2010 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და ხარვეზები

მაკა ღანიაშვილი

2009 წლის 13 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტში წარადგინა საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც პარლამენტმა ხანგრძლივი დებატებისა და განხილვების შემდეგ 4 დეკემბერს დაამტკიცა. თუმცა ექსპერტები ეჭვქვეშ აყენებენ მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ბევრი საპროგნოზო მაჩვენებლის შესრულებას.

“ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის” ექსპერტებმა შოთა მურღულიამ და დავით ნარმანიამ მედიას წარუდგინეს ცენტრის დასკვნები და ანალიზი საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის შესახებ. ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა პროექტის “საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.
უკვე დამტკიცებული 2010 წლის კანონპროექტის მიხედვით, სულ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები განსაზღვრულია 6 773.4 მილიონი ლარით, ხოლო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 5 171.9 მილიონ ლარს. შესაბამისად, შემოსავლები შემოსულობების 76,3%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ცვლილება 2009 წლის ბიუჯეტთან შედარებით არ იგეგმება, ვინაიდან, 2009 წლის ბიუჯეტის (დაგეგმილი ცვლილების გათვალისწინებით) შემოსულობების პროგნოზი შეადგენს 6 614,5 მილიონ ლარს, ხოლო შემოსავლები 5 137,5 მილიონ ლარს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის, დაახლოებით, 25% არ წარმოადგენს შემოსავლებს და იგი, ძირითადად, ვალდებულების ზრდის ხარჯზე მიიღება.
2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 4 382 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 23.1%-ს შეადგენს. იგივე მაჩვენებელი 2009 წლის ბიუჯეტში 22,8%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2010 წელს გადასახადების წილი მთლიან შიდა პროდუქტში მცირედით იზრდება.
2010 წელს დაგეგმილია საშემოსავლო გადასახადის 92,2 მილიონი ლარით ზრდა (8,6%). თუმცა “ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის”” ექსპერტები სვამენ კითხვას, თუ რა გათვლებს ემყარება საშემოსავლო გადასახადის ზრდის ასეთი პროგნოზი და აკეთებენ დასკვნას, რომ რეალურად საშემოსავლო ბაზის 8,6%-იანი მატება საკმაოდ რთული მისაღწევია, რადგან 2010 წელს, წინა წელთან შედარებით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი უცვლელი რჩება.
გარდა ამისა, 2010 წელს დაგეგმილია მოგების გადასახადის 11,4 მილიონი ლარით (2,2%) ზრდაც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2010 წელს ბიუჯეტში ჩაირიცხება მოგების გადასახადის მიმდინარე გადასახდელები, რომელთა გამოთვლაც 2009 წელს მიღებული მოგების ბაზაზე ხორციელდება და 2009 წელს ქვეყანაში აღინიშნა ეკონომიკის, მინიმუმ, 4%-იანი კლება, საინტერესოა, თუ რას ემყარება მოგების გადასახადის ზრდის ესოდენ ოპტიმისტური პროგნოზი.
2010 წელს დაგეგმილია დამატებული ღირებულების გადასახადის მცირე კლება. უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წელს დღგ-ს განაკვეთის ცვლილება არ იგეგმება და ინფლაციის პროგნოზი, დაახლოებით, 4-5%-ია. “დამატებული ღირებულების გადასახადის კლება არ უნდა იყოს კავშირში პრეზიდენტის ინიციატივასთან დღგ-ს მეწარმეებისთვის დაბრუნების შესახებ, რადგან ეს პროცედურა ადრეც არსებობდა და დღგ-ს ჩათვლა 2009 წელსაც ხორციელდებოდა. დღგ-ს მოცულობის კლება აშკარად ასახავს ქვეყანაში ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობას ან მიუთითებს წინა წლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ კანონის მოთხოვნების დარღვევაზე. ამასთანავე, 2010 წელს საგრძნობლად იმატებს აქციზით და საბაჟო გადასახადით ბიუჯეტში მისაღები თანხების პროგნოზი, რაც საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შედეგია. დაბეგვრის ახალი მიდგომა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებს,”” – ვკითხულობთ ცენტრის მიერ გავრცელებულ დასკვნაში.
2010 წლისთვის გრანტების (შემოსავალი) საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 462.9 მილიონი ლარით. ამ თემის განხილვის დროს საინტერესოა 2008-2010 წლებში მიღებული და მისაღები გრანტების მოცულობის შეჯამება. 2008 წელს გრანტის სახით მიღებულ იქნა 617,2 მილიონი ლარი, 2009 წელს იგეგმება 449,8 მილიონი ლარის მიღება, ხოლო 2010 წელს – 462,9 მილიონი ლარის. ანუ სამი წლის განმავლობაში იგეგმება 1529,9 მილიონი ლარის მიღება. ეს თანხა არ აღემატება 1 მილიარდ დოლარს. როგორც ცნობილია, დონორთა კონფერენციაზე შეთანხებული იქნა გრანტის სახით 2 მილიარდი დოლარის გამოყოფა. რეალურად კი, 3 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი დაპირებული გრანტების 50%-ზე ნაკლებს მიიღებს.
2010 წელს არაფინანსური აქტივების კლება 200 მილიონი ლარით იგეგმება, რაც მთლიანად ძირითადი აქტივების პრივატიზაციას წარმოადგენს. 2009 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 163,5 მილიონ ლარს შეადგენდა. ფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებელი კი განისაზღვრა 48 მილიონი ლარით, რაც მთლიანად გაცემული სესხის დაბრუნებას წარმოადგენს. 2009 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 683,5 მილიონ ლარს შეადგენდა.
2010 წელს ვალდებულების ზრდით მისაღები შემოსულობები შეადგენს 1 313,5 მილიონ ლარს, აქედან საშინაო წყაროებიდან დაგეგმილია 100 მილიონი ლარის მიღება, ხოლო საგარეო წყაროებიდან – 1213,5 მილიონი ლარის. ვალდებულებების ზრდით მისაღები შემოსულობა მთლიანი ბიუჯეტის შემოსულობების 19,4%-ს წარმოადგენს. 2009 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 17,7%-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იზრდება ბიუჯეტის შემოსულობებში ვალდებულების ზრდით მიღებული შემოსულობის წილი, რაც არ არის დადებითი ტენდენცია.
2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენს 6 733,4 მილიონ ლარს. 2010 წლის ბიუჯეტით ხარჯები 5459,3 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, რაც 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (5466,7 მილიონი ლარი) 7,4 მილიონი ლარით ნაკლებია. 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არაფინანსური აქტივების ზრდაზე გადასახდელი თანხა განისაზღვრა 987,8 მილიონი ლარით, რაც 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (966,4 მილიონი ლარი) 22,8 მილიონი ლარით მეტია. ხოლო ფინანსური აქტივების ზრდაზე გადასახდელი თანხა განისაზღვრა 86,9 მილიონი ლარით, რაც 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (169,7 მილიონი ლარი) 82,8 მილიონი ლარით მეტია.
2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვალდებულებების შესამცირებლად (გასასტუმრებლად) გამოყოფილი თანხა 199,4 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან საგარეო ვალის დასაბრუნებლად განკუთვნილია 135,4 მილიონი ლარი, საშინაო ვალის დასაბრუნებლად კი – 64 მილიონი ლარი. 2009 წელს საგარეო ვალის დასაფარად გაიხარჯება 121,2 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალის დასაფარად 257.5 მილიონი ლარი.
2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, 2009 წლის ბიუჯეტთან შედარებით, თითქმის არ მცირდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები. კლება ფიქსირდება ფინანსური აქტივების მატებისთვის საჭირო გადასახდელებში, რაც ხარჯს არ წარმოადგენს. აგრეთვე კლება ფიქსირდება სახელმწიფო ვალდებულებების გასტუმრების მუხლში. რაც “ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის” ექსპერტებს იმის დასკვნის საშუალებას აძლევს, რომ 2010 წლის ბიუჯეტში ქამრების შემოჭერის” პოლიტიკა არ იგრძნობა, რადგან არ მომხდარა ხარჯების შემცირება, არამედ განხორციელდა ფინანსური აქტივების ზრდის და ვალდებულების კლების შემცირება.
თუმცა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება საქართველოს ფინანსთა მინისტრი. კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, კრიზისულ წელს საქართველოს საბიუჯეტო უწყებებმა 350 მილიონი ლარის დაზოგვა მოახერხეს და ეს თანხა უკვე 2010 წლის ბიუჯეტში გადავა. “ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის” დასკვნით კი, თავად ბიუჯეტში დაზოგილი 350 მილიონი ლარი არსად ჩანს. რეალურად მხოლოდ 100 მილიონ ლარამდე დანაზოგი ჩანს. ამასთან, კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ქამრების შემოჭერის” შესახებ პრეზიდენტის განცხადება ბიუჯეტში 6 თვის დაგვიანებით აისახა. საბიუჯეტო ორგანიზაციებმა ხარჯების რეალურად დაზოგვა მხოლოდ ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყეს, როცა ბიუჯეტში შემოსავლების პრობლემა დადგა. ფინანსთა მინისტრისთვის “ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის” ექსპერტთა განცხადებები გაუგებარია. როგორც კახა ბაინდურაშვილმა რადიო კომერსანტს” განუცხადა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში 350 მილიონი ლარი რეალურად დაიზოგა და იგი 2010 წლის ბიუჯეტში აისახება.
როგორც მესამე ცხრილიდან ჩანს, მნიშვნელოვნად მცირდება თავდაცვის, გარემოს დაცვის და საბინაო-კომუნალური მეურნეობის დაფინანსება. იზრდება ეკონომიკური საქმიანობის, ჯანმრთელობის დაცვის და განათლების დაფინანსება.
2010 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია ხარჯების შემოსავლებზე 287,425.5 ათასი ლარით გადამეტება, რაც საოპერაციო სალდოს წარმოადგენს. ეს მაჩვენებელი 2009 წელს 389,704.9 ათასი ლარით არის განსაზღვრული. ბიუჯეტის ამ ჭრილში განხილვის შემთხვევაში ფიქსირდება შედარებით დადებითი ტენდენცია. თუმცა თუ 2010 წლის პროექტს შევადარებთ 2009 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტს, ეს მაჩვენებელი საგრძნობლად უარესდება.
როგორც მთავრობაში განმარტავენ, მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტს სოციალური სფერო შეადგენს. თუმცა, 2010 წლის ბიუჯეტის მიმართ შენიშვნები ექსპერტებთან ერთად პოლიტიკოსებსაც აქვთ. საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი არც 2009 და არც 2010 წლების ბიუჯეტებს არ დაუჭირა. როგორც რადიო კომერსანტის” ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ქვეყანაში მთავარი პრობლემა დასაქმებაა, თუმცა 2010 წლის ბიუჯეტი დასაქმებაზე არანაირად არ არის ორიენტირებული. მისი განმარტებით, საქართველოში სამუშაო ადგილების ორი მესამედი მსხვილ საწარმოებზე მოდის, მაშინ როცა ნორმალური ევროპული გამოცდილება ცხადყოფს, რომ სამუშაო ადგილების ორი მესამედი წვრილ და საშუალო საწარმოებზე უნდა მოდიოდეს.
რამდენად რეალურია 2010 წლის ბიუჯეტის მთავრობისეული გათვლები და გამართლდება თუ არა ექსპერტთა ეჭვებით 1 წლის შემდეგ ზუსტად გვეცოდინება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარების გამოსწორების გამო მთავრობის ოპტიმიზმს, ქართველ ექსპერტებთან ერთად, ეჭვქვეშ ხშირად აყენებენ საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებიც. ნოემბრის დასასრულს ლონდონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სააგენტო “როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ეკონომიკური კრიზისი საქართველომ უკვე დაძლია და ის ძალიან მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია ნებისმიერი ინვესტორისთვის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელობა კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოპტიმიზმს არ იზიარებს. “იბიარდის” პროგნოზით, კავკასიაში, მათ შორის საქართველოში, კრიზისი ჯერ არ დასრულებულა. ევრობანკის ვიცე-პრეზიდენტი ოლივიე დეკამპი აცხადებს, რომ კავკასიაში კრიზისიდან გამოსვლა ნელა მოხდება, ამასთან წელს საქართველოში ეკონომიკის 5%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი. კრიზისის დასრულებაზე საუბარი კი მხოლოდ 2 წლის შემდეგ, 2011 წლიდან იქნება შესაძლებელი. ამიტომ ხელისუფლება სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს. სიფრთხილის ნაცვლად კი საქართველოს მთავრობა 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ოპტიმისტურ გათვლებს ეყრდნობა, რაც მომავალი წლის ბიუჯეტის შესრულებას მართლაც ეჭვქვეშ აყენებს.

*სტატიაში მოცემული სტატისტიკური მონაცემები და ცხრილები მთლიანად ეყრდნობა “ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის”” მიერ მოწოდებულ მასალებს.