მონეტარული რეგულირების მექანიზმების ზემოქმედება პოსტპრივატიზაციული გარემოს ფორმირებაზე

ნიკოლოზ ქარჩავა

მონეტარული რეგულირების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში მოცემული სახელმწიფოს ხელისუფლებამ პოსტპრივატიზირებული ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნების მიზნით, მოსალოდნელი სავალუტო კურსის ცვლილებაზე მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა გაამახვილოს, საწარმოს მენეჯერებმა კი (განსაკუთრებით ვალუტის კურსის ხშირი მერყეობის დროს), თავის მხრივ შიდა და მსოფლიო ბაზრის ფართომაშტაბიანი მარკეტინგი უნდა განახორციელონ.

საწარმოს მარკეტინგის ძირითადი ამოსავალი პრინციპია, იმოქმედოს იმგვარად, რომ მიიღოს რაც შეიძლება დიდი მოგება (რაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სავალუტო კურსზე) და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით განახორციელოს შემდეგი სახის პოლიტიკა:

მოახდინოს იმ საქონლის რეალიზაცია, რასაც აწარმოებს. ხელშემწყობი ფაქტორია ის გარემოება, რომ სხვა ქვეყანაში სამამულო ბაზრის მსაგავსი ბაზარი არსებობს და ჭარბი ან გაუსაღებელი საქონლის რეალიზაციის შესაძლებლობა იქმნება, ამ შემთხვევაში რისკის ფაქტორი მაღალია;
– აწარმოოს ის, რაც ეყიდება. ამ შემთხვევაში ფირმას უკვე განსაზღვრული აქვს გასაღების ბაზარი, რისკის ფაქტორი შედარებით მცირეა და საწარმოს ხელმძღვანელობა გეგმავს ახალ სტრატეგიას, თუ რა შეუძლია აწარმოოს, უფრო მეტი ბაზრის დასაპყრობად;
– აწარმოოს იმ პროდუქციის მოდიფიცირება, რომელსაც აწარმოებს საწარმო. ამ შემთხვევაში საწარმო უცხოელი მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად, წარმოებაში არსებული პროდუქციის გამუდმებულ მოდიფიკაციას ახდენს.

საწარმოს საგარეო მარკეტინგული საქმიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ფასზე, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის პრაქტიკაში გავრცელებულია ფასის სხვადასხვა სახეობა, სახელდობრ:
1. მტკიცე ფასი – რომელიც, კონტრაქტის შესრულების მთელ პერიოდში შეცვლას არ ექვემდებარება, იგი კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს და ოფიციალურად არ ქვეყნდება.
2. ფასი შემდგომი ფიქსაციით – ძირითადად, დგინდება შეთანხმების საფუძველზე და ასახვას პოულობს ხელშეკრულებაში, ე.ი. ხელშეკრულებაში ფიქსირდება, რომ გაყიდულ საქონელზე ფასები განისაზღვრება მსოფლიო ბაზრის დონის შესაბამისად, განსაზღვრული თარიღისათვის ან მყიდველზე საქონლის მიწოდებისას.
3. მცოცავი ფასი – გამოიყენება, როდესაც შეთანხმებაში განისაზღვრება მოწოდების ხანგრძლივი პერიოდი, რომლის განმავლობაში შესაძლოა, წარმოების ეკონომიკურმა პირობებმა ფასი არსებითად შეცვალოს. მცოცავი ფასი, “ფასი შემდგომი ფიქსაციისაგან” იმით განსხვავდება, რომ შეიძლება არ შეესაბამებოდეს მსოფლიო ფასს.
4. აუქციონის ფასი – საჯარო ვაჭრობის დროს დროის მცირე მონაკვეთში დადგენილი ფასი.

ფასების კონკურენციის პირობებში გასაყიდი საქონლის მოცულობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მის ღირებულებაზე.

ფასიანი კონკურენცის დროს გამყიდველები მოძრაობენ მოთხოვნის მრუდზე, სწევენ ან ზრდიან ფასს. ეს მარკეტინგის მეტად მოქნილი ინსტრუმენტია, რადგანაც ფასები შეიძლება სწრაფად შეცვალოთ დანახარჯების, მოთხოვნის ან კონკურენციის გათვალისწინებით. მაგრამ, მარკეტინგის ცვლადებიდან ეს ყველაზე ადვილად კონტროლირებადი ფაქტორია და კონკურენტებმა შეიძლება დუბლირება მოახდინონ, რასაც მოჰყვება ფასების ომი.

ფასების მანიპულირების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ფასების ფსიქოლოგიურ ზღვარს. ეს არის ფასების განსაკუთრებული სიდიდეები, რომელთა გამოყენებისას რეალიზაციის მოცულობა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს ან დაეცეს. როგორც წესი, ფასის ფსიქოლოგიური ზღვარი მრგვალი რიცხვებია – 20, 150, 200, … 400 და ა.შ. პრაქტიკულად, საწარმოები ცდილობენ დაადგინონ ფასი, რომელიც ამ სიდიდეებს არ გაუტოლდება, მაგალითად, 999, რადგანაც ამ შემთხვეაში ფასი არ აღიქმება როგორც 1000-ის ტოლი, ხოლო ფასზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას სავალუტო კურსი ახდენს.

ეკონომისტები: ა. ნაგოვიცინი და ვ. ივანოვი ვალუტის საკურსო რეჟიმს სავალუტო სტრატეგიად მიიჩნევენ, რომელიც წარმოადგენს ეკონომიკური რეგულირების, ჩვენს შემთხვევაში კი, საგარეო ვაჭრობის და პოსტპრივატიზაციული გარემოს ჩამოყალიბების ერთ-ერთ მექანიზმს, რომელიც შიდა და მსოფლიო ბაზარზე განსაზღვრავს საქონლისა და მომსახურების ვაჭრობის ეფექტურობას და, ამასთან, მათ ერთმანეთთან აკავშირებს. დაბალი კურსი უფლებას ანიჭებს მოცემულ ქვეყანას, მოახდინოს მომსახურების ან დიდი რაოდენობით საქონლის რეალიზაცია და გაყიდული საქონლის ან მომსახურების ხარჯზე შეავსოს საკუთარი სავალუტო რეზერვები, რაც მას მომავალში საშუალებას მისცემს იმპორტზე გააკეთოს განაცხადი, ისე, რომ მოცემული ქვეყნის ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდების [ლინდერტი, 2001, გვ. 209] პრეცედენტი არ წარმოქმნას. ეს ორი უკანასკნელი დეტერმინანტი განსაზღვრავს ფულის რაოდენობას, რომელიც ქვეყნის მთლიანი ეროვნული პროდუქტის პროპორციული უნდა იყოს. კავშირი ეროვნულ პროდუქტსა და ფულის რაოდენობას შორის, მთავარ როლს ასრულებს ფულზე მოთხოვნის რაოდენობრივ თეორიაში. რაოდენობრივი თეორიის მიხედვით, ნებისმიერი ქვეყნის ფულის მიწოდება ტოლია ფულზე მოთხოვნისა, რომელიც თავის მხრივ, მთლიანი ეროვნული პროდუქტის ღირებულების პროპორციულია, განსაზღვრავს ქვეყნებს შორის ვალუტის კურსს და შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის ფორმებს – ექსპორტს და იმპორტს [კაკულია, 1995].

მენქიუს და სხვა მეცნიერების სახელმძღვანელო ლიტერატურაში თუ მონოგრაფიებში [Iყიეუ?, 1994, ნ. 306] საგარეო ვაჭრობის მონეტარული რეგულირების პრინციპების განსაზღვრისას, გამოყენებულია შემდეგი ტოლობა NX=NX(E), სადაც წმინდა ექსპორტი (NX) წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული რეალური გაცვლითი კურსის (E) ფუნქციას; დამოკიდებულება ამ მაჩვენებლებს შორის უარყოფითია, ე.ი., რაც უფრო დაბალია რეალური გაცვლითი კურსი, მით უფრო იაფია ადგილობრივი საქონელი და მომსახურება იმპორტთან შედარებით და, შესაბამისად, მაღალი – წმინდა ექსპორტი, რომელიც იმის მაჩვენებელია, რომ მოცემულ ქვეყანაში პოსტპრივატიზაციული გარემოს აქტივობა მაღალია.

პოსტპრივატიზაციულ გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასევე საბანკო სისტემის სარეზერვო განაკვეთის შეცვლა. იგი უშუალოდ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ხორციელდება. საბანკო რეზერვების განაკვეთის ნებისმიერი შეცვლა და განსაკუთრებით მკაცრი პირობებით კრედიტების გაცემა, ამცირებს ეროვნული ვალუტის დეპოზიტის მოცულობას. კრედიტის პირობის გამკაცრება კი, სესხის შესაძლებლობასაც აუარესებს, კვეცს საერთო ხარჯებს, ამცირებს პოსტპრივატიზაციული გარემოს შესაძლებლობებს – პროდუქციის გამოშვებას.

ანალიზის შედეგი ცხადყოფს, რომ ვალუტის კურსის შემცირება ქვეყნის ეროვნულ შემოსავალს ზრდის, ხელს უწყობს ექსპორტის ზრდას და იმპორტის შემცირებას (ამ პოლიტიკით გამოწვეული იმპორტის შემცირება არ იწვევს იმ ნეგატიურ მოვლენებს, რაც თან ახლდა საბაჟო ტარიფის ზრდას და ქვოტების დაწესებას, რომელიც გამოხატულებას პოულობდა პოსტპრივატიზაციული გარემოს აქტივობის შემცირებით), რასაც მივყავართ ახალი სამუშაო ადგილების შექმნამდე და ექსპორტზე ორიენტირებულ და იმპორტთან კონკურირებად დარგებში შემოსავლის გადიდებამდე. მოცემული ქვეყნის ეროვნული ვალუტის დევალვაცია რეგიონული უპირატესობის ჩამოყალიბების ხელშემწყობი პირობაცაა.

მონეტარული რეგულირების ფორმები ხორციელდება საგარეო და ძირითადად, ეროვნულ დონეზე, რომლის დროსაც გამოიყენება დევალვაციისა და რევალვაციის მექანიზმები. რევალვაცია ეკონომიკის რეგულირების ერთ-ერთი საშუალებაა, იგი გამოიხატება მოცემული ვალუტის კურსის ზრდით სხვა ქვეყნების ან საერთაშორისო სავალუტო ერთეულების მიმართ. რევალვაცია მის გამტარებელ ქვეყანას საშუალებას აძლევს სხვა ქვეყნის ვალუტა უფრო იაფად იყიდოს, მაგრამ ამავე დროს აძვირებს ექსპორტს. ეს უკანასკნელი კი, ამცირებს მოცემული ქვეყნის საქონლისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე. როგორც წესი, რევალვაცია უკავშირდება კაპიტალის მიგრაციის პროცესს მსოფლიო მასშტაბით, ხოლო კაპიტალის მიგრაციამ შესაძლოა პრივატიზაციის პროცესი შეაფერხოს. რევალვაცია, საგარეო სავალუტო პრაქტიკაში იშვიათი მოვლენაა. ეს იმით აიხსნება, რომ ქვეყანა, რომელიც ვალუტის რევალვაციას ახორციელებს, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით თავის თავს საგარეო ვაჭრობის, უცხოური კაპიტალის მოზიდვისა და მომსახურების სფეროში არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს. რევალვაციის საპირისპირო ფორმაა დევალვაცია. იგი გულისხმობს სხვა ვალუტების ან ვალუტის კურსთან შედარებით მოცემული ვალუტის კურსის შემცირებას. დევალვაციის მიზანია საგარეო ვაჭრობის ბალანსის გრძელვადიანი დეფიციტის გაწონასწორება, რაც ქვეყნის ეკონომიკისათვის სასურველ გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ეს კი, პრივატიზაციის წარმატებით განხორციელების საწინდარია.

დევალვაციის გავლენა ეროვნულ ეკონომიკაზე არც ისე მკვეთრადაა განსაზღვრული, რაც გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: დევალვაციას, უპირველეს ყოვლისა, არ შეუძლია უშუალო ზემოქმედება მოახდინოს სავაჭრო ბალანსზე და, შესაბამისად, პოსტპრივატიზაციულ გარემოზე, რადგან სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება (მასთან ერთად უმჯობესდება მიმდინარე ოპერაციების ბალანსი) განსაკუთრებით გრძელვადიანი პერსპექტივით და მცირე ქვეყნების შემთხვევაში, როგორც სტატისტიკური და თეორიული ანალიზი, ადასტურებს, ძირითადად, ექსპორტის და იმპორტის ელასტიკურობაზეა დამოკიდებული; უეცარ დევალვაციას შეუძლია გააუარესოს მოცემული ქვეყნის საგარეო ვაჭრობის პირობები და მიმართულება და საიმპორტო შესყიდვის ყოველი ერთეული აიძულოს რეალური ექსპორტის მეტი მოცულობით გაისტუმროს. თუ ვაჭრობის პირობები უარესდება, მაშინ ქვეყნის რეალური მსყიდველობითი უნარი უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ხდება (მსყიდველობითი უნარი ტოლია ეროვნული პროდუქტის ნომინალური მოცულობა გაყოფილი შიდა და უცხოური საქონლის ფასებზე, რომლებსაც მოცემული ქვეყანა ყიდულობს). ამასთან შესაძლებელია, როდესაც მოსახლეობა რეალური მსყიდველობითი უნარის დაცემის შესაძლებლობას გაიცნობიერებს, შეკვეცოს თავისი ხარჯები, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს დევალვაციის ნეგატიურ ზეგავლენას. მაშასადამე, დევალვაცია ხელსაყრელია იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც იგი დროებით აუარესებს ვაჭრობის პირობებს. ხოლო გაუარესების შემთხვევაში, სავარაუდოა ქვეყნის სავალუტო რეზერვების დანაკარგების ზრდა [ლინდერტი, 2001, გვ. 286], რაც ადგილობრივი სუბიექტების დაინტერესებას – მიიღოს მონაწილეობა პრივატიზაციის პროცესში, ამცირებს.

დევალვაცია, ზემოქმედებს რა უმუშევრობის დონეზე, ახდენს გრადაციას მოსახლეობის და შესაბამისად, მისი პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის დონეს განსაზღვრავს.

სავსებით აშკარაა, რომ დევალვაცია ხელსაყრელია მოსახლეობის იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც საგარეო – სავაჭრო ბრუნვაში მონაწილეობენ. ექსპორტიორებისთვისაც და იმპორტისადმი კონკურირებადი საქონლის მწარმოებლებისთვისაც დევალვაცია ნიშნავს იმის შესაძლებლობას, რომ საზღვარგარეთელ მწარმოებლებს კონკურენცია უფრო ხელსაყრელ პირობებში გაუწიონ. მაგალითად, ლარის კურსის დაცემა საქართველოს კვების პროდუქტის მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს, გააფართოვონ ექსპორტი. იმპორტის კონკურენტული კვების პროდუქტის ადგილობრივი მწარმოებელი ჯგუფებიც, ასევე, ხელსაყრელ პირობებში აღმოჩნდებოდნენ, რადგან ლარის დევალვაცია საქართველოს მყიდველებს აიძულებს საზღვარგარეთულ საქონელში მეტი ფული გადაიხადონ. რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ შესაძლოა დევალვაციის შემდეგ მოსახლეობის ამ ჯგუფებს მოუხდეთ მეტის გადახდა ყველა იმ საქონელში, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობს და რომლის ყიდვაც მათ მოესურვებოდათ, მაგრამ ცხოვრების ღირებულებაზე ასეთი ზემოქმედება მათი შემოსავლების პირდაპირი ზრდით უხვად იქნებოდა კომპენსირებული. დევალვაციის შედეგად მოსახლეობის სახელმწიფო საბიუჯეტო ჯგუფის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, გაუარესდება მაშინაც კი, თუ იგი ვაჭრობის პირობებს არ აუარესებს. რადგანაც, მოსახლეობის ეს ჯგუფი, ძირითადად, შემოსავლებს იმ საქონლისა და მომსახურების გაყიდვით ღებულობენ, რომელიც საგარეო სავაჭრო ბრუნვაში არ მონაწილეობს და მათი შემოსავლები არ გაიზრდება, სანამ საგარეო ვაჭრობაში მონაწილე ეკონომიკის სექტორების მსიყდველობითი ძალის მომატება ამ ჯგუფებამდე არ მოაღწევს, ეს კი, პრივატიზაციის პროცესში მათ აქტივობას ამცირებს. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა, რომ ვაუჩერიზაციის პერიოდში, მოსახლეობის ერთმა ფენამ თავისი წილი ვაუჩერები (ქონება) დაბალ ფასში გაყიდა (ნომინალურ ღირებულებაზე უფრო დაბალ ფასში) და ამჟამად საქართველოს ქონების წილს აღარ ფლობს.

როგორც ანალიზი ადასტურებს, დევალვაცია ფასს, ძირითადად, საგარეო ვაჭრობაში მონაწილე საქონელზე ზრდის, ხოლო იმ საქონელზე, რომელიც მასში უშუალოდ არ მონაწილეობდა, ფასი არ იცვლება, შეიძლება კლებულობს კიდეც. სწორედ, ეს არის დევალვაციის ტიპიური მოკლევადიანი შედეგი. ხოლო, საგარეო ვაჭრობაში მონაწილე საქონლის შეფარდებითი ფასების ზრდას შემოსავლების განაწილებაში თან ახლავს მოსახლეობის იმ ჯგუფების სასარგებლოდ მომხდარი ძვრები, რომლებიც ასეთი საქონლის წარმოებასთან არიან დაკავშირებულნი.

ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დევალვაცია ქვეყანაზე კეთილსასურველ გავლენას მხოლოდ მანამდე ახდენს, სანამ იგი საგადამხდელო ბალანსის გამაწონასწორებელ ფუნქციას ასრულებს და ქვეყანას კაპიტალის მსხვილი დანაკარგებისაგან იცავს, რაც გარდაუვალი იქნებოდა სახელმწიფო ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ეროვნული ვალუტის ფიქსირებული კურსის ხელოვნურად შენარჩუნებისათვის. მაგრამ, თუ დევალვაციის მნიშვნელობა გადაჭარბებულად ფასდება, ან სახელმწიფოს მიერ ისეთი ნაბიჯი გადაიდგმება, რომელიც თავისუფალი ვალუტის ბაზარზე ეროვნული ვალუტის დაუფასებლობამდე მიგვიყვანს, მაშინ მან შესაძლოა ნეგატიური მოვლენები გამოიწვიოს. საგადამხდელო ბალანსის დადებითი სალდო ცენტრალურ ბანკს, ან ფინანსთა სამინისტროს აიძულებს, რომ დააგროვოს სავალუტო რეზერვები, რომელთა ფასი გრძელვადიანი პერსპექტივით მათი დღევანდელი ხელოვნური ფასის ტოლი იქნება. არაწონასწორულ ფასად საზღვარგარეთული ვალუტის მეტად დიდი მოცულობით შესყიდვასთან დაკავშირებული ოფიციალური დანაკარგების შესაძლებლობა მოასწავებს იმას, რომ დევალვაცია ეროვნულ შემოსავალს მხოლოდ მანამ აუმჯობესებს, სანამ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტს ასწორებს.

ამგვარად, მივიღეთ ეროვნულ კეთილდღეობაზე დევალვაციის სასურველი ზემოქმედების შემდეგი პირობა – დევალვაცია ქვეყნის კეთილდღეობას აუმჯობესებს, თუ იგი არ აუარესებს სავაჭრო ბალანსსა და პრივატიზაციის პროცესებს.