დოლარის კრახი? თუ ახალი ეკონომიკური სტილი

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

ახლა, როცა სახელგანთქმული დოლარის არც თუ სახარბიელო მდგომარეობა უფრო და უფრო აფიქრებს საზოგადოებრიობას, გაჩნდა მოსაზრება: ხომ არ მოვიდა დრო, როცა მთელი დანაზოგის ევროს სახით შენახვა უფრო გონივრულია? არა მხოლოდ ფინანსისტები, ჩვეულებრივი ადამიანებიც დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს ევროპულ ვალუტას, რომელმაც თავიდან საკმაოდ სუსტად აიღო სტარტი, მაგრამ დღეს უკვე დოლარს გადაუსწრო.

ევრო გასული წლის მარტიდან ძვირდება. გასულ წელს ევროსთან მიმართებაში დოლარმა 20% დაკარგა, მიმდინარე წლის 5 თვეში – 10%, ანუ 2003 წლის შუა თვეებში ეს პროცესი თვალშისაცემად დაჩქარდა და დღეს, ფაქტობრივად, თავისი არსებობის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიუახლოვდა. ამიტომაც, მის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ ის ადამიანებიც, რომლებთაც უკვე მოასწრეს გული აეცრუებინათ დოლარზე, სხვათა შორის, მათ შორისაა სკანდალურად ცნობილი ამერიკელი მილიარდელი და ინვესტორი (როგორც ხშირად მას უწოდებენ, ფინანსური სპეკულიანტი), ჯორჯ სოროსი:

ამერიკამ გადაუხვია გზას, რომელსაც ერქვა “ძლიერი დოლარი,” ფინანსისტის ამ განცხადებამ საკმაოდ ჩქარა მოახერხა ამერიკული ვალუტის საბირჟო კურსის დაცემა. ამერიკის ხელისუფლების ფინანსური პოლიტიკის კრიტიკისას, მან ასევე განაცხადა, რომ იგი დოლარის ნაცვლად ევროს, ავსტალიის, კანადის, ახალი ზელანდიის ვალუტას და ოქროს ყიდულობს. ვალუტის გადამყიდველებმა უკვე დაიწყეს მიზანმიმართულად დოლარისგან თავის დაღწევა.

სოროსმა თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ, კარგად იცოდა, თუ რას ნიშნავდა მისი ეს განცხადება და როგორ იმოქმედებდა იგი დოლარზე. ამერიკელი მილიარდელი ხომ იმ პირთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლის აზრს ფინანსური მენეჯერები ანგარიშს უწევენ და, რომ ევროს მასიურ შესყიდვასთნ დაკავშირებით მისი განცხადება, სხვებისთვის მაგალითის მიმცემი იქნებოდა, რაც ამერიკული ვალუტის კურსის დაცემას გამოიწვევდა.

სოროსი ფინანსურ მაქინაციებს ხშირად მიმართავდა. ბრიტანულ სტერლინგთან სავალუტო სპეკულაციის შედეგად მან 1 მლრდ აშშ დოლარის მოგება მიიღო. ამის შემდეგ მას უწოდეს ადამიანი, რომელმაც ინგლისის ბანკი გატეხა, ან კიდევ, “ბირჟის მოცარტი”. სოროსმა სახელი გაითქვა მალაიზიისა და ტაილანდის ეკონომიკის დანგრევისა და ჩინეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ზარალის შეტანის გამო. საეჭვო სავალუტო ოპერაციების შედეგად მან ხელში ჩაიგდო უძრავი ქონების ბაზარი არგენტინაში, ბრაზილიასა და მექსიკაში, ასევე საბანკო სფერო ვენესუელაში. და ეს არ არის სრული სია იმ ქმედებებისა, რომელშიც სოროსს ადანაშაულებენ.

მაინც როგორ შოულობენ ფულს ამ პროფესიის ადამიანები? პირველ რიგში, მოსამზადებელ სტადიაში, რომელიც, შესაძლოა, რამდენიმე თვე გრძელდებოდეს, სპეკულიანტი ფრთხილად ყიდულობს ვალუტას, რომლის წინააღმდეგაც გადაწყვეტილი აქვს მომავალში ითამაშოს და ამ გზით აყალიბებს ე.წ. “დამრტყმელ ჯგუფს”. შემდეგ არჩევს ხელსაყრელ მომენტს, როცა სამიზნე ფულადი ერთეული ყველაზე სუსტია. სწორედ ასე მოიქცა სოროსი ფუნტი სტერლინგის წინააღმდეგ, ამოირჩია 1992 წლის სექტემბერი, როცა ბრიტანული ეკონომიკა შესამჩნევ სირთულეებს განიცდიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ვალუტით მოვაჭრეების ყოველდღიური ბრუნვა 1000 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ერთ-ერთი ფრანგი ბანკირის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ბაზრები მსოფლიოში ყველაზე დიდი სამორინეა, სადაც ფსონები არაფრით არის შეზღუდული, ხოლო თამაშს 10 000 კერძო ბანკი და საფინანსო კომპანია წარმართავს.

ზუსტად ერთი წლის წინ სოროსმა განაცხადა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ს ვალუტა სამჯერ დაეცემა და მას შემდეგ დოლარი გაიაფდა ევროსთან მიმართებაში 27,4%-ით, იენთან – 5,5%-ით, ფუნტ სტერლინგთან – 12,6%-ით, შვეიცარულ ფრანკთან – 18,4%-ით. ამჟამად სოროსი სავალუტო კურსების შესახებ პროგნოზს აღარ აკეთებს: “- აშშ-ს ფინანსთა მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებებით დოლარის კურსი დაიწია. მე უფრო მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენ და არანაირ პროგნოზს არ გავაკეთებ”.

ჯორჯ სოროსი თავისი საქმიანი კარიერის დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა მსოფლიო ბაზარზე ჩრდილიდან ემოქმედა. მისი ე.წ. ანონიმურობის ერთგვარ დასასრულად 1992 წელი შეგვიძლია ჩავთვალოთ. ამ თარიღს უკავშირდება ევროპული ვალუტების კრიზისი. მაშინ უნგრული წარმოშობის, 62 წლის ამერიკელმა ფინანსისტმა, ჯორჯ სოროსმა 1 მლრდ ამერიკული დოლარი გამოიმუშავა 10 მლრდ ფუნტი სტერლინგის წინააღმდეგ. ამ მოხერხებული ოპერაციის დღე ისტორიაში “შავი ოთხშაბათის” სახელით შევიდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის დიდი დარტყმა გახლდათ და მან ინგლისური ვალუტის დევალვაცია მოახდინა.

1992 წელს ბუნდესბანკმა მას ფუნტი სტერლინგის სავალალო მდგომარეობის შესახებ აცნობა. სოროსმა შეტევაზე გადასასვლელად მზადება დაიწყო. “შავ ოთხშაბათს” ევროპული ბანკების დიდმა ნაწილმა ინგლისური ვალუტის გაყიდვა დაიწყო. თამაშში სოროსიც ჩაერთო. შუადღისთვის ფუნტი ძლივსღა იჭერდა თავს. დღის მეორე ნახევრისთვის პანიკაში ჩავარდნილმა დიდმა ბრიტანეთმა საანგარიშო განაკვეთი 2%-ით ასწია, მაგრამ საქმეს ამან ვერ უშველა. საღამოსთვის ფუნტი 12%-ით დაეცა. ერთ დღეში სოროსმა მილიარდზე მეტი იშოვა, მაშინ, როცა ყოველმა ინგლისელმა 12 ფუნტი დაკარგა. იმ დღეს დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინიტროში ბევრი დაემშვიდობა პორტფელს, ვინაიდან ბანკებიდან კომპენსაციის მიღება შეუძლებელი იყო. როგორც მაშინდელი პრესა იუწყებოდა, მთელი პასუხისმგებლობა მომხდარზე სოროსს ეკისრებოდა, მაგრამ კანონმდებლობით არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა.

მიუხედავად ამისა, სოროსი ამაზე არ შეჩერებულა. იმავე წელს გაუფასურებული სახელმწიფო საკუთრების შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად შეარყია იტალიური ლირა.

არგენტინის გაბანკროტების საქმეში ცნობილი ფინანსისტი გვერდზე არ გამდგარა, როცა ამ ქვეყანაში მორიგი ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, მან მიწები თითქმის მუქთად ჩაიგდო ხელში.

1993 წლის ივნისში დადგა გერმანული მარკის ჯერიც. ცნობილ წერილში, რომელიც სოროსმა გაზეთ “თაიმსში” გამოაქვეყნა, თქვა: – “ვფიქრობ, რომ გერმანული მარკის კურსი ყველა სხვა ვალუტასთან მიმართებაში დაეცემა”. მისი წინასწარმეტყველების ასრულება ძალიან მალე დაიწყო.

“ინსტიტუციონალური ინვესტორები, რომლებიც უფრო მეტ ფულს აკონტროლებენ, ვიდრე სოროსი, მისი პროგნოზების ძალიან დიდი რწმენა აქვთ”, – ამბობდა საინვესტიციო ბანკირი, პეტერ რომა, სხვათა შორის, ისიც ემიგრანტი უნგრეთიდან.

საფინანსო ბაზრები ყურადღებით ადევნებენ თვალს სოროსის მოქმედებებს და მისი ყველაზე დიდი არაკეთილისმსურველებიც კი აღიარებენ, რომ ამ ადამიანს ფინანსური წინასწარმეტყველების ნიჭი გააჩნია. თვითონ სოროსი ამჯობინებს ამ ნიჭს საქმიანი გამჭრიახობა უწოდონ.

1997 წელს მალაიზიის, ინდონეზიის, სინგაპურის, ფილიპინების ვალუტების ჩაძირვასა და აზიის საფონდო ბაზრების დაცემას მის სახელს უკავშირებენ. ამ ქვეყნების ფინანსისტებმა სოროსი სავალუტო ინტერვენციის გზით, აზიური კრიზისის პროვოცირებაში დაადანაშაულეს, საიდანაც მან 5 მლრდ-დან 10 მლრდ-მდე მოგება ნახა.

1999 წლის იანვარში სოროსმა ამერიკაში მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციათა კურსის დაცემა იწინასწარმეტყველა და მათ დაწევაზე ითამაშა, მაგრამ ამჯერად, ვადებში შეცდა და მისმა ფონდმა Quantum Fundმილიარდი აშშ დოლარი დაკარგა, რადგანაც 1999 წლის ზაფხულშიც კი ინდექსი NASDAQ -ი აღმასვლას განაგრძობდა.

ისტორია, რომელიც ეკონომიკაში ჩართულმა ყოველმა ადამიანმა იცის, იმისთვის შეგახსენეთ, ვიფიქროთ, რამდენად საფუძვლიანია მსოფლიოს მასშტაბით ანალიტიკოსების შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ გადაიქცა სოროსისთვის აშშ დოლარი ახალ სამიზნედ?

ამერიკული დოლარის დაცემის კომენტირებისას, სოროსმა მიანიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლება პროცესის შეჩერების სურვილს აღარ ავლენს. მისივე სიტყვებით, აშშ-ს მთავრობაში მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ საფინანსო ბაზარი თავის თავს თვითონვე გაუკეთებს კორექტირებას, მაგრამ, როგორც ფინანსისტი ამბობს, არ შეიძლება ბაზარს ეს საქმე მიენდოს. მისივე განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკის დაცემამ გამოავლინა კორპორატიული ამერიკის სისუსტეები იმ მეთოდოლოგიაში, რომლითაც აშშ-ს ადმინისტრაცია საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემებს ხელმძღვანელობს.

ამ განცხადებების შემდეგ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ, ალან გრინსპენმა განაცხადა, რომ მას ძველებურად სჯერა ამერიკის ეკონომიკის – “ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია ერაყის ომის დასრულების შემდეგ, რომ ამერიკის ეკონომიკის სიმძლავრესთან დაკავშირებით დასკვნები გამოვიტანოთ”.

აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, ჯონ სნოუმ განაცხადა, რომ ამერიკა აღარ გააგრძელებს ძლიერი დოლარის პოლიტიკას, რასაც საპასუხოდ სოროსმა მცდარი აზრი უწოდა და აშშ სხვა ქვეყნების ხარჯზე თავისი ეკონომიკის სტიმულირებაში დაადანაშაულა, რასაც პირობითად, “მეზობლის გაძარცვა” უწოდა და დასძინა: “- ეს ნაბიჯი, პირველ რიგში, დარტყმას მიაყენებს ევროპას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამერიკაზეც აისახება. თუკი ევროპული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა დაეცემა, იგი ევროპაში საქმიანი აქტივობის შემცირებას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, იქამდე მიგვიყვანს, რომ ამერიკული პროდუქციის მყიდველიც აღარავინ დარჩება”.

საინტერესოა, რომ სოროსმა მისი ეს სკანდალური განცხადება, დოლარების გაყიდვასთან დაკავშირებით, გრინსპენის გამოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე გააკეთა, რომლისგანაც ამერიკის ეკონომიკური პოლიტიკის ახალ ორიენტირებს ელიან. თუკი ვივარაუდებთ, რომ სოროსს ინსაიდერული ინფორმაცია გააჩნდა იმის შესახებ, თუ რას იტყოდა გრინსპენი, უნდა ვივარაუდოთ, რომ სოროსის ეს ხმამაღალი განცხადება ჩაფიქრებული გეგმის ნაწილი იყო.

რაც შეეხება აშშ-ს ეკონომიკურ კრიზისს, მიმომხილველები ამბობენ, რომ 2003 წლის დასაწყისიდან აშშ-ს ეკონომიკური პრობლემების დაძლევის სტრატეგიული გეგმის შესახებ არანაირი დისკუსია არ მიმდინარეობს. მხოლოდ ცალკეული ტაქტიკური მოქმედებები, რომელიც მხოლოდ ლოკალურ პრობლემებს შველის. მაგალითად, ავაიგადამზიდველების პრობლემის მოგვარება იმით დასრულდა, რომ მიიღეს მათი მხარდასაჭერი პროგრამა 3 მლრდ-ის ოდენობით. როგორც ირკვევა, იყო მცდელობა დოლარისა და საფონდო ინდექსების კურსის ხელოვნურად გაზრდის, თუმცა ეს მცდელობა მაინცდამაინც ვერ გამოვიდა.

როგორც ჩანს, აშშ-ს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ დროისთვის მიიჩნევს, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თაობაზე საიმედო მეთოდი არ არსებობს და მისი გაღრმავების თავიდან აცილება, პრაქტიკულად, გამორიცხულია. სიტუაციის ასეთი გაგება აშშ-ს სახელმწიფო აპარატს აიძულებს, ეკონომიკის სფეროში სტრატეგიულ მიზნებზე უარი თქვას. სამაგიეროდ, სტრატეგიული ეკონომიკური მიზნები შეცვლილია პოლიტიკურით, რომელთაგან უმთავრესი ბუშის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების უზრუნველყოფა გახლავთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მომენტისთვის ძირითად ამოცანას არა ეკონომიკური პოლიტიკისა და რეალური ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, არამედ მათგან გამოწვეული ყველაზე არასასიამოვნო შედეგების 2004 წლის ნოემბრის არჩევნების შემდეგ “გადატანა” წარმოადგენს. ამისთვის ყველა მეთოდი და რეზერვი იქნება გამოყენებული.

სოროსი არა მარტო დოლარს, პიროვნულად ბუშსაც ებრძვის. მან პრეზიდენტის საწინააღმდეგო ვიდეო-რგოლების დაფინანსება დაიწყო და მათი გაშვება იმ შტატებში იგეგმება, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატებთან ყველაზე მწვავე ორთაბრძოლებია მოსალოდნელი. როგორც Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სოროსმა განაცხადა, ის მთლიანად კონცენტრირებულია იმაზე, რომ ბუში ხელმეორედ არ აირჩეს, “- ბუშის ხელში ამერიკა დანარჩენი სამყაროსთვის საშიში გახდა”. პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული კამპანია სოროსს მთლიანობაში 15 მლნ დაუჯდა, “- თუ საჭირო გახდება, მეტსაც გავიღებ”, – დასძინა ფინანსისტმა.

ბუშის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სოროსი პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო. იგი მძაფრად აკრიტიკებდა თეთრი სახლის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც გადასახადების დაწევისკენ და ბიუჯეტის დეფიციტისკენ იყო მიმართული. ამ ყველაფრის შემდეგ, ანალიტიკოსები ერთ ლოგიკურ კითხვას სვამენ – ნუთუ ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი კაპიტალი ფინანსური მაქინაციებით და სხვა სახელმწიფოების გაკოტრების გზით იშოვა, სიბერეში ასე უეცრად მორალურად გარდაიქმნა?

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ამ კითხვას ძალიან მარტივი პასუხი აქვს. სოროსი ბუშის მიზნის – ამერიკის იმპერიის გაფართოების და საერთაშორისო კაპიტალისტებისთვის სამყაროს უსაფრთხო ადგილად გადაქცევის – წინააღმდეგი არ არის, წინააღმდეგია ამ მიზნის მიღწევის საქმეში მისი სულელური შეცდომების და თვითონ ბუშის! ამ უკანასკნელმა მთელ სამყაროს ნათლად დაანახა აშშ-ს ამბიციები და სასიკვდილო შეცდომა დაუშვა, როცა ამაზე ხმამაღლა ალაპარაკდა. დიდი ხნის მანძილზე სოროსი და მისი თანამოაზრეები “თავისუფალი მსოფლიოს” საზღვრებს ჩუმად და მოხერხებულად აფართოვებდნენ, ხოლო ბუშმა და მისმა თანაგუნდელებმა მთელი ეს შრომა ქარს გაატანეს.

რაც შეეხება რუსეთს, ამ ქვეყანაში ვარაუდობენ, რომ ამერიკული დოლარის კურსის დაცემა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას დააქვეითებს, მაგრამ, როგორც რუსი ფინანსისტები აცხადებენ, ეს არ არის ფინანსური კრიზისის ელემენტები, არამედ ყოველდღიური ეკონომიკური სტრატეგიის პრობლემა. მიუხედავად ამისა, რუსეთში მერამდენედ დაისვა ამბიციური ამოცანა – ამჯერად მაინც, რუბლი კონვერტირებადი გახდეს და აღარ იყოს დამოკიდებული დოლარსა და ევროზე. თუმცა, იქამდე ჯერ კიდევ შორია.

რუსეთში ფიქრობენ, რომ სოროსის ნაბიჯებს დოლარის წინააღმდეგ, შესაძლოა, სხვა ქვეტექსტიც ჰქონდეს, კონკრეტულად, მაქსიმალურად დაბალი კურსით დიდი რაოდენობით დოლარის შესყიდვა და შემდეგ კურსის მოულოდნელად ისევ აწევა. ან კიდევ: ეს ნაბიჯი ევროს წინააღმდეგ იყოს მიმართული – მაქსიმალურ ზღვართან მიყვანა და მისი დაცემა.

ასეთია ამერიკის ეკონომიკის არც თუ სახარბიელო მდგომარეობა. სინამდვილეში რა იმალება ყოველივე ამის უკან და გამართლდება თუ არა ექპსერტთა პროგნოზები, არავინ იცის. თუმცა მოვლენების განვითარების ლოგიკას თუ მივყვებით, ადვილი მოსალოდნელია მსოფლიოსათვის 2004 წელი მართლაც მრავალი არასასიმოვნო სიახლის მომტანიც იყოს.