GSM სტანდარტი უკვე გუშინდელი დღეა?

მოამზადა სოფიკო სიჭინვამ

სპეციალისტების შეფასებებით, ორი-სამი წლის შემდეგ ფიჭური გავშირგაბმულობის ოპერატორების უმრავლესობა მესამე თაობის სტანდარტზე გადავა და მანამდე მომხმარებელს არა ერთხელ მოუწევს დაფიქრდეს იმაზე, რომელი ტელეფონი იყიდოს: GPRS Tu 3G. თუმცა, არიან სპეციალისტებიც, რომლებიც ახალ სტანდარტს სკეპტიკურად უყურებენ და თავიანთ მოსაზრებას იმით ამყარებენ, რომ მსოფლიოში GSM სისტემის მომხმარებელი 1 მლრდ-ს უახლოვდება, მაშინ, როცა 3-სა მხოლოდ 1,8 მილიონია. ახალი სტანდარტი ნელ-ნელა გვიახლოვდება. ნოემბრის თვეში მოსკოვში ფიჭური კავშირის მესამე თაობის პირველმა ქსელმა უკვე დაიწყო მუშაობა. საქართველოში კომპანია “იბერიატელი” აქტიურად მუშაობს ახალი სტანდარტის დანერგვის საკითხზე და ინვესტორებსაც ელის.

მოვლენა მეტად მნიშვნელოვანია თუ ავითვალისწინებთ იმას, რომ 3G-ს ტექნოლოგიის განვითარების არც თუ უბრალო გზა, უკვე რამდენი წელია კავშირგაბმულობის სფეროში მსჯელობის მთავარი თემაა. მიუხედავად ამისა, მესამე თაობის ფიჭური კავშირი მოსკოვში ბევრად განსხვავებულია, ვიდრე დასავლეთში.

უსადენო კავშირზე რუსული პრესაში უკვე იმდენი დაიწერა, რომ მისი შემოკლებული სახელი – 3G ბრენდი გახდა, ისევე, როგორც GSM, რომელსაც ძალიან ბევრი ოპერატორი თავის ლოგოტიპში იყენებს. 3G, ეს არის უსადენო ვიდეოტელეფონი ფერადი ეკრანითა და კამერით. მოსაუბრესთან ლაპარაკის დროს მას ისევე ხედავთ, როგორც იგი თქვენ. ეს მომსახურებას ვიდეოკონფერენცკავშირი ეწოდება, რომელიც 3G-ის სავიზიტო ბარათია.

კომპანია Skylink-ის მენიუში, რომელმაც მოსკოვში 1 ნოემბრიდან თავისი პროდუქციის გაყიდვა დაიწყო, ვიდეოკონფერენცკავშირის მომსახურება არ არის. ამ კომპანიის პროდუქცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ცოცხალი ვიდეო გადაიცეს, მაგრამ ტელეფონებს ამ სტანდარტისთვის, ჯერჯერობით, არავინ უშვებს. ამას სერიოზული კაპიტალდაბანდება სჭირდება და, რადგანაც აღნიშნული სტანდარტის მომსახურებით ძალიან ცოტა ადამიანი თუ სარგებლობს, ამ საქმისთვის ხელის მოკიდებას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯერ აზრი არ აქვს.

სტანდარტის სახელწოდება, რომელსაც კომპანია Skylink-ი იყენებს, ასე ჟღერს – IMT-MC-450, რომელიც დასაბამს იღებს შორი აღმოსავლეთის სტანდარტიდან – CDMA-2000. IMT-MC-450, რომელსაც მესამე თაობის ქსელის ბევრი თვისება ახასიათებს, უკვე შექმნილია და მუშაობს რუსეთში, რუმინეთსა და ბელორუსიაში. პეტერბურგული კომაპნია “დელტა ტელეკომი” IMT-MC-450 ქსელის მომსახურებას იმავე მარკის Skylink-ის სახელით ყიდის. კომპანია ACM Consulting-ის მონაცემების მიხედვით, ამ წლის ივნისის თვისთვის IMT-MC-450-ის რუმინული ოპერატორი Zapp Mobile მოემსახურა 119,6 ათას აბონენტს, პეტერბურგული Skylink-ი – 15,2 ათასს, ბელორუსული Belcel-ი -2,5 ათასს.

პეტერბურგული Skylink-ის ასორტიმენტში მხოლოდ ორი აპარატია, რომელიც გარეგნულად საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. ხალხი ამ ტელეფონებს ყიდულობს არა როგორც ურთიერთობის საშუალებას, არამედ, როგორც მოდემს უსადენო კავშირისთვის. გადაცემის მაქსიმალური სიჩქარე IMT-MC-450-ის ქსელში, წამში 153 კბიტია. ეს სიჩქარე ბევრად მეტია, ვიდრე dial-up-ისა. სწრაფი ინტერნეტით დაინტერესებულმა პეტერბურგელებმა დააფასეს ეს უპირატესობა, მით უფრო, რომ ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო – თვეში 70 დოლარი.

სწორედ პეტრბურგულმა გამოცდილებამ უბიძგა კავშირგაბმულობის მესვეურებს რუსეთში, რომ IMT-MC-450-ის ქსელი გაეფართოვებინათ, რომლის მშენებლობა რუსეთის ბევრ ქალაქში დაიწყო. მოსკოვის Skylink-ის ქსელის დამონტაჟება რეკორდულად მოკლე დროში დამთავრდა, 2003 წლის აგვისტოში “მოსკოვსკაია სოტოვაიამ” “სბერბანკში” საკრედიტო ხაზი მიიღო, აგვისტოშივე მოეწერა ხელი საჭირო აღჭურვილობის მომწოდებელთან Lucenet Technologies-თან, 1 ნოემბრიდან კი მომსახურების გაყიდვა დაიწყო.

Skylink-ი თავის ტარიფებს, ჯერჯერობით, არ ახმაურებს, თუმცა, მთლიანობაში კომპანიის მარკეტინგული პოლიტიკა გასაგებია: ფსონი კეთდება უსადენო ინტერნეტზე. “ჩვენ დავიკავებთ ბაზრის განცალკევებულ ნიშას”, – აცხადებს “მოსკოვსკაია სოტოვაიას” გენერალური დირექტორის მოადგილე და დასძენს – “არ ვკამათობ, რომ უმსხვილეს ქალაქებში ფიქსირებული კავშირის ოპერატორების პოზიცია საკმაოდ მყარია, ბევრ მომხმარებელს სწრაფი ინტერნეტი უკვე აქვს, როგორც სახლში, ისე სამსახურში, თუმცა, ჩვენ შეგვწევს ძალა Dial-up-ის ინტერნეტ-პროვაიდერებს კონკურენცია გავუწიოთ საშუალო სიჩქარით, 70-80 კბიტი წამში – ეს ბევრად ხარისხიანი და მოსახერხებელი გადაწყვეტილებაა”.

თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია IMT-MC-450-ის ოპერატორები შესძლებენ თუ არა ბაზარზე ნაპოვნი ნიშიდან მასიურზე გადასვლას და -ის ოპერატორებისთვის კონკურენციის გაწევას. ამ ეტაპზე ძალიან ბევრი ფაქტორი მეტყველებს ამის საწინააღმდეგოდ, თუმცა ევროპაში ამ სტანდარტისადმი მოსალოდნელი ინტერესი მისი გავრცელების საქმეში დადებით როლს ითამაშებს. დღეს რუსეთში GSM-ს მოიხმარს აბონენტების 96%, ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა გაეწიოს ამ სტანდარტებს კონკურენცია.

ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც GSM-ის სტანდარტებით მუშაობენ, ახალ სტანდარტში სერიოზულ კონკურენტებს ვერ ხედავენ. როგორც ისინი აცახდებენ, მათგან განსხვავებით, IMT-MC-ს დაფარვის ზონა შეზღუდული ექნება, ახალი სტანდარტის როუმინგის მომსახურება კი არ ექნება. გარდა ამისა, როგორც სპაციალისტები აცხადებენ, ის მომსახურება, რომლითაც IMT-MC-ით არის შესაძლებელი GPRSტექნოლოგიის საშუალებით GSM-ს თავისუფლად შეუძლია.

ბევრი მიიჩნევს, რომ GSM სტანდარტისთვის, რომელსაც მობილური კავშირის გლობალური ბაზრის 70% უჭირავს, კონკურენციის გაწევა წარმოუდგენელი იქნება, თუნდაც მრავალი უპირატესობის მიუხედავად. GSMტელეფონის მომხმარებელი მსოფლიოში 1 მლრდ-ს უახლოვდება, მაშინ, როცა 3G ტელეფონისა, მხოლოდ 1,8 მილიონია.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, ნაადრევია ახალ მიღწევას ცუდი მომავალი ვუწინასწარმეტყველოთ, რადგან, არიან ადამიანები, რომლებიც 3G-ზე დიდ იმედებს ამყარებენ და მის პერსპექტივას ძალიან ოპტიმისტურად უყურებენ, პირველ რიგში, როგორც აღვნიშნეთ, ინტერნეტში ძალიან მაღალი სიჩქარის და იდეალური სმენადობის გამო.

საქართველოში ახალ სტანდარტებს კომპანია “იბერიატელი” ნერგავს, რომელიც ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 1999 წლიდან მოღვაწეობს.

2002 წლის 19 სექტემბერს “იბერიატელმა” ხელი მოაწერა ჩინურ კომპანია Huawei Technologies-თან ჩარჩო ხელშეკრულებას CDMA450 (IMT-MC)-ის (ციფრული ფიჭური სტანდარტი) სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე. ამ წლის ბოლომდე კომპანია კომერციულ ექსპლოატაციაში CDMA450-ს გაუშვებს და მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება.

ამჟამად “იბერიატელი” საქართველოში WLL-ის (Wireless Local Loop – უკაბელო ლოკალური კვანძი) ოპერატორია ქვეყნის ტერიტორიის 70%-ის დაფარვის მასშტაბით.

