“ფუნქციონალური დანიშნულების” ნაყინის ბაზარზე წარმატების მარკეტინგული კონცეფცია

ლია ბერიკაშვილი, გივი მიქელაძე, ტექნიკ. მეც. დოქტორი, პროფესორი

დღეისათვის მსოფლიო ბაზარზე “ფუნქციონალური კვების პროდუქტების” რეალიზაცია 50 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება. 2001 წლის ოფიციალური მონაცემებით, ამ პროდუქტების ბაზრის თითქმის 40% აშშ-ს ეკუთვნის, 25%-მდე – იაპონიას და 32%-ზე მეტი – ცენტრალურ ევროპულ ქვეყნებს.

“ფუნქციონალური კვების პროდუქტების” წარმატება და მასზე მოთხოვნილება თანდათან იზრდება და ბაზარზე საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს. მსოფლიოს კვებისა და მედიცინის სფეროს ცნობილი მეცნიერების პროგნოზის თანახმად, უახლოეს ათწლეულში კვების პროდუქტების ბაზრის 30%-ზე მეტს “ფუნქციონალური პროდუქტები” დაიკავებს. ამიტომ, სამრეწველო კომპანიებმა ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად “ფუნქციონალური კვების პროდუქტების” წარმოებისათვის უნდა იზრუნონ.

ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგიის “ხილის ნაყინი” (რომელიც დაპატენტებულია “საქპატენტი” #70 G23 9/02, 9/04) თავისი ფიზიოლოგიური ზემოქმედებიდან გამომდინარე, “ფუნქციონალური კვების პროდუქტების” კატეგორიას განეკუთვნება. ეს ახალი კატეგორიაა და მისი ბაზარზე შესვლის და გადაადგილების სტრატეგიის შემუშავება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.

დღეისათვის უპირველეს ყოვლისა ყველაზე მიზანშეწონილად მიგვაჩნია არსებული განმარტებებიდან “ფუნქციონალური კვების პროდუქტების” ფორმულირება ზოგადად ჩამოვაყალიბოთ:

კვების პროდუქტები ფუნქციონალურ ჯგუფს განეკუთვნება და ყველა კატეგორიის ჯანმრთელი მოსახლეობის კვების რაციონში სისტემატიური მოხმარებისათვის მიზანშეწონილია – ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად და კვებასთან დაკავშირებული რისკის შესამცირებლად, მათში ფუნქციონალური ბუნებრივი ინგრედიენტების მეშვეობით, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმში შეუძლიათ ერთი ან რამდენიმე დადებითი ფიზიოლოგიური ფუნქციის შესრულება და მეტაბოლური რეაქციის გამოწვევა.

“ფუნქციონალური კვების პროდუქტების” განსაკუთრებული შემადგენლობისა და ტექნოლოგიის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიძლება გამოვყოთ 3 ძირითადი კატეგორია:

ტრადიციული პროდუქტები, რომლის შემადგენლობაშიც მნიშვნელოვანი რაოდენობის ფიზიოლოგიური ფუნქციონალური ინგრედიენტებია;

ტრადიციული პროდუქტები, რომლებშიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე კომპონენტები, რომლებიც ხელს უშლის ბიოლოგიურ ან ფიზიოლოგიურ აქტივობას ან ბიოშეთვისებადობას, ტექნოლოგიურად შემცირებულია;

ტრადიციული პროდუქტები, დამატებით გამდიდრებული ფუნქციონალური ინგრედიენტებით.

“პოსტსაბჭოთა” ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ასეთი პროდუქტები ტრადიციულად იყოფოდა: დიეტურ, პროფილაქტიკურ, სპეციალიზირებულ, გამდიდრებულ და ბიოლოგიურად აქტიურ დანამატების პროდუქტებად.

ეს ცნებები და პროდუქტების ასეთი ტრადიციული დიფერენციაცია, ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი ხანია არსებობს და ახლა საჭიროა მოხდეს თანაშეწყობა საზღვარგარეთულ, დასავლურ “მოდასთან”, რადგანაც ტერმინი – “ფუნქციონალური პროდუქტები” უკვე მთელ მსოფლიოში დამკვიდრდა.

“ფუნქციონალური კვების პროდუქტების” წარმოება ფართოდ გავრცელდა და აქტიურად ვითარდება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. ევროპაში ასეთი პროდუქტების გამოშვება, მთლიანი წარმოების მოცულობის 20%-ს აღემატება და ძალიან პოპულარულია.

“ფუნქციონალური პროდუქტების” გავრცელებაში მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ასპექტიც. მოსახლეობის ჯანმრთელობა, ეკოლოგიურად არაჯანსაღ რეგიონში შეიძლება გაუმჯობესებული იყოს მათ რაციონში სპეციალური “ფუნქციონალური კვების პროდუქტების” შეტანით.

ჩვენს მიერ შემუშავებული “ხილის ნაყინი”, რომლის საფუძველიც მთლიანად ნატურალური ნედლეულია, თავისი ფიზიოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე, ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მონელების პროცესს, ნაწლავების პერისტალტიკას, ორგანიზმიდან მძიმე მეტალების, შხამქიმიკატების და რადიონუკლეიდების გამოტანას მაღალი ადსორბენტული უნარის გამო. მათი ეს თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აუცილებელია მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომლებიც ეკოლოგიურად არაჯანსაღ გარემოში ცხოვრობს.

ახალი კატეგორიის – “ფუნქციონალური ნაყინის” ბაზარზე შესვლის და გადაადგილების სტრატეგიის შემუშავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი რეკლამა და სარეკლამო კამპანიაა. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ამჟამად ყველაზე ეფექტურ რეკლამად (განსაკუთრებით ჩვენს შემთხვევაში) ითვლება არა პირდაპირი, არამედ ე.წ. “ფარული” რეკლამა, რომელიც კონტექსტით მის თვისებებზე მიუთითებს.

არასტანდარტული “ფარული” რეკლამით, “ფუნქციონალური” ხილის ნაყინის საინფორმაციო ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში აუცილებელია პრესის საშუალებით არა მშრალი და სტანდარტული სარეკლამო ბლოკის გაშვება, არამედ ბეჭდვითი რეკლამის გამოყენება, სადაც ჩართული იქნება ინტერვიუები ახალი საქონლის ფიზიოლოგიური თვისებების შესახებ ამ დარგის წამყვან სპეციალისტებთან. ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მომხმარებელი მეტად ენდობა საინტერესო-შემეცნებით სტატიებს, ვიდრე მშრალ რეკლამებს. ასეთი მეთოდის რეკლამის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ სტატიაში შეიძლება დაწვრილებით მოვუთხროთ მომხმარებელს ახალ პროდუქტზე, ახალ ტექნოლოგიაზე, შემადგენელ ბუნებრივ ნედლეულზე და მის დადებით ფიზიოლოგიურ გავლენაზე.

ამავე სტრატეგიით შეიძლება სარეკლამო კამპანიის განხორციელება ტელევიზიაში და რადიოში. სარეკლამო პროგრამის შედგენისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პრომოუშენ-აქციებს. ეს არის ნაყინის ყოველნაირი პრეზენტაციები და დეგუსტაციები მაღაზიებში და სხვადასხვა სარეალიზაციო პუნქტებში.

“ფუნქციონალური” ხილის ნაყინისათვის ეფექტური იქნება აგრეთვე დეგუსტაციის ჩატარება სკოლაში (სადაც ყველაზე დიდი რაოდენობითაა ნაყინის პოტენციური მომხმარებელი), რადგანაც ცნობილია, რომ ადამიანი მაქსიმალურ ინფორმაციას სწორედ აქ იღებს. სკოლაში ასეთი აქციის ჩატარებისას, როდესაც ბავშვს აცნობ, თუ როგორ იქმნება ნაყინი, უხსნი დასაბუთებულად მის ფიზიოლოგიურ თვისებებს და თანაც უფასოდ უმასპინძლდები, ეს მასზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს.

წიგნიერი და ეფექტური დეგუსტაციის ჩასატარებლად უპირველეს ყოვლისა საჭიროა დეგუსტაციის დროს მომხმარებლის სარეკლამო-ინფორმაციული მასალებით – ბუკლეტებით, პრეს-რელიზებით უზრუნველყოფა, იმისათვის რომ მას შეეძლოს სახლში, უფრო წყნარ სიტუაციაში მისი გაცნობა. ამ შემთხვევაში ინფორმაციის მიღება ადამიანის შემეცნებაში უფრო ეფექტურად ხდება. ტექსტში ახალი ნაყინის ფიზიოლოგიურ-ფუნქციონალური თვისებები საინტერესოდ უნდა იყოს აღწერილი.

ასეთი სარეკლამო ღონისძიებების ჩატარება პერიოდულად უნდა მეორდებოდეს.

სარეკლამო სტრატეგია ადაპტირებული უნდა იყოს კონკრეტულად “ფუნქციონალური” დანიშნულების ნაყინისათვის მისი სპეციფიკიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ამ საქონლის ბაზარზე წინსვლისათვის მარკეტინგული ღონისძიებებიდან ბაზრის ინფორმაციული უზრუნველყოფა უდიდეს როლს ასრულებს. ამიტომაც, ჩვენს მიერ ყურადღება გამახვილებული იქნა სწორედ ამ მიმართულებით.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial