თურქული ლირის გაუფასურება და მისი გავლენა საქართველოზე

25 ოქტომბერს ISET-ის კვლევით ინსტიტუტში გაიმართა გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფის (GET საქართველოს) მიერ ორგანიზებული პრეს-კონფერენცია, რომელზეც განიხილეს თურქული ლირის გაუფასურების შესაძლო გავლენა საქართველოზე. პრეს-კონფერენციას უძღვებოდა ბატონი რიკარდო ჯიუჩი, GET საქართველოს გუნდის ლიდერი.

დღეისათვის თურქული ლირის მკვეთრმა გაუფასურებამ შედარებით ზომიერი გავლენა მოახდინა საქართველოზე, მიუხედავად საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ძლიერი ეკონომიკური კავშირებისა. თუმცა გავლენა შეიძლება გაიზარდოს, თუ თურქეთის დესტაბილიზაცია, მათ შორის ლირის გაუფასურება და რეცესია გაგრძელდება.
როგორც პრესკონფერენციაზე GET საქართველოს წარმომადგენელმა მიმოხილვა შეაჯამა:
• 2018 წლის იანვრიდან აგვისტომდე თურქული ლირა ქართულ ლართან მიმართებაში 42%-ით გაუფასურდა ნომინალური გაგებით;
• თუმცა საერთაშორისო კონკურენტუნარიანობისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ რეალური გაცვლითი კურსი, რომელიც ინფლაციის ტენდენციებსაც ითვალისწინებს;
• თურქული ლირა ქართულ ლართან მიმართებაში რეალურად მხოლოდ 20%-ით გაუფასურდა; ეს მნიშვნელოვანია, თუმცა არა კრიტიკული;
• როგორც მოსალოდნელი იყო, სამომხმარებლო და კაპიტალური საქონლის ექსპორტი შემცირდა;
• თუმცა 2018 წლის პირველ ნახევარში ქართული ნედლეულის და შუალედური საქონლის ექსპორტი თურქეთში გაიზარდა, რაც შეიძლება აიხსნას გლობალური ღირებულებათა ჯაჭვების არსებობით;
• ამგვარად, საბოლოო/კაპიტალური და ნედლეულის/შუალედური საქონლის ექსპორტმა თურქეთში სხვადასხვაგვარად იმოქმედა ლირს გაუფასურებაზე;
• სამომხმარებლო საქონლის ექსპორტზე გავლენა არც ისე ძლიერია (-10%), თუმცა რიგ სექტორებზე, კერძოდ კი, აჭარის რეგიონის ტექსტილის მრეწველობაზე, სერიოზულად იმოქმედა;
• როგორც მოსალოდნელი იყო, თურქეთიდან იმპორტი გაიზარდა. ეს ეხება ყველა ტიპის იმპორტირებულ საქონელს;
• ჩვენი პროგნოზით (GET საქართველოს), მცირედით აისახება თურქეთიდან ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე, შედარებით ნაკლებად პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და საქართველოში მომუშავე თურქულ ბანკებზე;
• თუმცა გავლენა შეიძლება უფრო სერიოზული გახდეს თურქული ლირის კიდევ უფრო გაუფასურების და/ან რეცესიის შემთხვევაში.

GET საქართველოს გუნდის ხელმძღვანელის, რიკარდო ჯიუჩის განცხადებით: „ბევრი დამკვირვებელი საუბრობს თურქული ლირის ქართულ ლართან მიმართებით დაფიქსირებულ 42%-იან გაუფასურებასა და საქართველოში არსებულ პრობლემებზე. თუმცა ინფლაცია თურქეთში საქართველოსთან შედარებით ბევრად მაღალია, რაც უარყოფითად მოქმედებს თურქეთის კონკურენტუნარიანობაზე. გაცვლითი კურსისა და ინფლაციის გათვალისწინებით (იგულისხმება რეალური გაცვლითი კურსი), ვხედავთ რომ გავლენა გაცილებით სუსტია და მხოლოდ 20%-ს შეადგენს და არა 42%, როგორც ნომინალური გაცვლითი კურსის შემთხვევაში.
თურქული ლირის გაუფასურების გავლენა თურქეთში ქართულ ექსპორტზე არაერთგვაროვანია. მართალია, 2018 წლის პირველ ნახევარში სამომხმარებლო და კაპიტალური საქონლის ექსპორტი შემცირდა, როგორც მოსალოდნელი იყო, თუმცა ნედლეულისა და შუალედური საქონლის ექსპორტი გაიზარდა. ეს აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გლობალური ღირებულებათა ჯაჭვები თანამედროვე ვაჭრობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცვლითი კურსის ცვალებადობა იმაზე ნაკლებად მოქმედებს ვაჭრობაზე, ვიდრე წარსულში.“

***
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფი საქართველო 2014 წლიდან ეხმარება საქართველოს მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკის თემებზე. პროექტს აფინანსებს გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტრო და კონსულტაციას უწევს Berlin Economics.