ქართული ფიესტა

ელენე გაბელაია

“ქართულ ეკონომიკაში ფულის დაბანდება საკმაოდ მომგებიანი იქნება” – აცხადებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კახა ბენდუქიძე და რუს ბიზნესმენებს ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის დაბანდებას ურჩევს, რადგან, მისი განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ლბერალური საგადასახადო სისტემა მკვიდრდება, რაც ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენებისთვის ხელსაყრელ ბიზნეს-გარემოს შექმნის.

მინისტრმა სასტუმრო “თბილისი მერიოტში” რუს ბიზნესმენებს ეკონომიკის ბოლო ქეისი წარუდგინა, ეს არის: როგორც ვთქვით, საგადასახადო კოდექსი, საარბიტრაჟო სასამართლო, 100%-იანი ამორტიზაცია, საგდასახადო დაბალი განაკვეთები, საფინანსო ამნისტია, ახალი ბიუჯეტის პროექტი, თავისი პრიორიტეტებით ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით, დერეგულაცია და რეფორმები ანტიმონოპოლიურ, სტანდარტების სამსახურსა და ქონების მართვის სააგენტოში.

კულტურისა და განათლების მინისტრმა, გიორგი გაბაშვილმა დააკონკრეტა ქვეყანაში რუსული კაპიტალის აქტიურად შემოდინების “მიმართულება” – იგი რუს ბიზნესმენებს განსაკუთრებით ქართული ღვინის ინდუსტრიით დაინტერესებას ურჩევს და აცხადებს, რომ რუსების მიერ წარმოებული ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე უცხოურ პროდუქციას კონკურენციას გაუწევს – კულტურის მინისტრი საქართველოში პირველად ჩატარებული ღვინის ფესტივალის მასპინძელი გახლდათ.

თამაზ სომხიშვილი (“როსნეფტექსპორტ”) – “ჯერ შეიძლება არც ისე მასშტაბური, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ნორმალური ბიზნეს-კავშირები გაიბმევა. საქართველოს სერიოზულმა კატაკლიზმებმა გადაუარა და ამდენად, ბიზნესმენებს შორის ამ რისკის მიმართ გარკვეული შიში არსებობს. ხშირად, პოლიტიკა და კორუფცია დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ბიზნესის თავზე, შეიძლება ეს რუსეთში არავის უკვირს, რადგან იქაც იგივე პრობლემებია, მაგრამ ყველა ბიზნესმენი უკეთეს გარემოს ეძებს. პოტენციალი უზარმაზარია, ყველაფერი ამ ურთიერთობებით იწყება, რთულად, მაგრამ მაინც იწყება. ღვინის ფასი, რუსეთშიც კარგად ვიცით, ვეჭვობ, კალიფორნიაში მას ასე მოწიწებით ექცეოდნენ”.

მსგავს ფესტივალებს იმ ქვეყნისა თუ ქალაქის ბიუჯეტებში, სადაც ტარდება, სერიოზულად დიდი თანხები შეაქვს, ტურიზმის ეს სახე გავრცელებული და პოპულარულია ვაზის ტრადიციებით, ლუდით სახელგანთქმულ ქვეყნებში. ჩვენს შემთხვევაში, ვაზის ფესტივალი, ეს არის ქვეყნის რეკლამა, ეკონომიკური რეფორმის პირდაპირი ინვესტირების შანსი, გარდა ამისა, მსოფლიოსთვის უცხოური პრესის საშუალებით ხმის მიწვდენის შესანიშნავი საშუალება, კონკრეტული საქმე ქართული ღვინის ლეგალური საერთაშორისო ბაზრის შესაქმნელად, დაბოლოს, ტურიზმის ამ სპეციფიური მიმართულების ჩამოყალიებებისთვის ტრადიციის ჩაყრა, რითაც სახელგანთქმულები არიან იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი.

როგორც წესი, საშემოდგომო სახალხო ზეიმი თბილისობაც, ღვინის ტურიზმის ჩამოყალიბებას უნდა ემსახურებოდეს, რის შედეგადაც ქართული სოფლის მეურნეობას სერიოზული მომხმარებელი ეყოლება საერთაშორისო ტურზმის სახით. ისეთი გრანდიოზული ფესტივალების დამკვიდრებას, როგორიც ევროპაში ტარდება, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ამის გაკეთებაც შესაძლებლია.

შემოდგომაზე გერმანიაში ორჯერ ტარდება ლუდის ფესტივალი, მიუნხენში ახლახანს ჩატარებულ ტრადიციულ ლუდის დღესასწაულს, Oktoberfest, 3 მლნ ადამიანზე მეტი დაესწრო, მათ მუსიკისა და სიმღერების თანხლებით, მიირთვეს 4 მლნ ლიტრი ლუდი, (ლიტრ ლუდში 7 ევრო გადაიხადეს), შეჭამეს დაახლოებით, 350 ათასი ცალი შემწვარი წიწილა, 60 ათას ღორის ფეხი და 250 ათას წყვილი მიუნხენური სოსისი, ბოლო წლებში ამ ღონისძიებას ქალქის ხაზინისთვის, საშუალოდ, მლრდ ევრო მოაქვს.

ხალხმრავლობაში დღესასწაულით ეგზალტირებულ ადამიანებს შორის “მომუშავე” ქურდებიც თავიანთ ბიუჯეტზე ზრუნავენ და შექმნილი ატმოსფეროთი კარგად სარგებლობენ. ქურდების ჯგუფმა ხალხის ყურადღების მიქცევა დიდმკერდიანი გოგონას საშუალებით მოახერხა, რომელმაც მკერდი მოიშიშვლა და, როცა აღტაცებული ხალხი მას მიაჩერდა, ქურდებმა დღესასწაულზე მოსულ სტუმრებს ჯიბეები გაუსუფთავეს.