ოპეკი ნავთობის ფასების რეგულირების ახალ მექანიზმებზე ფიქრობს

მოამზადა მარი წიკლაურმა

ნავთობის საშუალო ფასი მსოფლიო ბაზარზე, რომელიც ე. წ. ოპეკის “კალათით” გამოიხატება, ბოლო თვენახევრის მანძილზე რეკორდულად მაღალი იყო. ოპეკის მიერ 2000 წლის გაზაფხულზე შემოღებული ნავთობის მსოფლიო ფასების რეგულირების მექანიზმი არ მოქმედებს. ფასები ოპეკის მიერ დადგენილი კორიდორის ზედა ზღვარზე (22-28 დოლარი ბარელში) კვლავ გაცილებით მაღალია და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის ფასების შემცირების მცდელობის მიუხედავად, ბარელში 33-დან 39 დოლარამდე მერყეობს. შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 1 ივლისიდან ოპეკის 10 ქვეყნის ნავთობის მოპოვების ოფიციალური კვოტა დღე-ღამეში 25,5 მლნ. ბარელამდე იყო გაზრდილი.

ამ ცოტა ხნის წინ ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 1 აგვისტოდან ნავთობის მოპოვების კვოტის დღე-ღამეში 500 ათასი ბარელით, ანუ 2%-ით გაზრდის შესახებ გააკეთეს განცხადება. ამგვარად, ოპეკმა ბეირუთში მიღებული გადაწყვეტილება დაადასტურა, რომლის თანახმადაც, 1 აგვისტოდან კვოტების დღეში 26 მლნ. ბარელამდე გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასები დღესაც საკმაოდ მაღალია, ქუვეითის ნავთობის მინისტრის, შეიჰ ახმად ალ-საბახის განცხადებით, ისინი სამართლიანია და ნავთობის დეფიციტი ბაზარზე არ შეინიშნება. მან ასევე დადებითად შეაფასა ოპეკის გადაწყვეტილება 1 აგვისტოდან ნავთობის მოპოვების კვოტის გაზრდის შესახებ. ოპეკის პოზიტიური შესაძლებლობა, მინისტრის ვარაუდით, ამ ეტაპზე დღეში დაახლოებით 1,3 მლნ. ბარელს შეადგენს. ქუვეითს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ ქვეყანას, ნავთობმოპოვების 100 ათასი ბარელით გაზრდა შეუძლია. ნავთობმოპოვების კვოტების მესამედით გაზრდის გადაწყვეტილების საკითხი შესაძლებელია კარტელს სექტემბერში დაგეგმილ მორიგ კონფერენციაზე გადაწყდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ოპეკის წევრი ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის აზრით, ნავთობზე დღეს არსებული მაღალი ფასების გათვალისწინებით, მათი შეცვლა მიზანშეწონილი არ არის, კარტელის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მაინც კვოტების გაზრდას უჭერს მხარს. მათი თქმით, ოპეკის უმაღლეს ფორუმზე მიღებული გადაწყვეტილებები აუცილებლად უნდა შესრულდეს, თუ ოპეკს მსოფლიო ენერგეტიკული თანამეგობრობის ნდობის დაკარგვა არ უნდა.

ოპეკის “კალათისთვის” 2000 წელს შემოღებული ნავთობის ფასების კორიდორის კორექტირების და 6-8%-ით გაზრდის მომხრეა ოპეკის პრეზიდენტი პურნომო იუსგიანტოროც. მისი თქმით, დღეს არსებული კორიდორი ბოლო დრომდე პრინციპში მისაღები იყო, მაგრამ იგი ხუთი წლის წინ იყო მიღებული, მას შემდეგ კი, ბევრი რამ შეიცვალა.

ფასების კორიდორის გაზრდის აუცილებლობას მიზეზებს შორის პრეზიდენტი ინფლაციით, ეკონომიკური დეპრესიით, ბენზინზე მოთხოვნის სეზონური ზრდით, დოლარის კურსის ვარდნით და ახლო აღმოსავლეთში რთული მდგომარეობით ხსნის. მას მაიჩნია, რომ ახალი კორიდორი ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა იყოს შემოღებული. იუსგიანტორომ განაცხადა, რომ ოპეკი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა “შავი ოქროს” მოპოვება გაზარდონ. პრეზიდენტი ამ თემაზე მოლაპარაკებების გამართვას სხვა ქვეყნებთანაც აპირებს, (მათ შორის რუსეთთანაც). “ჩვენთვის მართლაც აუცილებელია, რომ ნავთობის მოპოვება იმ ქვეყნებმაც გაზარდონ, რომლებიც ოპეკში არ შედიან. ეს ბაზარზე ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენს, სადაც ამჟამად სპეკულაციური ტენდენციებია გამეფებული, ფასების დაწევას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ოპეკის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, პურნომო იუსგიანტოროს აზრით, წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ როგორი ფასები იქნება ნავთობზე აგვისტოში და სექტემბერში, საკმაოდ რთულია, ვინაიდან ფასებზე, როგორც ითქვა, უამრავი ფაქტორი მოქმედებს. ზაფხულის პერიოდი ბენზინის დიდი მოხმარებით გამოირჩევა, ხალხი ბევრს მოგზაურობს ავტომობოლებით, შესაბამისად, ნედლ ნავთობზე მაღალი მოთხოვნაც შენარჩუნდება. ოპეკის პრეზიდენტის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კარგი იქნებოდა ფასების ბარელში 22-28 დოლარის კორიდორში დაბრუნება, მთელი ზაფხულის მანძილზე ფასების დაწევა მოსალოდნელი არ არის.