რეგიონული სტრატეგიები – ქვეყნის განვითარების საწინდარი

ევგენი ბარათაშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქ. ტექნიკ. უნივერს. სრული პროფესორი ნოდარ ძიძიკაშვილი, სტრატეგიული დაგეგმვის ექსპერტი ნანა ნადარეიშვილი, გეოგრაფიის დოქტორი, საქ. ტექნ. უნივერს. ასოცირებული პროფესორი ჯანდრი ზარანდია, ეკონომიკის დოქტო

“აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით (გრანტი #GNSF/შთ06/2-067). წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი აზრი ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს”.

დაგეგმვისაკენ სწრაფვა ნებისმიერი მმართველობითი სტრუქტურისთვის დამახასიათებელი ნიშანია მიუხედავად იმისა, განაგებს ის საწარმოს, რაიონის, რეგიონის თუ მთლიანი ქვეყნის ბედს. დღეისათვის საქართველოში ძირითადად გამოიყენება საბიუჯეტო დაგეგმვა, მაგრამ საბიუჯეტო სახსრების განაწილებისას “თაფლიანი კვერები” ყველასთვის სამყოფი არ რჩება.
ამ ბოლო დროს, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებაზე საუბრისას აქცენტი კეთდება ქალაქის, რეგიონის, ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვაზე. მთელ მსოფლიოში მიღებულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დაგეგმვა – ეს აბსოლუტურად აპრობირებული პრაქტიკაა! ამის ნათელი მაგალითია ფინეთი. არჩეული ნაციონალური სტრატეგიის თანამიმდევრული რეალიზაციით, მან 15 წლის განმავლობაში თავისი კონკურენტუნარიანობით მსოფლიოში ლიდერის პოზიცია დაიკავა, რაც თვალნათლივ ჩანს მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ბოლო 5 წლის რეიტინგებიდანაც.[1].
ვსაუბრობთ რა “სტრატეგიაზე” და არა “პროგრამებზე”, ყურადღებას ვამახვილებთ მრავალრიცხოვან პროგრამებსა და სტრატეგიულ დოკუმენტებს შორის ხარისხობრივ სხვაობაზე. აქცენტი კეთდება იმ სავალდებულო თავების აუცილებლობაზე (რაც პროგრამებში პრაქტიკულად არ მუშავდება), რომელთა გარეშე შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის პერსპექტიული ეკონომიკური განვითარების განსაზღვრა.
საქართველოსთვის მისაღები სტრატეგიის შემუშავების დროს საჭიროა მსოფლიოში არსებული მეთოდებისა და მოდელების გამოყოფა. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა და ძველი გამოცდილებაც. როგორც ცნობილია, ახალი – კარგად დავიწყებული ძველია. დღეს სტრატეგიისგან მოითხოვება არა სენსაციურობა და პიარი, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრობლემებისადმი სისტემური მიდგომა. შესაძლებელი უნდა იყოს მისი რეალიზება და რეზულტატების მიღება მოკლე პერიოდისთვის.
რეგიონული სტრატეგიის ჩამოყალიბების თანამედროვე პრაქტიკა.
გასული საუკუნის 90-ან წლებში საქართველოს რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკურმა განვითარებამ მოითხოვა მართვის სისტემების მოდერნიზაციის აუცილებლობა. გარდამავალ ეტაპზე, თავისი უუნარობის გამო, დირექტიული დაგეგმვის რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ძველი სისტემა დაინგრა. საბაზრო ეკონომიკის პირობებისთვის საჭირო გახდა ახალი მიდგომების (კლასტერული ინიციატივების, კონკურენტუნარიანობის ასამაღლებელი მეთოდების) დანერგვა.
სტრატეგიის შემუშავებისა და დაგეგმვის თანამედროვე მსოფლიო გამოცდილება არსებითად განსხვავდება ჩვენთან მიღებული მეთოდიკისგან. სამწუხაროდ, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავების მიდგომები საქართველოში ნაციონალურ და რეგიონულ დონეზე არ შეესაბამება დაგეგმვის საუკეთესო პრაქტიკას (იხ. ნახ. #1).
მსოფლიოში მიღებული მეთოდიკით, შესრულებული სტრატეგიული დოკუმენტები განსხვავდება იმით, რომ მათში აისახება მოქმედებათა კონკრეტული გეგმა. ასეთი მეთოდიკები და რეკომენდაციები გააჩნია მრავალი ქვეყნის სათანადო სტრუქტურებს. თვალსაჩინო მაგალითისთვის შეიძლება გამოდგეს უკრაინის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციული დოკუმენტები.[2,3,4]. სამწუხაროდ, საქართველოში პრაქტიკაში ჯერ კიდევ რეგიონის ეკონომიკური განვითარების შემუშავების ძველი მიდგომებია და ისიც არასათანადოდ გამოიყენება.
როგორც წესი, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებით (საქალაქო, რაიონის, მხარის ან სახელმწოფო განვითარების) დაკავებულნი უნდა იყვნენ შესაბამის ორგანოთა ადმინისტრაციების სტრუქტურებში შექმნილი ქვედანაყოფები. ჩვენთვის ამ ქვედანაყოფების პოტენციალი როგორც პროფესიონალიზმის, ისე მატერიალური რესურსების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ცნობილი არ არის, მაგრამ სახეზეა შედეგი – საქართველოში მაღალ პროფესიულ დონეზე (საერთაშორისო სტანდარტებით) შესრულებული პროექტების დეფიციტი. აქ საკითხი დგას მარტივად: იქნება პროექტები, იქნება ინვესტიციებიც, არ იქნება ინვესტორისთვის მისაღები პროექტები, არც ინვესტიციები იქნება. დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის: რომელიმე ქალაქის, რაიონის, დარგის ან მხარის სტრატეგიული განვითარების მონახაზებიც კი 2010-2020 წლების პერსპექტივაში, მით უმეტეს, ლაპარაკიც კი არ არის ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ ხედვაზე. საჯარო არ ყოფილა (საექსპერტო დონეზეც კი) დისკუსიები, თუ რატომ უნდა იყოს პრიორიტეტული რომელიმე დარგი ან ნაციონალური პროგრამა სხვასთან შედარებით, რა გაანგარიშებებს და მეთოდიკებს ეფუძნება ასეთი გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, ეს ხდება ყოველგვარი გათვლების გარეშე, მიზეზ-შედეგობრივი პროცესების გაუთვალისწინებლად, სადაც არ არის მხედველობაში მიღებული ალტერნატიული სცენარების თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით მოდელირების შედეგები.
ამიტომაა, რომ ჩვენთან გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები ან პროგრამები არ აქვს არც ერთ რეგიონს, ქალაქს და თვით ქვეყანას. თუ არსებობს რეგიონული პროგრამები (ისინი არც სამთავრობო ინტერნეტ-რესურსებზეა განთავსებული და არც პრესის ფურცლებზე), მათ შეიძლება დეკლარაციული დოკუმენტები უფრო ეწოდოს. ისინი ჩვეულებრივ მოიცავენ: ბიუჯეტისა და რეგიონის რესურსების ზოგიერთ ანალიზს, განვითარების შესაძლო პერსპექტივებს და საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალს. როგორც წესი, ასეთი პროგრამები შეიძლება იქმნებოდეს მხოლოდ ფულადი სახსრების გამოყოფის (მიღების) დასაბუთების მიზნით, ე. წ. ცენტრალური პროგრამებით, რომელთა დაფინანსება ხდება ცენტრალური ბიუჯეტიდან. სხვა მხრივ, რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამები შეიძლება განუხორციელებელი დარჩეს.
ჩვენ არ ვიცით, რა მდგომარეობაში იქნება 10-15 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა, მაგრამ რეგიონის ან მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა (თუნდაც ის არ იყოს დამუშავებული ქვეყნის მასშტაბით) და საკუთარი შესაძლებლობების ცოდნა აუცილებელი და საჭიროა ყოველთვის. სტრატეგიის შემუშავება ნიშნავს ხელისუფლების მიერ თავისი მოვალეობის აღიარებას – გახდეს უფრო მიზნობრივი და ეფექტური.
სოციალურ-ეკონომიკური დაგეგმვის საუკეთესო პრაქტიკა ნაციონალურ და რეგიონულ დონეზე მოიცავს 2 ურთიერთდაკავშირებულ პროცესს: სტრატეგიულ დაგეგმვას და პროგრამების შემუშავებას, როგორც სტრატეგიის რეალიზაციის იარაღს (იხ. ნახ. #2).
ცნობილი პროექტებიდან, რომლებსაც პრიორიტეტი აქვთ საქართველოში, ან სოციალური მიმართულებისაა ან ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა გამიზნული. საქართველოს მთავრობამ ორი წლის წინ მილენიუმის პროგრამაში პირველად გააკეთა განაცხადი მნიშვნელოვანი თანხების მოსაზიდად. ამასთან, გარდაქმნის საფუძვლად გაცხადებული იყო შიგა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სიღარიბის დაძლევა.
დომინირებს ასეთი წარმოდგენა, რომ მთავარია სწორად ავაწყოთ საბაზრო მეურნეობისა და დემოკრატიის ინსტიტუტები და თუ მათ სწორედ ავაშენებთ, მაშინ ისინი როგორღაც თავისით იმუშავებენ და ავტომატურად მიგვიყვანენ რაღაც შედეგამდე, არა მიზნამდე, არამედ რაღაც შედეგამდე. ვთვლით, რომ აღნიშნული მიდგომა სრულიად მიუღებელია.
ცნობილია, რომ ყველა ქვეყანა, ვინც კი მიაღწია რაიმე წარმატებას, სახავდა არა მარტო სტრუქტურისა ან ინფრასტრუქტურის შესაქმნელად საჭირო ღონისძიებებს, არამედ გარკვეულ ეკონომიკურ მიზნებს.
რა აფერხებს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას?
არსებობს ორი პრინციპულად განსხვავებული მართვის სისტემა – ანტიკრიზისული და განვითარებაზე ორიენტირებული. კრიზისი დამთავრდა, დაიწყო ეკონომიკური აღმშენებლობა და ქვეყანაში უნდა იმუშაოს განვითარების მოდელმა. სამწუხაროდ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ვიმყოფებით ფაქტიურად მოდელგარეშე სივრცეში. ამასთან, პრივატიზაციისა და საგადასახადო სისტემაში წესრიგის დამყარების შედეგად რეფორმები გრძელდება უკვე მესამე წელია, შემდგომ განვითარებაზე ორიენტირებული მართვის სისტემა კი კვლავ არ ჩანს.
ჩვენ ვთვლით, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა უფრო სწრაფად გაუმჯობესდება, თუ გადავალთ განვითარებაზე ორიენტირებულ მოდელზე.
XV საუკუნის კაპიტალიზმის ანკლავის – იტალიური ქალაქების მაშინდელი ფუნქციონირების დროიდან, მიღებულია აქტივებსა და მშპ-ს შორის კლასიკური შეფარდება. ეს არის 5:1 Nან 6:1. ეს დამოკიდებულება აღმოაჩინა ფერნან ბროდელმა, ე.ი. თუ გვაქვს 100 ლარის აქტივები, მაშინ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ წელიწადში დამატებითი ღირებულებულება 20 ლარის ოდენობით, ან 10 ლარის აქტივებით აწარმოებენ 2 ლარის დამატებით ღირებულებას, ე.ი. 20%-ს. როცა 1:1, მაშინ ქვეყანა ძალიან დაძაბულ მდგომარეობაშია. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში კაპიტალიზმი არ არის, რადგან კაპიტალიზმი არის იქ, სადაც ბევრი კაპიტალია. კაპიტალი წარმოშობს დამატებით ღირებულებას, რომლის ნაწილიც კვლავ გადაიქცევა კაპიტალად და ასე შემდეგ. ქვეყნების მიხედვით ეს ფარდობა ასე გამოიყურება: აშშ-თვის – 5:1, გერმანიის, საფრანგეთის და იაპონიისთვის – 6:1, დიდი ბრიტანეთისთვის – 7:1, ჩინეთისთვის – 3:1, ბრაზილიისთვის – 2:1, რუსეთისთვის – 1:1. [5].
საქართველოსთვის ჩვენ არ ვიცით ამ ფარდობის სიდიდე, რადგან ჩვენთან ქვეყნის აქტივები შეფასებული არ არის სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქტივებისა და მშპ-ს შეფარდების თვალსაზრისით ქვეყანა არ არის სათანადოდ შეფასებული. რა არის ქვეყანა? ეს არის რეგიონები. ამიტომ, საჭიროა რეგიონების კაპიტალიზაციის ამაღლება. თუ ვივარაუდებთ, რომ @2006 წლის ბოლოსთვის საქართველოში მშპ იყო 13,824 მილიარდი ლარი [6], ნორმალური კაპიტალისტური ქვეყნის პარამეტრებზე გასასვლელად ქვეყნის აქტივები უნდა იყოს ხუთჯერ მეტი მაინც, ე.ი. 70 მილიარდი ლარის ფარგლებში. ასე, რომ აქტივების შეუფასებლობა საქართველოში თვალნათლივ ჩანს. საქართველოში თვალშისაცემია მხოლოდ მიწის გაძვირება თბილისში და საკურორტო ადგილებში, აქტივები კი მარტო მიწა არ არის. სათანადოდ არ არის შეფასებული სხვა ქონებისა და ქართული კომპანიების რეალური ღირებულებაც.
აქტივების რეალურად შეფასებისათვის, საჭიროა რეგიონული განვითარების სტრატეგიული მიზნების ზუსტად გამოკვეთა, რომლებიც შეთავსებული იქნება როგორც ნაციონალურ მიზნებთან, ისე დარგობრივ სტრატეგიებთან. დღეს საქართველოში ეს არ ხდება. მაგალითისთვის, საქართველოს რკინიგზა გეგმავს თავის საქმიანობას ისე, რომ ვერ ითვალისწინებს ქვეყნის საპორტო პოტენციალს და შესაბამისი რეგიონების განვითარების გრძელვადიან სტრატეგიებს (რადგან ასეთი სტრატეგიები არ არსებობს). კიდევ ერთი მაგალითი: ქვეყანაში პრიორიტეტულად გამოცხადებულია ტურიზმის განვითარება, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებით გათვლილი ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმა ჩვენთვის ცნობილი არ არის და მით უმეტეს, შეჯერებული ისეთი საკურორტო რეგიონის სტრატეგიული განვითარების გეგმასთან, როგორიც აჭარაა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითოეული ეკონომიკური სუბიექტი თავისთავად ვითარდება სხვა რეგიონებისა და მთლიანად ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის გაუთვალისწინებლად. ამიტომ ვერ დავეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავება ფუჭად დაკარგული დროა და უკეთესია, ვიცხოვროთ დღევანდელი დღით. პირიქით, ჩვენი ღრმა რწმენით 20-წლიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები უნდა ჰქონდეს თითოეულ დარგსა და რეგიონს, რომლებიც შეჯერებულნი იქნებიან ქვეყნის განვითარების იმავე პერიოდის დოქტრინასთან.
რეგიონების განვითარების სტრატეგიის გავლენა კონკურენტუნარიანობაზე
სტრატეგია არის არა უბრალოდ ხელმძღვანელის მაგიდაზე დადებული ლამაზად გაფორმებული დოკუმენტი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ამბიციური, მაგრამ რეალური მიზნების მისაღწევი იარაღი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტრატეგიის ფასეულობა მის პრაქტიკულ გამოყენებით ხასიათშია, ინსტრუმენტულობაშია და მას რეალური გავლენა აქვს კონკურენტუნარიანობის დონეზე. თავის მხრივ, კონკურენტუნარიანობა წარმოადგენს კრიტიკულ ფაქტორს (ინდიკატორს), რომელიც განისაზღვრება მოსახლეობის ცხოვრების დონით.
ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონები, რეგიონული ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი ბიზნესის ჩათვლით. კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა შეიძლება მხოლოდ განსაზღვრული და მიზანმიმართული მოქმედებებით, რომლებიც ხელს უწყობენ რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მისი განვითარებისთვის მიმზიდველი პირობების შექმნის გზით.
ამრიგად, რეგიონის კონკურენტუნარიანობა განისაზღვრება არა რესურსების არსებობა-არარსებობით, არამედ განვითარების სტრატეგიით[7]. საქართველოს აყვავების გასაღებია რეგიონებისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების შემუშავება.
მსოფლიოში და პოსტსაბჭოურ სივრცეში დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიზანშეწონილია გამოიყოს რეგიონული სტრატეგიების 4 ტიპი, რომლებიც ჩამოყალიბდნენ შემდეგი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით[8]:
– სტრატეგიები, მიმართულნი საწარმოო ძალების განვითარებასა და განლაგებაზე;
– სტრატეგიები, ორიენტირებულნი დამატებითი ფინანსური სახსრების მოზიდვაზე;
– სტრატეგიები, მიმართულნი სივრცობრივ მოწყობაზე;
– სტრატეგიები, მიმართულნი ეკონომიკის სტრუქტურის შეცვლაზე.
რეგიონული განვითარების სტრატეგიები
1. საწარმოო ძალების განვითარების სტრატეგიები
სტრატეგიები მიმართულნი საწარმოო ძალების განვითარებაზე და განლაგებაზე, დაფუძნებულნი არიან საწარმოო სიმძლავრეების განთავსებაზე ამა თუ იმ ტერიტორიაზე. ამგვარად, ამ სტრატეგიის მიზანია ეკონომიკის ისეთი ტერიტორიული სტრუქტურის აგება, რომელიც შეესაბამება განსაზღვრული რეგიონის ბუნებრივ და სამეურნეო პირობებს. ეს სტრატეგია მიეკუთვნება იმ სტრატეგიებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რეგიონის განვითარების ექსტენსიური ფაქტორების აქტივიზაციასთან.
2. დამატებითი ფინანსური სახსრების მოზიდვის სტრატეგიები.
სტრატეგიები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან დამატებითი ფინანსური სახსრების მოზიდვაზე, ასევე მიეკუთვნებიან ისეთ სტრატეგიებს, რომლებიც რეგიონის განვითარების ექსტენსიური ფაქტორების აქტივიზაციასთან არიან დაკავშირებულნი. ასეთი ტიპის სტრატეგიების გამოხატვის ფორმას, როგორც წესი, წარმოადგენს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა. პროგრამის ჩარჩოებში განისაზღვრება საკვანძო პრობლემები, ასევე ღონისძიებები და პროექტები, რომლებიც მიმართულია ამ პრობლემების მოგვარებაზე და რომლებიც დაფინანსებას ითხოვენ სახელმწიფოს ცენტრალური ბიუჯეტიდან. შესაბამისად, ზემოთ ხსენებული სტრატეგიის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენს გამოყოფილი სახსრების ხარჯვის ეფექტურობის მონიტორინგისა და კონტროლის სისტემა.
3. სივრცობრივი მოწყობისკენ მიმართული სტრატეგიები. სივრცობრივ მოწყობაზე მიმართული სტრატეგიები დაფუძნებულია ტერიტორიის ფუნქციურ ზონირებაზე. შესაბამისად, სივრცობრივი მოწყობის სტრატეგიის მიზანია ტერიტორიის ოპტიმალური სივრცობრივი მოწყობის შემუშავება დიფერენცირებული ეკონომიკური, სოციალური და ტერიტორიული პოლიტიკის განხორციელებით, რის შედეგადაც მატულობს ამ ტერიტორიების რესურსების გამოყენების ეფექტურობა.
ამ ტიპის სტრატეგიები აისახება ისეთ დოკუმენტებში, როგორიცაა ტერიტორიული დაგეგმარების სქემები, ტერიტორიების გენგეგმები.
სივრცობრივი მოწყობის სტრატეგია მიმართულია ტერიტორიების განვითარების ექსტენსიური ფაქტორების აქტივიზაციისკენ. თავისი არსით ის ახლოსაა ეკონომიკურ გეოგრაფიასა და რეგიონალისტიკასთან.
4. ეკონომიკური სტრუქტურის შესაცვლელი სტრატეგიები. ამ ტიპის სტრატეგიების მიზანია, პირველ რიგში, შეიმუშაონ ისეთი დარგობრივი პაკეტი, რომელიც ეფუძნება დარგების სპეციალიზაციისა და ურთიერთშევსების პრინციპს, მეორე მხრივ კი, ხელს უწყობს მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე დარგების ხვედრითი წონის ზრდას. ამ სტრატეგიების ფარგლებში შემდგომი სრულყოფის ბოლო ტენდენციებია კლასტერების ფორმირებისა და განვითარების პროცესების გააქტიურება. აღნიშნული კლასტერები სპეციალიზდება რა საქმიანობის გარკვეულ მიმართულებებზე, იმავე დროს იმპულს აძლევს მონათესავე დარგების განვითარებასაც. დღეს ყოველგვარი გადამეტებით შეიძლება ითქვას, რომ როგორც ქვეყნის მასშტაბითი, ისე რეგიონურ დონეზე საქართველო მწვავედ განიცდის ეკონომიკური სტრუქტურის ცვლილებებზე ორიენტირებული განვითარების სტრატეგიის უქონლობას. ეკონომიკური ზრდისა და ცხოვრების დონის ასამაღლებლად ყველაზე რეალურად გვესახება ეკონომიკური სტრუქტურის შესაცვლელი სტრატეგიის ჩამოყალიბება ცალკეული რეგიონისთვის.[2]
სხვადასხვა ტიპის სტრატეგიების ეფექტურობა
ყოველი სტრატეგია სხვადასხვა დოზით გავლენას ახდენს ნაციონალურ და რეგიონალურ კონკურენტუნარიანობაზე.
ზემოთ აღწერილი სტრატეგიების 4 ტიპიდან აშკარაა, რომ მხოლოდ ეკონომიკური სტრუქტურის შეცვლაზე ორიენტირებული სტრატეგია არის მომავლის ხედვაზე გათვალისწინებული. ამიტომაც სწორედ ეს სტრატეგია (რომელიც წარმოადგენს კონკურენტუნარიანობის ყველაზე მაღალი დონის მისაღწევ შესაძლო საშუალებას) უნდა დაედოს საფუძვლად ნაციონალურ და რეგიონულ სტრატეგიულ დაგეგმვას. ყველა დანარჩენი სტრატეგიის ტიპები წარმოადგენს ფუნქციურს. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მათ უვარგისობას, მაგრამ, რადგან, პირველი სამი სტრატეგია მიეკუთვნება “დამხმარე” კატეგორიას, მათი შემუშავება უნდა ხორციელდებოდეს მომავლის ხედვის ჩამოყალიბების შემდეგ.
გრძელვადიანი მომავლის, მიზნებისა და მათი მიღწევის სტრატეგიის განჭვრეტის უქონლობა იწვევს კონკურენტუნარიანობის და ფოკუსირების გაქრობას, ასევე შეზღუდული რესურსების არარაციონალურ ხარჯვას. მრავალი პოლიტიკური რისკის მქონე საქართველოსთვის გრძელვადიანი განსაზღვრული პოლიტიკა (რომელსაც გაიზიარებდა ელექტორატის ყველა ძირითადი ჯგუფი) მნიშვნელოვანი იარაღი იქნებოდა იმიტომაც, რომ პოლიტიკური ელიტის შეცვლის დროს, მოსახლეობას გარანტირებული ექნებოდა მემკვიდრეობითი და სახელმწიფო პოლიტიკის წინასწარ განჭვრეტილი სტაბილური სცენარი.
უკანასკნელი 10-15 წელია სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოში უმეტესად კონცენტრირებულია მაკროეკონომიკურ დონეზე. რა თქმა უნდა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა ეკონომიკაში წარმატების ფუნდამენტური საფუძველია, მაგრამ მთავრობის მიერ გამოყენებული საშუალებების ტრადიციული ნაკრები ძალიან შეზღუდულია და არ იძლევა მთავარი მიზნის მიღწევის საშუალებას – ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას. ემყარება რა მაიკლ პორტერის მიერ შემუშავებულ კონცეფციას, მრავალი განვითარებული ქვეყანა შეუდგა ე. წ. კლასტერულ პოლიტიკას, რომლის მთავარი იდეაა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ქვეყნისთვის ძლიერი მიკროეკონომიკური საძირკვლის აშენება [9].
თუ მოხდება სახელმწიფო პოლიტიკის ფოკუსირების ცვლილება მაკროეკონომიკიდან მიკროეკონომიკაზე და ქვეყანაში იარსებებს განსაზღვრული ტერიტორიები, როგორც კლასტერების განვითრებისათვის საჭირო ატრიბუტები, მაშინ მნიშვნელოვნად გაიზრდება რეგიონული ადმინისტრაციების როლი სტრატეგიის შემუშავების პროცესში.
ამგვარად, რეგიონის ან ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავება ეს საკმაოდ მრავალგეგმიური და მრავალსაფეხურიანი ამოცანაა. მისი გადაწყვეტა წარმოუდგენელია ქვეყნის ხელმძღვანელობის გარეშე. ადმინისტრაციული რეფორმა, საგარეო ხელშეკრულებები და შესაბამისი გარდაქმნები ეკონომიკაში უნდა გახდეს ამ სამუშაოს განუყოფელი ნაწილი. ამასთან, მისი გლობალური ხასიათი არ უნდა გახდეს სტრატეგიის შემუშავების “სამომავლოდ” გადადების მიზეზი. სტრატეგიის შემუშავება საკმაოდ კონკრეტული, ტექნოლოგიური და სავსებით დასაძლევი ამოცანაა მათთვის, ვისაც ესმის მისი არსი და გადაწყვეტის აუცილებლობა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial