მსოფლიოს ნდობის პატარა ბიძგი სჭირდება

მოამზადა ავთანდილ გაბრიჩიძემ

გარემოებები, რომელშიც დიდი რვიანის შეხვედრამ ჩაიარა, ახლოსაც არ იყო იმ პესიმისტურ განწყობილებასთან, რომელიც გასული წლის სამიტს ახლდა თან. გაქრა დეფლაციის საშიშროება, ასე თუ ისე მოგვარებულია ეკონომიკური ვარდნის პრობლემა.

ექსპერტთა პროგნოზების მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპმა 4,0-4,5% უნდა შეადგინოს. ერთადერთი პროგნოზირებული საშიშროება ენერგომატარებლების ფასზე არასაკმარისი კონტროლი და პროცენტული განაკვეთების ზრდის ტემპის არარსებობაა.

მიმომხილველების აზრით, ეკონომიკური გაჯანსაღება, რომელიც ძველებურად ორსახოვანია, ლიკვიდურობის მასიური ინექციის პირდაპირი გამოვლინების მიზეზია, რაც თითქმის ყველა სახელმწიფოში განხორციელდა – ექსპერიმენტი “საერთო” ხასიათს ატარებდა და პროცენტული განაკვეთების, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდით, პირდაპირი გადასახადების შემცირების და ვალუტის გაუფასურების თანხლებით ჩაიარა.

რაც უფრო დიდი იყო “წამლის” დოზა, მით უფრო სწრაფად ხდებოდა “ფარული ვარდნის” შეჩერება. დღეისათვის სამ უმსხვილეს ეკონომიკურ ბლოკს – აშშ-ს, იაპონიასა და ევროკავშირს არათანაბარი და არარიტმული ზრდის ტემპი ახასიათებთ და ჯერჯერობით უცნობია, რა იქნება ამის შედეგი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ-ში ორი გიგანტური დეფიციტი ნარჩუნდება – საშინაო და საგარეო, რასაც აშშ-მ თავი უნდა დააღწიოს. იმდენად, რამდენადაც ამ პრობლემის გადასაჭრელად მისაღები მოდელი არ არსებობს, მხოლოდ ერთი რამ რჩება – სიტყვით გამოსვლა იმ ფაქტების მოლოდინში, რომელიც უკეთესად დაგვანახებს ქვეყნის მომავალს, ხოლო არსებული სიტუაციის გამოსწორების დრო ჯერ კიდევ არის, თუნდაც ნოემბრის არჩევნების შემდეგ.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ მსოფლიო ეკონომიკას მხოლოდ ნდობის პატარა ბიძგი სჭირდება, რომელიც სავაჭრო ურთიერთობების და ინვესტიციების მოზიდვის გზით ზრდის სტიმულირებას შეძლებს.

სამიტზე ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას: ვალდებულებებს უშიშროების სფეროში: ტერორიზმთან ბრძოლასა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობას, სიღარიბის აღმოსაფხვრელად კერძო ბიზნესისა და თავისუფალი მეწარმეობის მოზიდვის სამოქმედო გეგმას, შიდსის სამკურნალო პროგრამის და იმუნო-დეფიციტის საწინააღმდეგო ვაქცინისა და “ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში პროგრესისთვის პარტნიორობის” შექმნას. ამ ჩარჩოში განიხილებოდა ერაყთან დაკავშირებით მოქმედებების პროგრამა, რომელმაც ყველაზე დიდი დავა გამოიწვია.

საქმე იმაში გახლავთ, რომ აშშ მიმდინარე წლის ბოლოსთვის სადამ ჰუსეინის მთავრობისთვის ვალების 90%-ის ჩამოწერის მომხრეა, ხოლო საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და იაპონია მხოლოდ ნაწილობრივ. ექსპერტების შეფასებით, კრედიტორებზე გავლენის მოხდენა ერაყის ინფრასტრუქტურის აღსადგენ კონტრაქტებს შეუძლია. თუმცა, აქამდე გერმანია, საფრანგეთი და რუსეთი არც ერთ მილიარდიან შეთანხმებებში არ ფიგურირებენ, ამავდროულად სამივე ქვეყანამ ერთსულოვნად მხარი დაუჭირა ერაყთან დაკავშირებით მიღებულ გაეროს რეზოლუციას (ერაყის მთავრობამ ლეგიტიმურობა მიიღო).

ექსპერტების თვალსაზრისით, სამიტის ამოცანა ერაყში ამერიკის სამხედრო სტრატეგიის და ძალის გამოყენებით ერთპოლარული სამყაროს მშენებლობის მარცხის გამო, მისი სახელის გადარჩენა გახლდათ. ამ თვალსაზრისით კი, სამიტს დიდი რეზულტატი არ ჰქონია.

ზოგიერთის აზრით, სამიტს შეუძლებელია წარმატებული უწოდო, მაგრამ არც ის შეიძლება ითქვას, რომ ეს ბუშის სრული ჩავარდნა იყო. ტრადიციისამებრ, სამიტის ნებისმიერ მასპინძელ ქვეყანას საზოგადოებრიობის წინაშე დღის წესრიგი გამოაქვს, შესაბამისად, აშშ-ს ლიდერმა განსახილველად საკმაოდ ამბიციური წინადადებები გამოიტანა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში რეფორმებს, ერაყსა და ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობას შეეხებოდა. სამიტმა ეს წინადადებები ნაწილობრივ მიიღო.

რაც შეეხება რუსეთს, ნავთობის მოპოვების თვალსაზრისით. იგი ერთი მხრივ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იგი ცდილობს არაბულ ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობები შეინარჩუნოს, მეორე მხრივ, მას შეუძლია და მზად არის მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მათ კონკურენცია გაუწიოს, ამიტომაც პუტინი სამიტზე ცდილობდა მაქსიმალურად ნეიტრალური ყოფილიყო – არავისთვის ეწყენინებინა და არც შეურაცხყოფა მიეყენებინა. მიმომხილველების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ცდილობდა დასავლეთისთვის ეგრძნობინებინა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის და არც რუსეთისთვის თავს არაფერი უნდა მოეხვია. თანაც რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მისი ქვეყანაც, სხვების მსგავსად ალ-ქაიდას სამიზნეს წარმოადგენს. რუსეთში ფიქრობენ, რომ ახლო აღმოსავლეთის დემოკრატიზაციის ხმაურიანი რეკლამირებული გეგმა იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკელები არა მთელი მსოფლიოს გეოპოლიტიკური მასშტაბით მოქმედებენ, არამედ მხოლოდ ერთ რეგიონზე შეჩერდნენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი გეოპოლიტიკური მმართველობის სტრატეგია გარკვეულ კრიზისს განიცდის. ამერიკელები არ ცდილობენ მთელი მსოფლიო მოიცვან და რეგიონების მიხედვით მიდიან. ზოგიერთი რუსი მიმომხილველების აზრით, აშშ-ს ავიწყდება, რომ არაბები მსოფლიო ცივილიზაციის მნიშვნელოვანი შემადგენელი ერია და თუკი ისინი თავიანთი განვითარების რაღაც ეტაპზე შეჩერდნენ, ამას ღრმა ფუნდამენტალური მიზეზები აქვს, რასაც სხვა ქვეყნების 4-5 წლით არჩეული დემოკრატიული ლიდერები ვერ შეცვლიან.

მაგრამ, თუკი საუბარი წავიდოდა ახლო აღმოსავლეთთან მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, რეგიონის სოციალური და კულტურული განვითარების მიზნით, ეს არაბებისთვის ბევრად მისაღები იქნებოდა. მათთვის რაღაც 100 მლნ დოლარის გამოყოფა, მაშინ, როცა პატარა არაბული სახელმწიფოდან შეიხები ევროპაში საყიდლებზე გამგზავრებისას დაახლოებით ამდენივე თანხას ხარჯავენ, სხვა თუ არაფერი, ცოტა სასაცილოდ გამოიყურება და დამამცირებელიცაა. ამიტომაც, პუტინმა ამასთან დაკავშირებით მკვეთრი პოზიცია დაიკავა – მან განაცხადა, რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის აღორძინების ფონდისთვის ფულის გაღებას არ აპირებს, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ახლო აღმოსავლეთში თავისუფალი ფული ბევრად მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

ასეა თუ ისე, ბევრი მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრამ ეჭვგარეშე უკვე დატოვა თავისი კვალი მსოფლიო ისტორიაში, რამდენადაც დისკუსიებში, რომელიც სამიტის ჩარჩოში მოეწყო, მონაწილეობა მიიღეს: ალჟირის, ავღანეთის, ბაჰრეინის, იორდანიის, ქუვეითის, იემენის ლიდერებმა და ერაყის დროებითმა პრეზიდენტმა.

შესძლებს თუ არა სი-აილენდის სამიტი მსოფლიო ეკონომიკაში დადებითი ძვრების მოხდენას, მისცემს თუ არა დემოკრატიას განვითარებისთვის იმპულსს და შესძლებს თუ არა ჩვენს პლანეტაზე უსაფრთხოების გამყარებას, მომავალი აჩვენებს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შესძლებენ მსოფლიო ლიდერები იმ დოკუმენტებისთვის ხორცის შესხმას, რომელიც დიდი რვიანის სამიტზე იქნა მიღებული.