ტრადიციული და არატრადიციული ენერგორესურსების კონვერტაცია

მოამზადა მარიამ ტუხაშვილმა

თანამედროვე სამყარო უკვე აღარ კამათობს იმ საკითხზე, რომ ტრადიციული წიაღისეულის მოხმარება ჩანაცვლებულ უნდა იქნას სუფთა ენერგიით, რომელიც, ძირითადად, მზისა და ქარის ენერგიის სახითაა მოცემული.
2016 წელს სუფთა ენერგიის დანადგარებმა ახალი რეკორდი მოხსნა მსოფლიო მასშტაბით. მზის ენერგია, პირველად, ელექტროობის ყველაზე იაფი ფორმა ხდება.
ეს საბაზრო ძალების ცვლა სულ უფრო მეტად შეესაბამება პოლიტიკურ მიზნებსა და საკანონმდებლო განრიგებს, განსაკუთრებით კი, გასული წლის შემდეგ, როდესაც 190-ზე მეტმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ,,პარიზის კლიმატის შეთანხმებას’’. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უშუალოდაა დაკავშირებული სოციალურ მოთხოვნილებასთან. მოქალაქეები ხშირად ითხოვენ, რომ გარემოსდაცვითი საკითხები უმნიშვნელოვანესი გახდეს მსოფლიოს წამყვანი კორპორაციებისათვის.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მონაცემების თანახმად, ელექტროენერგიის მოხმარება, ისევე როგორც ენერგიის სრული მოხმარება, გაიზრდება ორჯერ, რაც გამოწვეულია ემისიების შემცირების პოტენციალით. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს რიცხვი მომავალი 25 წლის განმავლობაში 70%-მდე გაიზრდება.

რიგი სექტორებისა, რომელთაც დაბალი ელექტროენერგიის შეღწევადობა ახასიათებთ, როგორებიცაა ტრანსპორტირება, გათბობა და გაგრილება, ითხოვენ უფრო და უფრო მეტ ენერგიას ელექტრო მანქანებისა და თბური ტუმბოების ტექნოლოგიური განვითარების წყალობით.

ამ გაზრდილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მოითხოვს მასიური ინვესტიციების განხორციელებას, რომელიც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ 19 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული. ამ ინვესტიციის დიდი ნაწილი მიმართულია განახლებად ენერგიის წყაროებზე. ისინი ვარაუდობენ, რომ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია იქნება საჭირო იმისათვის, რომ მისი ელექტროენერგეტიკული სტრუქტურა გახდეს მეტად ეფექტური, საიმედო, უსაფრთხო და მწვანე.

ამ კაპიტალური ხარჯების განხორციელება ასევე ხელს შეუწყობს კომუნალური კომპანიების ბიზნეს-მოდელების სიღრმისეულ ტრანსფორმაციას. ეს ცვლილებები ქსელებს უფრო ეფექტურსა და ჭკვიანს გახდის, ვიდრე ოდესმე. ძალიან მოკლე ვადებში განახლებადი პროდუქციის ცვალებადობას თუ გავითვალისწინებთ, ასევე საჭირო გახდება ახალი ინვესტიციები ეფექტური ემერგომატარებლების სხვადასხვა ფორმებში, დაწყებული მსხვილი ჰიდროელექტრო სადგურებისაგან, დამთავრებული ბატარეების ფართო სპექტრით. ამგვარად, მომხმარებელი იხილავს ენერგოეფექტურობისა და ხარისხის გაუმჯობესებას, ხარჯების შემცირებასა და არჩევანის მრავალფეროვნებას.

ეს სიტუაცია არაა საიმედო იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ქვანახშირის მოპოვებით არიან დაკავებულნი. მაგალითად, კალიფორნიის შტატს ამჟამად მზის ენერგიის ინდუსტრიაში უფრო მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ვიდრე მთელ ქვეყანას ქვანახშირის ინდუსტრიაში.

ნავთობის ბაზრისათვის ყველაზე დიდი საშიშიროება მაინც ელექტრო მანქანებია, რომლებიც სტარტს იღებენ ასპარეზზე გამოსასვლელად.

ტრადიციული ფორმების სუფთა ენერგიით ჩანაცვლებით თავიდან ვიცილებთ ჰაერის დაბინძურებას, რომელიც, თავის მხრივ, იწვევს გულის დაავადებებს, ასთმასა და სიმსივნეს.

დადებითი ტენდენციების მიუხედავად, ჩატარებული ზომები საკმარისი არაა იმ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც მეცნიერები ვარაუდობენ. საბოლოო ჯამში, ეკონომიკას დასჭირდება სრული გაუნახშირებადება ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში, მრეწველობასა თუ მიწათმოქმედებაში.

საბედნიეროდ, გლობალური ენერგეტიკული ბაზრები, ჯერჯერობით, სწორი მიმართულებით მიდის.

მასალის წყაროები:
1. www.bloomberg.com
2. fortune.com