არჩევნები და ფული

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

კითხვა, რომელიც ნებისმიერი მოქალაქეს არჩევნების თუ მის შემდეგ პერიოდში აწუხებს, დაახლოებით, ასე ჟღერს: რად უღირთ პოლიტიკოსებს არჩევნებში დახარჯული ნერვები და ფული? ეს კითხვა ჯერ კიდევ აქტუალურია საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინშია და, ვფიქრობთ, ყველგან, სადაც არჩევნები ოდესმე მაინც ჩატარებულა.

პასუხი, ალბათ, ერთმნიშვნელოვანია – უფრო მეტ ფულად და ძალაუფლებად. თუმცა, ვისაც არასოდეს ჰქონია უშუალო შეხება საარჩევნო პროცესთან, მისთვის პოლიტიკოსთა არაკეთილსინდისიერება ძნელი წარმოსადგენია.

დღეს პოლიტიკაში მთავარი ატრიბუტი უკვე სასტარტო თანხაა, რომლის დაუნანებლად

გადახდის შემთხვევაში, PR-ტექნოლოგები და საარჩევნო საქმის დიდოსტატები თქვენგან შექმნიან იმას, რის შეკვეთასაც თავად მისცემთ. ვერ გეტყვით, რომ ქვეყნის მართვის სადავეებს ჩაგაბარებენ (ეს ცალკე საუბრის თემაა), მაგრამ იმ ფულის ამოღებას, რაც დახარჯეთ, უდავოდ შეძლებთ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ზემოთ აღნიშნული სფერო უკვე ცალკე ბიზნესის სახით ჩამოყალიბდა, სადაც თავისი არც თუ მოკრძალებული წვლილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც შეაქვთ. ყოველ შემთხვევაში, რუსეთში ამის შესახებ ღიად და დაუფარავად წერენ.

თემაზე მსჯელობას, რუსეთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრემიერის, ნ. აქსეენკოს სიტყვებით დავიწყებთ:

“ვიღაც იტყვის, რომ შეგნებულად ვაკეთებ შექმნილი სიტუაციის ცინიზმის უტრირებას. ღმერთმა ქნას ასე იყოს, თვითონვე მინდა მჯეროდეს. დავიჯერებდი კიდეც, ხელში რომ არ ჩამვარდნოდა არც ისე დიდი ხნის წინ გამოსული წიგნი “ყველაზე მოკლე გზა ხელისუფლებისაკენ”, ლაკონური ქვესათაურით – “არჩევნების ტექნოლოგია”, საკმარისია რამდენიმე ფურცელი გადაათვალიეროთ და დარწმუნდებით, რომ ამ წიგნს უნდა ერქვას – “გასულელების ტექნოლოგია”. უძრაობის პერიოდში გამოვიდა გენიალური ამერიკული ფილმი “რაფერტი”. ფილმი ფაქტიურად, ამერიკაში ხელისუფლებისკენ მიმავალ გზას ეხება, ნაჩვენებია, არჩევნების ტექნოლოგია თავისუფალ, დემოკრატიულ სახელმწიფოში. მაშინ ფილმში აღწერილმა საშინელებამ შეგვაძრწუნა და იმან, თუ სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, რომელიც პოლიტიკური სიმაღლისკენ მიილტვის, მაგრამ მაშინ ეს ხდებოდა იქ, მათთან!”

“90-იანი წლების დასაწყისში რუსეთში მიღებული იყო აზრი იმის შესახებ, რომ არჩევნები უფრო სუფთად ტარდებოდა. ძნელია არ დაეთანხმო, მაშინ ამხელა ფული და მისი გამოყენების შესაძლებლობა რუსეთში არავის ჰქონია. ახლა კი, ფული საარჩევნო კამპანიის შეუცვლელი ატრიბუტია. მათ, ვისაც ფინანსური მდგომარეობა კარგი აქვს, ძალაუფლება სჭირდება და ამისთვის ფულს არ ზოგავს. აქ ჩვენ დავეწიეთ და გავუსწარით ამერიკას”, – აცხადებს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ალექსანდრე ვეშნიაკოვი.

სიტუაცია მეტად ნაცნობია, იგივე შეიძლება საქართველოზეც ითქვას, იყო დრო, როცა ჩვენთან ემოციით ტარდებოდა არჩევნები, თვითონ არჩევნები, როგორც მოვლენა ჩვენთვის და პოლიტიკოსებისთვისაც ახალი იყო. თუმცა, ეს სავსებით ბუნებრივია, მაშინ მართლა არ ყოფილა ქვეყანაში ამხელა ფული, არც საარჩევნო ტექნოლოგია, არც PR-კომპანიები და არც სოციოლოგიური კვლევის სამსახურები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც არ ჰქონიათ ისეთი მასშტაბები, როგორც დღეს. ცხოვრება კი წინ მიდის. დასავლეთში აპრობირებული ყველა მეთოდი, რა გასაკვირია, რომ აქაც ინერგებოდეს?

ისევ რუსეთს დავუბრუნდეთ. საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, პირველად ჟირინოვსკიზე და მის პარტიაზე გამოჩნდა კომპრომატი, რომ ლდპრ-ის საარჩევნო სიაში ნებისმიერს შეუძლია მოხვედრა ერთი მილიონი ამერიკული დოლარის საფასურად. ჟირინოვსკიმ არ დააყოვნა თავის კომენტარი – “ერთი კი არა ათი მილიონი დოლარი ვღირვართ, არავინ გაგვიბედოს ასეთი წინადადებით მოგვმართოს, ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ მთელს რუსეთში, რომელიც ხალხის ინტერესებს უანგაროდ იცავს!”

სამწუხაროდ, ასე არ ფიქრობენ მისი კოლეგები და, როგორც მოსალოდნელია, კოლეგა-კონკურენტები ხელს ყოველთვის ერთმანეთისკენ იშვერენ, მაგრამ ვერც ისინი აცხადებენ, რომ სხვა პარტიებში მსგავსი რამ საერთოდ გამორიცხულია. ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საანგარიშო პალატა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ყველას ხელს აძლევს შექმნილი ვითარება. ყოველივე ამაში ჩართულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც, თუმცა, ამაზე ცოტა ქვემოთ.

სამაგიეროდ, ანალიტიკოსები 100%-ით არიან დარწმუნებული, რომ ადგილები ყველა პარტიაში იყიდება (ანუ უკვე გაიყიდა) და რომ საარჩევნო კამპანია ძალიან, ძალიან ძვირი ღირს, საჭიროა რაც შეიძლება მეტი ფული, ხოლო მათგან უმეტესი, ჩრდილოვანი უნდა იყოს, რადგან კანონის თანახმად, ზღვრული თანხა დიდი არ არის, ბევრად ნაკლები, ვიდრე რეალურად ჯდება საარჩევნო კამპანია. პარტიებში, რასაკვირველია, მათი რეიტინგიდან გამომდინარე, სიებში სხვადასხვა ადგილი განსხვავებული თანხა დაჯდა – 300 ათასიდან 1 ან 2 მლნ დოლარამდე.

ექსპერტები სამი ტიპის “კომერციულ” დეპუტატებს ასახელებენ: 1. მეწარმე, წარსულში კრიმინალი, რომელიც ახლა ცდილობს “გათეთრდეს” და კანონს მოერგოს. მას არ აქვს ფულის პრობლემა, სჭირდება მხოლოდ სტატუსი (სხვათა შორის, დუმაში კრიმინალის არსებობაზე დეპუტატებიც კი ხუმრობენ. კორჟაკოვმა მოჩვენებითი გულუბრყვილობით განაცხადა: “- მაინც და მაინც დუმაში რატომ არ უნდა იყოს კრიმინალი, როცა ის დღეს ყველგან გვაქვს, კრემლშიც კი, და ამაზე უკვე მთელი ქვეყანა ლაპარაკობს”); 2. მეწარმე, რომლის ქარხანა ვალებში იხრჩობა, დეპუტატობა მას იმისთვის სჭირდება, რომ ფინანსთა სამინისტროსთან “მისასვლელი” ხიდი ჰქონდეს; 3. ლობისტები. ადამიანები ამ საქმიანობით ფულს შოულობენ. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შემდეგ, ისინი “საკითხების გადაწყვეტას” იწყებენ, ხოლო დეპუტატებს ამის შესაძლებლობა შეზღუდული ნამდვილად არ აქვთ, რითაც დახარჯული თანხის უკან ამოღებას ახერხებენ. “ამისთვის არსებობს” ე.წ. დეპუტატის მოთხოვნა, შეტევა ?EIN-ზე სწორედ დეპუტატის მოთხოვნით დაიწყო. ვიღაცისთვის ეს პროცესი შეიძლება ძალიან საინტერესო და მომგებიან ბიზნეს-კომბინაციის დასაწყისი იყოს. დეპუტატის მოთხოვნა მეტად გავრცელებული და ბანალური ხერხია, იგი ძვირი არ ღირს, მაგრამ ძვირი ღირს საკითხზე კენჭისყრა – რამდენიმე ათეული ათასი დოლარი 1 ხმისთვის. წარმოიდგინეთ, 4 წლის განმავლობაში რამდენ საკითხს უყრიან კენჭს? როგორც ამბობენ, უფრო მომგებიანია კომიტეტებსა და ქვეკომისიებში მუშაობა. სწორედ აქედან იწყება კანონების განხილვა…

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის მსურველთა მოტივაცია და ის, თუ რატომ იხდიან დიდძალ ფულს, გასაგებია. ახლა ვნახოთ, თუ რა ხდება ქვედა დონეებზე, ანუ როგორ მიმდინარეობს იმ საქმის, რასაც არჩევნები ჰქვია, ორგანიზება. …

რუსული კონსალტინგური კომპანია, “ფბკ” ამტკიცებს, რომ პარტიებს და თითომანდატიან დეპუტატებს ეს არჩევნები 1,8 მლრდ დოლარი დაუჯდათ, იმის გათვალისწინებით, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი არალეგალურად დაიხარჯა. საარჩევნო ფონდი, კანონის თანახმად 8,1 მლნ-ს ოდენობით განისაზღვრა, ხოლო პარტიებს 259,2 მლნ-ის მეტის დახარჯვის უფლება არ მიეცათ .”ფბკ”E-ს ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ პარტიებმა არჩევნებზე საშუალოდ 980 მლნ გაიღეს, ანუ თითქმის 4-ჯერ მეტი, ვიდრე დასაშვები იყო.

ამომრჩევლის ხმა ყველა ქვეყანაში ფასობს, მაგრამ განსხვავებული ოდენობის თანხად. ექსპერტებმა გამოიანგარიშეს, რომ დუმის აგიტატორებმა თითოეულ ამომრჩეველზე საშუალოდ, 8,5 დოლარს დახარჯეს. ვთქვათ ევროპაში, ხალხის დამუშავება უფრო იაფი ჯდება: საფრანგეთი – 3 დოლარი, ინგლისი – 5,8 დოლარი, კანადა – 2,7 დოლარი.

პრაის-ლისტი თითოეული პარტიისთვის ასე გამოიყურება.
თითოეული პარტიის ბიუჯეტი, საშუალოდ, 49 მლნ დოლარიდან 58,2 მლნ-მდე განისაზღვრა. ერთმანდატიანების არჩევნებისთვის დახარჯული თანხაც იგივე მეთოდით დაანგარიშდა და თითოეულზე 362 ათასი გამოვიდა, მსხვილ ქალაქებში კი, 845 ათასი, კანონის თანახმად, ამ თანხას 193 ათას 400 დოლარისთვის არ უნდა გადაეჭარბებინა.

სახელმწიფო დუმაში წელს ბიზნესმენთა დიდი მობილიზება შეიმჩნეოდა, მაგრამ იქ მოხვედრა ახლა უფრო გართულებული იყო, ვიდრე ადრე. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ფონდის ზღვრული ოდენობა მაჟორიტარულ ოლქებშიც კი 3,5-ჯერ გაზარდა და ამ მაჩვენებელმა 200 ათას დოლარს მიაღწია. პოლიტექნოლოგები არჩევნებამდე ამტკიცებენ, რომ ამ ფასადაც დუმაში მოხვდებოდნენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებთაც ოლქებში საკუთარი ტელეარხი, გაზეთი ან საწარმო ჰქონდათ, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობის დიდი პროცენტია დასაქმებული.

ამ ჩამონათვალში არაფერია ნახსენები PR-ტექნოლოგიებზე და მის ფასებზე. არადა, მათ გარეშე არჩევნები თითქმის არ ტარდება. გთავაზობთ ერთ-ერთი რუსული PR-კომპანიის პრაის-ლისტს (კომპანიამ ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, იხ. ცხრილი #2).

აი, რას ამბობს სააგენტო Talan Communications-ს PR-დირექტორი:

“როგორც წესი, PR-ხარჯები ორ კატეგორიად იყოფა: პირდაპირი და სააგენტოსთვის გადახდილი ჯილდო, ან, თუ გნებავთ, ჰონორარი. პირდაპირ ხარჯებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ საორგანიზაციო დანახარჯები, მაგალითად, პრეს-ღონისძიებების მოწყობა: ჯდება 4 ათასიდან 15 ათას დოლარამდე, გააჩნია დონეს, მასშტაბსა და კონცეფციას, ან კიდევ, წერილების განთავსება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. რაც შეეხება სააგენტოს ჯილდოს, იგი დამოკიდებულია ჩატარებული სამუშაოების მასშტაბებზე. ჯერ არ მსმენია, რომ სააგენტოს ჰონორარი პრეს-ღონისძიებების ჩატარებისთვის 2 ათასს დოლარზე ნაკლები ყოფილიყო სადმე”.

C&C groups-ის ხელმძღვანელი:
“პროექტის ღირებულება, თვითონ პროექტზეა დამოკიდებული. ყოველი პროექტისთვის ვახდენთ სამუშაო ჯგუფის ფორმირებას. სააგენტოს ჰონორარის განსაზღვრა ჩვენთან მარტივი და გამჭვირვალეა: სამუშაო ჯგუფის ხელფასი მრავლდება კოეფიციენტზე – 2,5-ზე, რომელშიც შედის გადასახადები, საოფისე ხარჯები, სააგენტოს მოგება. კლიენტის ასე ვთქვათ, “სააბონენტო გადასახადი” თვეში 1000-დან 3000 დოლარმადე მერყეობს. პროექტი ჩვენთვის რენტაბელურია, თუკი იგი 3-4 თვე გრძელდება”.
საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთში თამამად წერენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამეფებულ კორუფციაზე და შავი PR-ის ფასებზე, რომლითაც შესაძლებელია შესაბამისი ანაზღაურების შემთხვევაში, კომპრომატები ნებისმიერი პროდუქციის რეკლამის მსგავსად გამოქვეყნდეს. საარჩევნო პერიოდში ეს ცალკე მიმართულებაა და ამაში ებმევა Pღ-კომპანია, ან უშუალოდ პარტიის პრეს-სამსახური, გააჩნია კავშირებს.

PR-ტექნოლოგები გაზეთებს დიდი ხანია “მოედნებს” უწოდებენ, ხოლო იქ მასალები კი არ ქვეყნდება, არამედ “განთავსდება”, რომლის “შეჩერებაც” არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რასაკვირველია, შესაბამისი ანაზღაურების ფასად. რუსეთში იმასაც დიდი ხანია ღიად აცხადებენ, რომ ჟურნალისტები უკვე აღარ ცხოვრობენ მხოლოდ ჰონორარებზე და ხელფასებზე. ბუნებრივია, ყველა გაზეთს თავისი ფასი აქვს და იქ კომპრომატის “განთავსება” გამოცემის რეიტინგულობაზეა დამოკიდებული. თუმცა, ამით ჟურნალისტებს არ ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი იყიდებიან, უბრალოდ, კომპრომატების ომი ერთგვარი ბიზნესია. ასეთია რუსული საბაზრო ცხოვრების რეალობა, სხვაგვარი ის არც დემოკრატიულ ქვეყნებშია.

ყველაზე ძვირადღირებულ გამოცემად “არგუმენტი ი ფაკტი”-ს ასახელებენ, სადაც ერთი საგაზეთო სვეტი 18 000 დოლარი ღირს. მაგრამ, ეს ჯერ კიდევ ნახევარი საქმეა, რადგან რედაქტორისთვის კლიენტის გადახდისუნარიანობა არაფერს ნიშნავს, მთავარია პოლიტიკური გემოვნება. მეორე ადგილზეა “კომსომოლსკაია პრავდა”, რომელმაც გასულ წელს მხოლოდ პოლიტიკურ თემებზე მასალების გამოქვეყნებით სუფთა მოგება 850 000 დოლარის ოდენობით მიიღო, გაზეთი ამ მასალებს რუბრიკით: “ღია ტრიბუნა”, “თვალსაზრისი” აქვეყნებს. საკმაოდ ძვირი ღირს “Eკომერსანტ”, “EკომერსანტU-ავლასტ” და “კომერსანტU-ადენგი”, აქ კომპრომატების მთავარი შემკვეთი, როგორც ამბობენ, ბორის ბერეზოვსკია, ამიტომ წვრილმანებზე ეს გამოცემა დროს და ადგილს არ ხარჯავს.

მიმოხილვაში თითქმის ყველა წონიანი რუსული გაზეთია ჩამოთვლილი, ყველას თავის ფასი და პოლიტიკური შეხედულება აქვს (თანხვედრის შემთხვევაში, ზოგიერთი მთავარი რედაქტორი მასალებს იაფად განათავსებს), თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც PR-ის თვალსაზრისით არასაინტერესოდ მიიჩნევიან.

რაც შეეხება უკრაინას, ეს ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინშია. ადვილი მისახვედრია, რომ ისეთი დიდი სახელმწიფოს საPRეზიდენტო არჩევნები, როგორიც უკრაინაა, საკმაოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. თუკი მხედველობაში მივიღებთ ამ არჩევნების პრინციპულობასა და დრამატიზმს, თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არც ერთი კანდიდატი და მხარდამჭერი ძალა ფინანსებში არ შეიზღუდება. ამიტომაც, უკრაინაში მიიჩნევა, რომ ეს არჩევნები მის ისტორიაში “ყველაზე ბინძურის” სახელით შევა. ექსპერტები უკვე აკეთებენ გათვლებს, თითოეული კანდიდატისთვის თუ რა თანხა შეიძლება დაჯდეს ის. ეს თანხა, მინიმუმ 71, 43 მლნ-ა, რომელიც უხეშად აშშ დოლარებში ასე იშიფრება.

გაუთვალისწინებელი ხარჯები, კრიზისული PR, ქრთამები თანამდებობის პირებისთვის – 10 მლნ.

საპრეზიდენტო არჩევნები სერიოზული საქმეა, ამიტომაც, როგორც ვხედავთ, იგი ძვირია. ვერ გეტყვით ამ თვალსაზრისით, როგორი იქნება საქართველოს PR ეზიდენტის არჩევნები, რადგან ჩვენთან სიტუაცია ბევრად განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების სიმრავლეს არ ვუჩივით, გვყავს ერთი, ფაქტობრივად, უალტერნატივო კანდიდატი. სიტუაცია დაახლოებით 90-იან წლებს წააგავს, რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდით და ამიტომ შავი ფული არჩევნებისთვის ნაკლებად საჭირო გახდება.

და მაინც, საინტერესოა, რა წერია წიგნში, “მოკლე გზა ხელისუფლებისკენ” ისეთი, რომ აქსეენკოს შიშის ზარი დასცა? გთავაზობთ პატარა ამონარიდს ერთ-ერთი საგაზეთო პუბლიკაციიდან, სადაც მოკლედ არის მიმოხილული აღნიშნული წიგნი:

“ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გადაწყვიტეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმისას რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს პირველ რიგში? ალბათ, მ. გორკის გაიხსენებთ და დაფიქრდებით, “რას გავაკეთებ ჩემი ხალხისთვის”? საშინლად სცდებით, იმ საკითხთა ჩამონათვალში, რომელსაც წიგნის ავტორები გვთავაზობენ, ასეთი კითხვა საერთოდ არ არის, ისევე, როგორც საკუთარ თავში პროფესიული და საქმიანი თვისებების აღმოჩენის აუცილებლობა. მართლაც, რა საჭიროა ყოველივე ეს კანდიდატისთვის? ჩამონათვალში არის კითხვები ჯანმრთელობის შესახებ, კრიტიკის მიმართ თქვენს რეაქციაზე, საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ფულის თხოვნის მზადყოფნაზე, მოკლედ ყველაფერი, გარდა ერთისა – საერთოდ რატომ გადაწყვიტეთ გახდეთ დეპუტატი ან პრეზიდენტი. როგორც ჩანს, თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგია ამ თემას იმდენად ღრმად პიროვნულად მიიჩნევს, რომ ამ კითხვის დასმას არ რისკავენ, კაცმა არ იცის თქვენი ქვეცნობიერი სამყაროდან რა პასუხი ამოტივტივდება. თუკი ჩამონათვალის ყველა პუნქტს გაეცით პასუხი და გადაწყვეტილება არ შეცვალეთ, მოგიწევთ სკრუპულოზურად მისდიოთ ყველა რჩევას, რომელსაც ავტორები გაწვდიან: ამის შემდეგ თქვენ დაგჭირდებათ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის მოპოვება, უნდა შეხვდეთ რეგიონულ მმართველ და უკვე არამმართველ პოლიტიკურ ელიტას, (საქმეში ყველა გამოგადგებათ) შემდეგ ფინანსური სტრუქტურების წარმომადგენლებს და საინფორმაციო საშუალებების მთავარ რედაქტორებს, კულტურისა და რელიგიის წარმომადგენლებს, სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებს, შავი სამყაროს ავტორიტეტებს. საარჩევნოდ მათი კეთილგანწყობა ნამდვილი სიმდიდრეა, რაც სავსებით გასაგებია: თუ საკუთარი ფული არ გეყოთ, საფინანსო სტრუქტურები დაგეხმარებიან, თუკი მილიციას არ შეუძლია, საქმეს “საძმო” გაარჩევს და ა.შ.”…

ჩვენი მხრიდან დავამატებდით, რომ ეს ფასდაუდებელი წიგნი, არამარტო პოლიტიკოსების, ამომრჩევლების სამაგიდო წიგნადაც უნდა იქცეს, რომ უფრო ადვილად გასაგები გახდეს ამა თუ იმ პოლიტიკოსის ზოგჯერ გაუგებარი ფრაზა თუ მოქმედება.

ასე რომ, როგორც ვნახეთ, პოლიტიკაში ყოფნა მუდმივ დიდძალ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ პიკი მაინც არჩევნებია, სადაც შოულობენ და ხარჯავენ ფულს იმისთვის, რომ კიდევ უფრო დიდი ფული მოიგონ. ერთი ხელით მეორეს დაბანვის პრინციპით, პოლიტიკოსების მხარდამხარ იღწვიან საარჩევნო და PR-ტექნოლოგები, მედია-მაგნატები. მათთვის არჩევნები, პირიქით, ფულის შოვნის პიკია და ფულის ეს მასა მხოლოდ რამდენიმე კომპანიის კორპორატიულ მოგებად იქცევა ხოლმე. ალბათ, ეს ერთ-ერთი ნიშანთვისებაა, რითაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა საოცარი სიზუსტით ჰგავს ერთმანეთს.