რუსეთი მოკავშირეებს ყიდულობს

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

რუსეთი ცდილობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ანუ მისი ძველი გავლენის სფეროში ლიდერობა შეინარჩუნოს. ქვეყანას, რომელსაც პირველობის ამბიცია აქვს, ბუნებრივია, მეკავშირეები და სატელიტი ქვეყნები სჭირდება, რაც მატერიალურ დაბანდებებს მოითხოვს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კავშირებისა და იმპერიების შენარჩუნება ლიდერებს ძვირი უჯდებათ. ამ ბოლო დრომდე რუსეთი თითქოს ძუნწობდა და მეკავშირეებს ასე ვთქვათ, არაპირდაპირი გზით უჭერდა მხარს, როგორიც არის, ვთქვათ, ენერგორესურსებზე დაბალი ტარიფები და სხვა შეღავათები. ახლა კი, რუსეთი ხელგაშლილი გახდა. მსოფლიო საფინანსო კრიზისის დაწყებისთანავე რუსეთი კრედიტების დარიგებას შეუდგა, არდა, თვითონ რუსეთში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონია, 2010 წელს, იგისაერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან ფულის სესხებას გეგმავს. როცა ქყვეყანა თვითონ კრიზისშია, ეჭვგარეშეა, რომ ეს ხელგაშლილობა პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი.
ერთი შეხედვით, რუსეთი შექმნილი მდგომარეობით სარგებლობს და კრემლის გეოპოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. წლის დასაწყისში, მან რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია მეზობლებთან კოლექტიური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კრიზისის დასაღწევად ერთიანი ფონდის საკითხებში. კრიზისმა ხელი შეუწყო, რომ რუსეთს თავისი მეკავშირეები შეეკრა და ამ ერთობისთვის ანტიდასავლური ელფერი მიეცა. თუმცა, კეთილმეზობლობა და ერთობა რუსეთს ხშირად მხოლოდ სათავისოდ ესმის. მაგალითად, ყირგიზეთში უმსხვილეს პროექტებს რუსი ენერგეტიკოსები და მენავთობეები უძღვებიან. რუსულმა კომპანიებმა მთელ რიგ საწარმოებში უკვე მიიღეს აქციათა პაკეტები, ხოლო თავის მხრივ, “გაზპრომმა”” ქვეყანაში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი კომპანიის “ყირგიზნავთობგაზის”” სახელმწიფო პაკეტი მიიღო.
“კეთილმეზობლობის”” ნათელ მაგალითად სომხეთიც შეიძლება განვიხილოთ. მას თავისი ვალების დაფარვა ხშირად საკუთარი აქტივებითაც უწევს ხოლმე. ასე მაგალითად, 2002 წელს რუსეთის სახელმწიფო ვალის გასასტუმრებლად (93 მლნ დოლარი) რუსულ მხარეს რაზდანის ენერგეტიკული კომპანია გადაეცა, რომელიც არა მხოლოდ სომხეთს, ირანსა და საქართველოსაც ამარაგებდა. გაზის მიწოდების სამწლიანი შეღავათიანი კონტრაქტის სანაცვლოდ, “არმგაზპრომში”” “გაზპრომის”” წილი 45%-დან 82%-მდე გაიზარდა, საინტერესოა ისიც, რომ სომხეთი-ირანის მშენებარე გაზსადენის 45%-ით “გაზპრომს” ეკუთვნის, ხოლო ამდენივე სომხეთის სახელმწიფოს. სხვათა შორის, სომხეთის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის განკუთვნილი კრედიტის მიღების საფასურად, ქვეყნის რუბლის ზონაში შესვლაც განიხილებოდა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ გამორიცხავდნენ, რომ მოსკოვსა და ერევანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლებელი იყო ფინანსური სიბრტყიდან პოლიტიკურშიც გადაზრდილიყო. სომხეთის ცენტრალურ ბანკს რუსული კრედიტი მიმდინარე წლის ზაფხულში გადაერიცხა.
2008 წლის მიწურულიდან დღემდე რუსეთის მთავრობამ ან უკვე გამოყო, ანაც, პირობა დადო, რომ გამოყოფდა: ყირგიზეთსთვის – 2 მილიარდ დოლარს, ბელორუსიისთვის – ამდენივეს, სომხეთისთვის – 500 მლნ დოლარს.
უკრაინასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს შორის 5 მილიარდ დოლარიანი კრედიტის გამოყოფაზე მოლაპარაკებები 2009 წლის თებერვალში დაიწყო. მიმდინარე წლის გაზაფხულზე რუსეთმა უარი განაცხადა გამოეყო მორიგი კრედიტი ბელორუსიისთვის, რის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის ურთერთობა მნიშვნელოვნად გაუარსედა.
