საგადასახადო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები

მარიამ ღარიბაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი
marrygharibashvili@gmail.com

რეზიუმე

სტატიაში განხილულია ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი – როგორ გავაუმჯობესოთ საგადასახადო სისტემა. ეჭვგარეშეა, რომ ეფექტურ საგადასახადო სისტემას შეუძლია უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა, ფინანსური რესურსების მოძრაობა და სოციალური სტაბილურობა. ასე რომ, საგადასახადო სისტემა ზემოქმედებს არა მარტო ეკონომიკურ კლიმატზე, არამედ სოციალურ ატმოსფეროზე. კარგი საგადასახადო პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც განაპირობა ცხოვრების მაღალი დონე უმეტეს ქვეყნებში. ასე რომ, გადასახადები სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

Abstract

The thesis concerns to the one of actual issues of the economics – how to improve the efficiency of Taxation system. Only an effective taxation system can provide economic growth, circulation of financial resources and social stability. No doubt, taxation system affects not only the economic climate, but also social atmosphere. A good taxation policy is the one of the main reason why most countries reached the high standard of living. So, Taxes are the instrument which is used to regulate defects of functioning of economic.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წარმართვაში საგადასახადო პოლიტიკას მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის. მხოლოდ გამართული და თანადროული სოციალურ–ეკონომიკური პირობების შესატყვისი საგადასახადო სისტემის ფორმირების პირობებშია შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევა, წარმოების განვითარება და ქვეყნის წინაშე არსებული სოციალური პრობლემების გადაწყვეტა.

როგორც ცნობილია, სახელმწიფოს ფორმულირებისა და განვითარების ეკონომიკური საფუძველია ფინანსური რესურსები, რომლებიც ძირითადად გადასახადებითა და მათი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდით ფორმირდება. ქვეყნის ეკონომიკური სისტემის ეფექტური ფუნქციონირება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სახელმწიფოს მიერ გატარებულ საგადასახადო პოლიტიკასა და საგადასახადო სისტემის გამართულ მუშაობაზე. გადასახადები სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია.

ნებისმიერი ქვეყნის მიზანია შექნას ისეთი მოქნილი და მიზანდასახული საგადასახადო სისტემა, რომელიც ადვილად შეეწყობა ცვალებად ეკონომიკურ სიტუაციას და დროის კონკრეტულ მომენტში ქვეყნის ეკონომიკური მიზნებისა და ამოცანების ხასიათის გათვალისწინება შეეძლება.

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ეკონომიკურ მეცნიერებას ჯერაც ვერ შეუქმნია ყველასათვის მოსაწონი და მისაღები საგადასახადო დაბეგვრის მოდელი, შეიძლება ითქვას, საქართველოს საგადასახადო სისტემაც სრულყოფილებისაგან შორსაა. როგორც წესი, საგადასახადო სისტემას მრავალმიზნობრივი ხასიათი უნდა ჰქონდეს. ერთის მხრივ, მისი მეშვეობით უნდა განხორციელდეს ბიუჯეტის ძირითადი ნაწილის ფორმირება, ხოლო, მეორეს მხრივ, საგადასახადო სისტემა სტიმული უნდა იყოს სამეწარმეო აქტივობისათვის, ინვესტიციების მოზიდვისათვის, წარმოების გაფართოება–განვითარებისა და შესაბამისად, აღნიშნულის კვალობაზე საგადასახადო ბაზის შემდგომი გაზრდისათვის. ანუ, ზოგადად რომ ვთქვათ, საგადასახადო სისტემა, ეკონომიკის განვითაერება – სტიმულირების ხელშემწყობ მექანიზმს უნდა წარმოადგენდეს. გადასახადების ოდენობის, მისი სახეების განსაზღვრა ქვეყნის ეკონომიკური, სოციალურ-ყოფითი პირობების, სამართლიანობისა და ეფექტურობის გათვალისწინებით, ყველა დროის ცნობილ მოაზროვნეთა მსჯელობის საგანს წარმოადგენდა. სწორედაც, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო სისტემა და მისი სრულყოფის თემატიკა მეტად აქტუალურია. საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საქართველოს საგადასახადო სისტემები მრავალ ქართველ მეცნიერს აქვს განხილული, მათ შორის არიან: ზვიად როგავა, მიხეილ სხიერელი, იაკობ (იაშა) მესხია, მედეა გოცირიძე, რომან ლელაძე, ოლეგ ნიკოლეიშვილი, ლელა ბახტაძე, რევაზ კაკულია, მიხეილ ჩიკვილაძე, ვახტანგ ხმალაძე, ირაკლი შავიშვილი, დავით ხატიაშვილი, როინ მიგრიაული, სულიკო ყამარაული, ევგენი ბარათაშვილი, მზია ჩოკოლაშვილი, ლევან ყამარაული, ვაჟა ვერულიძე, დავით ჯალაღონია, ნერიმან ტერაშვილი და სხვანი. მათ ნაშრომებში გაანალიზებულია საქართველოს საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბების თავისებურებები და მისი შემდგომი სრულყოფის პრობლემები.

დღესდღეობით, გადასახადები ფისკალურ დანიშნულებასთან ერთად, ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების ფუნქციასაც იძენს. ხდება რა ერთობლივი შიდა პროდუქტის და ერთობლივი შემოსავლის განაწილება, გადასახადები მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შედეგზე, ეკონომიკური საქმიანობის ცალკეულ სახეობებს შორის პროპორციებზე, საგადასახადო კვლავწარმოების სტრუქტურაზე, სოციალურ სფეროზე, კაპიტალის დაგროვების პროცესზე, მოსახლეობის მოხმარებასა და გადახდისუნარიან მოთხოვნილებაზე.

გადასახადს გააჩნია ორი თავისებურება: იმპერატრულობა და მესაკუთრის შეცვლა. მათგან არსებითი მნიშვნელობისაა მისი იმპერატრულობა. გადასახადის იმპერატრულობა გულისხმობს ხელისუფლებისა და დაქვემდებარებულთა ურთიერთობას, ხოლო მესაკუთრის შეცვლა ნიშნავს, რომ სახელმწიფო გადასახადის გადამხდელისაგან ამოღებულ თანხას ფულადი ეკვივალენტით უკან აღარ აბრუნებს.

გადასახადები, მონაწილეობენ რა გადანაწილებით პროცესში, სახელმწიფოს უზრუნველყოფენ ფინანსური რესურსებით. გადასახადის მატერიალურ წყაროდ გამოდის ახალი ღირებულება, რომელიც შექმნილია წარმოებაში შრომით, კაპიტალით, და ბუნებრივი რესურსებით. ე. ი. გადასახადების მატერიალური წყაროა ეროვნული შემოსავალი. იმ შემთხვევაში, როცა ეს უკანასკნელი საკმარისი არ არის გაწეული ხარჯების დასაფარავად (ომის, კრიზისების, ბუნებრივი ანომალიებისა და კატაკლიზმების შემთხვევაში), გადასახადების მატერიალურ წყაროდ გამოიყენება ეროვნული სიმდიდრე, ე. ი. მთლიანი ეროვნული შემოსავალი.

გადასახადები ღირებულების ფულად ფორმაში გადანაწილების პროცესში ფულადი რესურსების რეალური მოძრაობის მომენტიდან წარმოიქმნება. ფულადი რესურსების რეალური მოძრაობა სხვა არაფერია, თუ არა საანგარიშსწორებო– ფულადი ოპერაციები, ხოლო ფულადი რესურსების მოძრაობა გაფართოებული კვლავწარმოების კანონებით განისაზღვრება. ფულადი ამონაგების მიღების შემდეგ იწყება მისი გადანაწილების პროცესი.

სახელმწიფო ხელისუფლებამ, რომელიც აწესებს ღირებულებაში გადასახადის წილს, არ უნდა დაარღვიოს სწორი თანაფარდობა შექმნილ და გასანაწილებელ ღირებულებას შორის. თუ შექმნილ პროდუქტში (ღირებულებაში) გასანაწილებელი წილი უფრო მეტია. იგი იწვევს ინფლაციური გადასახადის საზღვრების გადიდებას. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ჩამოყალიბდეს საგადასახადო დაბეგვრის ოპტიმალური კავშირი კვლავწარმოებით პროპორციებთან. განვითარებული ქვეყნები საგადასახადო დაბეგვრას ფართოდ იყენებენ ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმად. საზოგადოებრიობის განვითარების ისტორია ყოველთვის მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა საგადასახადო დაბეგვრის პრობლემებს, იქედან გამომდინარე, რომ დადგენილიყო, საზოგადოებრიობისა და შესაბამისად, ამა თუ იმ ქვეყნის განვითარებისათვის რა უფრო მისაღები იყო – სახელმწიფოს ცეტრალიზებულ ფონდში სახსრების აკუმულაცია ფისკალური მეთოდით, თუ გადასახადების შემცირებით ეროვნული სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირებისა და საგადასახადო ბაზის გაფართოების მიღწევით შემოსავლების გადიდების ურუნველყოფა.

ერთი რამ უდავო და ჭეშმარიტია: ის სახელმწიფო მიაღწევს ეროვნული ეკონომიკის აღმავლობას, რომელიც ცდილობს მეწარმეობის სტიმულირებას ნორმალური საგადასახადო დაბეგვრით.

არსებობს გადასახადის ორგვარი გაგება: ვიწრო და ფართო. ვიწრო გაგებით, გადასახადი წარმოადგენს განსაზღვრულ ფულად შენატანს, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი ბიუჯეტში, ან სახელმწიფო ფონდში დადგენილი წესით. ფართო გაგებით კი გადასახადი წარმოადგენს დამოკიდებულებათა რთულ სისტემას, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ელემენტებს. გადასახადი, როგორც კომპლექსური ეკონომიკურ-სამართლებრივი მოვლენა წარმოადგენს განსაზღვრული, ურთიერთდამოკიდებული ელემენტების ერთობლიობას. ამასთან, თოთოეულ მათგანს გააჩნია დამოუკიდებელი იურიდიული მნიშვნელობა.

საგადასახადო პოლიტიკის ეფექტიანობის დონე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწორად და გააზრებულადაა ფორმირებული საგადასახადო სისტემა. შესაბამისად, კანონმდებლის ამოცანას წარმოადგენს ეკონომიკურად დასაბუთებული წინადადებების საფუძველზე დაბეგვრის ისეთი რეჟიმის დაწესება, რომელიც არ დაახშობს მეწარმის ეკონომიკურ აქტივობას და ამავდროულად უზრუნველყოფს ბიუჯეტში საგადასახადო შენატანების სათანადო დონეს, ვინაიდან, გადასახადებით დაბეგვრას, როგორც ეკონომიკურ კატეგორიას გააჩნია თავისი საზღვრები. მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული და პროგრესიული დაბეგვრის რეჟიმებს შორის სხვაობა არსებობს, აუცილებელია არჩევანი ამ სხვაობის სწორ შეფასებას უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ დროსა და გარემოებებში, ვინაიდან მნიშვნელოვანია ის, თუ გადასახადით დაბეგვრის რომელი მეთოდი ეხმაურება საგადასახადო ტვირთის უფრო სამართლიან და ოპტიმალურ განაწილებას ქვეყანაში. საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული გამოცდილების და საქართველოში მოქმედი საგადასახადო ადმინისტრირების შედარებითი ანალიზის შედეგად გამოიკვეთა გადასახადების ცალკეული სახეების (საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი) განაკვეთის დიფერენცირების აუცილებლობა. საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის ერთ-ერთი უმტკივნეულო გზა იქნება მრავალსაფეხურიანი მოგების და საშემოსავლო გადასახადის შემოღება. ამასთანავე, ასეთი მიდგომით შესაძლებელი გახდება პრიორიტეტების სტიმულირება ეკონომიკაში, ადგილობრივი რეალური (საწარმოო) სექტორის წახალისება, ექსპორტიორი დარგების აღორძინება-განვითარება და ა.შ. საგადასახადო ტვირთისა და საგადასახადო წნეხის ოპტიმიზაცია.

საქართველოში გადასახადის ცნების გაგება არაერთგვაროვანია და ხშირად ის არასწორი ინტერპრეტაციით გამოიყენება. მოსახლეობის ცნობიერება საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნის კუთხით ძალიან დაბალია, რაც კიდევ უფრო წინააღმდეგობრივს ხდის საგადასახადო ადმინისტრირების პროცესს. შესაბამისად, ამ პროცესში არსებული ფსიქოლოგიური ფაქტორები განაპირობებს, იმას რომ სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ნებისმიერი რეფორმა თუ საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილება იწვევს ადამიანების შიშს, რადგანაც ისინი ხშირად ვერ აცნობიერებენ კონკრეტული ცვლილების საჭიროებას, მის დადებით თუ უარყოფით მხარეებს. უფრო მეტიც, მოსახლეობა ნეგატიურად ხვდება სახელმწიფოს ინიციატივას, რომელიც ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებას ემსახურება, მაშინ როდესაც ცვლილება შესაძლოა გადამხდელებისა და მომხმარებლების კეთილდღეობისკენ იყოს მიმართული.

გადასახადის გადახდა რომ აუცილებელი და გარდაუვალია საზოგადოების კეთილდღეობისთვის, ეს გათავისებული უნდა ჰქონდეს ქვეყანაში ფუნქციონირებად ყველა სამეურნეო სუბიექტს. ამასთან ერთად, აუცილებელია, რომ კანონმდებელმა ცალსახად აღიქვას და გაითავისოს, რომ საგადასახადო ტვირთი, როგორც წესი, იმაზე მეტი არ უნდა იყოს, რისი ატანაც შეუძლია დაბეგვრის ობიექტს. შესაბამისად, ეს საკითხი აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის – ბიუჯეტის შედგენისას. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მეწარმეებისთვის ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ერთადერთი გზა მხოლოდ და მხოლოდ საგადასახადო განაკვეთის შემცირებაა.

აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელებში საგადასახადო ტვირთის სიმძიმის აღქმა შესაძლებელია შემცირდეს მისი თანმდევი მოვლენის – საგადასახადო წნეხის მინიმიზაციით და საზოგადოების საგადასახადო ცნობიერების დონის ამაღლებით. მე ვფიქრობ, რომ გადასახადების გადახდის აუცილებლობა – სარგებლიანობის თაობაზე საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა ხელს შეუწყობს საგადასახადო ტვირთის ადეკვატური ფსიქოლოგიური განწყობის შექმნას.

გადასახადის გადამხდელებისათვის, რომლებიც არ ასრულებენ მათ წინაშე არსებულ საბიუჯეტო ვალდებულებას, აუცილებელია არსებობდეს ჯარიმების ეფექტიანი სისტემა. ამასთან მიმაჩნია, რომ სანქციები უფრო მეტად უნდა ატარებდეს პრევენციულ ხასიათს, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევებზე განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები ადეკვატური იყოს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შინაარსის, ვინაიდან მისი გამოყენების შემთხვევაში ეჭქვეშ არ დადგეს მეწარმის სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების საკითხი, რომელიც, თავის მხრივ მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხთან – დასაქმებასთან;

ნებისმიერ ქვეყანაში საგადასახადო ადმინისტრირების პროცესი იქეთკენაა მიმართული, რომ არსებული საგადასახადო დასაბეგრი ბაზით და მოქმედი ნორმებით მაქსიმალურად მოხდეს საგადასახადო შემოსავლების მობილიზება ბიუჯეტში. ამასთან ერთად, როგორც მეცნიერი მკვლევარების, ისე სახელმწიფო ორგანოების მნიშვნელოვანი ყურადღების საგანია ახალი დასაბეგრი ბაზისა და ადმინისტრირების მექანიზმისა თუ ფორმების შემუშავება, რომელიც მიმართული იქნება ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების ზრდაზე.

ეფექტიანი საგადასახადო ადმინისტრირების უზრუნველყოფა დამოკიდებულია არა მხოლოდ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე, არამედ ამ პროცესში უშუალოდ ჩართულ გადასახადის გადამხდელზე, ვინაიდან მეწარმე სუბიექტების აქტიური ჩართულობა ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის ფორმირებაში ხელს უწყობს ეფექტიანი საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირების პროცესს. კვლევის შედეგად შემუშავებულია საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტიანობის შეფასების კოეფიციენტი, რომელიც მოიცავს ხარჯების ორ ელემენტს: სახელმწიფოს და გადასახადის გადამხდელის ხარჯებს დაბეგვრის პროცესში, წარმოადგენს თანაფარდობას ამ ხარჯების ერთობლიობასა და ამოღებულ გადასახადებს შორის. კოეფიციენტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საგადასახადო ადმინისტრირების პროცესში მინიმალური საბიუჯეტო და გადასახადის გადამხდელის დანახარჯებით მოხდეს მაქსიმალური საბიუჯეტო საგადასახადო შემოსავლების მიღება და გვიჩვენებს, თუ რა რაოდენობის დანახარჯი მოდის ერთი ერთეული საბიუჯეტო საგადასახადო შემოსავალზე.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გადასახადების ოპტიმალური სისტემის დადგენა თითქმის ყველა ქვეყანაში ერთ-ერთ ურთულეს პრობლემას წარმოადგენს. ეფექტური საგადასახადო სისტემის ფუნქციონირების გარეშე შეუძლებელია ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაც ყველა სახელმწიფოს მიზანთა შორის უპირველესია.

გამოყენებული ლიტერატურა:
გაბრიჭიძე ა. საქართველოს ფისკალური სისტემა და მისი სრულყოფის მიმართულებანი. „საქართველოს ეკონომიკა“, 2005, №12, გვ. 35.;
გამსახურდია გ. უახლესი პერიოდის გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ. „მაკრო-მიკრო ეკონომიკა―, 2000, №7-8, გვ. 18-19;
გამსახურდია თ. საქართველოს საგადასახადო-საბიუჯეტო სისტემის ფუნქციონირების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე. თბ.: „გამომცემლობა თსუ―,2003, გვ 287
გამსახურდია თ. გადასახადების ადმინისტრირების გაუმჯობესების მნიშვნელობა საგადასახადო-საბიუჯეტო სისტემის სრულყოფაში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, ეკონომიკის სერია, 2002, №1-2, გვ. 78-93;
გამსახურდია თ. საქართველოს საბიუჯეტო-საგადასახადო სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. „ბანკი―, 2003, № 1-2, გვ. 22-26;

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial