პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და შესაძლებლობები საქართველოში

გიორგი ელიზბარაშვილი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო დიდი როლი ეკისრება ისეთი ღარიბი და განვითარებადი ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინვესტიციებს აღრიცხავს 1996 წლიდან, 2005 წლიდან მოყოლებული კი აქვეყნებს კვარტლურ მონაცემებსაც (როგორც წესი III და IV კვარტლის მონაცემები აღემატება პირველ 2 კვარტალს, მაგრამ მას არ აქვს მიღებული რაიმე კანონზომიერების სახე).

1.jpg

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 1996 წლის მონაცემი იმდენად მცირეა, რომ შეგვიძლია საერთოდ ვუგულებელყოთ და ათვლა 1997 წლიდან დავიწყოთ. 2016 წლის მონაცემი წინასწარია და ის შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს, რისი გამოცდილებაც გვაქვს წინა წლების მაგალითზე დაყრდნობით. 2016 წლის წინასწარი მაჩვენებელი 22%-ით აღემატება 2015 წლის წინასწარ მაჩვენებელს და მხოლოდ 5%-ით დაზუსტებულს. 20 წლის მანძილზე სულ შემოვიდა 16.47$ მილიარდი. წელიწადში საშუალოდ 823.3$ მილიონი. მხოლოდ რიცხვები არაფერს ნიშნავს. პირობითად 5$ მილიარდი ინვესტიცია საქართველოსთვის იქნება ეკონომიკური ბუმის და მისი ონიშნა ზრდის საფუძველი, ხოლო იგივე რიცხვი ჩინეთისთვის კრიზისის აღმნიშვნელი. ამიტომ საჭიროა ინვესტიციების მშპს-თან ფარდობის გამოყენება. მსოფლიო ბანკის ანგარიშით საქართველოს მშპ მიმდინარე ფასებში იმავე წლებში შეადგენდა შემდეგს:

2

შენიშვნა-2016 წლის მაჩვენებელი აღებულია საქსტატის წინაწარი მონაცმეის-2.7%-იან ზრდაზე დაყრდნობით. 1999 და 2015 წლებში კლება გამოწვეულია ვალუტის გაუფასურებით, ხოლო 2009 წელს როგორც ვალუტის გაუფასურებით, ასევე ეკონომიკის შემცირებით ლარებში.

ზემოთ მოყვანილი მშპ-ს და ინვესტიციების მონაცემების შეჯერებით ნათელი ხდება, რომ 2007 წელს განხორციელებული ინვესტიცია 2.015$ მილიარდი რეკორდული იყო არა მხოლოდ რაოდენობრივად პროცენტული თანაფარდობითაც-19.81%. ესაა ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ამ წელს დაფიქსირდა რეკორდული ეკონომიკური ზრდა-12.3%. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს შემოვიდა 568$ მილიონით მეტი ინვესტიცია 2006 წელთან შედარებით, პროცენტული თანაფარდობამ 2006 წელს შეადგინა 15.37%, 2014 წელს კი მხოლოდ 10.65%. 2017 წელს დაგეგმილია 4%-იანი ეკონომიკური ზრდა, 10 წლის წინანდელი რეკორდის გასამეორებლად ახლა უკვე დაგვჭირდება არა 2.015 არამედ 2.955 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ნაკლებად დამაჯერებელია, თუმცა სავსებით შესაძლებელი უახლოეს წლებში.

3

სურათი არ იქნება სრულყოფილი, თუ საქართველოს მაგალითს განვიხილავთ ცალკე აღებულს და არ გავითვალისწინებთ მსოფლიო ტენდენციას. საქართველოს ეკონომიკა მცირეა, მაგრამ ღია. შესაბამისად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ჩვენზე აუცილებელ ასახვას ჰპოვებს როგორც დადებით, ასევე უარყოფით ჭრილში. ისევე როგორც საქართველოში, მსოფლიოშიც ინვესტიციების პიკმა მიაღწია 2007 წელს 3.065$ ტრილიონი, რომელიც 2009 წელს 1.361$ ტრილიონამდე შემცირდა. მსოფლიო მშპ-სთანაც ფარდობაშიც 2007 წელი იყო გამორჩეული 5.22%, 2015 წელს მხოლოდ 2.21%.

4

გრაფიკიდან ნათლად ჩანს, რომ ტენდენცია, მართალია მთლად ზუსტი არ არის, მაგრამ, მაინც მსგავსია.

ფაქტია ისიც, რომ 10%-ზე მაღალი წილი არც თუ ისე ბევრ სახელმწიფოს უკავია. ცხრილში ზოგიერთი ქვეყანა შეიძლება სპეციფიკურად მივიჩნიოთ, მაგრამ ერთი დასკვნის გამოტანა მაინც შესაძლებელი ხდება. სათანადო საინვესტიციო გარემოს შემთხვევაში, დიდი მოცულობით ინვესტიციის მიღება შეუძლია როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ სახელმწიფოებსაც. შვეიცარიასაც კი რომლის ადგილზე ყოფნაც ხშირად გვდომებია. ერთი რაც ნამდვილად იკვეთება, სიაში არაა ისეთი დიდი ზომის ეკონომიკები როგორებიცაა აშშ, ჩინეთი და იაპონია, ან თუნდაც გერმანია და ბრიტანეთი. რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს იმავე 2015 წელს დაფიქსირდა შემდეგნაირი ფარდობა სომხეთი 1.7%, აზერბაიჯანი 7.6%, რუსეთი 0.5%, თურქეთი 2.4%. ამ მხრივ რეგიონში ვლიდერობთ, მაგრამ ეს სულაც არაა საკმარისი.
5
მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების, ქვეყანათა ჯგუფის თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოვლენა რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში. როგორც გასულ წელს, ასევე მთელი გასული 20 წლის მანძილზე ლიდერია აზერბაიჯანი. იმ ქვეყნების სია, კი რომლებმაც განახორციელეს 100 მილიონი დოლარის და უფრო მეტის ინვესტიცია ბოლო 20 წლის მანძილზე ასე გამოიყურება:

6

ქვეყანათა ჯგუფისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გრაფიკი კი ასე:

7

აზერბაიჯანის პირველობა ძირითადად გამოწვეულია ნავთობსადენებისა და გაზსადენის გათვალისწინებით. ნავთობსადენების გაყვანაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბრიტანეთი, კერძოდ კი კომპანია BP. ვირჯინიის კუნძულების ყოფნა მე-7 ადგილზე გამოწვეულია ოფშორული ზონებით. კორეას ინვესტიციების ნახევარზე მეტი-61 მილიონი განხორციელებული აქვს 2015-2016 წლებში, ნენსკრაჰესის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და მას კორეული კომპანია K water აშენებს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ევროკავშირის ქვეყნების მიერ განხორციელებული ინვესტიციების წილი დსთ-ს ქვეყნებისას 2.14-ჯერ აღემატება.

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველოში რეგიონები თბილისთან შედარებით კიდევ უფრო ნაკლებადაა განვითარებული. ინვესტიციების განაწილება ამ ფაქტს კიდევ ნათლად წარმოაჩენს. საქსტატი ინვესტიციებს რეგიონების მიხედვით 2009 წლიდან აღრიცხავს 8 წლის განმავლობაში თბილისში განხორციელდა ინვესტიციების 73.6%, რაც 1 ქალაქისთვის, თუნდაც ის იყოს დედაქალაქი, ძალიან მაღალი მაჩვენებელია. უფრო კონკრეტულად კი ინვესტიციები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

8

დოლარებში გამოხატულ რაოდენობას, პროცენტულ თანაფარდობას, რეგიონულ განაწილებასა და სახელმწიფოებთან ერთად, ინვესტიციებზე საუბრისას, აუცილებლად დასაზუსტებელია სფეროები რომელშიც ხორციელდება ინვესტიცია. ამის შესახებ საქსტატზე ინფორმაცია 2007 წლიდან მოიპოვება.

9

მნიშვნელოვანია ასევე ტენდენციების წარმოჩენა, წლების მიხედვით რომელ სექტორში იზრდება და რომელში მცირდება ინვესტიციის მოცულობა. ქვემოთ 2 გრაფიკს ძირითადად ტეხილის სახე აქვს და რაიმე გამოკვეთილი მიმართულების შესახებ არ გვაძლევს ინფორმაციას. ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მკვეთრი ზრდა გამოწვეულია შაჰ-დენიზის პროექტით და მისი დაჩქარებით. 2 წელიწადში პროექტი დასრულდება და თუ არ დაიწყო რაიმე ახალი, აღნიშნულ სექტორში გვექნება ასევე მკვეთრი ვარდნა. 2014 წელს მშენებლობის ზრდა გამოწვეული იყო, ძირითადად ოლიმპიური ქალაქის მშენებლობით.


