კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით; კრედო ბანკის გარეშე), 2017 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.0 მლრდ ლარით (5.0 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.0 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 21.6 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 235.5 მლნ ლარით (2.8 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 798.7 მლნ ლარით (6.6 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.4 პროცენტი შეადგინა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.5 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.0 მლრდ ლარის (7.1 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.9 პროცენტით მეტი).

2017 წლის ნოემბრის განმავლობაში 3.8 პროცენტით ანუ 412.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 11.2 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 40.69 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.32 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.