ბაკურიანში თხილამურებით ტრამპლინზე ხტომის ოლიმპიური სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნა იგეგმება

საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ტრამპლინზე ხტომისა და ორჭიდის მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი ვალტერ ჰოფერი იმყოფება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ვალტერ ჰოფერმა ბაკურიანის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც ტრამპლინზე ხტომის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. საქართველოში ამ მიმართულების განვითარებაზე ვალტერ ჰოფერმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და ამავე ფედერაციის წარმომადგენელი ეკატერინე ორჯონიკიძე ესწრებოდნენ.

„ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელი იმყოფება საქართველოში. მან დაათვალიერა ბაკურიანი და ამჟამად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ რაც შეიძლება სწორ ადგილას განლაგდეს ის ინფრასტრუქტურა, რომლის აშენებაც გვაქვს დაგეგმილი ოლიმპიური სტანდარტების მიხედვით. ვალტერ ჰოფერისგან მივიღეთ გარკვეული რჩევები, გვქონდა საქმიანი შეხვედრები და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან გამოგვადგება სათხილამურო სპორტის ტრამპლინზე ხტომის მიმართულების განვითარებისთვის“ – განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

ვალტერ ჰოფერის შეფასებით, ბაკურიანი თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომის მოყვარულთათვის მთელს მსოფლიოში ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია.

„მოხარული ვარ, რომ ბაკურიანის დათვალიერების შესაძლებლობა მომეცა. ბაკურიანი ის სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც კარგადაა ცნობილი თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომის მოყვარულთათვის მთელს მსოფლიოში. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ლეგენდარული კობა წაქაძე ცხოვრობს და მე მისი გაცნობის შესაძლებლობაც მომეცა. ჩვენ დავათვალიერეთ არსებული ტრამპლინი, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ვესაუბრებით მთავრობას მისი განახლება-რეკონსტრუქციის აუცილებლობაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ 3-5 წლის საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ აქ უკვე გავმართავთ საერთაშორისო შეჯიბრებებს ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომაში“ – აღნიშნა ჰოფერმა.

საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ტრამპლინზე ხტომისა და ორჭიდის მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი ვალტერ ჰოფერი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მოწვევით ჩამოვიდა.