1%-ის ეკონომიკა

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა, თსუ-ს დოქტორანტი, Bloomberg Lab TSU

ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკა გაორმაგდა. 2014 წლისათვის მისი მთლიანი ღირებულება 78 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. მსოფლიოს ყველა რეგიონში იზრდება მშპ აბსოლუტურ გამოხატულებაში. სამხრეთ აზიაში, მაგალითად, მთლიანი მშპ 2014 წელს 1985 წელთან შედარებით 5-ჯერ მეტი იყო. მიუხედავად ამისა, გლობალური უთანასწორობა ახალ საგანგაშო მაჩვენებელს აღწევს.
მსოფლიო მოსახლეობის უმდიდრეს 1%-ს იმაზე მეტი ქონება აქვს ვიდრე დარჩენილ 99%-ს. ციფრები ჯიუტია, ძალაუფლება და პრივილეგიები გამოიყენება იმისათვის, რომ უმდიდრესმა ადამიანებმა გვერდი აუარონ ეკონომიკურ სისტემას და კიდევ უფრო მეტად გაზარდონ საკუთარი სიმდიდრე და, შესაბამისად, უთანასწორობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისათვის კიდევ უფრო ადვილი ხდება დამალონ ტრილიონობით აშშ დოლარი ე.წ. საგადასახადო სამოთხეების საშუალებით. მაგალითად, მსოფლიო მილიარდელებს 7.6 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის თანხა აქვთ განთავსებული ოფშორებში, რაც უფრო მეტია ვიდრე დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მშპ ერთად აღებული. გარდა ამისა, უმდიდრესი აფრიკელების ქონების 30%, რაც დაახლოებით 500 მილიარდი აშშ დოლარია, გადატანილია საგადასახადო სამოთხეებში. ეს აფრიკული ქვეყნებისთვის 14 მილიარდიან საგადასახადო დანაკარგს ნიშნავს ყოველ წელს. ეს საკმარისი თანხაა იმისათვის, რომ მთავრობებმა დააფინანსონ ჯანდაცვის პროგრამები, რასაც შეუძლია გადაარჩინოს 4 მილიონი ბავშვის სიცოცხლე და დაასაქმონ საკმარისი მასწავლებლები იმისათვს, რომ ყველა აფრიკელმა ბავშვმა ისწავლოს სკოლაში.

Oxfam-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, 62 მილიარდელი იმავე ქონებას ფლობს, რასაც მსოფლიოს უღარიბესი 3.5 მილიარდი ადამიანი ერთად. 62 ადამიანის ქონება 1.76 ტრილიონი აშშ დოლარია (2010 წელს ამ მოცულობის სიმდიდრეს 388 ადამიანი ფლობდა), რაც 44%-ით მეტია 5 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ როდესაც, ამავე პერიოდში, ყველაზე ღარიბი 3.5 მილიარდი ადამიანის ქონება დაახლოებით 1 ტრილიონი აშშ დოლარით შემცირდა – 41%-იანი კლება. ამასთანავე, ახალი საუკუნის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიო მოსახლეობის უღარიბესმა ნახევარმა გლობალური სიმდიდრის ზრდიდან მხოლოდ 1%-იანი წილი მიიღო, გაზრდილი სიმდიდრის ნახევარი კი უმდიდრესი მოსახლეობის მხოლოდ 1%-ის კეთილდღეობაში აისახა. უფრო მეტიც, ბოლო 25 წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე ღარიბი მოსახლობის 10%-ში შემოსავალი საშუალოდ მხოლოდ 3$-ით გაიზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შემოსავალი წელიწადში მხოლოდ ერთი ცენტით იზრდება.

1
წყარო: www.weforum.org

ეს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოსახლეობა 400 მილიონი ადამიანით გაიზრდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პლანეტის მოსახლეობის უმდიდრესი 1% ამჟამად ფლობს მსოფლიო ქონების 50%-ს, ყველაზე მდიდარი 50% კი ფლობს 99%-ზე მეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ უღარიბესი მოსახლეობის ქონების წილი მსოფლიოს მთლიან სიმდიდრეში 1%-ზე ნაკლებია.

