როდის მოიტანს მოგებას სილამაზეში დაბანდებული ფული

ეკა ლომიძე

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე ქალთა სილამაზის სალონები მომგებიან ბიზნესად არ ითვლება, ზრდის ტენდენცია მაინც შეინიშნება. საქართველოში ამ ტიპის მომსახურება სამი მიმართულებით შეგვიძლია განვიხილოთ. პირველი – ძველი ყაიდის საპარიკმახეროები, რომელთაც სალონებად მოიხსენიებენ და, შესაბამისად, პარიკმახერებს – სტილისტებად; მეორე – ევროპული დონის სილამაზის სალონები და, მესამე – სილამაზის ცენტრები. მომავალში განვითარებას ბოლო ორი ტიპის დაწესებულება ჰპოვებს, ხოლო ე.წ. საპარიკმახეროები საბჭოთა მენტალიტეტის ქრობასთან ერთად არსებობას შეწყვეტენ.

სილამაზის სალონსა და ცენტრს შორის არსებითი განსხვავებაა. სილამაზის ცენტრი თავის მხრივ, შეიცავს სალონის ელემენტებს, რომელიც, ძირითადად, ყოველდღიურ მოვლასთან არის დაკავშირებული (თმა, სახის კანი, პედიკიური, მანიკური). შესაბამისად, სილამაზის ცენტრში ამ ტიპის მომსახურება უფრო იაფია, რადგან იქ ამ ტიპის მომსახურების კომპენსირება სხვა უფრო მრავალმხრივი მომსახურების ხარჯზე ხდება. თუმცა, სილამაზის ცენტრებში სტუმრობით საქართველოში მცხოვრები მანდილოსნები ნამდვილად არ არიან განებივრებულნი. ეს რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული: ბანალური, მაგრამ მაინც აღსანიშნავი, ცხოვრების ეკონომიკური დონე და ყურადსაღები – მომხმარებლის კულტურის დაბალი მაჩვენებელი.

მაგალითად მოსკოვში, ამ ტიპის დაწესებულებები კლასიფიცირებულია სამ ტიპად: VIP კლასი, ბიზნეს-კლასი და ეკონომ-კლასი. თვითონ მომსახურებაც სხვადასხვა ტიპად იყოფა და ფასები ამ ფაქტორების გათვალისწინებით მერყეობს.

არავისთვის გამაღიზიანებელი არ უნდა იყოს ის, რომ ქართველი მანდილოსანი თავის გარეგნობაზე ზრუნვას ნაკლებ დროს უთმობს. მის ცხოვრებაში პირველ პლანზე იწევს ოჯახი, ან სულაც დაუდევარი დამოკიდებულება საკუთარი გარეგნობისადმი. ამ ბიზნესის წარუმატებლობას ჩვენში სწორედ ასეთი ფაქტორებიც განაპირობებენ. ამ ბიზნეს-გარემოში მსგავსი დაწესებულებების არსებობას მათი მფლობელები იმედით უყურებენ და მიიჩნევენ, რომ ეს საქმე ადრე თუ გვიან ფულს მოიტანს.

ამირან ხაზალია (სილამაზის ცენტრ “ფემინას” მფლობელი):
“- ჩვენ დღესაც გვაქვს ბიზნესი მოსკოვში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ იქ ნებისმიერი ტიპის ბიზნესი სწრაფად ვითარდება, მაგრამ სამაგიეროდ, მომსახურების სერვისი თავისი განვითარების დონით ჩამორჩება. ეს, ის საკითხია, რომელიც, ალბათ, საბჭოთა კავშირის დროსაც არ იყო განვითარებული. როდესაც დავინტერესდით, შეგვექმნა სილამაზის ცენტრი, დავიწყეთ ამ სფეროს შესწავლა. გვქონდა ურთიერთობა მოსკოვში ისეთ სპეციალისტთან, როგორიცაა დოლორესი, ასევე, ვიმოგზაურეთ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, რათა წარმოდგენა შეგვქმნოდა, თუ რა ხდებოდა სხვაგან ამ კუთხით. რთული იყო მხოლოდ ის, რომ უნდა შექმნილიყო ქალთა სილამაზის ისეთი ცენტრი, რომელიც არ ემსგავსებოდა სამედიცინო დაწესებულებას, არამედ იქნებოდა დასასვენებელი ადგილი ქალთათვის. ამ საკითხთან შეხებამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ერთი სახეობის განვითარებით სასურველ შედეგს ვერ მივაღწევდით. ბოლოს, შევქმენით ისეთი კომპლექსი, რომლის სხვადასხვა სახეობები ერთმანეთთან შერწყმით მთლიანობას ქმნის.

მსოფლიოს მასშტაბით ქალბატონებს, ძირითადად, წონის პრობლემა აწუხებთ. დღეს ხშირად წავიკითხავთ ასეთ განცხადებებს – ერთ კვირაში დაგაკლებინებთ 7-10 კილოს. ჩვენი საშუალებებით შესაძლებელია 15 კილოგრამის დაკლებაც, მაგრამ ცრუ რეკლამის გაკეთება, ჩვენს ინტერესში არ არის. მთავარია, შედეგი იყოს სტაბილური, ანუ საჭიროა მთელი პროცედურების ერთობლივად ჩატარება: მასაჟი, საუნა, მეზოთერაპია, საცურაო აუზი, აერობიკა, დიეტოლოგის მიერ ინდივიდუალურად შესწავლილი პიროვნებისთვის დანიშნული დიეტა მთლიანობაში მომხიბვლელ ჯანსაღ სხეულს გვაძლევს”.

რაც შეეხება კლიენტურას, “ფემინა” მხოლოდ ელიტისთვის არ მუშაობს. ისინი ცდილობენ ფასები ნებისმიერი კლიენტისთვის იყოს ხელმისაწვდომი. აქ, რასაკვირველია, ახალგაზრდები ჭარბობენ, თუმცა ცენტრს საშუალო და უფროსი ასაკის ქალბატონებიც სტუმრობენ. ისინი მუშაობენ დევიზით – კმაყოფილები ვართ მაშინ, როცა კლიენტია კმაყოფილი!

ცენტრში მოქმედებს კოსმეტოლოგის კაბინეტი, სადაც ხმარობენ ჰოლანდიისა და ისრაელის კოსმეტიკას. ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად არსებობს პროგრამები. აღსანიშნავია, რომ ყველა მეთოდი, რომელიც უკვე დანერგილია ჩვენს მეზობელ რუსეთში, საქართველოში და კერძოდ, “ფემინაშიც” არის. სიახლეა მეზოთერაპია, რომელიც ძვირი სიამოვნებაა. დაახლოებით ერთი კოქტეილის კანის ზედაპირზე შეყვანა 130 ლარი ღირს. არსებობს მასაჟის კაბინეტი, სადაც კეთდება, როგორც კლასიკური, ასევე პანტერო-მასაჟი, რომელიც, შესაბამისად, 25-დან 45-მდე ლარი ღირს. საუნაში კანის მოვლას ეთერზეთებით გვთავაზობენ, არსებობს ელტონის ტბის ტალახიც, რომელიც კანისთვის უნიკალურია. ტალახი 20 ლარი ღირს და ამ შემთხვევაში საუნით მომსახურება 50%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებს.

ყველა ქალბატონისათვის საინტერესო უნდა იყოს არაქირურგიული აპარატურული კორექციის კაბინეტი, სადაც რამდენიმე პროგრამით ხდება უმტკივნეულოდ ცხიმის დაშლა. ვერცხლის ნემსებით შედიან ცხიმის ფენაში, სადაც ხდება მისი შლა, შემდეგ ჩატარდება ლიმფოტრენაჟი და ბოლოს, ფრანგული წარმოების კრემებთან ერთად კეთდება ბოქს-პროგრამა. ამის შემდეგ, სხეული იფუთება თერმოადიალით. აღნიშნული მეთოდი ძალიან ეფექტურია. ასევე არსებობს მეზოთერაპიით სხეულის კოქტეილებით დამუშავება, რომელიც სტრიებს ავიწროვებს და კანი ტონუსში მოჰყავს. ფასები სხეულის ამა თუ იმ ნაწილის დამუშავებას შეესაბამება. ფასი მერყეობს 20 ლარიდან 60 ლარამდე. სილამაზის სალონის მსგავსად გვთავაზობენ თმების, ხელის კანისა და ფეხის მოვლას მარილოვანი ხელის პილინგებით, პარაფინის საფენებით და თმის მკვებავებით (ფასი 10-დან 25 ლარამდე). ასევე, სიახლეა აქვა-აერობიკა და, როგორც ყველა მსგავს დაწესებულებაში არის აერობიკის დარბაზიც. 12 მეცადინეობა აქვა-აერობიკა და შეიპინგ-დარბაზში 180 ლარი ღირს, ცალკ-ცალკე, რასაკვირველია, უფრო მეტი.

ყველა ეს საშუალება ერთხელ რომ გამოიყენოთ (რომელსაც ორი დღე სჭირდება), დაახლოებით, 500 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო ზედაპირული მოვლა 200-300 ლარი.

რაც შეეხება სილამაზის სალონს, აქაც რამდენიმე სერვისი: თმის მოვლა, მანიკური, პედიკური და სახის კანის მოვლა.

ნონა ჯაიანი (სილამაზის სალონ “კლეოპატრას” მფლობელი)
“- ამ ბიზნესში ჩვენ პიონერები ვიყავით. როდესაც მუშაობა დავიწყეთ, თბილისში ასეთი სალონები არ არსებობდა, სპეციალისტებიც კი არ იყვნენ. ახლა კი, კარგი ხელოსნები გვყავს. როცა საქმე ქალის სილამაზესთან გაქვს, ეს დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. თავიდან ჩვენს მიმართ ასეთი მოსაზრება იყო – ჯერ უნდა წახვიდე სხვაგან, მოწესრიგდე, ჩაიცვა და მერე შეხვიდე კლეოპატრაში, რადგან აქ სხვა საზოგადოება იყრის თავს. ადრე თუ კარებიდან კითხულობდნენ ფასებს, დღეს ჩვენი კლიენტურა გვყავს. სხვაგან შეიძლება მომსახურება უფრო იაფი იყოს, მაგრამ ხარისხიც შესაბამისია. ჩვენგან არავინ წავა დამახინჯებული, ატირებული, დამახინჯებული სახის კანით ან დამწვარი თმით.

დოდო გომელაური (სალონის თანამფლობელი) – კლიენტურა მხოლოდ ერთი ტიპის არ გვყავს, ჩვენს სალონს ხშირად სტუმრობენ უცხოელები, რომლებიც ნაკლებ პრეტენზიულები არიან, ვიდრე თანამემამულეები. ძირითადად, ვიყენებთ მოსკოვიდან გამოწერილ ამერიკულ და ფრანგულ პროდუქციას, რომელიც, რა თქმა უნდა, ძვირი ღირს.

თმის შეჭრა და დავარცხნა “კლეოპატრაში”, რომელსაც თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტი ასრულებს, 29 ლარი ღირს. თმისა და თავის კანის მოვლა თანამედროვე აპარატურით ხდება. ხელის კანის მოსავლელად არსებობს უამრავი საშუალება. აღსანიშნავია, რომ სალონის მომხმარებლები მამაკაცებიც არიან, რომლებიც დიდი სიამოვნებით იკეთებენ პედიკურს და მანიკურს, ჰყავთ პროფესიონალი დერმატოლოგი, რომელიც სახის კანს უამრავი ნიღბისა და თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებით ამუშავებს, მაღალკვალიფიციური ვიზაჟისტი.

“კლეოპატრა” ნამდვილად ევროპული დონის სილამაზის სალონია, სადაც არა მხოლოდ გასალამაზებლად, არამედ ამ სფეროში არსებული უახლესი ინფორმაციის და კონსულტაციის მისაღებადაც მოდიან.

ყველა ბიზნესისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები: უწყლობა, უშუქობა, უგაზობა ამ ტიპის დაწესებულებებსაც აწუხებთ, თუმცა ისინი შეძლებისდაგვარად ცდილობენ ამგვარ პრობლემებს წყლის ავზებით, გამათბობელი საშუალებებით თუ დენის წყაროებით გაუმკლავდნენ. თუ ამას მომხმარებლის დაბალ კულტურას დავუმატებთ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორი ნელი ტემპებით ვითარდება ეს ბიზნესი საქართველოში.