საქართველოში ტელეკომუნიკაციის განვითარებისა და CDMA450 სისტემის გაფართოვებაზე საუბრისას, საგულისხმოა ის მომენტიც, რომ სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური ფუნქცია გაიზარდა, რომელზედაც გადის ევრო-აზიური კორიდორი და დიდი აბრეშუმის გზის აღორძინების იდეა თანამედროვე სატელეკომუნიკაციო სისტემების დანერგვას უდიდეს პერსპექტივას უღებს კარს, რომელთა შორისაც თავის ადგილს CDMA450-ც იპოვის.

კომპანია “იბერიატელის” აბონენტები დღეს არიან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლები. კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმი”, რომელიც NMT450-ის მომხმარებელია, CDMA450-ის საქართველოში კომერციული ექსპლოატაციის დაწყებას დიდი ინტერესით ელოდება.

კომპანიამ უკვე შექმნა პროექტი, რომლის მიხედვითაც მოხდება CDMA450-ის განთავსება. ხდება სამი კატეგორიის აბონენტების თავმოყრა: ა) WLL-ინდივიდები, კორპორაციები; ბ) სალაპარაკო პუნქტები, ინტერნეტ-კაფეები, ბიზნეს-ცენტრები; გ) მობილური კავშირის აბონენტები. მათი გათვლები ბაზირებულია ძალიან დაბალ ტარიფებზე, რაც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ძლიერი კონკურენტული პოზიციებიდან კომპანიას შესაძლებლობას მისცემს ამ სამი კატეგორიის აბონენტები მოიპოვოს. ფინანსური გაანგარიშებები მეტყველებენ იმაზე, რომ საჭიროა უმნიშვნველო ინვესტიციები იმისთვის, რათა მთელი საქართველოს მასშტაბი CDMA450-ის ქსელით იყოს დაფარული. დღეს კომპანიის ეს ბიზნეს-გეგმა უმსხვილეს ბანკებსა და ინვესტორებს აქვთ განსახილველად.

რამდენიმე წლის წინ ბაზარზე გამოჩენილმა ციფრულმა ფიჭურმა სტანდარტმა, CDMA450-მა მიზანმიმართულად აიღო განვითარების გეზი. სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელმა მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიებმა ალღო აუღეს და ფაქტობრივად, მთლიანად შემობრუნდენ ამ სტანდარტისკენ. ხოლო CDMA450 ქსელის შემქნის მსურველები გამოჩნდენ, როგორც დსთ-ს, ასევე ბალტიისპირეთსა თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. დღესდღეობით, ქსელისთვის საჭირო მოწყობილობას მსოფლიოში მხოლოდ სამი კომპანია უშვებს: ამერიკული Lucenet Technologies, ჩინური Huawei Technologies და ZTE Corporation.

CDMA450-ს მიმართ თავის ინტერესს გამოთქვამენ ისეთი გრანდები, როგორიცაა: Ericsson და Motorola.

CDMA450-ის პროექტები ინტენსიურად იღებს სტარტს რუსეთში, მართალია, დღეს კომერციულ რეჟიმში ამ სტანდარტის მხოლოდ ორი ქსელი მუშაობს: პეტერბურგში (ოპერატორი “დელტა ტელეკომი”) და ბაშკირეთში (“სოტოვაია სვიაზ ბაშკირისტანა”), ხოლო სულ ახლახან, ნოემბერში, როგორც უკვე ვახსენეთ, სტარტი აიღო კომპანიამ “მოსკოვსკაია სოტოვაია სვიაზ”.

შვედეთში სექტემბერში ადგილობრივმა მარეგულირებელმა ორგანომ დაიწყო CDMA450-ის ლიცენზიების გაცემის უფლების საკითხის განხილვა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი 2005 წლამდე არ დაიწყება. სხვა ქვეყნებში: ნორვეგიასა თუ პორტუგალიაში სიტუაცია უფრო ჩქარა ვითარდება. სხვათა შორის, CDMA450-ით GSMოპერატორებიც კი დაინტერესდნენ, როგორც ეს უკრაინაში მოხდა.

ასე რომ, ამ ჭრილში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ GSMწარსულს ჩაბარდება, ამ პროცესს კი, მხოლოდ დრო სჭირდება, დრო, რომელიც მომხმარებლის ახალი სტანდარტის უპირატესობაში დარწმუნებისთვისაა აუცილებელი, თანაც, გასათვალისწინებელია, რომ CDMA450-ის ოპერატორები მისაღებ ფასებზე აპელირებენ. ამას პლუს ხარისხიანი მომსახურება, ეს უდაო ტრიუმფი იქნება.

P.S. აღსანიშნავია ისიც, რომ, მაშინ, როცა 3G ჯერ მხოლოდ მზის სინათლის ხილვის სტადიაშია და მსოფლიო ბაზარზე ახლა გამოდის, იაპონური კონცერნი NTT DoCoMo უკვე მეოთხე თაობის ფიჭურ ქსელზე მუშაობს. სამუშაოების დაწყების შესახებ კონცერნმა განცხადება 2002 წლის მარტში გააკეთა. კონცერნის გენერალური დირექტორის თქმით, 4G ბაზარზე 10 წლის მერე შემოვა.