10

11

უახლოეს წლებში უნდა ველოდოთ 3 სექტორის მნიშვნელოვან ზრდას 1) ენერგეტიკა: ნენსკრაჰესი, ხუდონჰესი, ცხენისწყლის ჰესების კასკადი, ნამახვან ჰესების კასკადი, ონის ჰესების კასკადი, შუახევჰესების კასკადის მეორე და მესამე ფაზები, სადმელი, სხვა მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰესები, ასევე მზის და ქარი ელექტროსადგურები. ნაწილის მშენებლობა დაწყებულია უკვე. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა და არ გადაიდო გაურკვეველი ვადით უკვე მომავალი წლიდან შეგვეძლება დამატებით 1$ მილიარდის მიღება ენერგეტიკის სფეროშო უახლოესი 6-7 წლის განმავლობაში. აღნიშნული სექტორი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან გვეძლევა ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის შანსი. 2) მშენებლობა, რომელიც ნელ-ნელა ისევ იზრდება, თუნდაც თბილისის მასშტაბით ჩვეულებრივ კორპუსებთან ერთად შენდება „აქსის თაუერსი“, „ქინგს დავით რეზიდენსი“, „გალერია თბილისი“ „თბილისი გარდენსი“.
3) სასტუმროები და რესტორნები უპირველესად თბილისსა და ბათუმში, მაგრამ ასევე ქუთაისში, გუდაურში და სხვა საკურორტო ზონებში იხსნება ბევრი ახალი სასტუმრო. Radisson BLU Telegraph, Hilton, Rixos, Intercontinental, Autograph Collection პანორამა თბილისის პროექტით, სასტუმრო თავისუფლების მოედანზე რომელიც Marriott-ის უმაღლესი კატეგორიის ბრენდია, აქსის თაუერსში კი ფრნგული Accor ჯგუფი შემოდის Pullman-ით. ორბი ჯგუფის მიერ Twin towers-ის დასრულების შემდეგ კი სასტუმრო 4500 ნომრით მე-6 ადგილს დაიკავებს მსოფლიოში. ამ პროექტების შემდეგ ინვესტიციების გარდა გაიზრდება შემოსავალი ტურიზმიდან, ბრენდულ სასტუმროებს კი აუცილებლად უნდა მიჰყვეს 3 ვარსკვლავიანი სასტუმროები და ჰოსტელები. 2.5$ მილიარდი უნდა ჩაიდოს ანაკლიის ღრმაწყლიან პორტში. რომელმაც უნდა გაზარდოს და გააიაფოს ტვირთბრუნვა. მოსაზრება, რომ ფოთის პორტიც არაა ბოლომდე დატვირთული და ახალი პორტი მას გააკოტრებს უკიდურესად მცდარია. ჯერ ერთი ფოთის პორტს არ შუძლია პანამაქსის და პოსტპანამქასის ტიპის გემების მიღება, ამ მიზეზის გამო ვერ ვიღებთ შავ ზღვაში შემომავალი გემების 65%-ს. მაშინ როცა მსოფლიოს წამყვანი პორტები 10 000 TEU-იან გემს 48 საათში ცლიან ფოთის პორტში 1500 TEU-იანის დაცლას 3-7 დღე სჭირდება. პარალელურად აუცილებელი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებაც შიდა გადაზიდვებისა და ტრანზიტისათვის. სწორი დაგეგმვის შემთხვევაში პროექტი რკინიგზას კი არ დააზარალებს ხელს შეუწყობს. რაც შეეხება ფოთის პორტის გაკოტრების საშიშროებას, ის ან გაუძლებს კონკურენციას, ან დათმობს პოზიციებს უფრო ძლიერის სასარგებლოდ, დრამატული ამაში არაფერია. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისა და ტურიზმის ზრდის ფონზე პოტენციალი აქვს ავიაციას, რომელიც მნიშვნელოვნად გაიზრდება თუ გადაიხედება ხელშეკრულება TAV-თან, კაბალური ხელშეკრულებით 150 კილომეტრის რადიუსში ახალი აეროპორტის აშენება იკრძალება, ამასთან თუ 24$-ად ქუთაისიდან ბერლინამდე ჩაფრენაა შესაძლებელი თბილიის აეროპორტში 24$ მხოლოდ აეროპორტის მოსაკრებელია. ქვეყნის მთავარი აეროპორტი ძვირია და 2027 წლამდე ახლის აშენების უფლებაც არ გვაქვს, რამაც უკვე დაგვაკარგინა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი და თუ რამე არ შეიცვალა კიდევ მილიარდზე მეტს დავკარგავთ.

2017 წლის მონაცემები, ჯერ არ მოიპოვება. 1 იანვრიდან გაუქმდა რეინვესტირებული მოგების გადასახადი. რამაც დადებითი ასახვა უნდა პოვოს როგორც მთლიანად ბიზნესგარემოზე ასევე მთელს ინვესტიციებზე. მართალია საქართველოში საგადასახადო ტვირთი მცირეა, რეგულაციები გამარტივებული, კორუფციის დონეც უფრო დაბალია ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მაგრამ ეს ყოველივე არაა საკმარისი მიზეზი იმის გარანტიის მისაღებად, რომ ინვესტორი, ხარჯების დაზოგვის მიზნით აუცილებლად შემოვა ჩვენს ქვეყანაში. დადებითთან ერთად მუშაობს ბევრი უარყოფითი ფაქტორიც. მცირე ბაზარი, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, საფრთხე ჩრდილოეთიდან, დაძაბულობა რეგიონში. არის ასეთი არგუმენტიც, რომ თითქოს კარგია დაძაბულობა რომ სუფევს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რადგან ეს რომ არა გაზსადენი, ნავთობსადენი და რკინიგზა უმოკლესი გზით სომხეთზე გაივლიდა. ამ შემთხვევაში სომხეთთან შედარებით ნამდვილად გვაქვს უპირატესობა, მაგრამ როცა ვითვლით რას ვიღებთ, ისიც უნდა დავითვალოთ რას ვკარგავთ. რეგიონში დაძაბულობით გაცილებით მეტი იკარგება, შევადაროთ ერთმანეთს ცხოვრების დონით კავკასიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები, განსხვავება მარტივი დასანახი იქნება. ასევე ღიმილის მომგვრელი იყო რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების დროს სიხარული ტურისტების რიცხვი გაიზრდებაო. ბუნებრივია, ჩვენ არ გაგვაჩნია მეზობელ სახელმწიფოებზე რაიმე ზემოქმედების უნარი, მაგრამ შეგვიძლია ხშირად არ ვცვლალოთ კანონები და გავაჩინოთ მეტი სტაბილურობის განცდა. საკუთარი ძალებით გადავამზადოთ პროფესიული კადრები. ის რის გამოც, ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად TESLA არ ააშენებს ქარხანას საქართველოში ბევრ სხვა გარემოებებთან ერთად სწორედ ტექნოლოგიების არქონა და არცოდნაა. ერთადერთი შანსი შეიძლება იყო განსაკუთრებული შეღავათები მიწის ნაკვეთის 1$-ად გადაცემა და აქციზის გარდა ყველა გადასახადისგან გათავისუფლება 15-20 წლის ვადით. რამდენიმე ასეული მილიონი ლარის საბიუჯეტო შემოსავალზე უარის თქმას გადასწონის ილონ მასკის 1 განცხადება „5 მილიარდიან ინვესტიციას gigafactory 2-ს ასაშენებლად ვდებ საქართველოში.“ მხოლოდ დაბალი გადასახადები რომ იყოს გადამწყვეტი ფაქტორი, მაშინ SAMSUNG, TOYOTA, APPLE უკვე დიდი ხნის შემოსულები იქნებოდნენ. ეს კომპანიები არიან ჩინეთში, სადაც მმართველი ძალა ისევ კომუნისტური პარტიაა, მაგრამ ჩინეთის ბაზარი 1.37 მლიარდიანია, საქართველოსი კი 3.7 მილიონიანი. თუმცა პატარა ქვეყანას აქვს 1 უპირატესობაც, რეფორმების გატარება და ტრანსფორმაცია ბევრად უფრო იოლია. იყო დრო, როცა ქვეყნის მთავარ სიმდიდრედ წიაღისეული საწვავი ითვლებოდა. მან მართლაც რევოლუციური გავლენა მოახდინა არაბული სამყაროს ეკონომიკურ განვითარებაში, მაგრამ ეს დრო ნელ-ნელა წარსულს ბარდება. უკვე დღეს ძვირადღირებული ბრენდების ათეულში საერთოდ არ გვხვდება ნავთობკომპანია, სამაგიეოროდ პირველი სამეული ტექნოლოგიურ კმპანიებს ეკუთვნით: Apple, Google და Microsoft. ანალოგიური სიტუაციაა საბაზრო კაპიტალიზაციის მხრივაც. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია ესესაა იწყება. ამ საუკუნის 20-იან, 30-იან წლებში აუციებლად ჩაიდება რამდენიმე ტრილიონი დოლარი მზის და ქარის ენერგიაში, წყალბადზე და სხვა ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე ავტომობილებში, უპილოტოებში, ხელოვნურ ინტელექტში, ნივთების ინტერნეტში, ვირტუალურ რეალობაში, 3D ბეჭვდაში, ჰოლოგრამულ გამოსახულებასა თუ ინდივიდუალურ გენეტიკურ დონეზე მკურნალობაში, ნანოტექნოლოგიებს პიკოტექნოლოგიები ჩაანაცვლებს, რაც გულისხმობს ზომების ატომურ დონეზე დასვლას, მოგვიანებით კი ფემტოტექნოლოგიები-სუბატომური დონე. იმ შემთხვევაში თუ საქართველო მომზადებული დახვდება ამ ცვლილებებს, შემოვა დიდი ოდენობით ინვესტიცია, გაიზრდება ეკონომიკა, გაუმჯობესდება სოციალური, ეკოლოგიური და ინფრასტრუქტურული გარემო ანუ საერთო ჯამში გაიზრდება კეთილდღეობა, ხოლო თუ არაფერი გაკეთდა, ან გაკეთდა მცირე, მაშინ შანსები უკიდურესად მცირდება. სახელმწიფოს როლი განისაზღვრება ინფრასტრუქტურის მოწყობით, გამართული საკანომდებლო ბაზით, შეძლებისდაგვარად დერეგულირებით, რეგულაციები უნდა ეხებოდეს უსაფრთხოების ნორმებს და ბუნებრივ მონოპოლიებს, ამ ეტაპზე ასევე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ტექნოლოგიების დანერგვა და კვალიფიციური კადრების გადამზადება. ზოგადად რა კორელაციაა განათლების დონესა და შემოსავლის ოდენობას შორის, იქნება ეს ინდივიდუალურად თუ სახელმწიფოს მასშტაბით, განათლებაში ინვესტირებულ თითოელ დოლარს რამდენი დოლარი აქვს უკუგება, ქვეყნის მშპ-ს რა ნაწილი უნდა დაიხარჯოს, რომ შესაძლებელი გახდეს ხარისხიანი განათლების მიღება ცალკე თემაა და მის შესახებ სტატიის კი არა სქელტანიანი წიგნის დაწერაა შესაძლებელი და ახლა მის დეტალურ განხილვას არ შევუდგები. რაც შეეხება საკუთრივ ბიზნესს ის არ უნდა აკეთოს სახელმწიფომ მცირე გამონაკლისის გარდა. ქარის ელექტროსადგური გორში იყო პირველი, შეიქმნა წარმატებული პრეცენდენტი, რამაც გამოიწვია კერძო სექტორის დაინტერესება, ეს მისაღებია, მაგრამ დაუშვებელი იქნება თუ ხუდონჰესსაც სახელმწიფო ააშენებს. თუ ვიტვით, რომ რა მოხდა, გადასახადებიც სახელმწიფოს დარჩება და მოგებაც, მაშინ გამოდის, რომ სოციალიზმი უკეთესი ყოფილა, რისი მცდარობაც არაერთმა მაგალითმა დაამტკიცა.

ბიბლიოგრაფია:
www.geostat.ge
www.nblg.gov.ge
www.forbes.ge
www.worldbank.org
ჟურნალი „ანაკლია“ #1, #2, #3