ეს ციფრები არ გვაჩვენებს სხვაობას მხოლოდ მდიდრებსა და ღარიბებს შორის, არასახარბიელო სურათია გენდერულ ჭრილშიც – მსოფლიოს უმდიდრესი 62 ადამიანიდან მხოლოდ 9 არის ქალი.

უთანასწორობის დილემაა არამხოლოდ მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში, არამედ განვითარებულ სამყაროშიც. მაგალითისათვის დასაქმებული ძალის პროდუქტიულობა ბოლო წლების განმავლობაში განვითარებულ ქვეყნებში გაიზარდა, თუმცა ხელფასები იმავე ტემპით არ იზრდება.

გრაფიკი #2. დასაქმებული ძალის პროდუქტიულობა და ხელფასების ზრდის ტემპები განვითარებულ ქვეყნებში
2
წყარო: www.oxfam.org

ამასთანავე, აშშ-ში აღმასრულებელი ხელმძღვანელების (CEO) ხელფასები გაცილებით სწრაფად იზრდება საშუალო დასაქმებულის ხელფასთან შედარებით (იხ. გრაფიკი #3).

გრაფიკი #3

3
წყარო: www.oxfam.org

ამ ციფრების გათვალისწინებით არ არის გასაკვირი, რომ უთანასწორობა იყო 2017 წლის დავოსის ფორუმის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. რომ არაფერი ვთქვათ ინდივიდებზე, უთანასწორობა აზიანებს როგორც ცალკე აღებულ თითოეულ ქვეყნას, ასევე მთლიანად გლობალურ ეკონომიკას. ის ასევე საფრთხეს უქმნის სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობას.

რთულია მოიძებნოს ადამიანი რომელიც არ დაეთანხმება აზრს, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელი უნდა გადანაწილდეს ყველაზე თანაბრად – მაგრამ საკითხავია როგორ?

დაახლოებით 10 წლის შემდეგ 2008 წლის კრიზისიდან, გლობალური ეკონომიკა კვლავ შენელებული ტემპებით ვითარდება – წელიწადში საშუალოდ 3%-ით, ეცემა მწარმოებლურობის ზრდის ტემპებიც. მაშინ როდესაც ეკონომიკური ზრდის სტიმულირება არის მაღალი პრიორიტეტი მთავრობებისთვის, უთანასწორობასთან ბრძოლა ეკონომიკურ მსხვერპლშეწირვად განიხილება.

არადა ცხადია, ზოგადად, ეკონომიკურ კეთილდღეობამდე გზა უთანასწორობის აღმოფხვრაზე გადის – უთანასწორობა ანელებს ზრდას, რადგანაც ხარჯების ძალა შემოსაზღვრულია რამდენიმე ჯიბით. მსოფლიო ბანკის The Inclusive Growth and Development Report ხაზს უსვამს პოლიტიკის ბევრ სპექტრს, რომელთა გატარებაც აუცილებელია უთანასწორობის შესამცირებლად, გრძელვადიან პერიოდში კი აღმოსაფხვრელად. ცვლილებები უნდა გატარდეს ინსტიტუციურ დონეზე, რომელთაც შეუძლიათ წაახალისონ ეკონომიკური ზრდა და სოციალური ჩართულობა. ეს მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა, დასაქმებისა და ბიზნესის წამოწყების სიმარტივე, ხელმისაწვდომობა ყველა ძირითად საცხოვრებელ სტანდარტზე და ინფრასტრუქტურაზე, ისევე როგორც კორუფციის საწინააღმდეგო ქმედებები და ფისკალური საშუალებების გამოყენება. დღეისათვის კი ფაქტია, რომ მსოფლიო დგას აუცილებლობის წინაშე შეიმუშაოს უკეთესი ეკონომიკური მოდელი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial