაზა და ამჟამად ამ საწარმოებში რეალურად არსებული მდგომარეობა გვიჩვენებს, რომ აუცილებელია საწარმოთა მთელი ერთობლიობიდან გამოითიშოს რეგიონალური სამსახურების მიერ დაფუძნებული საწარმოები, იმ მოტივით, რომ ისინი ძირითადად ასრულებენ ტერიტორიული ერთეულების მომსახურების ფუნქციებს (ადგილობრივი ტრანსპორტი, კომუნალური მომსახურეობა და ა.შ.). მათი ცენტრალიზებული მართვა სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიის მიერ გამართლებული არ არის, როგორც ოპერატიული, ასევე ეკონიმიკური თვალსაზრისითაც. იგივე ეხებათ იმ საწარმოებს, რომელთა მიმართ გახსნილია გაკოტრების საქმე, ან მიმდინარეობს მითი ლიკვიდაციის ან პრივატიზების პროცესი, რომელთა მიმართ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გარკვეული ღონისძიებები უკვე ჩატარებულია.

საინფორმაციო ბაზის ამგვარი წინასწარი დამუშავების შემდეგ სახეზე დარჩა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული 206 საწარმო, სადაც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტებსა და წილებს, მათ შორის 59 სააქციო და 147 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. სწორედ ამ სააქციო და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში სახელმწიფოს კუთვნილი წილებისა და აქციათა პაკეტების ბაზაზე უნდა დაფუძნდეს სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია, რომელსაც ეს წილები და აქციები გადაეცემა საწესდებო კაპიტალის ფორმირებისათვის.

სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში სახელმწიფოს კუთვნილი წილებისა და აქციათა პაკეტების ჰოლდინგური კომპანიისათვის გადაცემა არ გამოიწვევს ამ საწარმოების, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირების ლიკვიდაციას, თუმცა ჰოლდინგის შემთხვევაში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები. ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე შესაძლებელია მოხდეს ცალკეულ საწარმოთა გამსხვილება, ან პირიქით, მათი რესტრუქტურიზაცია. უშუალოდ ჰოლდინგი, თავის მხრივ, იქნება დამოუკიდებელი იურიდიული პირი და ექნება თავისი ურთიერთობები, ერთი მხრივ მათში შემავალ საწარმოებთან, მეორე მხრივ დამფუძნებელ პარტნიორთან.

ჰოლდინგის დაფინანსების ძირითადი წყარო უნდა იყოს მათში შემავალი საწარმოების წმინდა მოგებიდან მიღებული დივიდენდები. გადაწყვეტილება საწარმოებში წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების განაწილებაზე მიღებული იქნება უშუალოდ ამ საწარმოთა საერთო კრებებზე. თუ ამ გადაწყვეტილებით წმინდა მოგების დივიდენდებად განაწილება განისაზღვრება, ასეთ შემთხვევაში დივიდენდების 50% მოხდება ჰოლდინგის ანგარიშზე, ხოლო 50% დარჩება სახელმწიფოს განკარგულებაში და ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

მიღებული დივიდენდები ჰოლდინგის მიერ ძირითადად ორი მიმართულებით უნდა იქნეს გამოყენებული:
1) საწარმოთა მატერიალურ-ტექნიკური დონის ამაღლებისა და მათ წინაშე მდგომი ფინანსური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტისათვის;
2) უშუალოდ ჰოლდინგის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ანუ მისი შენახვის ხარჯების დასაფინანსებლად.

ბუნებრივია ის, რომ ასეთ პირობებში მოხდება დივიდენდად შემოსული თანხების გარკვეულ საწარმოებზე გადანაწილების შესაძლებლობა მათი ლიკვიდურობის დონის ამაღლების უზრუნველსაყოფად.

ჰოლდინგის სავარაუდო შემოსავლები და ხარჯები წინასწარ უნდა იგეგმებოდეს და მტკიცდებოდეს დამფუძნებელი პარტნიორის მიერ, რომელიც თავის მხრივ გადაწყვეტილებების მიღებისას დაეყრდნობა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმების, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მონაწილეობით შემუშავებული და დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოთხოვნებს.

სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიის დაფუძნება, იმ შემთხვევაში, თუ მათი საქმიანობა მიზანმიმართულად წარიმართება, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ განვახორციელოთ სახელმწიფოს კუთვნილი აქციებისა და წილების კორპორატიულ მართვაში გადაცემასთან დაკავშირებული მთელი რიგი დადებითი ტენდენციები, რაც მდგომარეობს პირობების შექმნაში:
– საწარმოთა ინტეგრირებისათვის;
– კომპანიათა რისკების გაერთიანებისათვის;
– მართვაში კვალიფიციური კადრების გამოყენებისათვის;
– საწარმოთა მონიტორინგის გაძლიერებისათვის;
– ეფექტიანი ხარჯვითი და საინვესტიციო პოლიტიკის გატარებისათვის;
– საწარმოთა რეორგანიზაციის, რესტრუქტურიზაციისა და ლიკვიდაციის ხარჯზე სამართავი ობიექტების რიცხოვნობის შემცირებისათვის და ა.შ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიის შექმნა არ იქნება ეფექტიანი თუ, მათი ფუნქციონირებიდან მიღებულმა დადებითმა შედეგებმა არ გადაფარა ის უარყოფითი მომენტები, რომელიც ჰოლდინგის მეშვეობით მართვის პროცესს თან შეიძლება სდევდეს, რაც გამოიხატება:
– სახელმწიფო ქონების პრივატიზების ტემპების შენელების პოტენციურ შესაძლებლობებში, აქედან გამომდინარე ფინანსური შედეგებით;
– კადრების შერჩევის დროს გადაწყვეტილებების მიღებისას პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობის შესაძლებლობაში და ა.შ.

ამრიგად, სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიის დაფუძნებით შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ქონების იმ ნაწილის უფრო ეფექტურად მართვა, რომელიც წარმოდგენილია სააქციო და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში სახელმწიფოს კუთვნილი წილების და აქციათა პაკეტების სახით.