საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტენდენციები და ორიენტირები

ნოდარ ჭითანავა

საქართველოში ეკონომიკური კრიზისი ახალ ნიშანთვისებებს იძენს. უპირველეს ყოვლისა, იგი სისტემური ხასიათისაა. რეფორმების პერიოდში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა. მაგალითად, 1990-2000 წლებში მშპ პროდუქტი 40%-მდე შემცირდა. სამრეწველო პროდუქციის წარმოება – 20%-მდე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა – 60%-მდე.

აღსანიშნავია, რომ 2003 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 10%-ს შეადგენდა. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი საცხოვრებელი მინიმუმის ზღვარს ქვემოთაა. საგარეო ვალის დინამიკა (2000 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 50%) გვიჩვენებს, რომ ქვეყანა უფრო მეტად ხდება დამოკიდებული უცხოურ კაპიტალზე. მშპ ინვესტიციების წლის დაბალი დონე (5,8%) ადასტურებს იმას, რომ ეკონომიკის ტექნოლოგიური ბაზა არ იცვლება. მეცნიერების განვითარებაზე დანახარჯების მინიმალური მოცულობა (2002 წელს მშპ 0,2%) იწვევს ინტელექტუალური პოტენციალის დაქვეითებას. აღსანიშნავია, რომ 2002 წელს ადამიანის პოტენციალის ინდექსი შეადგენდა 0,760 (როცა მისი ზღვრული სიდიდეა -0,80).

ამრიგად, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი პარამეტრები სისტემური კრიზისის საშიშ ხასიათს ადასტურებენ. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია კრიზისის გამომწვევი მიზეზების კომპლექსურად შესწავლა და შეფასება, რათა სწორად განისაზღვროს პერსპექტივაში ეკონომიკური განვითარების ორიენტირები და დაჩქარდეს კრიზისიდან გამოსვლის პროცესი, ჩამოყალიბდეს ისეთი ეკონომიკური სისტემა, რომელსაც გლობალიზაციის პროცესებთან ადაპტირების მზარდი უნარი და საერთოდ მდგრადი განვითარების რესურსული პოტენციალი ექნება.

სოციალისტური ეკონომიკის ტრანსფორმაციის ორიენტირები და შედეგები
XX საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოში ეროვნული ეკონომიკური განვითარების ორიენტაციის საკითხი მწვავედ დადგა. ნიშანდობლივია, რომ XX საუკუნეში საქართველომ 5 ეკონომიკური დოქტრინა გამოსცადა. მაგალითად, “წმინდა კაპიტალიზმის” თეორიით ნასაზრდოები დოქტრინა. 1918 წლიდან მსოფლიოში პირველად საქართველოში დამკვიდრებას იწყებს სოციალ-დემოკრატიული პრინციპი, 1921 წლიდან ქვეყნიერებას საბჭოთა ეკონომიკური-იდეოლოგიის ახალი ფენომენი – “ნეპი” მოევლინა, ხოლო XXსაუკუნის 30-იანი წლებიდან ეკონომიკა გადადის თვისებრივად ახალ პრინციპებზე, ანუ ცენტრალიზებული დაგეგმვისა და მართვის სისტემაზე. პოსტსაბჭოთა პერიოდში “შოკური თერაპია”, როგორც დოქტრინა, საქართველოს თავს მოახვიეს. აღსანიშნავია, რომ ყოველი მომდევო დოქტრინა მანამდე არსებულის ალტერნატივა იყო, როგორც კონცეფციურ-მეთოდოლოგიური, ასევე პილიტიკურ-ორგანიზაციული თვალსაზრისით, რამაც, ბუნებრივია, ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციის წინააღმდეგობრივი (ზიგზაგისებური) ხასიათი, ეკონომიკურ კანონზომიერებათა უგულებელყოფა (კერძო ინიციატივის, კონკურენციის და საერთოდ ეკონომიკური თავისუფლების პოლიტიკური თვალსაზრისით იგნორირება) განაპირობა. ქვეყნის განვითარების ასეთ ისტორიულ ფონზე 1990 წელს ეროვნული ეკონომიკის განვითარების ორიენტაციის შესახებ, ფაქტობრივად, სამი მიდგომა ჩამოყალიბდა. პირველი – ოფიციალური, იმპერიული ხედვით, რომელიც “პერესტროიკის” ფილოსოფიას ეყრდნობოდა და გულისხმობდა საბჭოთა იმპერიის (დემოკრატიული გარდაქმნების შემდეგ) საზღვრებში სოციალისტური ეკონომიკის საბაზრო პრინციპებზე (ე.ი. “წმინდა კაპიტალიზმზე” რომელიც წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრებას და თვითრეგულირების პრინციპს, როგორც კოორდინაციის მექანიზმს ეყრდნობოდა) გადაყვანას. ეს პროცესი გრაფიკულად #1 ნახაზზე ჩანს. მეორე – არაოფიციალური (არაფორმალური), რომელიც ეფუძნებოდა თვისებრივად განსხვავებულ პოლიტიკურ ფილოსოფიას და გულისხმობდა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას (საბჭოთა იმპერიის საზღვრებიდან გამოსვლას) და ეროვნული ეკონომიკის საბაზრო პრინციპებზე გარდაქმნას (იმავე მოდელით, რასაც გვთავაზობდა “პრესტროიკის” პრინციპები, კერძოდ, სახელმწიფო საკუთრების მასობრივ პრივატიზაციას, კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების და სხვა ეკონომიკური სუბიექტების დაუყონებლივ დაშლას, სახელმწიფო მართვის სტრუქტურების ლიკვიდაციას და სხვ.)