რუსეთს დახმარებისთვის ერთ-ერთმა პირველმა სომხეთმა მიმართა და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად 500 მილიონი დოლარი 2009 წლის დასაწყისში ითხოვა. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ალექსეი კუდრინმა ამ ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის თანამეგობრობის სხვა ქვეყნებსაც დაეხმაროს. წლის დასაწყისში მეგობარ ქვეყნებთა რიცხვში, კუდრინმა ბელორუსიაც მოიხსენია, მაგრამ რუსეთის ნება, ბელორუსიისთვის 2 მილიარდი დოლარი გამოეყო, დღესაც ბოლომდე გადაუწყვეტელია: ამ თანხიდან 1.5 მილიარდი ბელორუსიას უკვე მიღებული აქვს, ხოლო დარჩენილი 500 მილიონი დოლარი რუსეთმა აღარ გადარიცხა და მოითხოვა, თანხა ბელორუსიას რუბლში მიეღო. უარის მიღების შემდგომ კუდრინი დაფიქრდა და უეცრად ეჭვი შეიტანა ბელორუსიის გადახდისუნარიანობაზე, საპასუხოდ კი, გაბრაზებული ბელორუსიისგან რუსმა ჩინოვნიკმა არც თუ სასიამოვნო “ეპითეტები” მიიღო, ისეთი, როგორიც არის “მოლაყბე იდიოტი” და “მეკუჭნავე”. ბელორუსიამ დახმარებისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა, რომელმაც დიდსულოვნად 3.52 მილიარდამდე დოლარი გამოუყო მას ეკონომიკის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ფონდის მიერ გამოყოფილი დახმარება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 7%-ს უტოლდება. ბელორუსიამ ევროკავშირსაც სთხოვა ფული, თუმცა, რა ოდენობით და რა პასუხი მიიღო, ჯერჯერობით, უცნობია. კუდრინს ბელორუსიის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისადმი ლტოლვაც არ მოეწონა და პირდაპირ განაცხადა, რომ მისნკმა ამ ორგანიზაციისგან კრედიტი არ უნდა აიღოს. საპასუხოდ მისნკში ანტიკუდრინული კამპანია დაიწყო.
ბელორუსიის გადახდისუნარიანობის ეჭვქვეშ დაყენებას, ბევრი ექსპერტი სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ კრედიტის დარჩენილი ნაწილის გაცემაზე უარის თქმას პოლიტიკური საფუძველი აქვს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მინსკი დარჩენილ თანხას იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუკი იგი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა. გარდა ამისა, დღის წესრიგშია “გაზპრომისთვის” “ბელტრანსგაზის” საკონტროლო პაკეტის დათმობაც. ეს პოლიტიკური ჟესტი ბელორუსიას ცხოვრებას გაუდვილებდა.
რაც შეეხება უკრაინას, მას რუსული ფული აღარ სჭირდება. 2009 წლის დასაწყისში უკრაინამ დასახმარებლად რუსეთს მიმართა, რათა მიწისქვეშა საცავში ჩასატვირთი გაზის საყიდლად კრედიტი გამოეყოთ. სექტემბერში კი, პრემიერ-მინისრტრმა, იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ფონდიდან ფინანსდება, საწვავის საკმარისი მარაგი გაიკეთა იმისთვის, რომ ზამთრის პერიოდი გაიაროს და ევროკავშირში გაზის ტრანზიტი უზრუნველყოს. 2008 წლის შემოდგომაზე საერთაშორისო საფინანსო ფონდმა გადაწყვეტილება მიიღო, უკრაინისთვის კრედიტი გამოეყო 17 მილიარდი დოლარის ოდენობით. დღემდე უკრაინამ სამი ტრანში მიიღო საერთო ღირებულებით 11 მილიარდი დოლარი, მეოთხე ტრანშის გამოყოფა 3.8 მილარდი დოლარის ოდენობით ნოემბერში იგეგმება.
რუსეთის ხელისუფლების ფინანსისტები ბულგარეთისთვის, სერბეთისთვისა და ისლანდიისთვის მსხვილი კრედიტების გაცემის ვარიანტებსაც განიხილავენ.
ბულგარეთი რუსეთისგან 3.8 მილიარდი ევროს სესხს ითხოვს, რომელიც მას ბელენის ატომური ელქტრო სადგურის ასაშენებლად სჭირდება. სოფიას კრედიტის მიღების საკმაოდ დიდი შანსი აქვს, რადგან სავარაუდოა, რომ ამ სადგურს თვითონ რუსები ააშენებენ. სერბეთი თავისი საფინანსო სისტემის სტაბილიზებისთვის 1 მილიარდ ევროს ითხოვს, რომელსაც ასევე, როგორც მოძმე ქვეყანა, სავარაუდოდ მიიღებს.
რუსეთი გეგმავს მიმდინარე წლის ბოლომდე ყირგიზეთს 2 მილიარდი დოლარით დაეხმაროს. რუსეთის პრემიერ-მინისტრის, პუტინის განცხადებით, ამ თანხიდან 1.7 მილიარდი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცელებას მოხმარდება, ხოლო 300 მილიონი ყირგიზეთის ბიუჯეტის მხარდაჭერას. ყირგიზეთი ამ ბოლო დროს აქტიურად ებრძვის ენერგეტიკულ კრიზისს და ელექტრონერგიის ეკონომიის რეჟიმში ცხოვრობს, თუმცა, ამან ყირგიზეთს ჯერჯერობით ვერ უშველა. ელექტროენერგიის უკმარისობის გამო, ხელისუფლება იძულებულია აბონენტებს მასიურად გაუთიშოს ელექტროენერგია. ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, ბავშვებს სასკოლო არდადაგები გაუგრძელდათ და სკოლების ის ნაწილი დაიხურა, რომლებიც ელექტროენერგიით თბებოდა.
სომხეთმა, როგორც მოგახსენეთ, რუსეთისგან დახმარება უკვე მიიღო, მაგრამ მილიარდიანი კრედიტი აზიურ ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსაც სთხოვა.
რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც გამოუყო 5 მილიარდი რუბლი (2.36 და 2.8 მილიარდი რუბლი), ეს შეთანხმება 2009 წლის 17 მარტს გაფორმდა. აღნიშნული თანხა მოხმარდება საბიუჯეტო ორგანიზაციების შენახვას და იქ მომუშავე პერსონალის ხელფასებს, შემწეობებს ბავშვებისთვის, პენსიებს, სტიპენდიებსა და ჯანდაცვას.
საინტერესოა ისიც, რომ რუსეთი “ევროაზიური ეკონომიკური კავშირის” ძირითადი დამფინანსებელია -რუსეთის მთავრობის 7 ივლისის გადაწყვეტილებით, ფონდის ძირითად ნაწილს – 7,5 მლრდ დოლარს რუსეთი შეიტანს. ამის გამო რუსეთის დუმამ ბიუჯეტში ცვლილებებიც შეიტანა. ფონდის ფულადი სახსრები 10 მილიარდი დოლარით განისაზღვრა.
დახმარებას ისლანდიაც რუსეთისგან ითხოვს და უარს ამბობს საერთაშორისო საფინანსო ფონდის ფულზე. ფინანსური სტაბილიზაციისთვის მას 500 მილიონი დოლარი სჭირდება. რუსეთსა და ისლანიას შორის კრედიტის მიღებასთან დაკავშირებული კონსულტაციები ჯერჯერობით გრძელდება. რუსეთის ფინანსთა მინისტრის ლოგიკით, სახსრების დასაბანდებლად ისლანდია ძალიან მომგებიანი ობიექტია. რუსულ მედიაში მიმომხილველებმა საკუთარი ვერსიები წამოაყენეს, სადაც ისინი კრედიტის გაცემის “აუცილებლობის” ნამდვილ მიზეზებს ხსნიან:
1. რუსეთს კუნძულზე სამხედრო ბაზის განთავსება სურს (აშშ-მ თავისი ბაზა 2006 წელს გაიყვანა);
2. რუსეთის ხელისუფლებას ისლანდიაში საიდუმლო ანგარიშები აქვს, ამიტომ იძულებულია ქვეყნის ეკონომიკას დაეხმაროს და ამ გზით თავის ფული დაკარგვას გადაარჩინოს;
3. ამ ნაბიჯით რუსეთი ფიქრობს, რომ ისლანდიისგან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დიპლომატიურ აღიარებას მოიპოვებს.
ისლანდიის საფინანსო სისტემა უფრო დაწვრილებით საუბარს იმსახურებს. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ისლანდიის საფინანსო სექტორის მოცულობა 5-ჯერ აღემატება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს (მოსახლეობა – 300 ათასი). სამი ისლანდიური ბანკი ევროპაში თითქმის ბოლო დრომდე აქტიურად ავითარებდა ბიზნესს, საიდანაც მრავალი ასეულ ათასობით მეანაბრე, ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთებით მიიზიდეს. ბანკები ფულს მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით იღებდნენ და როგორც კი პანიკა გაჩნდა და მეანაბრეებმა თავიანთი ფული ინტერნეტითვე უკან გამოითხოვეს, ისლანდიური ბანკები რამდენიმე საათში გაკოტრდნენ (როგორც წესი, ინტერნეტით მომუშავე ბანკები რამდენიმე დღეში კოტრდებიან).
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ ბანკებში რუსი ოლიგარქების ფულიც დაიკარგა. იხსენებენ, რომ რომან აბრამოვიჩი ჩრდილოეთით მდებარე ამ კუნძულზე არაერთხელ იმყოფებოდა და ვარაუდობენ, რომ – არა მხოლოდ იქაური ბუნებით დასატკბობად, ხოლო ოლეგ დერიპასკა, ისლანდიაში მხოლოდ ადგილობრივი ენერგეტიკისა და ალუმინის მრეწველობის შესასწავლად არ დადიოდა. ამბობენ იმასაც, რომ ირანული წარმოშობის რუსმა ბიზნესმენმა, რობერტ ჩენგიზმა ისლანდიურ ბანკებში 1.2 მილიარდი ევრო დაკარგა. ასე რომ, ექსპერტების ვარაუდით, რუსული ფული მოხმარდება არა ისლანდიის ეკონომიკის გაჯანსაღებას, არამედ ისლანდიური ბანკების ბრიტანელი მეანაბრეებისთვის ფულის გადახდას, რომელთა შორისაც არა ერთი რუსი პერსონა აღმოჩნდება.
ყოველივე ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ, რუსეთის სტაბილიზების ფონდის შეკვეცის ფონზე ხდება, რომელიც ნავთობზე არსებული ფასების გათვალისწინებით (ფასის აწევას პროგნოზირებად მომავალში არ ვარაუდობენ), ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, მომავალ წელს “წარმატებით” დასრულდება. ამ დროისათვის რუსეთი მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციებისგან 18 მილიარდი დოლარის სესხებას აპირებს, ახლა კი, ფულს არიგებს, სად არის ლოგიკა?
სესხის აღების შესახებ კუდრინმა ოფიციალურად განაცხადა და ეჭვი გამოთქვა, რომ საკუთარი ფული მათ შესაძლოა არ ეყოთ სოციალური ხარჯებისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვისა და ეკონომიკის მოდერნიზებისთვის.
რუსეთის ბიუჯეტი დეფიციტურია. არც თუ დიდი ხნის წინ ამ ხვრელის ამოვსების წყაროდ რუსეთის სარეზერვო და ნაციონალური კეთილდღეობის ფონდები მიიჩნეოდა, ანუ ის სახსრები, რომელიც ქვეყანამ იმ პერიოდში დააგროვა, როცა ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები ამის შესაძლებლობას იძლეოდა. სარეზერვო ფონდი 2010 წლისთვის ბოლომდე ამოწურული იქნება, ხოლო ნაციონალური კეთილდღეობის ფონდში კი, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება 940 მილიარდი რუბლის შემონახვა (2 ტრილიონ 863 მილიარდი რუბლიდან, რომელიც ამ წუთისთვის ინახება ფონდში). აღნიშნული 18 მილიარდის პარალელურად, განიხილება 2011-სა და 2012 წლებში კრედიტების აღების შესაძლებლობაც (20-20 მილიარდის ფარგლებში), თუმცა, ამ საკითხში სიცხადე ჯერ არ არის შეტანილი. უცხოური სესხებისა და სახელმწიფო რეზერვების გამოყენებით იგეგმება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება წლიდან წლამდე: 2010 წელს 7.5%-დან, 2012 წელს 3%-მდე. რუსეთის ფინანსთა სამინისტრო დარწმუნებულია, რომ ამ ვალების გადახდა ქვეყნისთვის პრობლემა არ იქნება, თუმცა, ჯერ არ იციან ფულს ვის დაესესხებიან: საერთაშორისო სავალუტო ფონდს თუ მსოფლიო ბანკს, შესაძლოა ორივეს.
გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე რუსეთის ქმედებებს ქვეყანაშივე ოპონენტები გამოუჩნდნენ. თვითონ რუსი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ქვეყანამ, შესაძლოა, წარმატებით ვერ შეასრულოს ის როლი, რომლის მიღებაც ასე სურს და მისი ამბიცია, ვაშინგტონს გაუტოლდეს და მისი დონის მოთამაშე გახდეს, სხვა არაფერია, თუ არა ილუზია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial