ბაფეტის ყოველწლიური მიმართვა ინვესტორებს

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა, თსუ დოქტორანტი, Bloomberg Lab TSU-ს მთავარი სპეციალისტი

თებერვლის ბოლოს უორენ ბაფეტმა ტრადიციული, ყოველწლიური მიმართვის ტექსტი გამოაქვეყნა, რომელიც განკუთვნილია მისი კომპანიის Berkshire Hathaway-ის ინვესტორებისთვის, მაგრამ მას მთელი ფინანსური სამყარო ყოველ წელს მოუთმენლად ელის. ბევრის ინვესტორისათვის ბაფეტის მიმართვა ძირითადი კურსის განმსაზღვრელია საინვესტიციო საქმიანობის დაგეგმვისას.

2017 წლის წერილში, ბაფეტმა გასული წელი დადებითად შეაფასა და უწოდა „სასწაულებრივი“ აშშ-ს ეკონომიკისა და „ვარსკვლავური“Berkshire Hathaway-თვის.

ტრადიციულად, ბაფეტის წერილს მთელი Wall Street ელოდება, მაგრამ წელს, როდესაც ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ყავს, მან სხვა მნიშვნელობაც შეიძინა. მართალია, მის შესახებ ბაფეტი უშუალოდ არაფერს ამბობს წერილში და არც მიმართვას ტრამპს, მაგრამ წერილის ზოგიერთი პუნქტი გამოხმაურებაა აშშ-ს ახალი პრეზიდენტის პოლიტიკაზე.

„ამერიკის წარმატებაში გაერთიანებულია ადამიანური გონიერება, საბაზრო სისტემა და ნიჭიერი და ამბიციური იმიგრანტების ნაკადი“ – წერს ბაფეტი.

სიახლე არავისთვისაა, რომ ბაფეტი იყო ჰილარი კლინტონის მხარდამჭერი წინასაარჩევნო კამპანიის დროს და რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული წერილიდანაც ნათლად ჩანს, რომ აშშ-ს ეკონომიკის განვითარების მისეული ხედვა მკვეთრად განსხვავდება ტრამპის იდეებისგან. მის მიერ ემიგრანტთა მნიშვნელობის ხაზგასმაც ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამოძახილია მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართ.
გასული წელი კიდევ ერთი გამორჩეული წელი იყო ბაფეტისთვის. Berkshire Hathaway-ის აქციების ფასი 2016 წელს 23%-ით გაიზრდა 2015 წელთან შედარებით, რაც S&P500 ინდექსის საშუალო შემოსავლიანობის თითქმის ორმაგი მაჩვენებელია.

Berkshire Hathaway-ის კომპანიების (რომელიც მოიცავს სადაზღვევო კომპანიას Geico-ს, სარკინიგზო კომპანია BNSF-სა და სხვა 90-მდე კომპანიას) საოპერაციო შემოსავლები 2015 წელს არსებული 17.3 მილიარდი აშშ დოლარიდან 2016 წელს 17.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ბაფეტმა მის წერილში ასევე ისაუბრა განსაკუთრებულად წარმატებულ ნაბიჯებზე. მაგალითად ტექნოლოგიურ გიგანტ Apple-ში დაბანდებულმა ინვესტიციამ სწრაფად მოიტანა დივიდენდები. ის ფლობა 1.1%-იან წილს Apple-ში. 6.7 მილიარდ აშშ დოლარად შეძენილი 61 მილიონი აქციის ამჟამინდელი ღირებულება კი 8 მილიარდი აშშ დოლარია.

ბაფეტს ტრადიცია არც 2016 წელს დაურღვევია და ხშირად აკრიტიკებდა Wall Street-ს. მისი კრიტიკის ძირითადი საგანი იყო უსაფუძვლოდ მაღალი ანაზღაურების სისტემა, ასევე ისეთ საინვესტიციო კომპანიებში დიდი წილის ყიდვის პრაქტიკა, რომელთაც რთული დროება უდგათ. გასული წლის წერილში ბაფეტმა დიდი ყურადღება დაუთმო ჰეჯ-ფონდებს, რომლებიდანაც ბოლო წლების განმავლობაში ტრადიციულად გაედინება საინვესტიციო თანხა რადგან ისინი სასურველ შედეგებს ვეღარ აღწევენ და იმ რესურსს რაც შედარებით მოკრძალებულ ფონდებში, მაგალითად ინდექსის ფონდებში ინვესტირებაა. ეს პათეტიკა 2017 წლის წერილშიც შეინარჩუნა ბაფეტმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ თეზას, რომლის მიხედვითაც გრძელვადიან პერიოდში მაღალ-გადასახადიან ჰეჯ-ფოდებზე შედეგიანი იაფი საინდექსო ფონდებია. ამის დემონსტრირება ბაფეტმა პრაქტიკული მაგალითითაც მოახდინა – 9 წლის წინ მან S&P ინდექსის ფონდზე გააკეთა ფსონი, რომელსაც ხელმძღვანელობს Vanguard. ის 85%-ით გაიზრდა 9 წლის განმავლობაში, ამის საპირისპიროდ კი 5 ჰეჯ-ფონდის ზრდა, რომელთაც Protege Partne მართავს, საშუალოდ 22% -ს შეადგენს იმავე პერიოდში. რაც შეეხება საშუალო წლიურ ზრდას ინდექსის ფონდის შემთხვევაში ის 7%-იანი, ჰეჯ-ფონდების შემთხვევაში კი 2.2%.

„დარწმუნებული ვარ რომ ყველა დონეზე ამ ჰეჯ-ფონდების მენეჯერები პატიოსანი და შრომისმოყვარე ხალხია, მაგრამ მათი მუშაობის შედეგიანობა არასახარბიელოა. ამაზე 9 წლის გამოცდილებაც მეტყველებს. მენეჯერთა მიერ მიღებული კოლოსალური ხელფასები და ბონუსები შედეგების გათვალისწინებით არალოგიკურია“ – წერს ბაფეტი და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ფინანსურ სამყაროს ამ პრაქტიკაზე ხელი აიღოს.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი ოპტიმისტურადაა განწყობილი მომავალის მიმართ და ინვესტორებს მოუწოდებს არ დაკარგონ აშშ-ს ეკონომიკის რწმენა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial