ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკაში რობერტ ფოგელი

მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა

ამერიკელი ეკონომისტი რობერტ უილიამ ფოგელი დაიბადა ნიუ-იორკში ოდესელი ემიგრანტების ოჯახში 1926 წლის 1 ივლისს. მისი მშობლები 6 წლის ვაჟიშვილთან ერთად (უილიამის უფროსი ძმა) აშშ-ში 1922 წელს ჩავიდნენ, ისე, რომ ჯიბეში კაპიკიც არ უჭყაოდათ. მიუხედავად ამისა, ფოგელის მშობლებმა შესძლეს შეგუებოდნენ ახალ ქვეყანაში ცხოვრების პირობებს და მცირე თანხის დაგროვებაც მოახერხეს.

ყოველივე ამან უილიამის მამას მცირე ბიზნესის წამოწყების საშუალება მისცა. ფოგელის სიცოცხლის პირველი წლები დიდ დეპრესიას დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი მცირე შემოსავლების მქონე იყო, იგი სიამოვნებით იხსენებს იქ გამეფებულ სიცოცხლით სავსე ცხოვრებას. ამასთან, ფოგელი მადლიერია თავისი მშობლების იმის გამო, რომ იმ მძიმე დღეებშიც კი მათ შესძლეს შვილებში მომავლისადმი ოპტიმიზმის გრძნობა განევითარებინათ. ფოგელზე უდიდესი სულიერი და ინტელექტუალური გავლენა მოახდინა მისმა უფროსმა ძმამ. მშობლები ოცნებობდნენ ვაჟები აკადემიურ კარიერაში დაწინაურებულიყვნენ.

1941 წელს ფოგელის ძმა შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში შევიდა. მშობლების ოცნების განხორციელება ცხოვრებაში უმცროსმა შვილმა შესძლო. გარკვეულწილად სამეცნიერო კარიერისათვის ფოგელის მომზადება ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლისას (1932-1944წწ.) დაიწყო. ეკონომიკური დეპრესიისა და მნიშვნელოვანი უმუშევრობის შედეგად უბრალო ქალაქის სკოლებსაც კი შეეძლოთ სამუშაოდ მიეწვიათ ტალანტიანი და ძლიერი პედაგოგები. ფოგელის დაინტერესების უმთავრესი მიმართულებები სკოლაშივე გამოიკვეთა – მას ამ დროს განსაკუთრებით ლიტერატურა და ისტორია ხიბლავდა.

პროფესიონალური მომზადება უილიამ ფოგელმა 1944 წლიდან კორნელის უნივერსიტეტში (ქალაქი იტაკა, ნიუ-იორკის შტატი) დაიწყო. აქ გარდა ისტორიისა, იგი ეკონომიკური მეცნიერებებითაც დაინტერესდა. ამ მეცნიერებებით გატაცება იმითაც იყო გამოწვეული, რომ ამ დროს მთელ მსოფლიოში და მათ შორის შეერთებულ შტატებშიც, დეპრესიასა და მომავლის მიმართ უიმედო განწყობილებას ფეხი ძლიერ ჰქონდა მოკიდებული. ამით გამოწვეული მძიმე განცდები ჯერ კიდევ იყო ადამიანთა გონებაში შემორჩენილი. ფოგელს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ისტორიისა და ეკონომიკის შესწავლა მას ფუნდამენტურ კანონებს გააცნობდა, რომლებიც განსაზღვრავენ ტექნოლოგიურსა და ინსტიტუციონალურ ცვლილებებს საზოგადოების ცხოვრებაში და მათი დახმარებით მოხერხდებოდა ეკონომიკური არასტაბილურობის დარეგულირება და შემოსავლებში უთანასწორობით გამოწვეული დაძაბულობის განმუხტვა.

1948 წელს ფოგელი იღებს ბაკალავრის დიპლომს და სწავლას კოლუმბიის უნივერსიტეტში განაგრძობს, რომლის დამთავრებისას 1960 წელს მას ანიჭებენ მაგისტრის ხარისხს. სწავლისას ფოგელზე უდიდეს გავლენას ახდენს ჯორჯ სტიგლერი, რომელიც მიკროეკონომიკურ ანალიზს ასწავლიდა და ასევე კარტერ გუდრიჩი, რომელსაც ამერიკული ეკონომიკური ისტორიის კურსი მიჰყავდა ამ სასწავლებელში. გუდრიჩი ამ დროს თავის წიგნზე (“სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა რკინიგზებისა და არხების მშენებლობისადმი”) მუშაობდა. ეს კი ავტორისაგან რკინიგზების მშენებლობის ფინანსირების და მომგებიანობის საკითხების ზედმიწევნით კარგად ცოდნას მოითხოვდა. ამ პრობლემებმა ახალგაზრდა ფოგელის დაინტერესება გამოიწვია. სწავლის პროცესში იგი თანდათან უფრო რწმუნდებოდა იმაში, თუ რაოდენ ნაკლებად იყო შესწავლილი გლობალური ტექნოლოგიური ძვრები და მათი ურთიერთკავშირი ინსტიტუციონალურ ცვლილებებთან. ფოგელის ყურადღება მიიქცია ისეთმა საკითხებმა, როგორებიც იყო: საფაბრიკო სისტემის როლი ეკონომიკურ და ინსტიტუციონალურ ცვლილებებში XIX საუკუნეში, ახალ ტექნოლოგიათა ბუნება და მნიშვნელობა, რკინიგზების მშენებლობა, მეტალურგიის განვითარება. ფოგელს აინტერესებდა ამ საკითხების ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. ამ საკითხების შესწავლა გახდა ფოგელის სადიპლომო ნამუშევრის მთავარი თემა, რომელსაც იგი გუდრიჩის ხელმძღვანელობით ასრულებდა. ამავე საკითხებმა თავისი განავითარება მეცნიერის პირველ წიგნში ჰპოვეს: “რკინიგზები და ამერიკული ეკონომიკური ზრდა: ნარკვევები ეკონომიკურ ისტორიაში” (1964 წ). წიგნს საფუძვლად დაედო ფოგელის სადოქტორო დისერტაციის დებულებები, რომელზეც ს. კუზნეცის ხელმძღვანელობით მუშაობდა ჯონ ჰოპტიკის უნივერსიტეტის ასპირანტურაში. მაშინ კუზნეცი ეკონომიკური ისტორიის ანალიზის სფეროში სტატისტიკური და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენების ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი იყო. გარდა ამ უკანასკნელისა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში მიკროეკონომიკის სფეროში ფოგელის დამრიგებლები იყვნენ ა. ლერნესი და ფ. მახლუპი, ხოლო მაკროეკონომიკისა და ეკონომიკური ზრდის სფეროში – ე. დომარი.

1963 წელს ფოგელმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. ამის შემდგომ სამეცნიერო გეგმებში შედიოდა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური და სამეცნიერო აღმოჩენების, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის, გარემო პირობების და ინსტიტუციონალური ცვლილებების ეკონომიკურ ზრდაზე ზეგავლენა. თავის სამეცნიერო მოღვაწეობაში ეკონომიკური პროცესების კვლევისას ფოგელი მეორე მნიშვნელოვან მიმართულებად მათემატიკური მოდელებისა და სტატისტიკური მეთოდების მაქსიმალური დანერგვას თვლიდა. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ იგი პროფესორის ასისტენტად მუშაობდა როჩესტერის უნივერსიტეტში. 1965-75 წლებში იგი ჩიკაგოს, შემდეგ კი ჰარვარდის უნივერსიტეტის (1975-81 წწ.) პროფესორია. 1981 წელს ფოგელი ხელმძღვანელობს ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებული ხალხთმოსახლეობის ეკონომიკურ ცენტრს, რომლის ამოცანასაც შეადგენდა ეკონომიკური, დემოგრაფიული და ბიოლოგიური პროცესების შინაგანი ურთიერთკავშირის დადგენა ერთი სასიცოცხლო ციკლისა და მთელი თაობების სიცოცხლის განმავლობაში.

ფოგელის წვლილს ეკონომიკურ მეცნიერებაში შეადგენს ნოვატორული კვლევები ე.წ. “ახალი ეკონომიკური ისტორიის” (კლიომეტრიის) სფეროში (ისტორიის მუზის – კლიოს სახელის მიხედვით), რომლის დროსაც გამოყენებული იყო სტატისტიკური ანალიზის რაოდენობრივი მეთოდები და მათემატიკური მოდელირება ისტორიული პროცესების შეფასებისა და მისი მნიშვნელობის სამომავლოდ განსაზღვრისათვის. მეცნიერი ამ პრობლემებს სწავლობდა იმ მიზნით, რომ ახსნილიყო ეკონომიკური განვითარების კანონზომიერებები. თავის კვლევებში ფოგელი დაკავებული იყო არა მხოლოდ სატრანსპორტო ქსელის, კერძოდ, რკინიგზის განვითარებით, არამედ მონობის ინსტიტუტის ანალიზითაც, ისტორიული დემოგრაფიით და ა.შ. მისი ნაშრომები, რომლებიც ძევს თანამედროვე ისტორიული თეორიის, ისტორიის, სოციოლოგიის, სტატისტიკისა და ალბათობის თეორიის მიჯნაზე, ყურადღებას იმით იპყრობს, რომ ისინი, როგორც წესი, შეიცავენ არატრივიალურ მიდგომებს, ისტორიის ეკონომიკური მოვალეობისადმი და ეკონომიკური ანალიზის უახლესი მეთოდების ბაზაზე ისტორიული განვითარების ალტერნატიულ ვარიანტებს გვთავაზობენ.

ფოგელმა თავის პირველ მნიშვნელოვან ნაშრომში, “რკინიგზები და ეკონომიკური ზრდა ამერიკაში: ნარკვევები ეკონომიკის ისტორიაში” (1964 წ) უარყო ეჭვგარეშედ მიჩნეული დასკვნები XIX საუკუნის ამერიკის ეკონომიკურ განვითარებაში რკინიგზების გადამწყვეტი როლის შესახებ. იყენებდა რა კვლევების თანამედროვე ტექნოლოგიას, უპირველეს ყოვლისა, კომპიუტერულ ტექნიკას, ფოგელმა გააანალიზა უდიდესი მოცულობის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც შეიცავდნენ მოსახლეობის აღწერის მასალებიდან აღებულ ინფორმაციას, ასევე მონაცემებს სამხედრო ანგარიშგებებიდან, ფირმების ფინანსური ანგარიშებიდან, საგადასახადო სამსახურის ანგარიშებიდან, საეკლესიო წიგნებიდან და ა.შ. თავისი კვლევების შედეგად მეცნიერმა წარმოადგინა აშშ სატრანსპორტო სისტემის (არხები, ცოცხალი გამწევი ძალა და ა.შ.) განვითარების ჰიპოტეტური ალტერნატიული ვარიანტი და უჩვენა, რომ XIX საუკუნეში რკინიგზების, როგორც მიმოსვლის საშუალებების და საერთოდ სარკინიგზო მშენებლობების გავლენა ეროვნული შემოსავლების ზრდაზე არც თუ ისე სერიოზული იყო და 3%-ს არ აღემატებოდა. მეცნიერი ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, უფრო ეფექტური აღმოჩენილიყო სხვა სატრანსპორტო სისტემა, მაგალითად, არხები. უმთავრესი დასკვნა, რომელიც ფოგელმა გააკეთა, იმის მტკიცება იყო, რომ ქვეყნის ეკონომიკური ისტორია არ შეუძლიათ განსაზღვრონ მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებს.

მონაცემთა ბაზა, რომლებსაც ფოგელი ეყრდნობოდა, მისი მრავალწლიანი თავაუღებელი შრომის შედეგად არის მიღებული. ამ მუშაობის დროს მან შეისწავლა აშშ-ში არსებული მრავალი არქივი და ბიბლიოთეკა. მან მრავალი უნიკალური დოკუმენტი მოიძია, მათ შორის, აშშ-ს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი, აშშს დასავლეთით, ქალაქ სოლდ-ლეიკ-სიტიში არსებული იესო ქრისტეს ეკლესიის უახლეს წმინდანთა გენეალოგიური ბიბლიოთეკა. მეტრიკული მონაცემების დინამიკის შესახებ (ცვლილებები წონაში, სიმაღლეში და ა.შ.). მეცნიერს მდიდარი მასალების აღების საშუალება მისცა ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმაც. ცხადია, ამ სამუშაოების, რომლის შესრულება სერიოზულ ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვდა, სოლიდური დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. სხვადასხვა დროს ფოგელს მიღებული ჰქონდა საზოგადოებრივ მეცნიერებათა სფეროში კვლევების საბჭოს გრანტები, ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები, ასევე ფორდის სტიპენდია და სხვა ფინანსური სახსრები.

დროთა განმავლობაში ფოგელმა თანამოაზრეთა ფართო წრე გაიჩინა. მისი კვლევების ობიექტთა რიცხოვნებისა და მასშტაბების გაფართოებაზე დადებითად მოქმედებდა არა მარტო კომპიუტერული ტექნიკის განვითარების სფეროში დასახული პროგრესი, რომელიც მას საშუალებას აძლევდა მეცნიერული კვლევებისათვის გამოეყენებინა უდიდესი რაოდენობით ინფორმაცია. ფოგელის ნაშრომები ეკონომიკური ისტორიის სფეროში ყურადღებას თავისი სიახლითა და ორიგინალურობითYიქცევს. ამგვარი სამუშაოები თხოულობენ უდიდეს ოსტატობას არა მხოლოდ მონაცემთა მოპოვების სფეროში, არამედ მათი გადამუშავების დახელოვნებასა და შემდგომ მათ ბაზაზე სათანადო დასკვნების გაკეთების დროსაც. სწორედ ამიტომ ფოგელის ხელმძღვანელობით განხორციელებულ კვლევებში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა მიდრეკილებებისა და მომზადების დონის ადამიანები. ასეთი კოლეგიალური მუშაობის მაგალითად გამოდგება ფოგელის ორტომეული ნაშრომი: “ჯვარზე გაკრული დრო: ამერიკული მონათმფლობელობის ეკონომიკა. (1974 წ). მასში განზოგადებული იყო 35-ზე მეტი ადამიანის კვლევების შედეგები და მას უდიდესი რეზონანსი ჰქონდა. ამ წიგნში ფოგელმა უჩვენა, რომ მონობა, მიუხედავად მისი არაადამიანური ბუნებისა, ეკონომიკურად ხელსაყრელი და ეფექტური იყო, ხოლო შეერთებული შტატებში მისი გადავარდნის მიზეზები უფრო პოლიტიკური და ეთიკური ხასიათისა იყო და არა ეკონომიკურის.

ფოგელს დიდი ხნის მანძილზე მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა ეკონომიკური კვლევების ეროვნულ ბიუროსთან (ეკებ). 70-იანი წლების ბოლოს ბიურომ აშშ გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების კვლევების ახალ პროგრამაზე დაიწყო მუშაობა. ამ სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელობა ფოგელს დაეკისრა. პროგრამის ფარგლებში შედიოდა დაზოგვისა და ინვესტირების ნორმების დინამიკის გრძელვადიანი ტენდენციის შესწავლა, იმ ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპებზე ზემოქმედებენ, საერთო მოსახლეობის და კერძოდ, შრომისუნარიანი მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურის გრძელვადიანი ძვრების ანალიზი. ამ ამოცანების გადაწყვეტა მოითხოვდა ხარისხობრივად სხვა მიდგომებს, ვიდრე ისეთებს, რომელთაც მიკროეკონომიკური თეორიის ჩარჩოებში ქცევის ტრადიციული თეორია გულისხმობდა. ამ პროექტზე მუშაობამ გამოიწვია იმის აუცილებლობა, რომ შექნილიყო მონაცემთა ბანკი, რომლის საფუძველზეც დადგინდებოდა საოჯახო მეურნეობებისა და ფირმების ქცევის კავშირი ამჟამად და წარსულში. გრძელვადიან პერიოდში ფირმების ანგარიშის ანალიზი არა მარტო იმის საშუალებას იძლეოდა, რომ ინფორმაცია გადაწყვეტილებების მიღების პროცესის შესახებ შეფასებულიყო, არამედ ამ გადაწყვეტილების ეკონომიკური შედეგები გაანალიზებულიყო. იმ პროექტების სერიაში, რომელსაც ფოგელი ხელმძღვანელობდა ზემოაღნიშნულ სამუშაოთა ფარგლებში, მიღებული იყო რეპრეზენტატიული მონაცემები, რომლებიც შეიცავდნენ ინფორმაციას ნათესაური ხაზით დაკავშირებულ ოჯახთა რამდენიმე თაობის შესახებ. მონაცემთა ამ კრებულის სახით ისეთ ფაქტორებზე, როგორებიც არის დაზოგვის ნორმა, ქალთა შრომის წილი, შობადობისა და სიკვდილიანობის დონე, უთანასწორობა განაწილებაში, მიგრაციის დონე და ეკონომიკური და სოციალური მობილურობის დონე ეკონომიკური და კულტურული ზემოქმედების და ურთიერთზეგავლენის სრულიად ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა. ფოგელი აღნიშნულ პროექტს 1991 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამ დროს შეიქმნა 50-ზე მეტი მონაცემთა ბაზა, რომლებიც მოიცავენ პერიოდს XVIII საუკუნიდან თანამედროვეობამდე.

ფოგელის ხელმძღვანელობით მომუშავე ჯგუფის კვლევების შედეგები გამოქვეყნებული იყო მრავალი სტატიისა და მონოგრაფიის სახით და ასევე სამეცნიერო კონფერენციების მასალების რამდენიმე ტომში.

1989 წელს შუქი იხილა ფოგელის კიდევ ერთმა ნაშრომმა – “თანხმობისა და კონტრაქტის გარეშე: მონობის აღზევება და დაცემა ამერიკაში”. ამ ნაშრომებში შეჯამებული იყო იმ სამეცნიერო ჯგუფის კვლევის შედეგები, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა. ეს წიგნი საინტერესოა არა მხოლოდ იმით, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკური ისტორიიდან მრავალ ახალ ცნობას შეიცავს, არამედ იმითაც, რომ მასში ნათლად არის დაფიქსირებული ავტორის მორალური პოზიცია: წიგნის ნახევარზე მეტი მონობის არაადამიანური ბუნების ახსნას ეხება.

1980-90 წლებში ფოგელის კვლევებში დიდი ადგილი ეკონომიკური დემოგრაფიის საკითხებს, კერძოდ, საზოგადოების კვებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში მომხდარი დადებითი ცვლილებების ეკონომიკურ, სოციალურ და დემოგრაფიულ პროცესებთან კავშირს ეთმობოდა, იმ დროს, როდესაც განვითარებულ სამრეწველო ქვეყნებში ყურადღება, უწინარეს ყოვლისა, ადამიანურ ფაქტორში კაპიტალდაბანდებების შესწავლაზე კონცენტრირდებოდა. განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში იმ ფაქტორებს, რომლებიც წარმოების ეფექტურობაზე დადებითად მოქმედებდნენ, მიეკუთვნებიან კვების, ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარული ნორმების დაცვა და გაუმჯობესება. ამ სფეროში ფოგელის კვლევები, რომელიც რეალური სტატისტიკური მონაცემების ანალიზს ეყრდნობა, გამოყენებულია ისეთი ნორმები, როგორიცაა: კვების ფიზიოლოგიური ნორმა, სიკვდილიანობა, მონაცემები სხვადასხვა ქვეყნების მკვიდრთა (აშშ, საფრანგეთი, ინგლისი, შვედეთი) ჯანმრთელობის დაცვის (მათ შორის, ანთროპოლოგიური მონაცემები სიმაღლის, წონის და ა.შ.) შესახებ. ეს მონაცემები ეხება XVIII და XIX საუკუნეებს, ხოლო კვლევა მოიცავს იმის მცდელობას, რომ ერის ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის მიზეზები და შედეგები ამ პოზიციებიდან იყოს გაგებული.

1993 წელს ფოგელმა ნობელის პრემია დუგლას ნორტთან ერთად მიიღო. აღნიშნული ჯილდო მას მიეკუთვნა ნაშრომისათვის ახალი ეკონომიკური ისტორიის სფეროში.

1948 წელს ფოგელი შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ენიდ მორგანს, რომელიც მთელი 50 წლის განმავლობაში მას შემოქმედებით მოღვაწეობაში შეუცვლელ მხარდაჭერას უწევდა, ეხმარებოდა ბიბლიოთეკებსა და არქივებში მუშაობაში. ფოგელებს ორი ვაჟი ჰყავთ – მიხეილი და სტივენსი. ორივენი დიდ ინტერესს იჩენენ მამის მოღვაწეობისადმი, ეხმარებიან მას ნაშრომთა რედაქტირებასა და საგამომცემლოდ მომზადებაში.