რუსეთ-უკრაინა: მეგობრობა მეგობრობად, მაგრამ ,სამხრეთ ნაკადს” მაინც ავაშენებთ

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ 

მიმდინარე წლის გაზაფხულზე, რუსეთმა ბულგარეთის, სერბეთის, უნგრეთის, საბერძნეთის, სლოვენიისა და ხორვატიის შემდეგ ავსტრიასთან “სამხრეთ ნაკადის” მშენებლობასთან დაკავშირებით ხელი მოაწერა შეთანხმებას. ეს გახლდათ ბოლო შეთანხმება, რომელიც “სამხრეთ ნაკადის” სტარტისთვის იყო აუცილებელი. მილსადენი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში უკრაინის მარშრუტის გვერდის ასავლელი რუსული გაზის ტრანსპორტირების ალტერნატივა. მილსადენებთან დაკავშირებული ვნებათა ღელვა არ წყდება. ჩრდილოეთის მიმართულებით წარმატებების შემდეგ რუსული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდის თვალსაზრისით, ეს მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ თვითონ რუსი ექპსერტებიც შიშობენ, რომ ,სამხრეთ ნაკადის” შემთხვევაში, შესაძლოა, პოლიტიკურმა მიზნაშეწონილობამ კომერციული მიზანშეუწონლობა გადაწონოს. 

      კიევში კარგად აცნობიერებენ, რომ ,სამხრეთ ნაკადის” მწყობრში შესვლა უკრაინაზე რუსეთის დამოკიდებულებას გაანეიტრალებს გაზის ტრანზიტის თვალსაზრისით, რაც ,გაზპრომს” უკრაინის მარშრუტით საწვავის მიწოდების მოცულობის შემცირების საშუალებას მისცემს. ექსპერტებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება, თუ რამდენად არის “გაზპრომი”მზად მსხვერპლად შესწიროს “სამხრეთ ნაკადი” უკრაინასთან გაზის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებას, მას შემდეგ, რაც ხარკოვში ორი ქვეყნის პრეზიდენტმა შეძლო მიეღწია უპრეცენდენტო შეთანხმებისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინისთვის გაზზე ფასების დაწევასთან, ყირიმში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტისთვის ვადის გაგრძელების სანაცვლოდ. 
      ეს შეთანხმება 21 აპრილს მოხდა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ – 24 აპრილს, ვენაში პრემიერ-მინისტრ პუტინის თანდასწრებით “გაზპრომმა” და ავსტრიულმა IMV-მ დოკუმენტურად გააფორმეს “სამხრეთ ნაკადის” მშენელობასთან დაკავშირებული შეთანხმება. 
      როგორც “გაზპრომის” ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი აცხადებს, გაზსადენის ნაციონალური მონაწილეების ტექნიკური და ეკოლოგიური საფუძვლების მომზადება 2010 წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო პროექტის გამჭოლი ტექნიკური და ეკოლოგიური საფუძვლების მომზადება 2011 წლის თებერვალში იგეგმება. ,პროექტის რეალიზაციის დასრულების შემდეგ სამხრეთი და ცენტრალური ევროპა სამუდამოდ დააღწევს თავს სატრანზიტო კრიზისებსა და ცივ ზამთარს”, – განაცხადა გაზის ჰოლდინგის ხელმძღვანელმა. 
      მან ასევე განაცხადა, რომ “გაზპრომი” და IMV ძალიან მალე ავსტრიაში გაზსადენის მშენებლობისა და ექსპლოატაციისთვის ერთობლივ საწარმოს დაარეგისტრირებენ. პროექტის ღირებულება შესაძლოა ცოტათი მეტი ან ნაკლები იყოს ადრე დასახელებულ თანხაზე – 8,6 მილიარდი ევრო, რაც მსოფლიო კონიუნქტურაზეა დამოკიდებული, განაცხადა მილერმა და პროექტი ეკონომიკურად ეფექტიანად მონათლა. გარდა ამისა, “სამხრეთ ნაკადის” აქციონერთა შემადგენლობში იგეგმება ფრანგული EDF /Electricite de France SA/-ს შესვლაც. 
      “ჩვენ უკვე შევუდექით “ჩრდილოეთ ნაკადის” ზღვის მონაკვეთის აღჭურვის პრაქტიკულ სამუშაოებს. ბალტიის ზღვაში სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს, ჩვენ შეგვიძლია შავ ზღვაშიც დავიწყოთ იგივე სამუშაოები” – თავის მხრივ განაცხადა პრემიერმა პუტინმა. 
      ,სამხრეთ ნაკადის” მშენებლობის დასრულება 2013 წლისთვის იგეგმება, მილსადენი გაივლის შავ ზღვას ბულგარეთამდე – ნოვოროსიისკიდან ბულგარეთის პორტ ვარნამდე, რის შემდეგაც გაიყოფა ორ შტოდ:საბერძნეთიდან იტალიის სამხრეთით და სერბეთიდან და უნგრეთიდან ავსტრიაში. გაზსადენის სიმძლავრემ უნდა შეადგინოს 47-63 მილიარდი კუბური მეტრი გაზი წელიწადში. 
      ექსპერტები ადრე აცხადებენენ, რომ ,ჩრდილოეთ ნაკადი” პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით გამართლებულია, ხოლო რაც შეეხება “სამხრეთ ნაკადს”, ეს პროექტი პოლიტიკურად მოსკოვისთვის არის მნიშვნელოვანი, “გაზპრომისთვის” კი, მისი კომერციული მიზანშეწონილობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 
      მას შემდეგ, რაც მთავარი კონკურენტის – “ნაბუკოს” მშენებლობის ვადები გადაიწია, “გაზპრომს” რამდენიმე წელი გაუჩნდა იმისთვის, რომ გაარკვიოს თუ რომელი პროექტია მისთვის პრიორიტეტული: “ჩრდილოეთ ნაკადი”, “სამხრეთ ნაკადი” თუ უკრაინის გზით ევროპაში მიმავალი მილსადენი. 
      “გაზპრომში” ჯერ არ ჩქარობენ მიიღონ პრეზიდენტ იანუკოვიჩისა და პრემიერ-მინისტრ აზაროვის ინიციატივა, უარი თქვან “სამხრეთ ნაკადსა” და “ჩრდილოეთ ნაკადზე” და უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის მართვის კონსორციუმი შექმნან. “გაზპრომს” ამ კონსორციუმში აქციების 33%-ს სთავაზობენ. ,გაზპრომში” კი არაოფიციალურად აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ არანაირი საფუძველი შეცვალონ მიწოდების მარშრუტის დივერსიფიკაციის სტრატეგია. 
      ამასთან დაკავშირებით, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ,ჩრდილოეთ ნაკადის” მშენებლობის შეჩერება უკვე შეუძლებელია, მაგრამ, რაც შეეხება “სამხრეთ ნაკადს”, მასზე უარის თქმა სასარგებლო იქნება, რადგან ამ პროექტის საფუძველშივე დევს რუსეთსა და უკრაინას შორის პერმანენტული კონფლიქტის არსებობა. რაც შეეხება კონსორციუმის იდეას, როგორც “გაზპრომის” ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სერგეი კუპრიანოვმა ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, მისი კომენტირება მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც არსებით წინადადებას შეისწავლიან. 
      გაზის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსები არაერთგვაროვნად უყურებენ “სამხრეთ ნაკადის” პროექტს, ისინი აღიარებენ, რომ მისი წინსვლა რუსეთის გეოპოლიტიკური წარმატებაა ევროპაში და რუსეთ-ევროპის ურთიერობის განვითარებაა ენერგეტიკული დიპლომატიის დონეზე. ევროპის დაინტერესება ამ პროექტით დე-ფაქტოდ ნიშნავს იმას, რომ ევროპელების მხრიდან რუსული გაზის უფრო მეტ მოცულობაზე ობიექტური დაინტერესებაა, მაგრამ ბაზარზე ჯერჯერობით უერთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციებია იმასთან დაკავშირებით, შენარჩუნდება თუ არა ევროპაში რუსულ გაზზე მოთხოვნა მომავალი და ახლანდელი მოცულობით. 
      ExxonMobil-ის პროგნოზები ,გაზპრომისთვის” იმედისგამაცრუებელ ინფორმაციებს შეიცავს. საუბარი მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ უახლესი 20 წლის მანძილზე მსოფლიოში გაზზე მდგრადი მოთხოვნა შენარჩუნდება, მოხმარება წელიწადში 1,8%-ით გაიზრდება. 2030 წლისთვის ბუნებრივი აირის წილი ბაზარზე 15%-ს მიაღწევს, ადრე სახელდებოდა ბევრად ნაკლები ციფრი. როგორც სჩანს, ბრძოლა მიმდინარეობს შეხედულებებზე. ExxonMobilცდილობს სიტუაცია გაარკვიოს საწვავის ალტერნატიულ სახეობებთან დაკავშირებით, იგი ვარაუდობს, რომ თანმხლები გაზის წილი ევროპაში უახლესი ათი წლის განმავლობაში უმნიშვნელო იქნება. 
      უკრაინა მართლაც შიშობს, რომ “სამხრეთ ნაკადი” გაზის ექსპორტის მოცულობას შეამცირებს ქვეყნის ტერიტორიიდან, ამის გამო აზაროვმა ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მათი ინფრასტრუქტურით რუსული გაზის მიწოდების რენტაბელობა 2,5-ჯერ მეტია, ვიდრე “სამხრეთ ნაკადით” შეიძლება იყოს. მოსკოვში მშვენივრად ესმით, რომ უკრაინასა და რუსეთში მიღწეული შეთანხმებები გაზის სფეროში რამნდენიმე ხნის შემდეგ შეიძლება გადაიხედოს. მეორე მხრივ, ყველას ესმის, რომ “სამხრეთ ნაკადი” ეს პოლიტიკური პროექტია, ხოლო მისი რენტაბელობა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რა გაზით დაიტვირთება იგი. მაგალითად, “ნაბუკოს” მშენებლობის დაწყება 2017 წლამდე გადაიდო მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა უარი განაცხადა შაჰ-დენიზის საბადოს მეორე რიგის ათვისებაზე, საბადოზე, რომელზედაც მიბმული იყო “ნაბუკოს” პროექტი. “სამხრეთ ნაკადი” ბევრი ქვეყნის ტერიტორიაზე გაივლის. მაგალითად, ბულგარეთი ყოველთვის შეეცდება ზეწოლა მოახდინოს “გაზპრომზე”, ამიტომაც “სამხრეთ ნაკადის” გათვლა ჯერჯერობით ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ჯერ უნდა შემოიფარგლონ ამ მილსადენის ერთი განტოტების მშენებლობითა და მოცულობით – წელიწადში არაუმეტეს 30-35 მილარდი კუბური მეტრი გაზისა. გარდა ამისა, თავდაპირველად “ჩრდილოეთ ნაკადი” შეივსება მხოლოდ 70%-ით. ამიტომაც, დასკვნა ასეთია: მხოლოდ ახლო მომავალში გახდება შესაძლებელი საუბარი ევროპაში საექსპორტო ნაკადების გადანაწილებაზე და არა ექსპორტის ზრდაზე.
      რაც შეეხება “გაზპრომის” გაზის ტრსანსპორტირების სისტემაში მონაწილეობას, როგორც ამბობენ, უკრაინას რუსეთისთვის არ შეუთავაზებია კონკრეტული წინადადებები, მაგრამ “გაზპრომი” ცუდ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან უკრაინაში დიდი პოლიტიკის ინსტრუმენტს წარმოადგენს, რაც ევროპაში კონცერნის იმიჯისთვის წამგებიანია, რადგან მას არ აღიქვამენ, როგორც დამოუკიდებელ კომერციულ სტრუქტურას, რაც თავის მხრივ, “გაზპრომს” ხელს შეუშლის ევროპაში აქტივების შეძენაში. მეორე მხრივ, “გაზპრომს” შეუძლია ხელისუფლებას საპასუხო მოწყალება სთხოვოს: მაგალითად, 2011 წლის შემდეგ ქვეყნის შიდა ბაზარზე გაზის ფასის მომატება. ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში გაზთან დაკავშირებული განხეთქილება რუს გადასახადის გადამხდელებს ძვირი უჯდებათ.