ეკოლოგიური კრიზისი – მსოფლიო და საქართველო

ავტორის სტილი დაცულია


ნინო გოგუაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   
უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ბაკალავრიატის სტუდენტი
Nino.Goguadze607@eab.tsu.edu.ge

 
 ანოტაცია

 ეკოლოგიური პრობლემები–ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა. შესაბამისად, ის უდიდეს როლს თამაშობს საზოგადოების ცხოვრებაში. უამრავი გლობალური პრობლემა დღეს გარემოში ადამიანის საქმიანობის შედეგია. ამ ტემპის შენარჩუნება კი სასწორზე დებს თანამედროვე ცივილიზაციას. ისევე როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც ბევრი ეკოლოგიური პრობლემა, მაგალითად, როგორიცაა სხვადასხვა დამაბინძურებლის გამონაბოლქვი, საჭიროებს ამ მიმართულებით გარემოს დაცვის განსაკუთრებული პოლიტიკის გატარებას.  როდესაც სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის შესაძლო თანმდევი ნეგატიური გავლენა, რაც სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება მოახდინოს საქართველოს ეკოლოგიურ გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე.

 Annotation

Environmental problems are of universal importance. Consequently, it plays the biggest role in the life of the society.  Numerous global problems today are the result of human activities in the environment. Maintaining this pace puts modern civilization at stake. As in the world, so in Georgia, many environmental problems, such as emissions of various pollutants, require a special environmental policy in this regard. When we talk about rapid economic development, we must consider the possible negative impact that rapid economic growth can have on Georgia’s ecological environment and natural resources.

 საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპზე გლობალური ეკოლოგიური ტენდენციები აშკარად შემაშფოთებელია, ამიტომ ადამიანისთვის სასიცოცხლო სივრცის, გეოგრაფიული გარემოს ხელსაყრელი პირობების შენარჩუნება  საერთაშორისო პრობლემაა,  ეკოლოგიური პრობლემებისთვის არ არსებობს ცნება „სახელმწიფო საზღვარი“. არარაციონალური ბუნებათსარგებლობით გამოწვეული დეგრადაცია შეეხო ბუნების ყველა ელემენტს. მისი შედეგია სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართომასშტაბიანი გაუდაბნოება, ტყის საფარველის თითქმის განახევრება, ატმოსფეროსა და წყლის ძლიერი დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების შემცირება. გლობალური ეკოლოგიური სისტემის დეგრადაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად (მიზეზად) მიჩნეულია წარმოების და სხვა სახის ნარჩენებით (ყველა აგრეგატული მდგომარეობით) ზეგაბინძურება. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში მთლიანი ნედლეულის 95%-მდე ნარჩენებზე მოდის. მყარი ნარჩენების საერთო რაოდენობა კი, რომელიც განთავსებულია ნაგავსაყრელებზე, საცავებზე, პოლიგონებზე და სხვ. 80 მლრდ ტონას აღწევს. მრავალნარჩენიანი ტექნოლოგიების მქონე ქვეყნებიდან უპირველესად გამოსაყოფია რუსეთი, სადაც საშუალო წლიურად 7 მლრდ ტონა მყარი ნარჩენი გროვდება. გაბინძურების შედეგად მძიმე ეკოლოგიური სიტუაცია შეიქმნა ატმოსფეროში. ატმოსფეროს ჰაერის დეგრადაცია გამოიხატება ქიმიური, ფიზიკური და სითბური გაბინძურებით. ამ უკანასკნელთან დაკავშირებულია გლობალური დათბობის ნათლად გამოხატული ტენდენცია, რაც თანამედროვე გლობალურ პრობლემებს შორის ერთერთი ყველაზე მწვავეა. ასევე გლობალური ეკოლოგიური დეგრადაციის (კრიზისის) ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ეკოლოგიური შედეგია პლანეტის გენოფონდის გაღარიბება და ბიომრავალფეროვნების შემცირება. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი გლობალური ეკოლოგიური პრობლემები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული სიმწვავითაა გამოხატული.(1)

 სამწუხაროა, რომ გარემოს გამაჭუჭყიანებელ მრავალ ფაქტორს გენეტიკური აქტივობა აღმოაჩნდა. წარმოქმნილი მუტაციები საზიანოა, იგი არღვევს ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბებული ორგანიზმის ერთიან გენეტიკურ სისტემას. საფრთხე ემუქრება როგორც ადამიანის ამჟამინდელ და მომდევნო თაობებს, ისე მთელ ბიოსფეროს. დღეისათვის ცნობილია, რომ დამბინძურებლების დიდი უმრავლესობა გენეტიკური აპარატის დაზიანებას იწვევს, რასაც უკავშირდება არა მარტო მემკვიდრული დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეები, არამედ ისეთი დაავადებებიც, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, საჭმლის მომნელებელი სისტემის და სხვ. საჭიროა შემუშავდეს პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება ორგანიზმზე მათი მოქმედების გენეტიკური შედეგების აცილებისკენ.(2)

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  გარემოს დაცვის საკითხები XXI საუკუნეში უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ეს განაპირობა იმან, რომ იგრძნობა გლობალური დათბობის შდეგები და გარკვეული რესურსების ნაკლებობა, რის შემცირებამაც შეიძლება წარმოუდგენელი ზიანი მოუტანოს მსოფლიო ეკონომიკას. ბუნების დეგრადაციაზე რეაქცია აშშ-ში, იაპონიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოებში გამოიხატა გარემოს დაცვის სფეროში საკანონმდებლო სისტემის შექმნით. მოცემულ სახელმწიფოებში გარემოს დაცვის სფეროში კანონმდებლობის განვითარების არსებით იმპულსად მიჩნეული იყო და არის საზოგადოებრივი ეკოლოგიური მოძრაობა. ქვეყნებს შორის გარემოს დაცვის საკითხები განსხვავებულია. ცნობილია, რომ განვითარებული ქვეყანა არეგულირებს გარემოს დაბინძურებას, ქიმიური ნარჩენების გადამუშავებას, სამუშაოზე ქიმიური მასალების გამოყენებას სპეციალური საკანონმდებლო აქტებით. ეს კანონები არ გააჩნია ზოგიერთ განვითარებად ქვეყანას, რაც მულტიეროვნულ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, იმაზე უფრო მაღალი დონით დააბინძურონ გარემო, ვიდრე დასაშვები იქნებოდა მათ ქვეყნებში. რამდენადაც საერთაშორისო კომპანიებს ზოგიერთ ქვეყანაში არ მოეთხოვებათ გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება, რაც საკმაოდ დანახარჯიანია, ისინი, წარმოების დანახარჯების შემცირების მიზნით, იყენებენ ამ შესაძლებლობას და ამით რეალურ საფრთხეში აგდებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ასეთ კომპანიებს ურჩევნიათ დაბალი დანახარჯებით აწარმოონ პროდუქცია და ამით მოიპოვონ შედარებითი უპირატესობა.

 ქვეყნები ცდილობენ მივიდნენ კონსენსუსამდე გარემოსთან დაკავშირებულ უამრავ საკითხზე, შეამცირონ გამონაბოლქვი და აღმოაჩინონ წარმოების ახალი გზები, რომელიც გარემოსთვის არ იქნება ზიანის მომტანი. საქართველო, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი გეოგრაფიული ნაწილი, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა სახელმწიფო მმართველობის გლობალიზაციის პროცესში ჩართვა, მაინც ექვემდებარება ამ საერთაშორისო პროცესს.

 საქართველოში ეკოლოგიური სიტუაცია პერმანენტულად უარესდება. ნედლეულის გამოყენებისა და წარმოების ზრდასთან ერთად იზრდება ნიადაგის, წყლის და ატმოსფერული ჰაერის ანთროპოგენური გაჭუჭყიანება. ეკონომიკის განვითარებას დიდ ზიანს აყენებს ატმოსფეროში დაგროვილი ნახშირორჟანგის გაზი, სითბური ეფექტები, რომლებიც იწვევს კლიმატის ცვლილებებს, ამცირებს ბუნებრივი სამეურნეო რესურსების ოპტიმალური გამოყენების შესაძლებლობებს, მოქმედებს ადამიანთა ჯანმრთელობასა და ცხოვრებაზე, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გადაიზარდოს სტიქიურ კატაკლიზმებში. აუცილებელია დასაშვებ ნორმაში მოექცეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მომწამვლელი აირებით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ავტომანქანების ტექნიკური გაუმართაობის აღკვეთას. საქართველოში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროდ ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი რჩება. კერძოდ, ნახშირორჟანგის გაფრქვევათა 87%; აზოტის ჟანგეულების 70%; გოგირდის დიოქსიდი 50%; აქროლადი ორგანული ნაერთების 40% სწორედ სატრანსპორტო საშუალებებიდან ხვდება ატმოსფერულ ჰაერში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ასევე წყლის რესურსების დაცვას დაბინძურებისაგან. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ქვეყნის მასშტაბით ტრანსპორტის რაოდენობის ზრდის პარალელურად, საზოგადოებრივი დანიშნულების გამწვანებული ტერიტორიები სულ უფრო მცირდება. შესამჩნევი ხდება ღია სივრცეების და მწვანე ზონების სიმწირე, განსაკუთრებით დიდი ქალაქების განაშენიანებულ ტერიტორიებზე. ერთი ჰექტარი ტყე წლის განმავლობაში 50-70 ტონა მტვერს ფილტრავს. ტყე პირდაპირ კავშირშია ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღებასა და წყლის რესურსების დაცვასთან, რადგან ჟანგბადის შევსება ძირითადად ფოტოსინთეზის გზით ხდება. ერთი ჰექტარი ტყე 10-15-ჯერ მეტ ჟანგბადს გამოყოფს, ვიდრე ნებისმიერი ფოტოსინთეზი. გარემოს დაბინძურება ნარჩენებითა და ქიმიური ნივთიერებებით საქართველოში ასევე ერთ-ერთი გარემოსდაცვითი პრობლემაა. პრობლემა კომპლექსურია და მოიცავს გარემოს დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნარჩენით მოუწესრიგებელი ნაგავ-საყრელებიდან, ასევე სახიფათო და აკუმულირებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხს. (1)

გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ერთ–ერთი ყველაზე რთული პრობლემა არის გიგანტური ჰიდროელექტრო სადგურების მშენბლობის საკითხი რადგან ეს არის დაკავშირებული საქართველოს რეგიონებთან, სადაც გიგანტური ჰიდროელექტრო სადგურები შენდება. საქართველოში არის 150–მდე გიგანტური ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა გეგმაში. ეს იწვევს ასობით ჰექტარი ტყის წყლის ქვეშ მოქცევას, უამრავი სოფლის ჩაძირვას, იქ მცხოვრები ხალხის მიგრაციას. ძირითადად, მშენებლობები მიმდინარეობს მაღალმთიან რეგიონებში, სადაც მოსახლეობა ისედაც მწირია და მიგრაციული პრობლემები კიდევ უფრო ძლიერდება. (3)

ცხადია, ნარჩენების მართვის სფეროს გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკისა და პრაქტიკის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, რესურსეფექტურობას და ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას და შემცირებას, მეორე მხრივ, ნარჩენების გაცალკევებულად შეგროვებას, ხელმეორედ გამოყენებას და რეციკლირებას. რადგან ჩვენი ქვეყნის წინაშე ბუნებრივი გამოწვევებია, საჭიროა ახალი მიდგომები გარემოსდაცვით პოლიტიკასა და კანონმდებლობაში. ეკოლოგიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისას განსაზღვრული უნდა იყოს გრძელვადიანი მიზნები, მიმართულებები, ამოცანები და პრინციპები გრემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის ხანგრძლივი მოთხოვნების შესაბამისად, რაც ახალ პროფესიულ ჰორიზონტს გახსნის ქვეყნისათვის. საკანონმდებლო-ადმინისტრაციული მეთოდებისა და ეკონომიკური მექანიზმის გამოყენება ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენისთვისაა მიზანშეწონილი, სახელმწიფომ კი, როგორც საზოგადოების ინტერესების დამცველმა, უნდა დაადგინოს ეკონომიკური განვითარების ეკოლოგიური წარმოების საზღვრები. ეკოლოგიური კანონმდებლობა ხომ მოსალოდნელი ზარალის თუ საფრთხის აცილებისკენაა მიმართული. რადგან ეკოლოგიურ დაბინძურებას საზღვრები არ გააჩნია, რაციონალური ბუნებათსარგებლობისა და შექმნილი კრიზისული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საკმარისი არაა დამოუკიდებელ, სტაბილურ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვა, აქ საჭიროა ყველა სახელმწიფოს ჩართულობა, რადგან ბუნებათსარგებლობის გლობალური ხასიათი ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში ითხოვს სახელმწიფოთა მხრიდან ერთობლივ მოქმედებას.  (1)

 დასკვნა

ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მოკრძალებული დამოკიდებულება ბუნების მიმართ.     მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკისა და პრაქტიკის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, რესურსეფექტურობას და ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას და შემცირებას, მეორე მხრივ, ნარჩენების გაცალკევებულად შეგროვებას, ხელმეორედ გამოყენებას და რეციკლირებას. რადგან ჩვენი ქვეყნის წინაშე ბუნებრივი გამოწვევებია, საჭიროა ახალი მიდგომები გარემოსდაცვით პოლიტიკასა და კანონმდებლობაში. ეკოლოგიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისას განსაზღვრული უნდა იყოს გრძელვადიანი მიზნები, მიმართულებები, ამოცანები და პრინციპები გრემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის ხანგრძლივი მოთხოვნების შესაბამისად.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. http://pgie.tsu.ge/contentimage/konferenciebi/2017_.pdf
  2. http://openlibrary.ge/bitstream/123456789/7382/1/Kut_2018_4.3.pdf
  3. https://openscience.ge/bitstream/1/1098/1/MA%20Thesis.%20Qerdikashvili%20Lika%20%20politmec.pdf