როგორც ჩანს, პირველი და მეორე მოდგომა ეკონომიკის განვითარების ორიენტაციასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, იდენტური აღმოჩნდა და გულისხმობდა სოციალისტური ეკონომიკის გარდაქმნას კერძო კაპიტალისტურ ეკონომიკად, ე.ი. XX საუკუნის 20-იანი წლების კლასიკური კაპიტალიზმისათვის დამახასიათებელ ეკონომიკად.

მესამე – ოფიციალური, რეგიონული ხედვით, რომელიც საჯაროდ გაცხადდა, როგორც საქართველოს მთავრობის ოფიციალური ეკონომიკური პლადფორმა. იგი ეყრდნობოდა ეროვნული ეკონომიკის თანდათანობით (ეტაპობრივად, თანმიმდევრულად) გარდაქმნას მრავალწყობიან (და არა საკუთრების მხოლოდ ერთ ფორმაზე) ეკონომიკურ სისტემად, ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების წარმმართველ როლს (იგი გარდაქმნებში იძენდა კანონმდებლის (ახალი ეკონომიკური სისტემის სამართლებრივი ბაზის შექმნა), მესაკუთრის (მრავალწყობიანობაზე ორიენტაციის), მენეჯერის (ფართო გაგებით ორგანიზატორის) ექსკლუზიური ფუნქციებს და რთული პროცესის რეგულირების კოორდინატორის როლს. 1990 წელს საქართველოს საბჭოთა უმაღლესმა საბჭომ მიიღო რამდენიმე პრინციპული გადაწყვეტილება საბაზრო ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბების შესახებ, მაგალითად, საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტის შესახებ (შედგა პირველი მოსმენა) – 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ. იმ დროს მთავრობის მიერ მიცემული ნორმატიული აქტებით (კოოპერატივების ჩამოყალიბება, მთის რეგიონებში გლეხური მეურნეობების შექმნა, ცალკეულ რეგიონებში გლეხობისათვის მიწების გადაცემა, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია, საიჯარო ურთიერთობათა დამკვიდრება და სხვ.) მზადდებოდა ორგანიზაციული, სამართლებრივი და ეკონომიკური საფუძვლები ეროვნულ

მეურნეობაში საბაზრო პრინციპების დამკვიდრებისათვის. ეს პროცესი (მოდელი) გრაფიკულად ჩანს #2 ნახაზზე.

ამრიგად, საქართველოს ისტორიული განვითარების ეპიცენტრში ეკონომიკის ტრანსფორმაციის 3 ორიენტირი (კონცეფციურ-მეთოდოლოგიური მიდგომა) დაფიქსირდა. როგორ განვითარდა პროცესი?

XX საუკუნის 80-იან წლებში “პრესტროიკა” მოუმზადებლად, პოლიტიკური რომანტიზმის ტალღებზე დაიწყო. იგი გარდაქმნების მასშტაბებითა და თვისებრივი მახასიათებლებით ურთულესი პროცესი აღმოჩნდა, რომელსაც ისტორიული ანალოგი არ ჰქონია. ჩაფიქრებული, როგორც კაცობრიობის განვითარების შესაძლო ვარიანტებს შორის ერთ-ერთი მოდელი, იგი მკაფიოდ გამოხატულ იდეოლოგიას, დასავლეთის (ამერიკის) ცხოვრების წესის დამკვიდრებას ეყრდნობოდა. საბჭოთა ხელმძღვანელობის ღარიბი თეორიული შეხედულებები და გლობალური აზროვნების არასაკმარისი მასშტაბები, მათი ილუზიები ეკონომიკის საბაზრო თვითრეგულირების (“თავისუფალი ბაზარი”, რომელიც ბუნებაში არ არსებობს) ყოვლისშემძლეობის შესახებ, დავა საერთოდ სახელმწიფოსა და ეკონომიკას შორის, ურთიერთდამოკიდებულების დიალექტიკის უგულებელყოფა და საბჭოთა ეკონომიკური სისტემის ჩავარდნები ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა გარედან შემოთავაზებული იდეოლოგიის დანერგვისათვის.

“პერესტროიკამ”, რომელიც ეკლექტიკურ მსოფლმხედველობით პოზიციებს (პოლიტიკურ და ეკონომიკურ დემოკრატიაზე გადასვლა) და არამდგრად (მეცნიერულ ლოგიკას ჩამოცილებული) კონცეფციურ-მეთოდოლოგიურ მიდგომებს ეფუძნებოდა, დააჩქარა გარდაქმნების ისედაც რთული და წინააღმდეგობრივი პროცესის გარედან შემოთავაზებული სცენარით განვითარება და სტიქიური ხასიათი მიიღო. ერთიან პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ სივრცეში ასეთმა პროცესებმა ხელი შეუწყვეს ორი ისტორიული მოვლენის განვითარებას: ნაციონალურ (მოკავშირე) რესპუბლიკებში ერთდროულად დაიწყო მოძრაობა პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვება-განმტკიცებისათვის. ბუნებრივია, საქართველოში ზემოთ აღნიშნული მოვლენები ფართოდ განვითარდა. საზოგადოებრივი ურთიერთობების (მათ შორის ეკონომიკური) გარდაქმნების ზემოთ დასახელებული 3 ვარიანტს შორის საქართველომ აირჩია მეორე ვარიანტი და ნდობა გამოუცხადა და მხარი დაუჭირა 1990 წლის 28 ოქტომბერს საბჭოთა სივრცეში თავისი ფორმითა და შინაარსით დემოკრატიულად (მისი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად) ჩატარებულ არჩევნებზე გამარჯვებულ ძალებს. პოლიტიკური თავისუფლების მოპოვებით გამოწვეული აღტკინება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური ბრძოლის დევიზებს ახლდა ისტერიული ლოზუნგებიც, რომლებიც ეკონომიკის როლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უგულებელყოფდა ან აუბრალოებდა სამეურნეო მოწყობის ორგანიზაციას. მაგალითად, “მზად ვართ ბალახით ვიკვებოთ”, “ბორჯომის წყალიც გადაგვარჩენს”, “კერძო საკუთრებაა უმთავრესი”, “სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ეკონომიკაში”, “დაგეგმვა ეკონომიკის მტერია”, “ბაზარი ყოვლისშემძლეა, იგი თვითონ გადაწყვეტს კეთილდღეობის საკითხებს”, “საკმარისია ქართველ გლეხს მიეცეს, რომ ქვეყანა გამდიდრდეს” და სხვ. ეს ლოზუნგები დღევანდელი გადასახედიდან (როცა ურმის გადაბრუნების შემდეგ გზაც კარგად გამოჩნდა) გულუბრყვილოდ ჩანს, მაგრამ მაშინ დიდი პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი, თანაც აქტიური ნაწილი იყო და არსებითად განსაზღვრავდა ეკონომიკის განვითარების ვექტორს, ფაქტობრივად, გამოხატავდა საზოგადოების დიდი ნაწილის ეიფორიით გამოწვეულ სულისკვეთებას. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ხელისუფლებამ, თითქმის ნახევარი წლის მოღვაწეობის ანალიზით თავისი ადრინდელი მიდგომა თვისებრივად ახალი (დროის ადეკვატური) და უფრო გამოკვეთილი პოზიციით შეცვალა. კერძოდ, ბ-ნმა ზ. გამსახურდიამ წამოაყენა სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში კონვერგენციის (როგორც კონცეფცია-მეთოდოლოგიის) გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი. ამის შესაბამისად, კორექტივები განიცადა ოფიციალურმა პოლიტიკამ, მაგრამ ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ ცხოვრების ასპარეზზე გამოსული სხვა პოლიტიკური ძალები საკუთარი “ლოგიკით” მოქმედებდნენ. დიდ მიზანს დაქვემდებარებული (სხვადასხვა ინტერესებში განთავსებული, ხშირად პიროვნულისა და ეროვნულის დაპირისპირების ფონზეც) მიზნები და მისი რეალიზაციის ჯგუფურ ინტერესებს მორგებული სხვა მექანიზმებიც ახლავს, რომლებიც ისტორიულ გზაჯვარედინზე მთავარი მიზნების მიმართულებებს მკვეთრად ამახინჯებს ან საერთოდ ცვლის. საქართველოშიც ასე მოხდა. დიად მიზნებს ერის ერთიანი ნება სჭირდებოდა, ქვეყნის მატერიალური და სულიერი პოტენციალის მაქსიმალურად ამოქმედება, ერთიანი სტრატეგიით გარდაქმნების რეგულირება. სამწუხაროდ, გადამწყვეტ ეტაპზე და დროში სპონტანურად დასმული სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტისათვის ერი, პოლიტიკური ძალები, ხელისუფლება, მის შიგნით ჩამოყალიბებული ოპოზიცია მზად არ აღმოჩნდა. ერის ნება (რომელიც მკაფიოთ თავისუფლებისათვის ბრძოლაში გაცხადდა) შეირყა, ეროვნული ენერგია გაიფანტა ცალკეულ პოლიტიკურ და მაფიოზურ-კლანურ წარმონაქმნთა ამბიციებში ქვეყნის თავისუფლების დაცვის სულისკვეთება პიროვნული ინტერესებით შეიცვალა.

