ელიტური სამკუთხედის თეორია

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

რუსეთში პოლიტიკა არა საზოგადოებრივი, არამედ ელიტური პროდუქტია, უფრო სწორად, ელიტის ურთიერთქმედების პროდუქტი. სოციალური სამკუთხედის ყველა წახნაგს – ხელისუფლებას, ბიზნესსა და საზოგადოებას – თავისი ელიტა ჰყავს: ფედერალური და რეგიონალური ბიუროკრატია სახელისუფლებო ელიტას წარმოადგენს, ბიზნეს-ელიტას, პირველ რიგში, მსხვილი ბიზნესი, ე.წ. ოლიგარქია, ხოლო საზოგადოებას წარმოადგენს მოქალაქეთა ელიტები.

ელიტები ურთიერთქმედებენ და კონკურირებენ. დღევანდელ რუსეთში მათი ურთიერთობა შორს არის პარტნიორულისაგან, არაბალანსირებულ და ხშირ შემთხვევაში, კონფლიქტურ ხასიათს ატარებს და ქვეყნის განვითარებაზე სხვადასხვა დოზით მოქმედებს. მთელი პოსტსაბჭოური პერიოდის მანძილზე, ქვეყნისთვის ბრძოლა განსაკუთრებულად ბიზნეს-ელიტასა და ბიუროკრატიას შორის მიმდინარეობს. ამ ბრძოლაში 90-იან წლებში ბიზნესი ჯაბნიდა ბიუროკრატიას, მაგრამ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სიტუაცია ბიუროკრატიის სასარგებლოდ შეიცვალა. დრამატულმა მოვლენებმა “იუკოსის” ირგვლივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხმაურიანმა გადადგომებმა, დაბოლოს, არჩევნებში მემარჯვენეთა ჩავარდნამ, ბიუროკრატიის ბიზნესზე გამარჯვება მხოლოდ გააფორმა.

ნათელია, რომ საზოგადოების სამოქალაქო ელიტები ამ სპარინგ პარტნიორობაში მხოლოდ აუტსაიდერები არიან და ხშირად, მხედველობაშიც არ მიიღებიან. ხელისუფლება საზოგადოებას პათოსური ფორუმებისთვის ზოგჯერ ზრდილობის გამო მიუტრიალდება ხოლმე, რაც მხოლოდ პარტნიორების იმიტაციაა, ბიზნესს ჯერ არ აქვს მესამე სექტორის მნიშვნელობა – როგორც თავის დასაყრდენი და საიმედო პარტნიორი – შეგნებული.

დღეს რუსეთში ყველაფერი პრეზიდენტზეა დამოკიდებული, გზას, რომელსაც იგი შესთავაზებს საზოგადოებას, ნიშნავს, რომ რუსეთი ამ გზით ივლის. რუსეთის პირველი პრეზიდენტისგან განსხვავებით, პუტინი პუბლიკის წინაშე სხვადასხვა თემაზე სასაუბროდ თითქმის ყოველ დღე გამოდის. უცხოეთში ვიზიტებისას სხვადასხვა აუდიტორიის წინაშე დღეში 5 გამოსვლას აკეთებს. იგი, ფაქტიურად, ერთადერთია, ვინც ხელისუფლების პოზიციას საჯაროდ ახმიანებს, სხვა დანარჩენები ჩუმად არიან, ან უფლება ეძლევათ პრეზიდენტის ნათქვამს სისრულე შემატონ.

პოპულარობის დაკარგვა გარდაუვალი მოვლენაა, ბუნებაში არ არსებობს მონოტონური პროცესი, ამიტომაც პუტინსაც იგივე გზის გავლა მოუწევს, რაც ელცინმა და გორბაჩოვმა გაიარეს. თავის დროზე, ხელისუფლება ოლიგარქებისაგან საფრთხობელის შექმნას ცდილობდა, ამ პოლიტიკას რუსეთის ხელისუფლება დღესაც ავითარებს და მოსაზრება იმის შესახებ, რომ პუტინს ხალხისთვის ბევრი რამის გაკეთების სურვილი აქვს, მაგრამ ოლიგარქები საშუალებას არ აძლევენ (და თუ პუტინმა ბევრი მოინდომა, მას გააქრობენ), თანდათანობით დამაჯერებლობას კარგავს, თანაც რუსეთში უკვე დაიწყეს საუბარი იმაზეც, რომ იგივე ოლიგარქებთან ხელისუფლებას საკმაოდ პარტნიორული ურთიერთობები აქვს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ “მაგარ ბიჭს”, რადაც პუტინი თავს ასაღებს, არ უხდება თავის მართლება იმით, რომ ოლიგარქები რაღაცის საშუალებას არ აძლევენ.

რუსი პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ ისეთ მსხვილ კომპანიაზე დარტყმამ, როგორიც “იუკოსია”, შესაძლოა გაუთვლელი ეკონომიკური შედეგები მოიტანოს. ხელისუფლება ბიზნესს ეუბნება: ნუ ერევით პოლიტიკაში! ბიზნესმენები პასუხობენ, კარგით, მაშინ დაგვიბრუნეთ ის ფული, რომელიც პოლიტიკისთვის მოგეცით! გარდა ამისა, როგორ უნდა დაუშალოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს პოლიტიკით დაინტერესება. მსხვილი ბიზნესი შეუძლებელია პოლიტიკაში არ ერეოდეს, მაგრამ მაშინ, როცა მას ამის ლეგალურ საშუალებას არ აძლევენ, ხელისუფლების ყიდვას იწყებს, რასაც კორუფცია ჰქვია. ძალოვანი სტრუქტურები ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ახერხებენ, ეკონომიკა თავიანთი გავლენის ქვეშ მოიქციონ. ამის მაგალითად ისევ “იუკოსის” და მისი აქციონერების საჩვენებელი პროცესების მოყვანა შეიძლება: ბიზნესისა და პროკურატურის დავაში ხელისუფლება იმარჯვებს, ამის პარალელურად კი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა სრულ უსუსურობას ავლენენ, როცა კი მეწარმეები დამნაშავეებისგან დაცვას საჭიროებენ.

დღესდღეობით რუსეთი გარდამტეხ მომენტს განიცდის, სახელმწიფოს განმტკიცება ავტორიტარული მეთოდებითა და სპეცსამსახურების დახმარებით, ფაქტობრივად, მის შემდგომ დასუსტებაში აისახა. კორუფცია და ხელმძღვანელ პოსტებზე კადრების პიროვნული ერთგულების მიხედვით შერჩევა და სხვა მახასიათებლები, დღევანდელი ავტორიტარულ ხელისუფლებას არაეფექტურს ხდის, რომელსაც არ შეუძლია ქვეყნის განვითარების თავის თავზე აღება და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. რუსეთი არჩევანის წინაშე დგას, ან გაგრძელდეს დღევანდელი ხელისუფლების კურსი, რომელიც ორიენტირებულია ოპოზიციის იგნორირებაზე, აღებული პასუხისმგებლობის შესრულების გადაჭრით უარყოფაზე და მხოლოდ პოლიტიკური ელიტის კეთილდღეობაზე ზრუნვაზე, ან ყოველივე ამაზე ერთხელ და სამუდამოდ ითქვას უარი, ეს პოლიტიკა საერთო ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით კარდინალურად შეიცვალოს. პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ თავისი არჩევანი, როგორც ჩანს, უკვე გააკეთა, როგორც პოლიტოლოგები ამბობენ, რიგი თითოეულ მოქალაქეზეა.

მიამიტი ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა პუტინს, ელოდა, რომ ელცინის მემკვიდრე უეცრად სახალხო გმირად გადაიქცეოდა. რუსეთის ხელისუფალმა და მისმა კარის პარტია “ედინაია როსიამ” თავი ყველა ვალდებულებისაგან განთავისუფლებულად ჩათვალა, განსაკუთრებით, ყველაზე უფრო დამამძიმებელი – სოციალური ვალდებულებისაგან. რუსეთში ახლა მიიჩნევენ, რომ თუკი ადრე ხელისუფლება ფულის უკმარისობას მორცხვად იმიზეზებდა, მაგრამ ნაწილობრივ საქმეს მაინც აკეთებდა, დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ყოველივე ამისაგან უარი ეთქვა და შესაბამისი კანონები შეაჩერა ან გააუქმა, რითაც სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპი დაირღვა.

ეკონომიკური პოლიტიკა უცვლელი რჩება. უცვლელია ჯერ კიდევ ელცინისდროინდელი პრინციპი, უარი ითქვას ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფოებრივ ფუნქციაზე. მაკროეკონომიკური პოლიტიკა ფულის მასის ზრდის კონტროლზეა დასული, რაც თავის მხრივ, საკრედიტო რესურსების ქრონიკულ დეფიციტს და ეკონომიკის რეალურ სექტორში ფულის შიმშილს იწვევს.

ვერც ოპოზიციამ და ვერც მეცნიერებმა ვერ შეძლეს პუტინი ფულის მიმოქცევის სრულფასოვანი სისტემის აღდგენის აუცილებლობაში დაერწმუნებინათ და ხელისუფლების ხელთ არსებული ეკონომიკური ზრდის მთავარი ბერკეტის გამოყენებაში – ფულადი მიწოდების მექანიზმის საშუალებით კრედიტების მართვასა და საბანკო სისტემის რეფინანსირებაში. რუსი ეკონომიკური მიმომხილველები ამბობენ, რომ ეკონომიკური ზრდის დაკრედიტების გაფართოვების პოლიტიკის გატარების ნაცვლად, ცენტრალური ბანკის ბიუროკრატიამ რუბლის დოლარზე მიბმით და სახელმწიფოს კუთვნილი ემისიური შემოსავლის პრივატიზებით, სახელმწიფო საბანკო სისტემის ძირითადი ფუნქცია მოშალა. სახელისუფლებო და ცენტრალური ბანკის ფინანსისტებმა სპეკულირება სახელმწიფო ვალის გაბერვით ისევ დაიწყეს და 1998 წლის გაკვეთილებს იგნორირებას უკეთებენ.

საბოლოო ჯამში, ეკონომიკის რეალური სექტორი დაკრედიტების შიდა წყაროების გარეშე რჩება, ხოლო მეტ-ნაკლებად წარმატებით ფუნქციონირებადი საწარმოები იძულებულები არიან კრედიტები საზღვარგარეთ აიღონ. გარდა ამისა, გრძელდება კაპიტალის მასიური გადინება, რაც პუტინის მიერ ამ ცოტა ხნის წინ მიღებული სავალუტო კონტროლის შესახებ კანონით ლეგალიზდა.

პუტინს ასევე ადანაშაულებენ ანტისოციალური რეფორმის წამოწყებაში. იმ ნედლეულის გადამამუშავებელი წარმოება, რომელიც მსოფლიო ბაზრებზეა დამოკიდებული ჯერ, კიდევ მუშაობს, მაგრამ მათ განვითარებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

2005 წლის ფედერალური ბიუჯეტი პუტინის ე.წ. მესიჯების მიხედვით არის შედგენილი და არანაირ იმედს არ ტოვებს, რომ სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში, მომავალი წლის ბოლომდე მაინც. თუმცა საბიუჯეტო პოლიტიკის მთავარ და ჯერჯერობით, ერთადერთ პრიორიტეტად საგარეო ვალის გადასახდელები რჩება, რაზედაც საბიუჯეტო ხარჯების 17,5% მოდის, მთლიანად სახელმწიფო ვალის დასაფარად ბიუჯეტის 23,6% წავა, რაც ქვეყნის თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხების ექვივალენტურია და ორჯერ აღემატება სოციალურ სფეროზე ასიგნებებს.

რუსეთის არც ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას, თუ სოციალურ ფენას მიზეზი არ აქვს პატივს სცემდეს და მხარს უჭერდეს პუტინის ხელისუფლებას, მაგრამ ყველა მათგანი გამორჩენის მიზნით მას სამსახურს უწევს. პირველ რიგში, ეს ოპოზიციაზე უნდა ითქვას. ოპოზიციის უპირველესი სისუსტე ის არის, რომ იგი ასე თუ ისე ქედს იხრის ხელისუფლების წინაშე და ამით მათდამი კეთილგანწყობილი ელექტორატის ინტერესს ყიდის. რასაკვირველია, ეს ინტერესი პირად კომფორტზე და მატერიალურ კეთილდღეობაზე იცვლება. კორუფცია და შანტაჟი, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს დაიმორჩილოს და მართოს ოპოზიცია, თავის საქმეს აკეთებს. ამის მაგალითის მოსაძებნად ძალიან შორეულ წარსულში ქექვა არც არის საჭირო, საპრეზიდენტო არჩევნებისას პოლიტიკურ სივრცეზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად, ოპოზიციის რიგების არასასურველი კონკურენტებისაგან გასაწმენდად, არჩევნების წინ ყველა პოლიტიკური ძალის ლიდერს, ასე ვთქვათ, მესიჯი დაეგზავნა, რომ მათ მაგივრად შემცვლელი კანდიდატურები წამოეყენებინათ, რათა არჩევნები წმინდა დეკორატიულ პროცედურად ქცეულიყო. ყველა საპარლამენტო პარტია დათანხმდა ხელისუფლების სურვილს, ერთადერთი “როდინამ” განაცხადა უარი და ამისათვის საშინლად დაისაჯა კიდეც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მცდელობით, შანტაჟისა და მოსყიდვის გზით გახლეჩილ იქნა.

ასე რომ, პოლიტიკა და პოლიტიკოსები ბიუროკრატიამ დაავრდომა. პოლიტოლოგები იმედს გამოთქვამენ, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება ამ სისტემის გახლეჩას დაიწყებს, გაიხლიჩება ბიუროკრატია და ის მექანიზმები, რითაც პოლიტიკაზე ახდენენ გავლენას, რაც ავტომატურად ააღორძინებს საჯარო პოლიტიკური სფეროს ავტორიტეტს.