მოსახლეობის სოციალური დიფერენციაციის დონე და გამომწვევი მიზეზები

ს. ვარდიშვილი, ეკ. მეცნ. კანდიდატი, ე. კუსრაშვილი, ეკ. მეცნ. კანდიდატი

ცხოვრების დონე საზოგადოებაში ადამიანის მატერიალური, სულიერი და სოციალური მოთხოვნილებების განვითარების და დაკმაყოფილების ხარისხით ხასიათდება. სხვა სიტყვებით, ეს არის საზოგადოების წევრთა მოთხოვნილებების სტრუქტურა და მისი დაკმაყოფილება შესაბამისი საკვებით, ტანსაცმლით, საცხოვრისით, სამედიცინო და სოციალური მომსახურებით.

საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთ მახასიათებელს და გამოვლენის ფორმას მკვეთრი ქონებრივი და შემოსავლების დიფერენციაცია წარმოადგენს, რომელიც საქართველოში შემდეგი დინამიკით ხასიათდება.

გარკვეულ დონემდე, საზოგადოების ერთ პოლუსზე, ფინანსური რესურსების კონცენტრაცია არის განვითარების, ეკონომიკური პროგრესის მამოძრავებელი ძალა. როგორც წესი, ის იმპულსს აძლევს ინვესტიციებს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, წარმოების მოდერნიზაციას, ეკონომიკის ახალი სექტორების წარმოშობას, მაგრამ, როცა დიფერენციაციის დონე იზრდება, ხოლო დაბალი შემოსავლიანი ფენების ცხოვრებისა – უარესდება, წარმოიშობა სოციალური დაძაბულობა და რეფორმების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, ე.ი. თავისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგებით, შემოსავლების მიხედვით, საზოგადოების დიფერენციაცია ერთმნიშვნელოვანი არ არის.

რა დონემდეა შემოსავლების დიფერენციაცია საზოგადოების განვითარების მასტიმულირებელი და რა დონეზე იქცევა ის შემაფერხებლად?

იმ ქვეყნების სტატისტიკურ მონაცემთა ანალიზი, რომლებსაც ცხოვრების მაღალი დონე აქვთ და მისი შედარება საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებლებთან გვიჩვენებს, რომ საქართველოში შემოსავლების დიფერენციაცია ძალიან მაღალია.

იმ ქვეყნებში, რომლებმაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში დიდ წარმატებას მიაღწიეს და ჩვენთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით სამაგალითონი არიან, მოსახლეობის ყველაზე მაღალშემოსავლიანი 10% შემოსავლის თანაფარდობა ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე 10% შემოსავალთან შეადგენს 6-:-10 ფარგლებში, ხოლო ანალოგიური მაჩვენებელი 20%-ის ფენისთვის 4-:-7ფარგლებში, ხოლო ჯინის ინდექსი – 0,25-:-0,35.

აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, რომ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები და ცალკეული გამოკვლევების შედეგები, შემოსავლების დიფერენციაციის ზუსტ სურათს მაინც ვერ იძლევა. საქართველოში რეალური დიფერენციაცია უფრო მაღალია, რადგან არანაირ სტატისტიკურ გამოკვლევებში კაპიტალის (რომლის სიდიდეც ყოველწლიურად, რამოდენიმე ათეული მილიონი დოლარის ტოლია) “გაჟონვა” საზვარგარეთ არ აისახება.

2001 წელს საზოგადოების 20% ღებულობდა შემოსავლების 57%-ზე მეტს.

საზოგადოებაში და განსაკუთრებით მისი ღატაკ ნაწილში შემოსავლების დიფერენციაცია სოციალურ დაძაბულობას იწვევს. დიფერენციაცია მათთვის ყველაზე დიდ სოციალურ “ფობიას” წარმოადგენს. ჩვენი აზრით, მოსახლეობას შემოსავლების დიფერენციაციით გამოწვეული დაძაბულობის პიკისათვის ჯერ არ მიუღწევია და ამან შეიძლება შემდგომში მწვავე ფორმები მიიღოს. რადგან, მოსახლეობის ერთ, მცირე ნაწილს ხელისუფლებასთან სიახლოვის წყალობით დიდი ქონება ჩაუვარდა ხელთ და მას ფინანსური სპეკულაციისა და საზოგადოების გაძარცვისათვის იგივე კავშირების მეშვეობით ახლაც იყენებს.

შემოსავლების მკვეთრი დიფერეანციაციამ და საზოგადოების პოლარიზაციის შემცირებისაკენ მიმართულმა სახელმწიფო პოლიტიკამ დადებითი შედეგი რომ მოიტანოს, აუცილებელია უთანაბრობის ბუნების და მისი გენეზისის გამომწვევი მიზეზების დადგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ის უშედეგო აღმოჩნდეს. მაგალითად, ლათინურ ამერიკაში ათეული წლების განმავლობაში ცდილობდნენ პოპულისტური ღონისძიებებით მოსახლეობის შემოსავლებში წარმოშობილი დიდი განსხვავება შეემცირებინათ, როგორიცაა: მასშტაბური პროგრამები, სუბსიდიები, პროგრესული დაბეგვრა, შრომის კანონმდებლობით მკაცრი შეზღუდვების დაწესება, მაგრამ დიფერენციაცია არათუ აღმოფხვრილა, არამედ უკუშედეგიც კი აჩვენა.

საქართველოში შემოსავლების მიხედვით საზოგადოების პირველი მკვეთრი დიფერენციაცია დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში მოხდა, როდესაც საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას თან დაერთო სამოქალაქო ომი, ჰიპერინფლაცია, კრიმინალების თარეში, პოლიტიკური არასტაბილურობა, საქართველოში პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური ქვეყნებიდან ყველაზე ღრმად დაეცა წარმოება და ყველაზე მეტად გაჭიანურდა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა. მაგალითად, 2002 წელს მშა-ს მოცულობამ 1989 წლის დონის მხოლოდ 34,7 პროცენტი შეადგინა.

საქართველოში მოხდა სწორედ ის, რასაც ნობელის პრემიის ლაურიატი, ჯ. სტიგლიცი ყველა შესაძლებელიდან უარესად მიიჩნევდა: “წარმოების წარმოუდგენელი დაცემა და სოციალური უთანაბრობის წარმოუდგენელი ზრდა”.

ქართველმა ახლადგამდიდრებულმა ოლიგარქებმა თავიანთი კრიმინალური გზით მოპოვებული კაპიტალი ეროვნულ ეკონომიკაში დასაბანდებლად, მისი მოდერნიზაციის, თანამედროვე ტექნოლოგიების დასანერგად კი არ გამოიყენეს, არამედ ძირითადად, ფინანსური სპეკულაციისა და იმპორტის მფარველობისათვის, რადგან ეს უფრო დიდი მოგების მომტანია და განსახორციელებლად უფრო ადვილია, რაც იწვევს: ადგილობრივი წარმოების სტაგნაციას, ჩრდილოვანი ეკონომიკის და უმუშევრობის ზრდას, ბიუჯეტის დაბალი შემოსავლების და მოსახლეობის სოციალურ დაუცველობას, საზოგადიოების კრიმინალიზაციას, კანონისადმი და ზნეობრივი პრინციპებისადმი უპატივცემულობას.

მკვეთრი სოციალური დიფერენციაციის ერთ-ერთი მიზეზია ჩრდილოვანი ეკონომიკა. 2000 წელს გამოქვეყნდა სავალუტო ფონდის მიერ მსოფლიოს 76 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგები. ამ გამოკვლევებით მაღალგანვითარებული ქვეყნების ჯგუფში ჩრდილოვანი ეკონომიკის დიაპაზონი 5,8 პროცენტიდან (ავსტრია) 20,4 პროცენტამდე (იტალია) მერყეობს.

პოსტსაბჭოთა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფში ჩრდილოვანი ეკონომიკის ყველაზე მაღალი დონე საქართველოშია, რომელიც მშპ-ს მიმართ 62,2%-ს შეადგენს, ყველაზე დაბალი კი, სლოვენიაში – 24%.

გამოკვლევაში გაკეთებულია დასკვნა, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა უარყოფითი გავლენას ახდენს მშპ-ს ოფიციალურ სიდიდეზე და იწვევს კოორუფციის გაძლიერებას.

ქვეყნების ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებელთა, საშუალო ხელფასის სიდიდის მაჩვენებელთა, ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსის ურთიერთშედარება აჩვენებს, რომ მათ შორის გარკვეული კორელაციური კავშირი არსებობს.

რაც უფრო დაბალია ჩრდილოვანი ეკონომიკის სიდიდე, მით უფრო მაღალია ოფიციალური საშუალო ხელფასის სიდიდე და ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსი.

საზოგადოების მკვეთრი ქონებრივი პოლარიზაცია საბაზრო ეკონომიკის გარდამავალ ეტაპზე წარუმატებელი სახელმწიფო პოლიტიკის და ოლიგარქების ინტერესებისადმი სახელმწიფო ინტერესების დაქვემდებარების ერთ-ერთი შედეგია. ამიტომ, დიფერენციაციის შემცირება და სიღარიბის აღმოფხვრა მარტივად გადასაწყვეტი პრობლემა არ არის, რადგან გადასალახავი იქნება საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის საწყის ეტაპზე წარმოშობილი და შემდგომ მკვეთრად გაძლიერებული პოლიტიკური და ეკონომიკური ძალების წინააღმდეგობა.

საქართველოში შემოსავლების დიფერენციაციის შემცირებისა და სამართლიანად გადანაწილ;ების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს უფრო ნაკლები პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება, ვიდრე რეფორმების გზაზე წინწაწეულ ქვეყნებს. ამიტომ, შემოსავლების უთანაბრობის, სიღარიბის შემცირებისთვის ბალტიის და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს სწორად აგებული ფისკალური პოლიტიკით, რადგან იქ ძლიერი სახელისუფლო ორგანოები და განვითარებული საბაზრო ინსტიტუტები აქვთ, საქართველოში კი, აუცილებელია მთავარი ძალისხმევა მიმართული იყოს მისი გამომწვევი პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური მიზეზების აღმოსაფხვრელად. წინააღმდეგ შემთხვევაში ოლიგარქებისათვის ეკონომიკური ძალაუფლებისა და რენტის წართმევის მცდელობასაც კი მოჰყვება გააფთრებული წინააღმდეგობა და უკუშედეგი.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში შეზღუდული მოცულობის ტრანსპერტსაც კი, რომლის სიდიდე იქნება მშპ-ს ერთი პროცენტი, შეუძლია შესამჩნევი დადებითი გავლენა მოახდინოს მდგომარეობაზე, თუ ის მართლაც იმათ მოხმარდება, ვისაც რეალურად სჭირდება.

თუმცა, იგივე მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1999 წელს საქართველოს ბიუჯეტიდან ღარიბების დასახმარებლად გამოყოფილი ისედაც მცირე სახსრებიდან, მხოლოდ 37% მოხმარდა მათ, ვისთვისაც ეს იყო განკუთვნილი, რადგან მთავრობის ნება არ იყო მტკიცე2 .

შეუძლებელია სახელმწიფო კორუფციის მაღალი დონით თავისივე კეთილი ნებით “გამოსწორდეს”. ამის ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებიდან უნდა მოდიოდეს.

შემოსავლების სამართლიანად განაწილების და სიღარიბის Aშესამცირებლად უნდა განხორციელდეს ინსტიტუციონალური ცვლილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნას და ისეთი სტრუქტურების ჩამოყალიბებას, რომელიც მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს რეალურად მიაღებინებს მონაწილეობას ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც მათ ეხებათ, ამით აიძულებს მთავრობას, რომ რეფორმები ხალხის ფართო მასების საკეთილდღეოდ იყოს მიღებული.

ცივილური ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ მოსახლეობის ძლიერი და კარგადინფორმირებული საშუალო ფენა ეფექტურად მომუშავე დემოკრატიული და “გამჭირვალე” სტრუქტურების ჩამოყალიბების საფუძველს, ხოლო ქმედითი არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირები, რომლებიც საქართველოში განვითარების საწყის ეტაპზეა, სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის საშუალებას წარმოადგენს.

ინსტიტუციონალური რეფორმების პრიორიტეტს სახელმწიფო სამსახური წარმოადგენს. ის ისე უნდა გარდაიქმნას, რომ კომპეტენციისა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსიდინსიერად შესრულების მიხედვით მოხდეს სახელმწიფო მოხელეთა დაქირავება და დაწინაურება. საქართველოში ადმინისტრაციული კორუფციის შესამცირებლად უნდა შეიქმნას სახელმწიფო სამსახურის ფუნქციონირებაზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი ორგანო (ასეთი ორგანო შექმნილია პოლონეთში და ლატვიაში), უნდა ამაღლდეს შრომის ანზღაურება დაიხვეწოს სტიმულირების მექანიზმი.

ინსტიტუციონალურ სფეროში პრიორიტეტს დამოუკიდებელი და ეფექტურად მომუშავე სასმართლოს ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელსაც შეეძლება ხელისუფლების თვითნებობის აღკვეთა, აგრეთვე, მეწარმე-სუბიექტებს შორის წამოჭრილი დავის ობიექტურად განხილვა და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტის აღსრულება.

საქართველოში მოქმედი სასამართლო სისტემა მოუქნელია, მოქმედებს ნელა და არაეფექტურად, მაღალია კორუფცია. მართებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი წლობით ჭიანურდება. ყველაზე მეტად ზარალდება დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობა, ასევე მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, რადგან მათ არ ჰყავთ გავლენიანი მფარველები და არც სახსრები გააჩნიათ ქრთამის მისაცემად, ეს უკანასკნელი კი, სასამართლო გადაწყვეტილებების ერთ-ერთ “არგუმენტს” წარმოადგენს.

გარდამავალი ეკონიმიკის მქონე ქვეყნებში ცდილობენ ეფექტური სასამართლო სისტემის შექმნას, მაგალითად, ლატვიაში. აქ სახელმწიფო მმართველობითი სისტემის განმტკიცების და მოქალაქეთა ინტერესების დაცვის მიზნით შეიქმნა ადმინისტრაციული სასამართლოების სისტემა, რომელიც იხილავს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს შორის წარმოშობილ დავებს. რუსეთშიც შეიქმნა სპეციალიზირებული შრომითი დავების არბიტრაჟი და ა.შ.

შემოსავლების სამართლიანად განაწილებისათვის მნიშვნელოვანია ტენდერებისა და აუქციონების მეშვეობით საგადასახადო-საბიუჯეტო პროცესების მართვის და ადმინისტრირების სრულყოფა მისი “გამჭირვალობის” ამაღლება, პრივატიზაციისა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება.

საქართველოში უკვე შექმნილია და ფუქციონირებს ზემოთ დასახელებული სტრუქტურები და ფორმები (ტენდერები, აუქციონები, კონკურსები, შემოსავლების დეკლარირება და სხვა), მაგრამ, სამწუხაროდ, ის მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება, სახელმწიფო ჩინოვნიკებმა კარგად მოირგეს დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ეს ფორმები და მათი მეშვეობით მიღებული გადაწყვეტილებები ისევ გარკვეული ჯგუფის ინტერესებს ემსახურება. ტარდება აუქციონები, ტენდერები, მაგრამ, პრაქტიკულად, ყველაფერი წინასწარდადგმული სცენარის მიხედვით ხდება, იმარჯვებს ის, ვინც მათ ინტერესებს შეესაბამება.

შემოსავლების უთანაბრობის და სიღარიბის შემცირების მნიშვნელოვან ფაქტორს კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება და მისი განვითარება წარმოადგენს. კონკურენტული ბაზრის პირობებში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ეკონომიკის ოფიციალურ სექტორში ხდება არაკონკურენტუნარიანი საწარმოების რეკონსტრუქცია და ახალი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საწარმოების დაფუძნება. კონკურენციის გაძლიერება ამცირებს სახელმწიფო და ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ლობიზმსა და კორუფციულ ზემოქმედებას.

შემოსავლების უთანაბრობის და სიღარიბის აღმოფხვრის ფაქტორს საფინანსო ბაზრის გაფართოება და საკრედიტო პოლიტიკის ფორმირება წარმოადგენს, როცა მოსახლეობის მცირეშემოსავლიანი ფენებისათვის ხელმისაწვდომი იქნება კრედიტები თავიანთი მცირე ბიზნესის დასაფინასებლად. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოფლის მოსახლეობისათვის, რომელთა დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლით ცხოვრობს. როცა მცირე ბიზნესში დასაქმებული ვერ იღებს კრედიტს, იძულებულია დაკმაყოფილდეს არაოფიციალურად განხორციელებული პატარა ოპერაციებით, არა აქვს საშუალება გააფართოვოს თავისი საქმიანობა და მისცეს მას ოფიციალური სტატუსი, ე.ი. რჩება ეკონომიკის “ჩრდილოვან” სექტორში.

საქართველოში ისედაც მწირი საკრედიტო რესურსების შემცირებას სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების ინტენსიური განთავსება იწვევს, რომლითაც მიღებული სახსრები ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად გამოიყენება. 2003 წელს ის ბიუჯეტში 22 მილიონი ლარის ოდენობითაა ჩადებული.

თეორიული და ემპირული გამოკვლევები აჩვენებენ, რომ რაც უფრო მკვეთრია შემოსავლების დიფერენციაცია, მით უფრო ნაკლებად ეფექტურია და ნაკლებ გავლენას ახდენს პროგრესული დაბეგვრა შემოსავლების უთანაბრობის შემცირებაზე. საქართველოში მწვავედ დგას გადსახადებისგან თავის არიდების პრობლემა. ფაქტიურად, დაბეგვრის ობიექტს მხოლოდ ოფიციალურად დაქირავებულების მიერ მიღებული ხელფასი წარმოადგენს, ამიტომ შემოსავლების დაბეგვრის ნებისმიერი სისტემის გავლენა შემოსავლების გამოთანაბრებაზე მცირე იქნება.

ამჟამად მოქმედი სოციალური დაცვის სისტემის შედეგად, დახმარებების და პენსიების განაწილების სტატისტიკური მონაცემების ანალიზით დგინდება შექმნილი პარადოქსული სიტუაცია. საქართველოში გაცემული დახმარებები შემოსავლების დიფერენციაციას უფრო აღრმავებს.

დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობის 20% [ I და II დიცელური ჯგუფები] ბიუჯეტიდან გაცემული დახმარებების საერთო მოცულობის მხოლოდ 12-14%-ს იღებს, ხოლო ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე მოსახლეობის 20% [ IX და X დეცილური ჯგუფები] – 21-25 %-ს, ე.ი. ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე მოსახლეობა ყველაზე დაბალი შემოსავლების მქონეებთან შედარებით ორჯერ მეტ დახმარებას იღებს. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის საერთო შემოსავალში დახმარებას და პენსიას 50%-ზე მეტი უკავია, ხოლო ყველაზე მაღალი შემოსავლებიანებისაში, მხოლოდ 6-7%.

დახმარებების ასეთი არადანიშნულებისამებრ გამოყენება კორუფციის გამოვლენის კიდევ ერთ ფორმაა. მაღალშემოსავლიანი ფენები გავლენით და სხვადასხვა წრეებთან კავშირებით ადვილად ხვდებიან სხვადასხვა შეღავათების და დახმარებების მიმღებთა სიაში.

საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს უშუალოდ ბიუჯეტური სახსრების გადანაწილება, მაგრამ ეს გადანაწილება მკაცრად მიზნობრივ ხასიათს უნდა ატარებდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს შინამეურნეობის ყველა შემოსავალი, მათ შორის საკუთარი მეურნეობიდან მიღებული ნატურალური შემოსავალიც, რომელსაც მოქალაქე თვითონვე მოიხმარს. თუ ასეთი გზით გაანგარიშებული შემოსავალი გაყოფილი ოჯახის სულადობაზე საარსებო მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდება, მაშინ ის ნაკლებუზრუნველყოფილად ჩაითვლება და შეიძლება სხვადასხვა მომსახურეობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები, შეღავათები, სუბსიდიები მიეცეს.

ასეთი მიდგომა გამოყენებულია ჩვენზე უფრო მდიდარ და დიდი შესაძლებლობის ქვეყნებში, კერძოდ, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამასთან, ოჯახისთვის დახმარების საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებელია როგორც მიმდინარე შემოსავლები, ისე ოჯახის საერთო ქონებრივი მდგომარეობა.

მიზაშეწონილად გვეჩვენება რუსეთის გამოცდილების გამოყენებაც, სადაც მიიღეს სპეციალური კანონი ოჯახების შემოსავლების აღრიცხვის წესისა და სახელმწიფო სოციალური დახმარებების შესახებ. ეს კანონი განსაზღვრავს იმ მოქალაქეთა წრეს, რომლებიც თავისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სოციალურ დახმარებას საჭიროებენ.

ოჯახის ერთ წევრზე საშუალო შემოსავალი განისაზღვრება, როგორც ფულადი შემოსავალი (ხელფასის სახით) სამეწარმეო საქმიანობიდან, ან უძრავი და მოძრავი ქონების გაქირავებიდან, ისე ნატურალური შემოსავალი პირადი დამხმარე მეურნეობიდან. თუ ყველა ეს შემოსავალი გადაანგარიშებული ოჯახის ერთ წევრზე საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, მაშინ მოქალაქე ითვლება ნაკლებად უზრუნველყოფილად და შეიძლება მიიღოს სახელმწიფო სოციალური დახმარება. ასეთი მიდგომით, მკვეთრად იზრდება სოციალური დაცვის ადგილობრივი ორგანოების მუშაკთა პასუხისმგებლობა, დახმარების გასაცემად მათ უნდა შეისწავლონ ოჯახის რეალური მდგომარეობა და ამ დახმარებას უნდა ჰქონდეს პერსონიფიცირებული ხასიათი.

თვით საარსებო მინიმუმი, რომელიც აბსოლუტური სიღარიბის კრიტერიუმს წარმოადგენს, საქართველოში მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად არ განისაზღვრება. საარსებო მინიმუმი უნდა განისაზღვროს მოსახლეობის სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფებისათვის (შრომისუნარიანი, პენსიონერი და მოზარდი) მინიმალური სამომხმარებლო კალათის, აგრეთვე აუცილებელი გადასახადებისა და მოსაკრებლების გათვალისწინებით.

სამომხმარებლო კალათა ძირითადი სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფებისავის სპეციალური მეთოდიკის მიხედვით უნდა განისაზღვროს, რომელიც მთავრობის მიერ უნდა დამტკიცდეს. პერიოდულად უნდა მოხდეს სამომხმარებლო კალათის გადასინჯვა (დაახლოებით ხუთ წელიწადში ერთხელ).

კანონმდებლობით უნდა დამტკიცდეს საარსებო მინიმუმის განსაზღვრის სამართლებრივი საფუძვლები, მისი დანიშნულება, გაანგარიშებისა და გადასინჯვის წესი, ხოლო საარსებო მინიმუმის კონკრეტული სიდიდე მოსახლეობის თითოეული სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფებისათვის მთავრობის მიერ დადგინდეს და ყოველ ექვს თვეში ერთხელ კვების პროდუქტებზე, არასასურსათო საქონელზე და მომსახურებაზე ფასების ცვლილებების გათვალისწინებით გადასინჯულ იქნეს. დღეს საქართველოში საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი ოფიციალურად და მეთოდურად არასწორად განისაზღვრება და ცხადია, ის ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას.

საქართველოში შემოსავლების დიფერენციაცია საზოგადოების ოპტიმალური განვითარებისათვის ხელის შემშლელი გახდა, ამიტომ საჭიროა გატარდეს მისი შემცირების ღონისძიებები. ეს ღონისძიებები კი, როგორც აღვნიშნეთ, მრავალფეროვანია, თვით ისეთიც არსებობს, რომელიც ხელს შეუწყობს მესაკუთრეების, როგორც კლასის, სოციალური ფენის ჩამოყალიბებას, რომელსაც კარგად ექნება შეცნობილი თავისი მიმდინარე და პერსპექტიული ინტერესები. მისი მთავარი პერსპექტიული ინტერესი არის – საზოგადობა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ შეძლოს მშვიდად და უსაფრთხოდ თავის “ანკლავში” ცხოვრება. ცნობილი გერმანელი მეცნიერი უ. ბეკი წერს: “კაპიტალიზმის სოციალური ამორტიზატორები ჩამოყალიბდა იმის შეცნობის შედეგად, რომ მხოლოდ ადამიანი, რომელსაც აქვს უზრუნველყოფილი მომავალი, იქცევა ისეთ მოქალაქედ, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიას, როგორც მისთვის აუცილებელ რეალობას” . Urlich Beck “Schone neue Arbeitwelt”, 1999.