ასეთ ფონზე, 1992 წელს სამხედრო გადატრიალება განხორციელდა და კონვერგენციის თეორია და მისი ავტორი – ხელისუფლება უარყოფილი და დამხობილი აღმოჩნდა.

სამხედრო გადატრიალების შემდეგ მოსული “დროებითი მთავრობა” შეეცადა “თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე” (კერძო კაპიტალისტურ ეკონომიკაზე) ეროვნული მეურნეობის გადასვლის პროცესი დაეჩქარებინა და რაც ნიშანდობლივია, ამ ამოცანის გადაწყვეტა დაიწყო სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური ტრადიციული ფუნქციების შეზღუდვით. სამინისტროები ექსტრემალურ პირობებში ე. წ. ფუნქციურ სტრუქტურებად გარდაიქმნა. სახელმწიფოს “ნიშა” სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში არასახელმწიფო სტრუქტურებმა (კერძოდ, მაფიოზურმა წარმონაქმნებმა) დაიკავეს, ტრანსფორმაციის რთული პროცესი თვითდინებით წარიმართა. მოხდა სახელმწიფო-ეროვნული ინტერესების ჩანაცვლება პირადული და ჯგუფური ინტერესებით და შეიქმნა ხელსაყრელი პირობები ეროვნული სიმდიდრის ძარცვის (კრიმინალიზაციის), კულტურულ ფასეულობათა დაკნინების, პიროვნული ღირსების (პირველ რიგში თავისუფლების) შელახვისათვის. ასეთმა გარემომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის პირობებიც მოამზადა (ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესი წარმოდგენილია #3 ნახაზზე).

ასეთი ქაოსის ფონზე პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა 1992 წლის ოქტომბრის არჩევნებზე გამარჯვებული ხელისუფლების რამდენიმე ნაბიჯს, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ იგი დროის ადექვატური მიდგომების ძიებაში იყო. მაგალითად, 1994 წელს მიღებული იქნა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამა, დაიწყო სოციალური და ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის შედგენა, შემდგომში ლარის შემოღებასთან და მის გამტკიცებასთან ერთად მოხერხდა ინფლაციური პროცესების რეგულირება, ოფიციალურად გამოცხადდა ეკონომიკის სოციალური ორიენტაციის შესახებ, გააქტიურდა სამეურნეო პროცესებისადმი სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღება, განხორციელდა (თუმცა მოუმზადებლად და დიდი დარღვევებით) სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, დიდი ძალისხმევით მომზადდა საერთაშორისო პროექტების განხორციელების პროცესები: ტრასეკა, ენერგეტიკული დერეფნის მშენებლობა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ფორმირება, მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში აქტიურად ჩართვა და სხვა ადასტურებდა იმას, რომ ხელისუფლება თანდათანობით აცნობიერებდა სახელმწიფოს ახალ ეკონომიკურ ფუნქციებს.

ამრიგად, ქვეყანაში გამოიკვეთა ეკონომიკური განვითარების პროცესის წინააღმდეგობრივი ხასიათი (ზიგზაგისებური განვითარებით), ცალკეულ ეტაპებზე ეკონომიკის გამოცოცხლებისა და ჩავარდნის ტენდენციები, სახელმწიფოს მხრივ გარდაქმნების თვითდინებაზე მიშვებისა და ცალკეულ მომენტებში კოორდინატორის ფუნქციების განხორციელების ნება, საბაზრო თვითრეგულირება ან სახელმწიფო რეგუილირება, ღია ეკონომიკა ან სამამულო წარმოების დაცვა, ჩრდილოვან ეკონომიკასთან დეკლარაციული განცხადებებით ბრძოლა და ა. შ. ყოველივე ამან განაპირობა ისეთი უნიკალური სიტუაცია, როცა ეკონომიკა სისტემურ კრიზისში იმყოფება და ამავდროულად, ობიექტურად ყალიბდება ხელსაყრელ ფაქტორთა ერთობლიობა, რომლის ამოქმედებით მოკლე პერიოდში შესაძლებელია განვითარების თვისებრივად ახალ ტრაექტორიაზე გასვლა. ჯადოსნური წრე შეიკრა. დამბლადაცემული ეკონომიკა თითქმის არ ფუნქციონირებს, შესაბამისად, ღრმავდება სოციალური დაძაბულობა და იღებს საშიშ ხასიათს, ეკონომიკური ზრდის ტემპები ჩვეულებრივ პირობებთან მაღალია, მაგრამ მისი ათვლის საწყისია დაბალი. ინტელექტუალური პოტენციალი დეგრადირებას განიცდის, ყოველივე ამის სინთეზია დღევანდელ ეტაპზე მთავარი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური წინააღმდეგობა, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ეროვნული სიმდიდრის დაჩქარებული ძარცვის ფონზე სპონტანურად ჩამოყალიბდა ორი დაპირისპირებული ფენა – ერთი მხრივ, “ახალი მდიდრები” და მეორე მხრივ, “ახალი ღარიბები”. ამ ორ ძალას შორის სოციალური (ფორმით) დაპირისპირება გადაიზარდა პოლიტიკური (შინაარსით) და სოციალურ-ეკონომიკური (ფორმითა და შინაარსით) დაპირისპირების ქრონიკულ ფაზაში. ნიშანდობლივია, რომ ამ წინააღმდეგობის, რომელიც თვისებრივად ახალ გარემოში (პოსტსოციალისტური სივრცე) ჩამოყალიბდა და გამოირჩევა დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით (ორგანიზაციული, ეკონომიკური, მორალური, ურთიერთგანპირობებულობის მაღალი ხარისხი, კრიმინალიზაციის დონე და ა.შ.), გამომწვევი მიზეზი უფრო ღრმაა, ვიდრე ეს საზოგადოებაში აქვთ წარმოდგენილი. არსებული წინააღმდეგობის გარკვეულწილად, თუნდაც შერბილება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ჩამოყალიბდება ეფექტური საბაზრო ეკონომიკური სისტემა, სამწუხაროდ, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა ამ ამოცანის შესრულებას ვერ უზრუნველყოფს.

ამრიგად, საქართველოში სახეზეა საბაზრო ეკონომიკა-კონგლომერატი, როგორც ისტორიულ-ეკონომიკური ტიპი, რომელიც აღმოცენდა (არასწორი კონცეფციური მეთოდოლოგიური მიდგომებით) და ფუნქციონირებს (როგორც დაშვებული შეცდომების ლოგიკური შედეგები) საბჭოთა სოციალიზმის, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების, “ველური კაპიტალიზმის” ეკონიმიკური სისტემებისათვის მეტ-ნაკლებად თითქმის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით (რაც გარკვეულ წილად მოჩვენებითია). ეკონომიკურ სისტემაში გამოიკვეთა ნებისმიერი საშუალებით ფულის შოვნის დაუოკებელი მისწრაფება (ყალბად გაგებული მოტივაცია) ადამიანებისა და რესურსების მკაცრი ექსპლოატაცია (პოლიტიკურ-ეკონომიკური ქცევა) საზოგადოების ზნეობრივი საფუძვლების მოშლა (ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესი წარმოდგენილია #4 ნახაზზე). სახელმწიფო თავის როლს ვერ აცნობიერებს. პოლიტიკური პარტიების მიდგომები ქრესტომათიულ ჩარჩოს ვერ გასცილდა, კერძო ბიზნესი ახალი ტიპის ოლიგარქიის ფორმირების საფუძველი გახდა, თავის წილ პასუხისმგებლობას ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანისათვის არ იღებს. მეცნიერება საზოგადოებრივი ასპარეზიდან თანდათანობით გადის, მისი “ნიშა” მასმედიამ აითვისა (ამაშია საზოგადოებრივი პროგრესის შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი), საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური სტრუქტურები კოორდინაციას არ უკეთებენ მათ მიერ ქვეყნისათვის შემოთავაზებულ რეკომენდაციებს (გლობალიზაციის ნეოლიბერალური პრინციპებით განსაზღვრული ეკონომიკური რეფორმების ლიბერალურ-მონეტარისტული მოდელი) და პასუხს არ აგებენ ქვეყანაში კრიზისისათვის. ფაქტობრივად, საქმე გვაქვს უნიკალურ სიტუაციასთან, როცა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალები გლობალიზაციის ნეგატიური ტალღის ზემოქმედებით ფორმირებადი მსოფლმხედველობით იღწვიან არა ეროვნული სიმდიდრის შექმნისათვის, არამედ გადანაწილების მექანიზმების დაუფლებისათვის. ამაშია ქვეყნის სისტემური კრიზისის გაღრმავების ამოსავალი ქართული მსოფლმხედველობითი საწყისი და პირობა-ფაქტორი. რაც შეეხება გარე ფაქტორებს, აქ მთავარია გლობალიზაციის ნეოლიბერალური მოდელის (რომელიც ანგარიშს არ უწევს სუვერენული ქვეყნების ინტერესებს) დამთრგუნველი ზემოქმედება, რომელსაც იგი ახდენს ნაციონალური სახელმწიფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოზე. აღსანიშნავია, რომ დღეს ეკონომიკური პოლიტიკას აღმშენებლობისათვის საჭირო სოციალური ენერგია და მართვის მექანიზმებიც არა აქვს.

როგორც ჩანს, ქვეყნის სისტემური კრიზისიდან გამოყვანა და შესაბამისად, გლობალიზაციის პროცესებში საქართველოს აქტიური სუბიექტის როლით განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ორივე ფაქტორის (შიდა და გარე) ერთობლივი და მიზანმიმართული გამოყენებით. ამ მიზნით უპირატესად შიდა “მთვლემარე” ფაქტორების კომპლექსურად ამოქმედებაა (გამოღვიძება) საჭირო.

ქვეყნის წინაშე დგას თვისებრივად ახალი სტრატეგიული ამოცანა დროის ადეკვატური კონცეფციურ-მეთოდოლოგიურ ბაზაზე განისაზღვროს საბაზრო ეკონომიკა-კონგლომერატის პოსტინდუსტრიული საზოგადოების ადეკვატური ეკონომიკურ სისტემად გარდაქმნის სტრატეგია.

ამოცანა – ურთულესი, პასუხისმგებლობა – საგანგებო! როგორც აღინიშნა ქვეყნის ეკონომიკა ჩიხში შევიდა და სისტემური კრიზისის ქრონიკულ ფაზაში იმყოფება. ასეთია რეალობა. ჩამოყალიბებულ არასტანდარტული ვითარებიდან, კრიზისიდან გამოსვლა არასტანდარტულ მიდგომებს და მათ საფუძველზე პროცესებზე ზემოქმედების მექანიზმების შექმნა-გამოყენებას მოითხოვს. ორი არჩევანი გვაქვს. ჯერ ჩიხიდან გამოვიდეთ და დავსახოთ კრიზისის დაძლევის ღონისძიებები (რათა მომავალში მაინც ავიცდინოთ არასწორი გზით განვითარება) და ჩიხის კედლის გარღვევაზე ავიღოთ ორიენტაცია. ორივე მოდგომას აქვს არგუმენტირებული საფუძველი, ასევე ეჭვებიც. ჩვენი აზრით, ჩიხიდან გამოსვლა უფრო ადვილია, მაგრამ ისტორიული განვითარების დღევანდელ ეტაპზე, როცა საზოგადოებაში დაპირისპირება ღრმავდება, ეკონომიკის განვითარების ახალი მიმართულების განსაზღვრას გარკვეული დროც დასჭირდება, თანაც ალბათობა დიდია, რომ სტრატეგიულ განვითარებაში ისევ პაუზა დავუშვათ, რადგან მოსალოდნელია რომ ყალბად გაგებულ დემოკრატიულ ფასეულობაზე ორიენტაცია არ გახდეს გარდაქმნების მასტიმულირებელი ძალა. ამიტომ ამ გზას ჩვენ პროგრესიულად არ ვთვლით. მეორე გზა უფრო სწორია, მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ ჩიხის კედელი მდგრადი არ არის, ისიც გასაგებია, თუ რატომ შეანელა სიჩქარე (ან ბუქსაობს) გარდაქმნების პროცესები ლოკომოტივმა. მისი ეკიპაჟი არ იყო ჩიხურ სიტუაციებზე სწორად ორიენტირებული, ვერც შესაბამისი კომპეტენტურობაც გამოავლინა სწრაფად ცვალებად ვითარებაში. საჭიროა ეკიპაჟის განახლება, რაც მთავარია, მისი შეიარაღება ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების (როგორც ასეთის) მოცემულ სიტუაციაში უპირატესად გამოყენების გაგებითა და ცოდნით. ეს კი, როგორც მეცნიერება, ასევე ხელოვნებაცაა.

უპირველეს ყოვლისა ქვეყანას სჭირდება ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება ქვეყანაში მომხდარი საბაზო სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების პოზიტიურ შედეგებს (ეკონომიკური თავისუფლება, საბაზრო თვითრეგულირებისა და სახელმწიფო რეგულირების შეხამების აუცილებლობა, მოგების მაქსიმიზაცია და სოციალური სამართლიანობის პრინციპების ერთობლივად გამოყენება, საკუთრების ფორმების პლურალიზმი და სხვა) და ორიენტირებული იქნება პოსტინდუსტრიული საზოგადოების შესატყვის ეკონომიკურ, ქართულ თარგზე გამოჭრილ მოდელზე. ახალი სახელმწიფო პოლიტიკის ფუძემდებელ პრინციპებად უნდა ვაღიაროთ შემდეგი პოსტულატები:

თავისუფლება და წესრიგი თავსებადია, მაგრამ იგი ავტომატურად არ მიიღწევა. აუცილებელია სახელმწიფოს მრავალმხრივი ძალისხმევა, გეგმიური (პროგრამული) მიდგომა, მართვა იდეოლოგია კი არ არის, არამედ საყოველთაოდ აღიარებული საშუალებაა კრიზისის დაძლევისა და საერთოდ განვითარებისა.

საზოგადოება არა ბაზრისათვის, არამედ ბაზარი საზოგადოებისთვის. საბაზრო ეკონომიკის განმსაზღვრელი კონკურენციაა, სახელმწიფოს ექსკლუზიური ფუნქციაა კეთილსინდისიერი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება (სახელმწიფო მმართველობა უნდა განთავისუფლდეს კრიმინალური იდეოლოგიის დოზირებული გავლენისაგან, ეკონომიკური თავისუფლება უნდა გაძლიერდეს მეწარმეობის მხარდამჭერი მექანიზმებით.

მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში საქართველომ შეიძნოს აქტიური სუბიექტის ფუნქცია (რაც გაზრდის მის როლს საერთაშორისო მოგების განაწილებაში) და სხვ.

ერთი რამ ცხადია, ქვეყანას სჭირდება ეფექტური და პასუხისმგებელი სახელმწიფო ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებრივი ურთიერთობების სისტემური ტრანსფორმაციის ლიდერის ფუნქციებს შეასრულებს. ამას შეძლებს მაშინ, როცა იგი იმოქმედებს ცნობილი პარადიგმით: დროის ადექვატური სტრატეგიული ხედვა, გლობალური აზროვნება, ადგილობრივი პირობების შესაბამისად მოცემულ სოციალურ დროში ლოკალური მოქმედება.

საქართველოს აქვს ისტორიული შანსი ჯერ კიდევ შენარჩუნებული ინტელექტუალური პოტენციალის გონივრულად გამოყენებით დროის მოთხოვნების შესაბამისად, გლობალიზაციის პოზიტიური ტენდენციების გათვალისწინებით შეიმუშაოს განვითარების კომპლექსური პროგრამა. ჩვენი ინსტიტუტი შეუდგა ასეთი პროგრამის დამუშავებას, რომელსაც საფუძვლად 2002-2003 წლებში ინსტიტუტში ჩატარებული კონცეფციურ-მეთოდოლოგიური გამოკვლევები დაედო.

აღნიშნული პროგრამა გათვლილია 2020 წლამდე და ეს შემთხვევითი არ არის. ქვეყანამ უნდა იცოდეს რა, როდის და როგორ უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე ამაღლდეს, ადამიანმა ღირსეულად იცხოვროს. ეს ამოცანა ხელისუფლების ერთი თაობის ამოცანა არ არის. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა მის ფუნდამენტურ პრინციპებზე სახელმწიფოს განვითარების კონკრეტულ ეტაპზე უნდა ჩამოყალიბდეს.

პროგრამაში სრულად უნდა აისახოს ლოგიკური კავშირი დასახულ მიზანსა (ცხოვრების დონის ამაღლება) და მისი მიღწევის (ეკონომიკური ზრდა) რესურსული და ორგანიზაციულ ფაქტორებს შორის (პოლიტიკური მიზნის ორგანიზაციული და ეკონომიკური უზრუნველყოფა), რეალურად შეფასდეს (განისაზღვროს) ადგილობრივი ბუნებრივ-საწარმოო პირობების, ფაქტორების, რეზერვების კომპლექსურად ამოქმედების გზები და საშუალებები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შიდა რესურსების მობილიზაციის პრაგმატულ პოლიტიკაზე გადასვლას. პროგრამაში ახლებურად უნდა განიხილოს საქართველოს შესაძლებლობები არა მხოლოდ საკუთრივ, არამედ მსოფლიო განვითარების ძირითადი

“მეთოდური რეკომენდაციები საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების გრძელვადიანი კომპლექსური პროგრამის შესამუშავებლად”, “საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია”, “საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატორი დაგეგმვის მეთოდიკა”, “რეგიონული პროდუქტის გაანგარიშების მეთოდური რეკომენდაციები” და სხვ.

ფაქტორების სხვადასხვა კომბინაციის პირობებში. შემუშავდეს რეკომენდაციები გეოეკონომიკური დოქტრინის პრინციპების, კავკასიის ეკონომიკურ სივრცეში ქვეყნის პოზიციების გაძლიერების (დემოგრაფიული სიტუაცია, ცხოვრების დონე, ეროვნული თავისთავადობა და სხვ.), ასევე საერთაშორისო ეკონომიკურ, ფინანსურ, ინფორმაციულ, ტექნოლოგიურ სივრცეში ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ.

პროგრამაში პასუხი უნდა გაეცეს მუდმივად დღის წესრიგში დასმულ კითხვას თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკური სისტემა (პოსტინდუსტრიული საზოგადოების შესაბამისი სისტემა, რომელიც ეფუძნება ეროვნული ფენომენისა და მსოფლიო პროგრესული სამეურნეო გამოცდილების სინთეზს). როგორ შევძლოთ პოლიტიკური, სოციალურ-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, ფსიქოლოგიურ -ორგანიზაციული ინტერესების შეხამება ადამიანის, სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პროგრამა საზოგადოებისათვის გახდება ქვეყნის მაკრო, მეგაეკონომიკური და რეგიონული განვითარების სტრატეგიის (ტაქტიკის) შეფასების საფუძველი (გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი), რაც ბუნებრივია აიძულებს სახელმწიფოს (ხელისუფლებას) სიტუაციის შესაბამისი იმპულსები მისცეს ეკონომიკის განვითარებას, იმოქმედოს არა ქრესტომათიული დოგმებით, არამედ სინამდვილის (პრაქტიკის) საზოგადოებისათვის სასურველი მიმართულებით გარდაქმნის პრაგმატული ამოცანებით.

2020 წლამდე პერიოდის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პროგრამის რეალიზაციის სახელმწიფო ინსტრუმენტი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმაა (ხუთწლიანი, ერთწლიანი) და იგი უნდა შედგეს ინსტიტუტში დამუშავებული “ახალი ინდიკატური დაგეგმვის” საფუძველზე. მიზანშეწონილია ინდიკატური გეგმის პროექტი პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტთან ერთად განიხილოს. ასევე მიზანშეწონილია რეგიონების დონეზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმების შედგენაც.

რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარების ზემოთ აღნიშნულ შეხედულებებზე და მიდგომებში დრო სათანადო ცვლილებებს შეიტანს, მთავარია, რომ სახელმწიფო, საზოგადოება და განსაკუთრებით მეცნიერება დროს არ ჩამორჩნენ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial