გლობალიზაცია და ეკონომიკური კრიზისი: შედეგები და პერსპექტივები

ავტორის სტილი დაცულია

გვანცა ლომიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მეოთხე კურსის სტუდენტი
Gvancalomidze123@gmail.com

ანოტაცია

გლობალიზაციის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკის განხილვა თანამედროვე ეტაპზე. გლობალიზაციის პროცესი მოიცავს მთელს მსოფლიოს, როგორც განვითარებულ ასევე განვითარებად ქვეყნებს და მასში გაერთიანებულია ყველა სფერო, თუმცა აღსანიშნავია ეკონომიკის განვითარება გლობალიზაციის კვალდაკვალ, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს და შეუქცევადი პროცესია. ეკონომიკური გლობალიზაცია წარმოადგენს ინტეგრაციის გაზრდას არა მხოლოდ ბაზარზე, არამედ მოიცავს ფინანსურ სისტემას, სავაჭრო, საკომუნიკაციო, ტექნოლოგიურ სისტემებს, ის გზას უვლის ეროვნულ, კულტურულ, ტრადიციულ საზღვრებს. ეკონომიკური გლობალიზაციის  წესები საერთაშორისო სამართლის, სავაჭრო შეთანხმებებისა და დომინირებული ქვეყნების მიერ შეიქმნა. გლობალიზაციამ შექმნა პირობები საქონლის, მომსახურების, კაპიტალის, ტექნოლოგიების ურთიერთხელსაყრელი გაცვლისთვის და მთელი მსოფლიო ერთ მთლიანობად – „ერთ დიდ ქალაქად გადააქცია“. [1] [2]

Annotation

Without globalization it is impossible to discuss economics at the modern stage. The process of globalization includes the whole world, both developed and developing countries, and it includes all areas, however, it is noteworthy that the development of the economy in the wake of globalization, which is going on independently of us and is an irreversible process. Economic globalization means increasing integration not only in the market, but also includes the financial system, trade, communication, technological systems, it crosses national, cultural, traditional borders. The rules of economic globalization have been established by international law, trade agreements, and dominant countries. Globalization has created the conditions for a mutually beneficial exchange of goods, services, capital, technologies, and turned the whole world into one whole – “one big city”.

გლობალიზაცია თანამედროვე მსოფლიოს თანმდევი პროცესია, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიო პოლიტიკის შინაარს და ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებებზე დიდი გავლენას ახდენს. [3] გლობალურია მოვლენა რომელიც მსოფლიოს მრავალ ადგილზე მომენტალურად ვრცელდება და შეუძლია დაუყოვნებლივ გადაინაცვლოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომლის დროსაც მანძილი და ეკონომიკური ტერიტორიული საზღვრები თავის მნიშვნელობას კარგავს და ისინი მხოლოდ ფორმალურები ხდებიან.[4]

გლობალიზაციის ოთხი სახე არსებობს:

·      ეკონომიკური

·      პოლიტიკური

·      სოციალური

·      კულტურული

მეცნიერების ნაწილს მიაჩნია, რომ ეკონომიკური გლობალიზაცია მეთხუთმეტე საუკუნეში დაიწყო, რისი თქმის საფუძველსაც მათ იგივე პერიოდში ევროპელების აღმოჩენები და საერთაშორისო კომპანიების მაგალითები აძლევთ. პირველად ტერმინი „ეკონომიკური გლობალიზაცია“ გამოიყენა ამერიკელმა მეცნიერმა თ. ლევიტომ 1983 წელს და მასში ცალკეულ პროდუქტთა ბაზრების ურთიერთშერწყმა იგულისხმებოდა. [4]

გლობალიზაციაზე საუბრის დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ მისი უარყოფითი მხარე, როგორც უკვე აღვნიშნეთ ამ პროცესის თანმდევი შედეგები ვრცელდება მთელს მსოფლიოზე, თუმცა ისინი მხოლოდ დადებითი ვერ იქნება. მსოფლიო ბაზრები იმდენადაა დაკავშირებული, რომ ერთის ცვლილება მომენტალურად მოქმედებს დანარჩენზე და სწორედ ამიტომ არის მსოფლიოსთვის საშიში ეკონომიკური კრიზისი იმ ქვეყნებში, რომლებიც ამ ბაზრების საყრდენს წარმოადგენს.

განვიხილოთ რამდენიმე გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რომლებმაც  მსოფლიო ეკონომიკას თავისი კვალი დაამჩნია. როგორც ვიცით ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებული კრიზისი მთელ მსოფლიოს შეეხო. 1929 წლის 24 ოქტომბერს აშშ-ში რეკორდული რაოდენობის აქცია გაიყიდა (13 მილიონი), ეს დღე შავი ხუთშაბათის სახელით არის ცნობილი. სწორედ ეს იყოს მსოფლიოს უმწვავესი ეკონომიკური კრიზის -„დიდი დეპრესიის„ გარდამტეხი მოვლენა. ამ პერიოდში აშშ-ში წარმოება 47%-ით, მშპ 30%-ით შემცირდა, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელმა 20%-ს გადააჭარბა. [5] საბანკო სექტორმა სრული კატასტროფა განიცადა და 1930 წელს 1352 ბანკი დაიხურა, 4004-მდე გაიზარდა ეს რიცხვი სამი წლის შემდეგ. 1930 წელს ქვეყანაში ფულის მოცულობა 3%-ით, 1931 წელს 15%-ით, ხოლო 1932 წელს კი 9%-ით შემცირდა, რამაც ქვეყანაში ნაღდი ფულის რაოდენობა შეამცირა. 1929 წლიდან 1932 წლამდე სოფლის მეურნეობის შემოსავლები 70%-ით შემცირდა. 1933 წლის 4 მარტს აშშ-ს პრეზიდენტი გახდა ფრანკლინ დელანო რუზველტი, მისმა ადმინისტრაციამ კრიზისში მყოფი ეკონომიკის დასახმარებლად პროფკავშირების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო. რუზველტის პოლიტიკა კრიზისის დასაძლევად დადებითად შეფასდა, ხოლო მის მიერ განხორციელებული „ახლი კურსი“ ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლება ამერიკის ისტორიაში. [6] [7][8]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი განმეორდა 1957-1958 და1974-1975 წლებში, თუმცა ისინი ნაკლებად მწვავე იყო „დიდ დეპრესიასთან„ შედარებით. [9]

1929-1933 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ყველაზე მძიმე კრიზისი მსოფლიო ეკონომიკურ ისტორიაში იყო 2007-2008 წლებში. კრიზისის დასაწყისი დაკავშირებული იყო აშშ-ის უძრავი ქონების ბაზარზე ე.წ სუბსტანდარტული იპოთეკური დაკრედიტების კრიზისთან. კრიზისის გამომწვევი ორი ეკონომიკური მიზეზი არსებობს, პირველი დაკავშირებულია 2001 წლიდან მოყოლებული ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ შერბილებული მონეტარული პოლიტიკის გატარებასთან, მეორე ინტერპრეტაციის მიხედვით გლობალური ფინანსური დისბალანსის ზრდა და მასთან დაკავშირებული კაპიტალის ნაკადების ინტენსივობის ზრდა იყო კრიზისის გამომწვევი მიზეზი. [10]

მსოფლიო ფინანსური ბაზრების ღრმა ურთიერთკავშირის გამო, აშშ-ში დაწყებულმა ფინანსურმა კრიზისმა საბოლოო ჯამში პრაქტიკულად მთელი მსოფლიო მოიცვა, მათ შორის საქართველოც. გლობალური კრიზისის შედეგად საერთაშორისო ბაზრებზე მნიშვნელოვნად დაეცა  ფასები ლითონებსა და მადნებზე, რადგან იმ პერიოდში მადნები, ლითონშენადნობები საქართველოში მთავარ საექსპორტო საქონელს წარმოადგენდა, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა საექსპორტო შემოსავლებს.

გრაფიკი 1. საექსპორტო შემოსავლები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი [10]

როგორც გრაფიკიდან ჩანს ექსპორტის მკვეთრი ვარდნა დაიწყო 2008 წლის კრიზისის შემდეგ, რა გავლენას ახდენს ეკონომიკური კრიზისი ექსპორტზე საქართველოში განვიხილავთ სტატიაში 2021 წლის მიმდინარე კრიზისის ფონზეც.

მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კრიზისმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე (გრაფიკი 2) და საზღვარგარეთიდან ფულად გზავნილებზე (გრაფიკი 3). [10]

გრაფიკი 2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი [10]

გრაფიკი 3. ფულადი გზავნილების დინამიკა

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი [10]

2008 წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაშტაბური კრიზისი მსოფლიოსთვის covid 19 პანდემიის დაწყებას უკავშირდება. პანდემია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. აღნიშნული კრიზისი არ არის ისეთივე, როგორც დანარჩენი რამდენიმე კრიზისი იყო, რადგან მისი გამომწვევი არა რაიმე ეკონომიკური მოვლენა, არამედ პანდემიაა და სწორედ ეს აქცევს ეკონომიკას მედიცინის მძევლად და მის დასასრულებლად მხოლოდ ეკონომიკური მექანიზმების გამოყენება შეუძლებელია. ამიტომ ქვეყნები ახორციელებენ ისეთ ანტიკრიზისულ ღონისძიებებს, რომლის მიზანიც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება და ბიზნესის მხარდაჭერაა გადასახადების შემსუბუქებით, სუბსიდირებითა თუ სხვა საშუალებით. [11] covid 19  პანდემია შეიძლება შევადაროთ მეოცე საუკუნის დასაწყისში გავრცელებულ „ესპანურ გრიპს“, ორივე მათგანისთვის დამახასიათებელია სწრაფი გავრცელება და თითქმის მსგავსი ზეგავლენა ეკონომიკაზე, თუმცა ესპანური გრიპთან შედარებით, რომელიც 1918-1919 წლებში გაგრძელდა, covid 19 ბევრად უფრო მასშტაბურია, ესპანური გრიპის გამავრცელებლები ძირითადად ჯარისკაცები იყვნენ, ასევე რთულია ამ დროს პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალზე საუბარი დამოუკიდებლად, რადგან ის პირველი მსოფლიო ომის პერიოდში დაიწყო და შესაბამისად ომით მიყენებული ზიანისგან გამოცალკევება რთულია. ამიტომ covid 19 თავისი ბუნებითა და შედეგებით განსხვავებული და უნიკალურია.[11] [12]

მიუხედავად იმისა,  რომ covid 19 პანდემიად 2020 წლის დასაწყისში გამოცხადდა დღემდე გაურკვეველი რჩება გლობალური ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივები, რასაც განსაკუთრებით ართულებს ვირუსის ახალი მუტაციები. ეკონომიკის  აღდგენის ტემპები განსხვავებულია ქვეყნების და სექტორებს მიხედვით, ეკონომიკის აღდგენის ტემპი ორ მიზეზზეა დამოკიდებული – პირველი ეს არის რამდენად წარმატებით განხორციელდება ვაქცინაციის პროცესი და მეორე რამდენად წარმატებული იქნება ეკონომიკის მხარდასაჭერი ღონისძიებები გრძელვადიანი ზიანის აღმოსაფხვრელად, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში ვირუსი კვლავ მაღალი ტემპით მიმდინარეობს, აღნიშნული პერსპექტივებიც საეჭვოა.[13]

ვირუსმა გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეამცირა 2020 წლის მონაცემებით 3,5%-ით, ხოლო იგივე მაჩვენებელის 2021 წელს ზრდა იყო 5,9%. მსოფლიო სავალუტო ფონდის მიერ 2021 წლის ოქტომბერში მომზადებული მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის მიხედვით 2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდა იქნება 4,9%. გლობალური ვაჭრობა 2020 წელს 5,3%-ით შემცირდა ხოლო 2021 წელს მისი 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. [14] უმუშევრობის დონე 2019 წლის მონაცემებით იყო 5,37%, ეს მონაცემი 2020 წელს გაიზარდა 6,47%მდე ხოლო 2021 წელს 6.5%. [15][16]

მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე პანდემიის გავლენა არ არის ერთგვაროვანი. მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, სადაც გლობალიზაციისა და მომსახურების დარგების წილი მაღალია, უფრო მაღალი ეკონომიკური კლება დაფიქსირდა ვიდრე განვითარებად ქვეყნებში. სსფ-ის განახლებული პროგნოზით მოწინავე ეკონომიკის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.6, ხოლო განვითარებადი ქვეყნების 6.3 პროცენტია  2021 წლისათვის.[13]

საქართველოს ეკონომიკა და პანდემია

როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, საქართველომაც ასევე განიცადა COVID-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური სცენარის მიხედვით 2020 წლის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა -6.2 პროცენტი. 2020 წლის ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე დიდი გავლენა იქონია ტურიზმთან დაკავშირებულმა სექტორმა, რასაც საქართველოს ეკონომიკის 10-12 პროცენტი უჭირავს.

საქართველოს ეკონომიკისთვის პანდემიამ ერთი მხრივ იმოქმედა ერთობლივი მოთხოვნის მხარეს ტურისტული მომსახურების ექსპორტის კლების, ხოლო მეორე მხრივ, მობილობის შემცირების გამო შეაფერხა სამომხმარებლო პროდუქტების მიწოდების არხები, რამაც პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე ინფლაციის ზრდა გამოიწვია. ანალოგიური ტენდენცია იყო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. მოგვიანებით, ივნისი-ივლისიდან, მოთხოვნის შემცირების ეფექტმა გადააჭარბა მიწოდების ეფექტს. შედეგად ინფლაციის მაჩვენებელმა შემცირება დაიწყო. თუმცა 2021 წლის მარტში მოხდა წლიური ინფლაციის მნიშვნელოვანი ზრდა 3.6 პროცენტიდან 7.2 პროცენტამდე. აღნიშნული მკვეთრი ზრდა იყო განპირობებული ზოგიერთ პროდუქტზე მთავრობის სუბსიდირების პროგრამის შეწყვეტით.2021 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით წლიური ინფლაცია 13,9%-ია.[13][17] მოცემული მაღალი ინფლაცია ძირითადად განპირობებულია სასურსათო პროდუქტისა და ტრანსპორტირების ფასების ზრდით, რომლებიც გამოწვეულია მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასების ზრდით. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.06 პროცენტული პუნქტით აისახა.

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.7 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.8 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა.

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.45 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 20.5 პროცენტიანი კლება, რაც -1.77 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელი პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის იანვრის თვის მონაცემების ჩათვლის ასახულია გრაფიკ 4-ზე.[19]

გრაფიკი 4. ყოველთვიური ინფლაცია

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. [19]

2020 წლის განმავლობაში პანდემიის შედეგად მნიშვნელოვანი გაუარესება მოხდა საგარეო ბალანსში. თუმცა 2021 წლის თებერვლიდან, ექსპორტის წლიურმა ზრდამ მიიღო დადებითი მნიშვნელობა. 2021 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში ექსპორტი წლიურად გაიზარდა 26 პროცენტით, ხოლო იმპორტი გაიზარდა 20.7 პროცენტით. როგორც შედეგი, სავაჭრო დეფიციტი გაიზარდა 17 პროცენტით. ამავე პერიოდში რეექსპორტი გაიზარდა 19.3 პროცენტით და მთლიანი ექსპორტის 27.3 პროცენტი შეადგინა. ექსპორტის და იმპორტის დინამიკა 2019-2021 წლებში თვების მიხედვით მოცემულია გრაფი 5-ზე.[20]

გრაფიკი 5. ექსპორტისა და იმპორტის დინამიკა 2019-2021 წლებში თვეების მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.[20]

ექსპორტის სწრაფი აღდგენის მიუხედავად, ტურიზმის აღდგენა საჭიროებს მეტ დროს და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ვაქცინაციის პროცესზე. 2021 წლის იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2020 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელს 45.6 პროცენტით, ხოლო 2019 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებლის 31.1 პროცენტი შეადგინა. 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შეფარდება მშპ-თან უდრის 10.7 პროცენტს, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.[13] რეალური მშპ 2020 წელს შემცირდა 6,8%-ით, ხოლო 2021 წლის მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით ფიქსირდება აღნიშნული მაჩვენებლის 9,1%-იანი ზრდა.[17] რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წინა წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით გამოსახულია გრაფიკზე 6. რომელიც კარგად ასახავს რამდენად დიდი იყო პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გავლენა.[21]

გრაფიკი 6. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. %

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. [21]

რაც შეეხება უმუშევრობას უმუშევრობის დონე 2020 წელს შეადგენდა 18,5%, 2021 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით კი 19,5%-ია.[18]

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პანდემიის გამო ყველა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები, შემცირდა ვაჭრობა, ტურიზმის და აღნიშნული ვითარება შესაძლებელია დეგლობალიზაციის საწყისად მივიჩნიოთ პანდემიის დასრულებამდე, ამ პროცესმა შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს გახდეს   ლოგისტიკური ცენტრი.

დასკვნა

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ გლობალიზაციას თანსდევს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი თვისებები, ის აახლოებს სახელმწიფოებს კულტურული, სოციალური, პოლიტიკური და რაც მთავარია ეკონომიკური კუთხით. მსოფლიოს თავისუფალი ბაზრის შექმნას სარგებელი მოაქვს ყველა ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ თუ განვიხილავთ მიმდინარე პანდემიის ფონზე გლობალიზაციის პროცეს, ვნახავთ, რომ ამან გააძლიერა ანტიგლობალისტების აზრი, რადგან ქვეყნებს შორის თითქმის წაშლილმა საზღვრებმა ხელი შეუწყო პანდემიის გავრცელებას, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, აღნიშნულ აზრმა და პანდემიის გავრცელებისგან თავის დასაღწევად ქვეყნების მიერ  მიღებულმა გადაწყვეტილებამ  ჩაეკეტათ საზღვრები დეგლობალიზაციის საწყისამდე მიგვიყვანა, თუმცა საგარეო ვაჭრობის, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების, ტურიზმისა და ეკონომიკის სხვა სფეროს გარეშე რთული და ბევრი ქვეყნისთვის შეუძლებელიც კი  იქნება გადარჩენა და არსებული ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევა.

გარდა ამისა მიმდინარე პანდემიამ ნათლად დაგვანახა თუ რამდენად უარყოფითი შედეგების მომტანია მხოლოდ საგარეო ვაჭრობაზე დაყრდნობა და რამდენად მნიშვნელოვანია  ადგილობრივი წარმოების განვითარებაც.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ეკონომიკური რყევების მიზეზები და ფორმები
2. ეკონომიკური გლობალიზაცია
3. ეკონომიკური გლობალიზაციის შედეგები განვითარებად ქვეყნებში
4. მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაცია: ტენდენციები და წინააღმდეგობები
5.ეკონომიკური კრიზისები: რატომ მოხდა დიდი დეპრესია?
6.მაკროეკონომიკური პოლიტიკის თავისებურებანი დიდი დეპრესიის პერიოდში
7.დიდი დეპრესია: წარსულის გამოძახილი და ახალი კრიზისის მოლოდინი
8.”დიდი დეპრესია”
9.ეკონომიკური კრიზისი
10. 2007-2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი: მიზეზები და ინტერპრეტაციები
11. სახელმწიფოს ეკონომიკური უნარის თავისებურებები COVID-19-ის პანდემიის პირობებში
12. ახალი კორონავირუსი ძალიან განსხვავდება 1918 წლის ესპანური გრიპისგან — როგორ და რატომ
13. მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზი
14. Global Economic Effects of COVID-19
15. Global unemployment rate from 2010 to 2020
16. Unemployment by Country 2021
17. სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია)
18. დასაქმება და უმუშევრობა
19. ინფლაცია საქართველოში 2021
20.საქონლით საგარეო ვაჭრობა საქართველოში 2021
21. მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)