რუსეთში აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს
11 სექტემბერს ვლადივოსტოკში რიგით მეოთხე, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი Eastern Economic Forum (EEF) გაიხსნა. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ფორუმი ყველაზე მასშტაბურია, თუ მონაწილეების რაოდენობას, მაღალი რანგის სტუმრების სიმრავლესა და განსახილველი თემატიკის სიმწვავეს გავითვალისწინებთ. ფორუმი13 სექტემბერს დასრულდება.
ფორუმის ძირითად ღონისძიებაში, პლენარულ სხდომაში – „შორეული აღმოსავლეთი: შესაძლებლობების გაფართოება“ – მონაწილეობას მიიღებს ხუთი ქვეყნისა და მთავრობის ხელმძღვანელი: რუსეთის, ჩინეთისა და მონღოლეთის პრეზიდენტები, ასევე იაპონიისა და სამხრეთ კორეის პრემიერ მინისტრები.
მონაწილეები განიხილავენ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს, რეგიონში რუსული და უცხოელი ინვესტორების მოზიდვის გზებს. საერთაშორისო დღის წესრიგში ასევე შედის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხების განხილვა.