რუსეთი ნავთობის მოპოვებაში მსოფლიო ლიდერი გახდა

მოამზადა მარი წიკლაური

2003 წელს რუსეთი მოპოვებული ნავთობის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ნავთობის მოპოვებამ აქ 384. 12 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2002 წლის ანალოგიურ მონაცემს 11 %-ით აღემატება. რუსეთი დღეში 8,5 მლნ ბარელ ნავთობს მოიპოვებს. ამ მონაცემით მან ოპეკში ნავთობის უმსხვილესი მომპოვებელს, საუდის არაბეთს (8,47 მლნ ბარელი) გაუსწრო.

ცხოეთში 10 %-ით გაიზარდა რუსული ნავთობის ექსპორტიც.
წელს რუსულმა კომპანიებმა შორეულ უცხოეთში 127 მლნ ტონა ნავთობის ექსპორტი განახორციელეს და კიდევ 31 მლნ ტონა – მეზობელ ქვეყნებში, რაც წინა წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება. ამერიკაში ნავთობზე მარაგის ზრდის შესახებ არსებული ცნობების ფონზე, იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია უახლოეს მომავალში ნედლეულის მოპოვებას შეამცირებს, სხვაობა რუსეთსა და ოპეკ-ის ქვეყნებს მიერ მოპოვებული ნავთობს შორის შესაძლოა ცოტა კიდევ გაიზარდოს.

ანალიტიკოსების აზრით, იმას, რომ რუსეთმა ნავთობის მოპოვებით საუდის არაბეთს გაუსწრო, ლოგიკური ახსნა აქვს. ამ ქვეყნებს სვადასხვა მიზნები აქვთ დასახული.

რუსეთს აინტერესებს სტაბილურობა და ნავთობის ექსპორტის ზრდა, თუნდაც შედარებით დაბალი ფასების პირობებში, სამაგიეროდ ხანგრძლივი პერსპექტივით.

საუდის არაბეთს კი, პირველ რიგში, იმ სოციალური ვალდებულებების პრობლემის მოგვარება სურს, რომელიც მას საუდელი პრინცების მრავალათასიანი ოჯახის და უმუშევრობის და ცხოვრების დონის ვარდნის პრობლემის წინაშე მდგარი მთელი საზოგადოების წინაშე აქვს აღებული.

რუსეთს, რომელიც ნავთობის მოპოვების შეზღუდვის თაობაზე პოლიტიკური ვალდებულებებით დამძიმებული არ არის და რომელსაც ყველა ეკონომიკური წინაპირობა აქვს ნავთობის დარგის განვითარებისათვის, ნავთობის მსოფლიო ფასების ჩათვლით, წლევანდელი მონაცემების მიღწევა ადრეც შეეძლო. თუმცა ნავთობსადენებთან დაკავშირებული გაურკვევლობა და ამ გაურკვევლობებით გამოწვეული გასაღების ბაზრების პრობლემა, ნავთობის დარგში პოლიტიკურ რისკებთან ერთად, რომლებიც ბოლო დროს გამწვავდა, საბაბს იძლევა დავასკვნათ, რომ ნავთობის მოპოვების მოულოდნელი ზრდა რუსეთში უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის.

ოპეკ-ის ქვეყნებს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლოა ახლო მომავალში, ნავთობის წარმოების შემცირება მოუწიოს. აშშ-ის სტატისტიკის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ქვეყანაში ნავთობის მარაგი დეკემბრის დასაწყისში 3,6 მლნ ბარელით გაიზარდა და 2002 წლის სექტემბრიდან უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. ოპეკ-ის პრეზიდენტმა და კატარის ნავთობის მინისტრმა, აბდულა ბინ ჰამად ალ-ატიამ განაცხადეს, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები შეწუხებული არიან იმით, რომ მარაგის ზრდამ შესაძლებელია ნავთობის ფასების დღეისათვის არსებული ბარელში 22-28 დოლარიან კორიდორზე ქვემოთ ვარდნა გამოიწვიოს. ოპეკ-ის ქვეყნები ასევე შეშფოთებულნი არიან რუსეთისა და ერაყიდან ნავთობის მოწოდების ზრდით, რაც მოთხოვნის შემცირების პირობებში შესაძლებელია ნავთობის ფასებზე აისახოს. თუმცა, აბდულა ბინ ჰამად ალ-ატიამ განაცხადა, რომ ოპეკ-ი ყველა ღონეს იხმარს, რათა ამ ზამთრისათვის ნავთობის მარაგის ადეკვატური რაოდენობა უზრუნველყოს.

4 დეკემბერს ვენაში გაიმართა ოპეკ-ის მუშა-შეხვედრა, სადაც კონცერნს ნავთობის მოპოვების შემცირების შესაძლებლობა უნდა განეხილა. ოპეკ-ის წევრ ქვეყანათა მინისტრებმა კონფერენციის შემდეგ განაცხადეს, რომ ორგანიზაცია ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის ქვოტების განხილვას ამ ეტაპზე არ აპირებს, ქვოტების კორექტირება შესაძლებელია მხოლოდ 2004 წლის 10 თებერვლის სამიტზე მოხდეს, რომელიც ალჟირში გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობას ერაყის დელეგაციაც ღებულობდა, რომელსაც ამ ქვეყნის ნავთობის მინისტრი, იბრაჰიმ ბარ ალ-ულუმა ხელმძღვანელობდა. წინასწარი პროგნოზებით, ოპეკ-ის წევრ სახელმწიფოთა კონფერენციის მთავარი ინტრიგას, მასში სწორედ ერაყის დელეგაციის მონაწილეობა წარმოადგენდა, რომელიც ომის შემდეგ კარტელის კონფერენციას პირველად ესწრებოდა.

ბოლო დროს სპარსეთის ყურედან ნავთობის მოპოვებამ და ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს – დღეში 2,1 მლნ ბარელს მიაღწია. ეს განცხადება კონფერენციაზე ერაყის ნავთობის მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, მიმდინარე წლის დეკემბერში ერაყი ყოველდღიურად წარმოებული და მოპოვებული ნავთობის ნედლეულის 2,3 მლნ ბარელამდე გაზრდას აპირებს, მომავალი წლის აპრილისათვის კი, ეს ციფრი დღე-ღამეში 2,8 მლნ ბარელამდე გაიზრდება.

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ ერაყის წინააღმდეგ დაწყებულ ომამდე ერაყის ნავთობის მოპოვება და ექსპორტი დღე-ღამეში 2,5 მლნ ბარელს შეადგენდა.

მიუხედავად ამისა, ოპეკ-ის უმაღლეს ფორუმზე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება ბაღდადის ნავთობის ნედლეულის მოპოვებასა და ექსპორტის მსოფლიო კარტელის ქვოტების სისტემაში ჩართვის შესახებ. ამგვარად, ჯერჯერობით ერაყს უფლება აქვს ნავთობის ნედლეულის მოპოვება და ექსპორტი ისეთი მოცულობით ახორციელოს, რის საშუალებასაც მისი სიმძლავრეები იძლევიან.

ბაზრის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ ნავთობის ფასების ფორმირებაში ომისშემდგომი ერაყის როლი გაიზრდება. ამ ქვეყნის მსოფლიო მმართველი საბჭოს წევრმა, ადელ აბდელმაჰდიმ განაცხადა, რომ ბაღდადი აპირებს ოპეკ-ს თავისი ქვოტის დღე-ღამეში 6 მლნ ბარელით გაზრდა მოსთხოვოს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ერაყი ნავთობის მოპოვებას 1990 წლის დონემდე – დღე-ღამეში 3-3,5 მლნ ბარელამდე გაზრდის.

ნავთობის ფასები ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა სიჩქარით გაიზრდება ერაყში ნავთობის მოპოვება. თანაც, პარტიზანული ომი და არასტაბილური სიტუაცია ამ ქვეყნის ეკონომიკაში ფართომასშტაბიან ინვესტიციებს ხელს არ უწყობენ. ასე რომ, მომავალ წელს ერაყი ნავთობის მოპოვებას მნიშვნელოვნად ვერ გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ სამიტზე ერაყს ხმის ოფიციალური უფლებაც არ მიანიჭეს. ამის წინააღმდეგ კონფერენციაზე ვენესუელის წარმომადგენელი გამოვიდა, რომელიც ოპეკ-ის გავლენიან წევრად მიიჩნევა. ვენესუელის ენერგეტიკის მინისტრმა, რაფაელ რამირესმა, თავისი ქვეყნის პოზიცია იმით ახსნა, რომ ერაყის ხელისუფლება მსოფლიო თანამეგობრობის მიერ ჯერ არ არის აღიარებული.

“ფაინენშლ თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ბოსტონის კონსალტინგური ფირმის ჩამბრიდგე Energy Research Associates-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ სტანისლავმა განაცხადა: “- ერაყში მოსახვედრად რიგში არავინ დგება, სამაგიეროდ, ყველას სურს პირველი იყოს იმ რიგში, რომელიც რუსეთში შესასვლელად არსებობს”.

როგორც ჩანს, ოპეკ-ი გაცილებით უფრო შეშფოთებულია რუსეთის ფაქტორით, ვიდრე ერაყის ნავთობის ექსპორტის ზრდით. “ფაინენშიალ თაიმსი” წერდა, რომ ოპეკ-ის წევრი ქვეყნების ნავთობის მინისტრების ვენაში შეხვედრის დროს ისინი არც ერთი წუთით არ ივიწყებდნენ, რა საშიშროებას წარმოადგენს მათი კარტელისათვის კონფერენცია, რომელიც სანქტ-პეტერბურგში გაიხსნა.

ოპეკ-ის რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი კი, სავსებით გასაგებია. გარიგებები TNK-სა და BP-ს შორის, და “იუკოსსიბნეფტში” უცხოური ინვესტორის მოსვლა რუსეთს ნავთობის მოპოვების გაზრდაში და მოპოვების დონის კიდევ უფრო გაზრდაში დაეხმარება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზებით, 2025 წლისთვის რუსეთი დღე-ღამეში 10,4 მლნ ბარელ ნავთობს მოიპოვებს.

დღეისათვის კარტელის ქვეყნების მიერ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მხოლოდ ყოველი მესამე ბარელი მოიპოვება და კარტელის ეს წილი დღითიდღე მცირდება, განვითარებულ ქვეყნებში კი, ნავთობის ძირითადი მომხმარებლები ცდილობენ, პოლიტიკურად არასტაბილური ახლო აღმოსავლეთისადმი დამოკიდებულება მაქსიმალურად შეამცირონ.

რუსეთი, თავის მხრივ, ნავთობის მდიდარი იმპორტიორების სურვილებს უფრო მეტი ინტერესით ეპყრობა, რომლებიც მას ჰპირდებიან ინვესტიციებს და არა ექსპორტიორთა კარტელის ძალისხმევას.

თუმცა, განსხვავებული მიზნების და ამოცანების გამო, რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი, მხარეებს თანამშრომლობის ნაცვლად ერთმანეთთან კონკურენციისაკენ უბიძგებს, რომლის დროსაც რუსეთი, რომელსაც შეუძლია ნავთობი შედარებით დაბალ ფასად გაყიდოს, ოპეკ-ის წილს ბაზარზე კიდევ უფრო შეამცირებს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial