ბიუროკრატია, უპასუხისმგებლობა და დაზარალებული მოსახლეობა

გიორგი ელიზბარაშვილი

ღმერთმა შექმნა ადამიანი, ადამიანმა ბიუროკრატია თავისივე სატანჯველად. ათასგვარი მოწმობა, ნებართვა, საბუთი, გაუთავებელი რიგები… საზღაურია პირველადქმნილი ცოდვის. დროის შესახებ მსჯელობდნენ და მსჯელობენ, ფილოსოფოსები, მეფეები, ფიზიკოსები, ეკონომისტები. სამყაროს შესაქმნელად სულ 3 კომპონენტია საჭირო. მატერია, დრო-სივრცე და ენერგია. დიდ აფეთქებამდე დრო არ არსებობდაო 13.8 მილიარდი წლის წინ სამყაროსთან ერთად დროც დაიბადაო. ჩემთვის ეს ცოტა რთული გასაგებია და მიჩნდება კითხვა აბა მაშ რა ხდებოდა 20 მილიარდი წლის წინ? დროის არარსებობა უცოდინრობის თავისგასამართლებლის უსუსურ მცდელობად მეჩვენება. დროებით შევეშვათ ფიზიკასა და მეტაფიზიკას, დროში მოგზაურობის თეორიულ და პრაქტიკულ შესაძლებლობებს, ერთი რაშიც ვთანხმდებით მემარჯვენეები და მემარცხენეები, რესპუბლიკელები და როიალისტები, ისაა, რომ დრო ფულია, უძვირფასესი რესურსი, რომელსაც გაფრთხილება და ყაირათიანად გამოყენება სჭირდება. ნათქვამია კაცი ბჭობდა, ბიუროკრატი იცინოდაო.

2011 წლის 1 აგვისტოდან საქართველოში დაიწყო ID ბარათების გაცემა. უფრო მცირე ზომის, დაცული და მოსახერხებელი პირადობის მოწმობა, რომელსაც შემდგომში უფრო ბევრი ფუნქცია უნდა დამატებოდა. „ამ სატანურ პროექტს“ უმალ წინ აღუდგნენ სხვადასხვა ჯურისა და წარმომავლობის მქონე ადამიანები. უშრეტი ცეცხლისა და გეენიის მუქარით დიდწილად მიაღწიეს კიდეც საწადელს. ID ბარათები დღესაც გაიცემა, თანაც უალტერნატივოდ, მაგრამ ის მხოლოდ პირადობის მოწმობაა, როცა ტექნიკურად ბევრად მეტია შესაძლებელია. ID ნიშნავს I’m demon-ო ამტკიცებდა ჩემდა სამწუხაროდ ერთ-ერთი მეუფე. ძნელია ასეთ ადამიანებთან კამათი. მაგრამ არსებობს მოწინააღმდეგეთა მეორე კატეგორიაც, რომლებიც ფიქრობენ, რომ პირადობაში არსებული ჩიპით შესაძლებელია მფლობელის კონტროლი, სად იმყოფება, რას ლაპარაკობს. ადგილმდებარეობის დასადგენად მობილური ტელეფონი უკეთესი საშუალებაა. გარდა ამისა ჩიპი გააჩნია საბანკო ბარათების უმეტესობას, უჩიპოა მხოლოდ ისეთი ბარათები რომლის მეშვეობითაც ტრანზაქციები ხორციელდება მხოლოდ ლარში მაგალითად საპენსიო ბარათები.

დღეს ადამიანს ჯიბეები და საფულე უამრავი ბარათით აქვს გატენილი, პირადობა, მინიმუმ 1 საბანკო ბარათი, რამდენიმე აფთიაქის ფასდაკლების ბარათი, მაღაზიების ფასდაკლების ან სასაჩუქრე ბარათები, სამსახურის, ბიბლიოთეკის, მედიათეკის სპორტდარბაზის საშვი, მართვის მოწმობა, დაზღვევის პოლისი… ზოგს შეიძლება დასათვლელად 2 ხელიც არ ეყოს. შარვლის გამოცვლისას გადაბარგება განსაკუთრებული რიტუალია, თუ რომელიმე დაგრჩა მტრისას ან ფასდაკლებით ვერ ისარგებლებ, ან სადღაც არ შეგიშვებენ. ახლა წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი 1 ბარათში, მაქსიმუმ ორში თუ საბანკო ბარათს ცალკე განვიხილავთ. მხოლოდ პირადობას წარუდგენ პატრულის თანამშრომელს და პირადი ნომრის საფუძველზე დაადგენს გაქვს თუ არა ავტომობილის მართვის, ან ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება. 1 ბარათით იმგზავრებ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიიღებ ფასდაკლებას წიგნისა თუ ავეჯის მაღაზიაში. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გადაქცევა სახლისა და მანქანის გასაღებად. სკეპტიკოსები ამბობენ დაკარგვის შემთხვევაში ყველაფერი გეკარგებაო. ამისთვის პირადობასთან ერთად კარგი იქნება თუ დამზადდება მისი ასლიც დროებითი დოკუმენტი ასეთი შემთხვევებისთვის, მას ეწერება შესამჩნევად რომ არის ასლი და ამ ასლის წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში ან მეორე დღესვე დაჩქარებული წესით გაიცემა ახალი დოკუმენტი, მონაცემების გადამოწმება კი მოხდება ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დახმარებით. საფულის დაკარგვის შემთხვევაში შეიძლება დაიკარგოს 6-7 დოკუმენტი რის აღდგენასაც გაცილებით მეტი დრო და ფული დასჭირდება. 1 ბარათი გარდა იმისა რომ ადამიანებს ცხოვრებას გაუმარტივებს დაუზოგავს მათ სახსრებსა და დროით რესურსს. ზუსტად იმავე მოგებას ნახავს სახელმწიფოც და კერძო კომპანიებიც. რატომ უნდა გაირთულოს ცხოვრება სხვამ თუ ვიღაცას ჰექსაკოსიოჰექსეკონტაჰექსაფობია სჭირს? ნუ შეიწუხებთ თავს ამ გრძელი სიტყვის განმარტების მოძიებაზე, შეგიძლიათ არც წაიკითხოთ ეს 30 ასოიანი სიტყვა რიცხვ 666-ის შიშს აღნიშნავს.

პრობლემა მხოლოდ ბარათების სიმრავლეში არ არის, იუსტიციის სახლებმა, რომელიც წინა ხელისუფლების ერთ-ერთი დასამახსოვრებელი პროექტია ადამიანებს მისცა მნიშვნელოვანი დროითი შეღავათი, მაგრამ ეს არასაკმარისია. თითოეულ საბუთზე მაინც ცალ-ცალკე გვიხდება სიარული. პიროვნების შესახებ ინფორმაცია მიმობნეულია და საჭიროების შემთხვევაში სწორედ მას უხდება მოძიება. სკოლაში ითხოვენ დაბადების მოწმობას, უნივერსიტეტში ნოტარიულად დამოწმებულ ატესტატის ასლს, სახელმწიფო თავისივე გაცემულ დოკუმენტზე მოითხოვს ნოტარიულ დამოწმებას, სამსახურში ნასამართლეობის ცნობას რომლის მოთხოვნაც მართალია ინტერნეტით შეიძლება, მაგრამ გამოგზავნაზე აღარ იწუხებენ თავს, ზოგი ჯანმრთელობის ცნობას ითხოვს, ზოგი ხელფასის ჩარიცხვისას… რეალურად შესაძლებელია არსებობდეს ერთი დიდი მონაცემთა ბაზა სადაც იქნება პიროვნების შესახებ ყველა ინფორმაცია დაბადების ადგილი და თარიღი, სრული სამედიცინო ისტორია, სისხლის ჯგუფი, თითის ანაბეჭდი, განათლება დაწყებული სკოლიდან, გნებავთ ბაღიდან დამთავრებული უნივერსიტეტით, აკადემიური მოსწრებითა და ჯილდოებით, სამუშაო გამოცდილება და ხელფასის ოდენობა, საკრედიტო ისტორია… ადამიანს კი უნდა შეეძლოს რომ მის შესახებ არსებული ინფორმაციის ნაწილი სურვილისამებრ გაუზიაროს ვინმეს ID ბარათის წამკითხველის მეშვეობით რომელიც სულ რაღაც 10 ლარი ღირს. აღსანიშნავია ისიც რომ რეგიონებში ხშირად არ არის ყველა სერვისი ხელმისაწვდომი და საჭირო ხდება რეგიონულ ცენტრში ან დედაქალაქში ჩასვლა, ხშირად რამდენჯერმეც. მოშორებული რეგიონიდან დედაქალაქამდე მგზავრობა კი 20 ლარი და მეტიც ღირს, თუ ვინმეს 2-ჯერ მოუწია ჩამოსვლა მისი ხარჯი 100 ლარს მიაღწევს როცა ყველაფრის მოგვარება სახლიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია. ასაკიანი ადამიანები ვერ ხმარობენ კომპიუტერს, ბევრს არც აქვსო იტყვის, ასეა, მაგრამ იმავე ასაკიან ადამიანს ურჩევნია დახმარება შვილს, შვილისშვილს სთხოვოს ან მის რაიონში მდებარე იუსტიციის სახლს ესტუმროს ვიდრე დედაქალაქს. სკეპტიკოსები აქაც იტყვიან ხომ შეიძლება ვიღაცამ მოიპაროს ის ბარათის წამკითხველი ან დისტანციურად გატეხოსო, შეიძლება, მაგრამ მაგ ლოგიკით საერთოდ უარი უნდა ვთქვათ ინტერნეტბანკზე, ნივთების გამოწერაზე ან სასტუმროს დაჯავშნაზე.
ხმაურია ატეხილი გამარტივებული წესით ჩატარებულ ტენდერებზე. როცა 2 მილიონის ღირებულების სამუშაოს პირდაპირ უკვეთავ ვინმეს მართლაც ჩნდება კითხვები, მაგრამ ისიც პრობლემაა 25 ლარიანი კარტრიჯის ყიდვა რომ არ შეიძლება უტენდეროდ, ჩეკის დართვის შემთხვევაშიც კი. ასეთ დროს ადამიანები ან საკუთარი ჯიბიდან იღებენ თანხას ან საქმე უბრალოდ ცდება.

ბიუროკრატიული ქსელი ნოყიერ ნიადაგს უქმნის კორუფციას. დანაშაულია როგორც ქრთამის აღება, ასევე გაცემაც. თუმცა ისიც დასადგენია რის გამო ხდება ქრთამის შეთავაზება თუ იმიტომ, რომ ექსპერტმა დამალოს ქარხანაში არსებული გამონაბოლქვის დონე, ეს რეალურად დანაშაულია, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ქრთამის მიცემა ხდება რაიმე ნებართვის მიღების დასაჩქარებლად, პროცედურების გადასახტომად ან რაიმე არასაჭირო დოკუმენტის უქონლობის გამო თვალის დასახუჭად მსგავსი ფაქტები დანაშაულია მხოლოდ იმიტომ რომ სადღაც კანონში წერია ასე. რაიმე ფაქტი დანაშაულად არ უნდა ითვლებოდეს თუ არ არსებობს თუნდაც პოტენციური დაზარალებული ან დაზიანებული ვინმე ან რამე, მთვრალი მძღოლი შეიძლება არავის დაეჯახოს, მაგრამ მაინც პოტენციური დამნაშავეა, მაგრამ უდანაშაულო იყო ნოტარიუსი რომელმაც კლიენტს პირადობის ქსეროასლი გადაუღო და ამის გულისთვის 500 ლარით დაჯარიმდა.

ხშირად არასამთავრობოების კრიტიკის ლოგიკის მიგნება ძლიერ ჭირს. 2 წლის წინ 13 ივნისის სტიქიის მერე მერიამ დაასაქმა 24 წლის ახალგაზრდა რომელიც ტაქსით უფასოდ ემსახურებოდა სტიქიის ლიკვიდაციაზე მომუშავე მოხალისეებს. კანონი დაირღვაო განცხადებას განცხადებაზე ავრცელებდნენ. როგორ უნდა მოინდომო, რომ მერიაში მეტი დარევა ვერ ნახო, თავად ბიუროკრატიის ლაბირინთი, ქალაქში მუდმივი საცობები, დამისამართების პრობლემა, არასაკმარისი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაუმართავი შუქნიშნები, „ზებრა“ გადასასვლელების სიმცირე, დაბინძურებული მიწისქვეშა გადასასვლელები, საპირფარეშოების არარსებობა, უსახური შენობები, გამონაბოლქვი… ამ ყველაფრის მიზეზი 24 წლის ახალგაზრდის კონკურსგარეშე მიღება ყოფილა.

საქართველოში კერძო სექტორმა იფიქრა, იფიქრა, ბევრი იფიქრა და ბოლოს მოიფიქრა, რომ თუ მომსახურების ხარისხით ბევრად გაუსწრებდნენ სახელმწიფოს, ეს ამავე სახელმწიფოს მიაყენებდა ჩრდილს, ამიტომ პატრიოტული მოტივებით შეანელეს განვითარება. 100-დან 99 კომპანიაში დარეკვისას ირთვება ავტომოპასუხე შემდეგი ტექსტით: „გამარჯობა, თქვენ დარეკეთ …-ში, ქართული ენის ამოსარჩევად დააჭირეთ ღილაკს ერთი, გაცნობებთ, რომ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი ოპერატორთან იწერება, გთხოვთ დაელოდოთ ოპერატორს.“ იგივე ტექსტი ინგლისურად, შემდეგ რეკლამები და უკეთეს შემთხვევაში 4-5 წუთის შემდეგ პასუხი. თუმცა ყოფილა შემთხვევა 10-15 წუთიც რომ გვიცდია. ზარის ღირებულების ანაზღაურებაზე არავინ ფიქრობს. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ოპერატორს უკვე გაღიზიანებული პასუხობ, თავის მხრივ ისიც გაღიზიანებულია, სამუშაო პერიოდის განმავლობაში უწყვეტად უწევს 250-300 ზარის მიღება გაღიზიანებულ მომხმარებლებთან. თუ მათი რაოდენობა გაიზრდება თავადაც შეუმცირდებათ დატვირთვა და ასევე შემცირდება მომხმარებლის ლოდინის დრო, მაგრამ დამატებით ოპერატორს სჭირდება დამატებითი ხელფასი, კომპიუტერი, მაგიდა. ხარჯს ყველა ერიდება. ისიც კი არ სურთ, რომ ზარი უფასო გახადონ. ანალოგიური სიტუაციაა როდესაც ონლაინ ჩათით ცდილობ რამის გარკვევას პირველ 5-6 მცდელობაზე ავტომოპასუხე გიწერს, რომ სამწუხაროდ ყველა ოპერატორი დაკავებულია. პურის რიგები აღარ გვაქვს, მაგრამ მაგრამ რიგები ვერ გამოვლიეთ ბანკში. მოლარე-ოპერატორი შეიძლება ძალიან კვალიფიციური იყოს, ყველაფერი მარტივად და ამავე დროს სრულყოფილად ახსნას, გაგიღიმოს… მაგრამ რიგის მერე მაინც უკმაყოფილო ტოვებ ფილიალს. რიგში წინ ჩახტომაზე უფრო მეტად გამაღიზიანებელი ამ რიგის წარმომშობი კომპანიაა. დრო არ იკარგება მუსიკის მოსმენისას, კლუბში ყოფნისას, გართობა ზოგჯერ დროის არაეფექტური ხარჯვაა, მაგრამ არა კარგვა. რეალურად დრო იკარგება რიგში დგომისას, გაჩერებაზე ავტობუსის ლოდინისას ან საცობში მოყოლისას. კეჟერაძესავით ყველას არ შეუძლია ასეთ მომენტებში საყვარელ წიგნის გმირებზე ფიქრი. ახალი თანამშრომელი, ახალი ფილიალი ხარჯია, ეს გასაგებია. ყველა კომპანია ვერ გასწვდება ამდენს, მაგრამ როცა გასაჯაროებულ ანგარიშგებაში წმინდა მოგება 150 მილიონ ლარს აღემატება და მომსახურების ხარისხი ისევ ძალიან დაბალია ეს უკვე სამარცხვინოა. წინააღმდეგი ვარ მინიმალური ხელფასის კანონის, მაგრამ როცა ასეთ დიდ კომპანიაში საწყის პოზიციაზე დასაქმებულს 300-400 ლარი აქვს ხელფასი, მისთვისვეა ცუდი, ხელფასის გაზრდა მოტივაციის გაზრდასაც გამოიწვევს, რაც გაზრდის ლოიალურობას კომპანიის მიმართ და რამაც შეიძლება გარკვეულ პერიოდში შემოსავლები ხარჯებზე მეტად გაზარდოს.

ქართული კომპანიების უპასუხისმგებლობა რიგებით არც იწყება და არც მთავრდება. ალბათ ყველას აღმოგვიჩენია რომ ესა თუ ის რესტორანი, ლუდი, ნაყინი გააფუჭეს და ეს სულაც არაა ფსიქოლოგიური ფაქტორი რომ იგივე ნაკლებად კარგად გვეჩვენება. თუ ასეა რატომ არ მუშაობს ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი უცხოურ პროდუქციაზე? სულ ახლახანს კომპანიამ რომელმაც ზარზეიმით აღნიშნა 20 წლის იუბილე და რომელსაც მუდამ ხარისხზე აქვს პრეტენზია, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე ინტერნეტის მოწოდება მთელი 9 დღით შემიჩერა მოდერნიზაციის მიზეზით, ხარისხი გაუმჯობესდებაო, ოღონდ სიჩქარე იგივე დარჩებაო. რეალური მიზეზი ახალი აბონენტების დამატება გახდა. ანაზღაურება კი მოხდა მხოლოდ იმ 9 დღის 9 ლარი. ვურეკავ ოპერატორს, ვწერ მეილზე, რომ ინტერნეტი სამსახურებრივად მესაჭიროება და ზარალი ჩემთვის 9 ლარზე მეტია. შედეგი ცხადია არაფერი.

ადრეული 2000-იანი წლების სტილის ოფისები, პენტიუმის პროცესორიანი კომპიუტერები სადაც პროგრამა ყოველდღიურად „ჭედავს.“ არაკვალიფიციური კადრები, რომელთაც მხოლოდ პროდუქციის გაყიდვა აქვთ დავალებული ტელევიზორზე გეტყვიან რომ ძალიან მაგარია, მაგარი ფერები აქვს, ლამაზია, დიდხანს გაძლებს… მაგრამ ვერ გეტყვიან და ხშირად არც იციან რამდენ ჰერციანია, რამდენია გარჩევადობა, რა განსხვავებაა OLED-სა და QLED-ს შორის. ნათურის პარამეტრებს მხოლოდ ვატებში ზომავენ და სიტყვა „ლუმენს“ კლიენტისგან გებულობენ, როცა განათების სიმძლავრეს რეალურად ლუმენების ოდენობა განსაზღვრავს. მთავარია გაყიდვები, ასე ესმის საქართველოში ბიზნესი უკეთეს შემთხვევაში 10-დან 9-ს. სოციალური პასუხისმგებლობა კი მხოლოდ რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხული რამდენიმე ათასი ლარი ჰგონიათ და ამ დროს მათ სამსახურებრივ ავტომობილებს ვიზუალურად ბოლი გასდით, ოფისში დისპენსერთან პლასტმასის ჭიქები აწყვია როცა მცირე ფასნამატით შეიძლება ქაღალდის ჭიქების ყიდვა. ბევრი მაღაზიის წინ სანაგვე ურნაც კი არ დგას. საქართველო ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი გამონაკლისია სადაც ბილეთები ინტერნეტში უფრო ძვირი ღირს ვიდრე სალაროში.
შეუძლებელია ინსტრუქციის ნახვა ქართულად ტელევიზორზე, მაცივარზე, სარეცხ მანქანაზე. როცა 1 გვერდის თარგმნა 10-12 ლარი ღირს 20-იც რომ ვიანგარიშოთ პროფესიონალურ თარგმანზე სულ სათარგმნია მაქსიმუმ 10 გვერდი, რეალურად უფრო ცოტა, ანუ 200 ლარი, 1000 ერთეულის შემოტანისას 1 ცალს გააძვირებს 20 თეთრით, რაც ბუნებრივია არაფერია 1500 ლარიანი მაცივრის შეძენისას. სოციალური პასუხისმგებლობა რეალურად ფოჩიანი კანფეტების ყიდვა კი არა საკუთარ მომხმარებელზე ზრუნვაა, როცა არ აწუხებ მომაბეზრებელი SMS-ებით, არ „აბოლებ“ უპროცენტო განვადებით, პროდუქტის და მისი მახასიათებლების შესახებ აწვდი სრულყოფილ და მართებულ ინფორმაციას, ხაზს უსვამ დადებით მხარეებს, მაგრამ არც უარყოფითს მალავ. ეს ჯერჯერობით პარალელური საქართველოა.

მიზეზი რის გამოც კომპანიები თავს უფლებას აძლევენ, არ გაითვალისწინონ მომხმარებლის ინტერესი, ერთადერთ მიზნად კი მოგების მქსიმიზაციას ისახავენ კონკურენციის ნაკლებობაა. მართალია მონოპოლია სულ რამდენიმეა ქვეყანაში ისიც ბუნებრივი მონოპოლია ან მთავრობის მიერ ექსკლუზიურ უფბლებამინიჭებული, მაგრამ კონკურენცია მაინც არასაკმარისია. ბანკების შემთხვევაში სესხზე საპროცენტო განაკვეთი მკვეთრად არ შემცირდება, ამისთვის საჭიროა გაიაფდეს მოზიდული რესურსი: ანაბრები, რეფინანსირების განაკვეთი, საერთაშორისო სესხები… თუმცა მომსახურების ხარისხი კი ნამდვილად გაუმჯობესდება. კერძო კომპანია რომ მოგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ეს ანბანური ჭეშმარიტებაა, პრობლემაა როცა ეს სურვილი გადაქცეულია ერთადერთ იდეაფიქსად, როდესაც კომპანიებს არ ანიტერესებთ მომხმარებელი, არ ცდილობენ რაიმე ღირებულის შექმნას, რაიმე თვისობრივი სიახლის დანერგვას. ტელებაზარზე ადრე ყველაფერი მოპარული გადიოდა, დღეს ყიდულობენ, ეს წინ გადადგმული ნახევარი ნაბიჯია, ერთი ნაბიჯი მაშინ იქნება როცა თავად შექმნიან.

თუ ქვეყანაში რეგულაციები არც თუ ისე მკაცრია, განსაკუთრებით ევროპასთან შედარებით, კორუფციისა და კრიმინალის დონე დაბალი. კონკურენცია რატომღაა დაბალი? მიზეზი მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითუნარიანობაა. გემოვნურ თვისებებს შორის აშკარა სხვაობის მიუხედავად ადამიანები ყიდულობენ დაბალფასიან ლუდს, ლიმონათს, ძეხვს. შესაბამისად კონკურენცია ფასის მიხედვით, უმრავლეს შემთხვევაში ხარისხის ხარჯზე, რაც ჯანმრთელობაზე პოვებს ასახვას. მსგავსი სიტუაციაა ტექნიკის, ავეჯის ავტომობილების ნაწილებისა თუ თავად ავტობაზრობებზეც. ასევე მომსახურების სფეროშიც. ხოლო მიზეზი დაბალი მსყიდველობითუნარიანობის არის ისევ და ისევ დაბალი ეკონომიკური ზრდა. მის მისაღწევად ბევრია საჭირო. ერთ-ერთი და არა ერთადერთი გზა კი ბიუროკრატიის შემცირება, პროცედურების გამარტივება და დროის დაზოგვაა. ყველაფერს დროის ეშინია დროს კი პირამიდების, 45 საუკუნის წინ რომ ასეთი ბიუროკრატია ყოფილიყო პირამიდებს ვერც მონები ააშენებდნენ, ვერც დაქირავებული მუშები და ვერც უცხოპლანეტელები. ხოლო მშენებლებს რომ დღევანდელზე ბევრად მეტი პასუხისმგებლობა არ გამოეჩინათ შეიძლება დღეს ნანგრევებისა კი არა ჩანაწერების სახითაც კი აღარ გვქონოდა რაიმე ცნობა მათზე